სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
საქართველოს ნაკრები: შეკრება პოზიტიურად დაიწყო [VIDEO+PHOTO]
AutoSharing Option
10:30 24-03-2016
23 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრები ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით პირველად შეიკრიბა და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე ღია ვარჯიში ჩაატარა. ქვეყნის მთავარი გუნდი სასტუმრო "ჰუალინგში" დაბინავდა.

ფეხბურთელებს ახალი მთავარი მწვრთნელი სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გუშინწინ წარუდგინა და ცნობილი გახდა, რომ ვაისთან ერთად ეროვნულ გუნდში იოჟეფ კონტირი, რომან შვანტნერი და საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე დავით გვარამაძე იმუშავებენ...

* * *
23 მარტს გამართული ვარჯიშის შემდეგ მთავარ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს გავესაუბრეთ. ვაისიც და ნაკრების წევრებიც გუნდში არსებულ პოზიტიურ და საბრძოლო განწყობაზე მიუთითებენ. მათი თქმით, უკვე შედგა კომუნიკაცია, მიმდინარეობს გაცნობითი და მოსამზადებელი ხასიათის ვარჯიშები. მთავარი მწვრთნელი და ფეხბურთელები ყაზახეთთან მატჩში მოსაგებად ემზადებიან.
იხილეთ საქართველოს ნაკრების ღია ვარჯიშის ვიდეო
Sportall.Ge

"ჩანს, რომ ფეხბურთელებს აქვთ ცოდნა და ტექნიკა", - ეს შეფასება ეროვნული ნაკრების მოთამაშეების მიმართ ვლადიმირ ვაისმა დააფიქსირა. მისი თქმით, ყაზახეთთან თამაში აჩვენებს, თუ როგორ უნდა ითამაშოს ნაკრებმა მომავალ შეხვედრებში.

"რაც შეეხება საწვრთნელ პროცესს, ჩანს, რომ ფეხბურთელებს აქვთ ცოდნა და ტექნიკა, მაგრამ ძალიან უყვართ ბურთი. რაც შეიძლება მალე უნდა ვცადოთ ძალები საერთაშორისო დონეზე. მაგრამ მე კმაყოფილი ვარ საწვრთნელი პროცესით, ბიჭები ძალ-ღონეს არ იშურებენ. შესაძლოა, ახალი მწვრთნელი მათ ახალ იმპულსს აძლევს, ასე არაერთხელ მომხდარა ფეხბურთში. დღეს ვაპირებთ, ვისაუბროთ თამაშის მოდელსა და სისტემაზე", - განაცხადა ვაისმა.

მანვე მეკარეების შესახებაც ისაუბრა:

"ორი თანაბარი დონის მეკარე გვყავს, ორივეს მიეცემა შანსი. ალბათ, თითო ტაიმს ითამაშებენ ყაზახეთის წინააღმდეგ. ამის შემდეგ ვიმსჯელებ. ყოველთვის არსებობს პირველი მეკარე, ეს საჭიროა თავდაჯერებულობისთვის. ყველაფერი ვარჯიშებზე და თამაშისას გადაწყდება".
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის,  ლევან ყენიას თქმით, ვაისი აქცენტს უფრო ტაქტიკურ ფეხბურთზე აკეთებს. მანვე აღნიშნა, რომ ახალ მთავარ მწვრთნელთან ვარჯიშებმა კარგად ჩაიარა.

"ორი დღეა, რაც შევიკრიბეთ, ორი ვარჯიში ჩავატარეთ. სიახლე ისეთი არაფერია, ვმუშაობთ და ვეცნობით ახალ მთავარ მწვრთნელს.

მე ვფიქრობ, აქცენტს უფრო ტაქტიკურ თამაშზე გააკეთებს. მოსწონს ტექნიკური ფეხბურთელები და შეტევა. ვარჯიშებმა კარგად ჩაიარა და ვნახოთ, რა შედეგს ვაჩვენებთ პირველ თამაშში", - განაცხადა ყენიამ.

გურამ კაშიას თქმით, ახალი მთავარი მწვრთნელისთვის პირველივე თამაშის მოგება მნიშვნელოვანია და ეს ფეხბურთელებსაც ესმით.

"ჯერ მხოლოდ ორი ვარჯიში გვქონდა. გავიცანით მწვრთნელი. ისიც გვაკვირდება თითოეულ ჩვენგანს, ვის რა მონაცემი გვაქვს. არის მომთხოვნი და ძალიან დიდ ყურადღებას ითხოვს ვარჯიშებზე.

ყველა თამაში მნიშვნელოვანია ნაკრებისთვის. პირველი თამაშია ახალი მთავარი მწვრთნელისთვის და უნდა, რომ მოგებით დაიწყოს. ეს გვესმის ფეხბურთელებსაც. რაც შეგვეძლება, ყველაფერს გავაკეთებთ
You must have Flash Player installed in order to see this player.
გამარჯვებისთვის", - განაცხადა კაშიამ.

საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირის, გიორგი ქვილითაიას თქმით, ნაკრებში გამოძახება მისთვის დიდი მოტივაციაა.

"მოტივაცია დიდია. ბედნიერი ვარ ნაკრებში ყოფნით. ვეცდები, რომ ის იმედები, რაც ჩემზეა დამყარებული, გავამართლო. გუნდში კარგი მდგომარეობაა, დადებითად მიდის შეკრება და ვთვლი, რომ ყაზახეთთან წარმატებასაც მივაღწევთ", - განაცხადა ქვილითაიამ.

გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმაც. ლევან კობიაშვილის თქმით, მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის პოზიტიური კომუნიკაცია შედგა.

"მიხარია, რომ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის პოზიტიური კომუნიკაცია შედგა და იმედია, ასე გაგრძელდება მომავალშიც. მიმდინარეობს ინტენსიური ვარჯიში, მწვრთნელსა და ფეხბურთელებს აქვთ რამდენიმე დღე, რომ ყაზახეთთან მატჩს სრულ მზადყოფნაში შეხვდნენ", - განაცხადა კობიაშვილმა და გულშემატკივარს 29 მარტის მატჩზე მისვლისკენ მოუწოდა.

რაც შეეხება "ზესტაფონის" ბაზას, კობიაშვილის თქმით, ის იდეალურ მდგომარეობაშია.

"ძალიან კარგ მდგომარეობაშია სავარჯიშო მოედნები. გარდა ამ მიზეზისა, თქვენ იცით, რომ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს სან მარინოსთან ოფიციალური მატჩი (ეს მატჩი გუშინ შედგა - რედ) აქვს, 28 მარტს კი უკრაინასთან ამხანაგური შეხვედრა. შესაბამისად, ისინი "ბასაზე" ცხოვრობენ და ვარჯიშობენ.

მარტი საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა, რადგან თამაშები ჰქონდათ 17 და 19-წლამდელთა ნაკრებ გუნდებსაც.

პრიორიტეტია, რომ ეროვნულმა ნაკრებმა მაქსიმალურად კარგ პირობებში გაიაროს შეკრება. ვცდილობთ, მათ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ. ვიწყებთ ახალ შესარჩევ ციკლს, ახალი გარემოა და გადავწყვიტეთ, სიახლე შემოგვეტანა.

მინდა, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" წარმომადგენლებს მადლობა გადავუხადო. მათ მოგვცეს საშუალება, რომ ნაკრები ამ ბაზაზე მომზადებულიყო", - განაცხადა კობიაშვილმა.

* * *
საქართველოს ნაკრები ყაზახეთთან ამხანაგურ შეხვედრას 29 მარტს, "დინამო არენაზე" გამართავს. მატჩი 21 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისს ამ თამაშისთვის ეს ფეხბურთელები ჰყავს გამოძახებული:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ნუკრი რევიშვილი (მორდოვია, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო);
მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი, უჩა ლობჟანიძე (ორივე - დინამო თბ), საბა კვირკველია (რუბინი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია);
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ინტერი, აზერბაიჯანი), ალექსანდრე კობახიძე (დნიპრო, უკრაინა), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), ლევან ყენია (სლავია, ჩეხეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (ესქიშეჰირსფორი, თურქეთი), ნიკა ძალამიძე (რიზესფორი, თურქეთი), ვალერი ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), გიორგი ჭანტურია (დუისბურგი, გერმანია);
თავდამსხმელები: - ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), მათე ვაწაძე (ორჰუსი, დანია), გიორგი ქვილითაია (დინამო თბ).

საბა კვირკველია ფეხის ძლიერი დაჟეჟილობის გამო ფიზმომზადების მწვრთნელთან ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

* * *
წუხელ, საქართველო-სან მარინოს ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გია გეგუჩაძემ დაადასტურა, რომ ლაშა დვალი, გიორგი აბურჯანია და ნიკა კაჭარავა არ ითამაშებენ უკრაინის ნაკრებთან ზესტაფონში გასამართავ ამხანაგურ მატჩში (28 მარტი). საქმე ისაა, რომ ვლადიმირ ვაისმა ისინი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა.

ხსენებული ტრიო ქვეყნის მთავარ გუნდს დღეიდან, 24 მარტიდან შეუერთდება და ყაზახეთთან 29 მარტის სპარინგისთვის მოემზადება.

ლექსო ნაბახტეველი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
asa
12:56 24-03-2016
პირველი ხელი ეშმაკისაა.
ტრენერს ვგულისხმობ.