სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
ხმები ჩემამდეც მოვიდა, მაგრამ... გია ცეცაძე ვლადიმირ ვაისის თანაშემწედ?
AutoSharing Option
14:32 28-03-2016
საქართველოს ეროვნული ნაკრები 29 მარტს ყაზახეთთან ამხანაგური მატჩისთვის ემზადება. გუნდის ახალმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობა დაასახელა: მას ორი სლოვაკი და ერთი ქართველი დაეხმარება: თანაშემწე იქნება იოჟეფ კონტირი, ფიზმომზადების მწვრთნელი - რომან შვანტნერი, ხოლო მეკარეებთან იმუშავებს "ჯვაროსნების" ყოფილი წევრი დავით გვარამაძე, რომელიც "ცხინვალშიც" ანალოგიური საქმითაა დაკავებული.

ვაისმა განაცხადა, რომ მის შტაბში ქართველი სპეციალისტიც გამოჩნდება, მაგრამ ვინ? - ჯერაც უცნობია.

ზოგადად, ორი აზრი არ არის, რომ ნაკრების მწვრთნელს ადგილობრივი თანაშემწე სჭირდება, რომელიც ვითარებაში გაარკვევს, ნაკრების წევრებზე უფრო დეტალურ ინფორმაციებს მიაწვდის და საწვრთნელ პროცესს გაუადვილებს.

გავრცელდა ხმები, თითქოს ამ როლში "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე მოიაზრება. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ცოტა ხნის წინ კახა ცხადაძეს ეხმარებოდა. ერთი შეხედვით, კარგი ვარიანტი ჩანს. საინტერესოა თავად ცეცაძის კომენტარი.

"ეროვნულ ნაკრებში? სიმართლე გითხრათ, პირველი არ ხართ, ვინც ამას მეუბნება. დღეს მეგობარმაც დამირეკა და იგივე მკითხა. ნაკრებში მუშაობა პატივია.

თუმცა არ ვიცი, ეს ხმები საიდან გავრცელდა, პირადად მე არავინ დამლაპარაკებია და არც ნაკრებში დარჩენა შემოუთავაზებია. ასე რომ, ახლა მთლიანად "სამტრედიის" მზადებით ვარ დაკავებული", - ამბობს ცეცაძე.

43 წლის სპეციალისტს "სამტრედიაზეც" ვკითხეთ:

"სანაკრებო პაუზის გამოყენება ორნაირად შეიძლება. ნაკრებებში მოთამაშეები რომ არ გვყავდეს გაშვებული, შეიძლებოდა, ახალი სათამაშო სქემის, სტანდარტებისა და სხვა დეტალების დამუშავება.

მაგრამ ჩვენი ოთხი ფეხბურთელი ახალგაზრდულ ნაკრებშია მიწვეული - ცნობილაძე, ენდელაძე, მარკოზაშვილი და ზივზივაძე.

მათ გარდა, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ესპანეთშია ახალაძე. შემადგენლობის ხუთი მოთამაშის არყოფნაში კი სათამაშო სქემის დამუშავება არასწორი იქნება. ამიტომ ახლა ფეხბურთელებს შემცირებული დატვირთვებით ვავარჯიშებთ, ტონუსი რომ შეინარჩუნონ, დამღლელი თამაშების შემდეგ ფსიქოლოგიურად რომ მოეშვან და ჩემპიონატის განახლებას ენერგიულად შეხვდნენ.

ნაკრების ბაზაზე ბოლნისის "სიონთან" ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ და ის ფეხბურთელები ვათამაშეთ, რომელთაც ჩემპიონატში პრაქტიკა არ აქვთ. ვნახე, ვის რა შეუძლია. ხვალიდან კი გორის "დილასთან" მატჩისთვის მზადებას შევუდგებით".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
T
15:10 28-03-2016
Kargi mwvtneli xar, axalgazdebs magra ugeb da tamahoben, heni stilia kvara pothi rom aris, magari forvardi gaxdeba hens xelhi, ukure tamahebs da magari nihieria, ase mgonia, ise nakrebhi aucilebeli xar