[დღის თემა] ფრანკო ფოდა საქართველოს ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატია?

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ძიებაშია და კანდიდატურებს განიხილავს. სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და ეს პროცესი ჩვენთვის ძალიან საინტერესოა...

როგორც შევიტყვეთ, ფეხბურთის ფედერაციაში ძალიან სერიოზულად განიხილავდნენ გერმანელი სპეციალისტის, 49 წლის გერმანელი ფრანკო ფოდას კანდიდატურას. ისიც გავიგეთ, რომ ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო ამ პერსპექტივამ, თითქოს, ბოლო ორ დღეში აქტუალობა დაკარგა, მაგრამ ფეხბურთში სიტუაცია კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება და ვინ იცის, ფოდას საკითხი კვლავ დადგეს დღის წესრიგში.

რაკი ასე ვფიქრობთ, თემა მაინც ღირს განხილვად და, შესაბამისად, ეს კითხვა ჯერაც აქტუალურია - ვინ
არის ფრანკო ფოდა? ამ მწვრთნელს ძალიან საინტერესო ბიოგრაფია აქვს. მისთვის არც საქართველოში ვიზიტია უცხო და არც ქართული გუნდების წინააღმდეგ თამაში.

* * *
...1997 წელს "შტურმში" ჩაირიცხა მცველი ფრანკო ფოდა, რომელსაც სხვადასხვა გერმანულ კლუბში ("ლევერკუზენი", "შტუტგარტი", "კაიზერსლაუტერნი", "ზაარბრიუკენი", "არმინია") 300-ზე მეტი მატჩი ჰქონდა ჩატარებული. 35 წლის ასაკში თავისი ხანგრძლივი კარიერა ფოდამ სწორედ "შტურმში" დაამთავრა და იქვე დაიწყო მწვრთნელად მუშაობა, ოღონდ ჯერ "შტურმის" ჭაბუკთა გუნდს წვრთნიდა, შემდეგ კი ივიცა ოსიმის ნაცვლად მოსული ჟილბერ გრესის თანაშემწე იყო.

2003 წელს, მცირე ხნით, ფოდა "შტურმის" მთავარი მწვრთნელიც გახლდათ, თუმცა ამ პოსტზე მიხაილო პეტროვიჩმა შეცვალა და თავად ისევ ჭაბუკთა გუნდს დაუბრუნდა.

აი, 2006 წლიდან კი ფოდა კვლავაც "შტურმის" მთავარი მწვრთნელია და ამ ხნის განმავლობაში ორი მიღწევით თუ მოიწონებს თავს - 2009/10 წლების სეზონის ევროპის ლიგის გათამაშებაში "შტურმმა" წარმატებით გადალახა 3 ეტაპი და ჯგუფურ სტადიაზე მოხვდა. ამას გარდა, ამ გაზაფხულზე, 11-წლიანი პაუზის შემდეგ, "შტურმმა" ავსტრიის თასი მოიპოვა...

2010/11 წლების სეზონში ეს გუნდი ავსტრიის ჩემპიონიც გახდა და სწორედ იმ სეზონში გააგდო გრაცულმა კლუბმა თბილისის "დინამო" ევროპის ლიგის გათამაშებიდან. თბილისური მატჩი 1:1 დასრულდა, ავსტრიაში კი "შტურმმა" 2:0 მოიგო.

ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანი საკმაოდ ძლიერ მოწინააღმდეგესთან მატჩში უშანსოდ არ ყოფილა. "დინამომ" საკმარისი რაოდენობის საგოლე მომენტი შექმნა როგორც შინ, ისე სტუმრად, მაგრამ... ბოლო მაინც სამწუხარო იყო.

2011/12 წლების სეზონში "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე დაუპირისპირდა "ზესტაფონს". ორრაუნდიანი ბრძოლა უაღრესად დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. ქართული გუნდის წინააღმდეგ მშვენივრად ითამაშა ექსზესტაფონელმა გიორგი ფოფხაძემ. პირველი მატჩი თბილისში 1:1 დასრულდა, მეორე შეხვედრაში კი გრაცში მასპინძელმა მინიმალური ანგარიშით,  1:0 გაიმარჯვა.

თბილისური მატჩი ნამდვილი დრამა იყო "ზესტაფონისთვის", რომელსაც მაშინ ახალგაზრდული ნაკრების დღევანდელი დამრიგებელი გია გეგუჩაძე წვრთნიდა. ანგარიშში დაწინაურებულ მასპინძლებს სასურველი, ორბურთიანი ფორით მოგების დიდებული შანსი ჰქონდათ, მაგრამ... ნიკა გელაშვილმა ავსტრიელთა მეკარე გრატცაი მოატყუა და უაღრესად ხელსაყრელი მდგომარეობიდან ვერ გაიტანა.

