სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
მინდა, ღვინის ქარხანა გავხსნა... სულ სხვა ნუკრი რევიშვილი
AutoSharing Option
16:15 30-01-2016
ეროვნული ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი საინტერესო ადამიანია. ფეხბურთის გარდა კიდევ ბევრი თემაა, რომელშიც კარგად ერკვევა და თავისუფლად საუბრობს. წარსულსა და მომავალზე ბევრ ისეთ ამბავს თუ ჩანაფიქრს გვიმხელს, ვფიქრობ, სულ სხვა რევიშვილს გაიცნობთ - ვაზის დამფასებელს, ნადირობის მოყვარულს და, უბრალოდ, კარგ მეუღლეს, შვილსა და შვილიშვილს...

ბავშვობა ქუთაისში
- ქუთაისში ვარ დაბადებული და იქ 18 წელი ვცხოვრობდი. ეს ქალაქი ძალიან მიყვარს - იქ ყველა ქუჩა და სახლი მიყვარს.

თავიდანვე თემურ ნადირაძესთან ვვარჯიშობდი. ბევრი გაჭირვებული ოჯახიდან იყო და შემთხვევა არ მახსოვს, მათთვის ფული მოეთხოვა და შვილივით არ მოჰქცეოდა. პირადად მე ძალიან ვუყვარდი და ისე ხშირად სახლში არ ვიყავი, როგორც თემურთან. გული მომიკვდა, ისე საშინლად გარდაიცვალა.

ნადირაძესთან 15 წლამდე ვიზრდებოდი და მერე "ტორპედოში" ამიყვანეს. დუბლებში ვთამაშობდი. ერთხელ ოთარ გაბელიამ მათამაშა. მთავარი მეკარე კი 2005 წელს, ბურკაძის დანიშვნის შემდეგ გავხდი - მაშინ 17 წლის ვიყავი.

18 წლის, ყაზანის "რუბინში" ჩავირიცხე და მას შემდეგ ჩემი ოჯახი თბილისში გადმოვიდა. მაგრამ ქუთაისში ყოველთვის სიამოვნებით ჩავდივარ. იქაურობა სხვანაირად მიყვარს.

დარსაძემ გარისკა...
- 15 წლიდან ასაკობრივ ნაკრებებში მათამაშებდნენ: გელა გომელაურთან 17-წლამდელებში ვიყავი. მალე ვახტანგ კოპალეიშვილმა 19-წლამდელებში გადამიყვანა - ისიც მენდობოდა და კობა ჟორჟიკაშვილიც, რომელმაც ახალგაზრდულში მიმიწვია.

ამ დროს, ვითარება საჩემოდ აეწყო: "კიოლნის" მეკარის ნატურალიზაციაზე ლაპარაკი შეჩერდა, ეროვნული ნაკრების მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, გაიოზ დარსაძემ კი ეროვნულ ნაკრებშიც გადახალისება და გაახალგაზრდავება დაიწყო.

"რუბინამდე", ბელარუსის "ბატეს" უეფას თასზე შევხვდით და ცუდად არ მითამაშია. ამას რუსეთში გადასვლა დაემატა, დარსაძემაც გარისკა და 2005 წლის 8 ოქტომბერს ყაზახეთის წინააღმდეგ დებიუტი მქონდა. წარმოიდგინეთ, 18 წლის ბიჭს მენდო. ის მატჩი თბილისში ჩატარდა და კარი მშრალად დავიცავი - თამაში 0:0 დასრულდა. მერე გასვლაზე ბერძნებთან წაგებულ შეხვედრაშიც (0:1) მათამაშა. პატარა მხოლოდ მე არ ვიყავი - ითამაშეს განუგრავამ, წინამძღვრიშვილმა, გოცირიძემ...

მას შემდეგ სულ ეროვნულ ნაკრებში ვარ, თუ არ ჩავთვლით კუპერის პერიოდს. მაშინ რატომღაც ამოიჩემეს, რომ რუსეთის ჩემპიონატიდან რაც შეიძლება ცოტა ფეხბურთელი მოეწვიათ. ობიექტურად რომ ვთქვათ, იმ პერიოდში კლუბში დიდი ხანი არ მათამაშებდნენ და სანაკრებო პაუზა აქედან გამომდინარეობდა, უთამაშებელი გამოძახებას არც ვიმსახურებდი. მაგრამ ისეთ მოთამაშეებს არ იწვევდნენ, ყველას უკვირდა - ამისულაშვილს, ასათიანს, გოგუას, სირაძეს. არადა, ეს ბიჭები გუნდში ბევრს წყვეტდნენ.

თუმცა მახაჩყალის "ანჟიში" კარიერის აწყობის და ნაკრებიდან გიორგი ლომაიას წასვლის შემდეგ პირველი მეკარე გავხდი. თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის დროსაც ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ბოლოს რაც მოხდა, იმის გახსენება აღარ მსურს - ამაზე ლაპარაკი აღარ ღირს.

სულ ნაკრებში 30-მდე შეხვედრა ჩავატარე. არადა, ბევრად მეტიც შეიძლებოდა. მაგრამ ნახევრად უთამაშებელი ვიყავი, რამდენჯერმე ტრავმამაც შემიშალა ხელი. მოკლედ, კარიერაში ყველაფერი ისე არ ხდება, ჩვენ რომ გვსურს.

Sportall.Ge

ჩემი ძმაკაცი მამუკა
- მამუკა ჯუღელმა რუსეთში პატარა ბიჭი წამიყვანა, იქ შვილივით თავს მევლებოდა, უგუნდოდ არ მტოვებდა და ამიტომაა, ოჯახებით რომ ვმეგობრობთ. ის ჩემთვის მენეჯერი კი არა, ძმაკაცია.

თუ რამეს მივაღწიე, შრომას და მამუკას დახმარებას მივაწერ. მე კი ისე გამზარდეს, რომ კარგის გამკეთებელს უმადურობით ვერ ვუპასუხებ. ბევრი კარგი მოთამაშე ყოფილა, მაგრამ მამუკასნაირი თანამდგომი არ გამოუჩნდა და ნიჭი ვერ გამოავლინა.

რუსეთში სულ 5 გუნდში ვითამაშე. ყველა მათგანში მამუკას რეკომენდაციით მოვხვდი. ეს კაცი მარტო მე არ მეხმარება, გზაზე ჩვენი ნაკრების ძალიან ბევრი მოთამაშე დააყენა. სადაც კი მითამაშია, ყოველთვის მყავდა ქართველი თანაგუნდელი. ეს კი ძალიან ბევრს ნიშნავს, თავს უფრო კარგად და მშვიდად ვგრძნობდი.

სხვათა შორის, რუსეთში ჩვენს მიმართ ყოველთვის ძალიან კარგი დამოკიდებულება იყო. მაგრამ ბოლო დროს ეს განსაკუთრებით იგრძნობა. დაუჯერებელია?! ამას გულწრფელად ვამბობ.

ყველაზე, ყველაზე...
- ყაზანის "რუბინში" რუსეთის ჩემპიონი გავხდი. თუმცა ძალიან მცირე სათამაშო პრაქტიკა მქონდა - 3 წელიწადში სულ 7 მატჩი ჩავატარე და 2010 წელს მახაჩყალაში გადავედი. იქ კი 30 ტურიდან 14-ჯერ "ანჟის" კარში მე დამაყენეს. დღემდე ეს პერიოდი საუკეთესოდ მიმაჩნია. გუნდი ლიდერებში არ ყოფილა, თუმცა ყველაზე მეტად იქ მენდობოდნენ და კარგადაც ვთამაშობდი - არ ვიცი, რა "ფეხზე" ჩავედი, მაგრამ ყველა ბურთი მე "მხვდებოდა".

2011 წლის ბოლოს გუნდი ისევ შევიცვალე და "კრასნოდარში" ჩავირიცხე, სადაც ოთარ მარცვალაძე და ალექსანდრე ამისულაშვილი თამაშობდნენ. ყველაფერი კარგად მიდიოდა, ამისულაშვილი კაპიტნადაც აირჩიეს, მარცვალაძესაც გაჰქონდა, მეც კარში ვიდექი. მაგრამ 2013 წელს ჩვენს მიმართ დამოკიდებულება შეიცვალეს და 8-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში დავბრუნდი.

გორის "დილასთან" ერთად ევროპის ლიგის პლეი-ოფში გავედით. ვენის "რაპიდთან" დამარცხების შემდეგ ირაკლი მაისურაძესთან ერთად მალტურ "ვალეტაში" ჩავირიცხე, სადაც ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი გავხდი.

მერე ისევ რუსეთში დავბრუნდი და კონტრაქტი ახალშექმნილ "ტოსნოსთან" გავაფორმე, რომელიც წინა სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში გადასასვლელად იბრძოდა. ჩვენები იქაც იყვნენ - მარცვალაძე, გიორგი ნავალოვსკი, მიშა გორელიშვილი... ისეთი კარგი შემადგენლობა შეიკრიბა, რუსეთის თასიდან მოსკოვის "სპარტაკი" გამოვაგდეთ და 1/4 ფინალში გავედით.

მაგრამ მერე ვითარება იქაც აირია, შარშან ზამთარში სარანსკის "მორდოვიას" შევუერთდი.

რუსეთში ყველაზე ცუდი თამაში შარშან ჩავატარე, როდესაც სარანსკში მოსკოვის ცსკა-სთან 4:6 წავაგეთ. ასეთი შოკი ცხოვრებაში არ განმიცდია. 3:0-ს ვიგებდით, მოსკოველებს კაცი გაუგდეს და მაინც წავაგეთ. დღემდე ვერ ვხვდები, რატომ დავმარცხდით. მერე ცოტა რომ დავმშვიდდით, ბიჭები ხუმრობდნენ, არმიის გუნდია და ეტყობა, ჩვენს წინააღმდეგ ბიოლოგიური იარაღი გამოიყენესო.

იქ რაც მოხდა, მსგავსი არსად გამიგია და არც მინახავს. ამ სტრესიდან დიდხანს ვერ გამოვდიოდი.

საუკეთესოებში კი საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ ორ შეხვედრას დავასახელებ - ხორვატიასთან და შოტლანდიასთან მოგებებმა უდიდესი სიხარული მოგვანიჭა ჩვენც და მთელს ქვეყანასაც. იმ დღეს უბედნიერესი კაცი ვიყავი.

გერმანიასთან 1:2? მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ ღირსეულად ვითამაშეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ და მას საუკეთესო მატჩებში ვერ დავასახელებ. ქულა მაინც რომ წამოგვეღო, ეს სხვა საქმე იქნებოდა.

Sportall.Ge

მანქანები
- რა მარკები მყოლია? პირველად "მერსედესის" ML, მერე Land rover, ახლა კი - Toyota Land Cruiser.

კარგი მანქანები მყოლია, მაგრამ არ დაიჯერებთ და, მათზე დიდად არ ვგიჟდები. არც აზარტული ვარ და სისწრაფის დიდი მოყვარულიც არ გახლავართ. მშვიდად და წყნარად ტარებას არაფერი მირჩევნია.

უფრო ჯიპის სტილის მანქანები მომწონს, სადაც დიდი სივრცეა და თავს კომფორტულად ვგრძნობ.

პირველი ხელფასი
- პირველი ხელფასით რა ვიყიდე? ყურძენი და ბაბუასთან და მამასთან ერთად ღვინო დავწურეთ. ეს რევიშვილების ოჯახური ტრადიციაა და ძალიან მიყვარს. ეს სათავეს ჩემი დიდი ბაბუისგან, ერემიასგან იღებს. ბაბუაჩემი, ნუკრი რევიშვილი კი ღვინის ცნობილი დამყენებელია, რაც ჩვენი ოჯახის ყველა ახლობელმა იცის. დიდი მარანი აქვს, სხვადასხვა სახის ღვინოს აყენებს, შვილივით უვლის და ეფერება.

ეს დიდი ხელოვნებაცაა და ქართული ოჯახისთვის მნიშვნელოვანია - ღვინო ყველა სახლში უნდა იწურებოდეს, რადგან ასე ძვირფას ტრადიციას ვინარჩუნებთ.

სპორტსმენი ვარ და სმა არ მიყვარს. მაგრამ ღვინის გემო ვიცი და ვერკვევი. მხოლოდ ნატურალური ღვინო მიყვარს, განსაკუთრებით, კრახუნა, ქინძმარაული და რქაწითელი. ესენი საუკეთესო ღვინოებია, რომლებიც მსოფლიოში დაწურულ საუკეთესო მარკებს მირჩევნია. რუსეთში ახლა დიდი ფული აქვთ და ნებისმიერი ქვეყნის საუცხოო ღვინის დაგემოვნების საშუალება აქვთ, მაგრამ ქართული ღვინო დღემდე ძალიან უყვართ.

სადაც კი მითამაშია, ყველგან ელოდნენ, რომ ბაბუაჩემის დაწურულ სასმელს ჩავუტანდი. ვინც კი დააგემოვნა, ყველა მთხოვს შესვენების ან სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩავუტანო. ჩემს საჩუქარს ახლა "მორდოვიაში" ელიან.

არა, რა, ჩვენი ღვინო ძალიან პოპულარულია. რუსეთში წასვლა ჩემთვის დიდი წინსვლა იყო, მაგრამ სულ განვიცდი, მას შემდეგ ჩემებს ყურძნის დაწურვასა და გადაღებაში რომ ვეღარ ვეხმარები. მინდა, რომ კარიერის შემდეგ პატარა ღვინის ქარხანა გავხსნა და ღვინო "რევიშვილი" ჩამოვასხა.

Sportall.Ge

სუსტი წერტილი
- ჩემი კიდევ ერთი სუსტი წერტილი ნადირობაა. პირველად ხელში თოფი მათე ღვინიანიძის მამამ, არსენა ღვინიანიძემ დამჭერინა და ეს საქმე შემაყვარა.

შემიძლია, ყველა საქმე გვერდზე გადავდო და სანადიროდ წავიდე. ოღონდ, ამ დროს ტელეფონს ვთიშავ და შემიძლია, 3-4 დღე ტყეში დავრჩე. გართობაც არის, დასვენებაც და აზარტიც... მანქანებისგან განსხვავებით, ამაში აზარტული ვარ.

ფეხბურთელებიდან ამაში ყველაზე კარგად კვირკველია ერკვევა. დათოსთან ერთად ხშირად დავდივარ გურიასა და კახეთში. ყველაზე მეტი ნანადირევი? ერთხელ 45-მდე იხვი წამოვიყვანეთ. პირადად, 7-8 ცალი მაინც წამომიღია. დათო ხომ მაგარი მონადირეა, მაგრამ ყველაზე მეტად ნადირობა მის ძმასთან, მამუკასთან ერთად მიყვარს, დათოსთან უფრო - ქეიფი.

რუსეთში სანადიროდ არასოდეს წავსულვარ, რადგან უცხო ხალხთან სიარულს ვერიდები. ეს ისეთი საქმეა, ვისთან ერთადაც მიდიხარ, კარგად უნდა იცნობდე.

ძალიან მეწყინა, არსენა ღვინიანიძე რომ გარდაიცვალა. მათე კი ფეხბურთში აღარაა და გული დამწყვიტა, რადგან ასეთი ნიჭიერი მცველი დაიკარგა. ის ჯერ 29 წლისაა და კიდევ დიდხანს უნდა ეთამაშა. ამ ასაკში ბევრი ნაკრებში პირველად მოხვედრილა.

Sportall.Ge

ოჯახი
- ჩემთვის ყველაზე წმინდა ოჯახია. მეუღლე ყოფილი მოდელი თიკო ჩხეიძეა. 19 წლის ვიყავი, როდესაც დავოჯახდი. თიკო ლაშა სალუქვაძის მეუღლის დაქალია და ერთმანეთი მათ ქორწილში გავიცანით.

სხვათა შორის, ჩვენს გარდა, მოდელი მეუღლეები ნაკრების ძალიან ბევრ ყოფილ თუ ამჟამინდელ ფეხბურთელს ჰყავს: კახა კალაძეს, ზურაბ ხიზანიშვილს, ალეკო ამისულაშვილს, ირაკლი ძარიას...

ფეხბურთელის მეუღლეობა რთულია. ჩვენ პატარა ბავშვებივით გვჭირდება მოვლა და ხელის შეწყობა. საერთოდაც, მეუღლის გამო, ყველაფერი გვერდზე უნდა გადადო. მხოლოდ გოგონებს არ ვგულისხმობ, ეს მამაკაცებსაც ეხება.

მე და თიკოს 7 წლის შვილი, ტატა რევიშვილი გვყავს. არადა, ბევრი შვილი და გვარის გამგრძელებელიც მინდა. ამაზე მეტი ბედნიერება არაფერია. კაცი ყველაფერს ხომ ოჯახისთვის და მისი მომავლისთვის აკეთებს...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
guri
18:56 30-01-2016
გაიხარე კარგო ქუტაისელო კაცო
Givi g
16:37 30-01-2016
წარმატებები ნუკრის ცხოვრებაში გაიხარე, იმრავლე