მატჩის შემდეგ ფოდას მეტოქისა და მისი მწვრთნელის მიმართ კომპლიმენტები არ დაუშურებია...

"შტურმის" მერე ფოდა აღმოჩნდა "კაიზერსლაუტერნში", რომელიც... მეორე ბუნდესლიგაში გავარდა. 2014 წელს ფრანკო "შტურმში" დაბრუნდა. ეს გუნდი ყველასთვის ანგარიშგასაწევი მეტოქეა. მართალია, ავსტრიის ჩემპიონი ვერ ხდება, მაგრამ იქაურ ბუნდესლიგაში სულ ზემოთაა და მაღალი მიზნებისთვის იბრძვის...

* * *
სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, ფრანკო ფოდას ოთხ ქართველ ფეხბურთელთან უმუშავია - დავით მუჯირთან, გიორგი შაშიაშვილთან, ილია კანდელაკსა და გიორგი ფოფხაძესთან.

შემტევი ფეხბურთის მოყვარული და სათამაშო დისციპლინის დიდი აპოლოგეტი - ასე ახასიათებს გერმანული თუ ავსტრიული მედია ფოდას და ამავე აზრის არიან მასზე ის ქართველი ფეხბურთელებიც, რომელთაც სხვადასხვა დროს ფოდას ხელმძღვანელობით უთამაშიათ.

როგორც ვთქვით, ჩვენი ინფორმაციით, ფოდასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ურთიერთობებში "რაღაც" არ გამოდის. მაინც, რა შეიძლება იყოს ეს "რაღაც"? საქმე ისაა, რომ ამჟამად ფოდა "შტურმის" მთავარი მწვრთნელია. არ არის იოლი, დატოვო გუნდი და ქალაქი, რომელსაც წლების განმავლობაში მიეჩვიე.

ისე კი, ფოდა არ არის ხელწამოსაკრავი მწვრთნელი. მან შესანიშნავად უწყის ავსტრიული ფეხბურთის ავან-ჩავანი, ავსტრია კი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეა.

ჩვენც გვინახავს მისი გაწვრთნილი გუნდები და ამ გუნდებში ჭარბად არის ის, რაც ქართულ კლუბებსა თუ ნაკრებებს აკლიათ - დიახ, სწორედ სათამაშო ორგანიზაციასა და დისციპლინას ვგულისხმობთ.

ამას ემატება ისიც, რომ ფოდას ქართველებთან მუშაობის გამოცდილება აქვს. ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა იყოს და კარგია, როცა მწვრთნელმა მანამდე იცის, ვიდრე ნაკრებში პირველად წააწყდება ამა თუ იმ ფეხბურთელის ხასიათის თავისებურებებს...

* * *
მოკლედ, მწვრთნელის ძიება გრძელდება. ეს შრომატევადი პროცესია და ჩვენც მოუთმენლად ველით მის დასრულებას. ისიც კარგად გვესმის, რომ ფედერაცია ღიად ვერ ისაუბრებს ყველაფერზე. ეს უფრო კანდიდატის სურვილი შეიძლება იყოს...

იმ დათქმულ დრომდე კი, რაც ფეხბურთის ფედერაციაში გვითხრეს, ბევრი აღარაფერი დარჩა - ორშაბათს ან სამშაბათს უნდა გაცხადდეს ეს ამბავი...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
რა ვიცი,შემტევო ფეხბურთი უყვარსო,მაგრამ "შტურმი" მისი ხამძღვანელობით სულ უფრო უარეს შედეგს აჩვენებს და სულ უფრო ნაკლები ბურთი გააქვს.(შეადარეთ 2014-15-16 წლები)ისედაც 10 გუნდიან ჩენპიონატში ძლივს მე-5 ადგილზე გავიდა.გერმანიაში 1 სეზონი იმწვრთნელა.რა ვიცი,ასე მგონია რომ უფრო საშუალო ხარისხის ,საშუალო კლუბის,საშუალო შესაძლებლობების მწვრთნელს წააგავს.საქმე პირად ურთიერთობებთან ხომ არა გვაქვს?
simartle
23:43 10-03-2016
0
როგორც მახსოვს არგენტინელი მწვრთნელი გვყავდა უკვე, და ნამდვილად დიდი ფეხბურთელის, რომელზეც უნდა აწყობილიყო გუნდი, მალხაზ ასათიანის ნაკრებიდან მოკვეთით დაგვამახსოვრა მხოლოდ თავი.
gizog
20:05 10-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული