სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
TimeLine: ...ის მოიგებსო
AutoSharing Option
12:03 30-01-2016
მეზობლები მყავს, მზე ვერ ასწრებს ამოსვლას, მამალი კიდევ - ყივილს. თავის დროზე სწორედ მათგან შევიტყვე ამერიკის ერაყში შეჭრის ამბავი, რატომ შეიჭრა, ისიც ამიხსნეს; მათგან მოვისმინე განმარტება რა უთხრა ფიოლერმა რაიკაარდს და რატომ დაიმსახურა...

მოკლედ, ჩემმა ხუთმა მეზობელმა ყველაფერი იცის. ორიოდე დღის წინ, ადრიანად გამოვედი, კორპუსიდან, მოშორებით, ბეტონის უზარმაზარ ნატეხთან მზეს მიფიცხებოდნენ. მივუახლოვდი და მათ დიალოგში ჩავერთე. ჩემი ტრანსპორტი იგვიანებდა... თუმცა საუბარი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რამდენიმე "მარშრუტკა" გავუშვი.

რა იყო საუბრის თემა? - რა თქმა უნდა კახა ცხადაძე და ფეხბურთის ფედერაცია. დამინახა თუ არა კარენამ, გამარჯობის ნაცვლად მკითხა:

- შენ გეცოდინება, სინამდვილეში რა მიზეზით უშვებენ კახა ცხადაძეს. საათია ვარჩევთ, მაგრამ ეგ ვერ გავარკვიეთ.
- მე ვიცი და შენ არა? ასეთი რამ აქამდე არ ყოფილა, კარენ, - მოსაუბრეთა პირველივე სიტყვებმა დამარწმუნა, რომ სიტუაცია სერიოზული იყო. ჩემს უბანში ამოუხსნელი ამოცანა პირველად ვნახე.
- ჰო, რა გაგიკვირდა, გაზეთში შენ მუშაობ და... "ამერის" დრო რომ იყოს, შენ კი არ გკითხავდი...
- ვერაფერს გეტყვით, ვერ ვხვდები, რა ხდება. ისე, კარენ, შენ თუ არ იცი, სავარაუდოდ, არც ფეხბურთის ფედერაციაში ეცოდინებათ, ცხადაძეს მით უმეტეს, - ეს ვთქვი და გავჩუმდი. პენტალოგი იმდენად საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა, ჩემი სიტყვა საჭირო აღარ იყო.
- როგორაა ქართული ანდაზა, ვინც მოიგებს ის მოითმენსო, - ჩაერთო ეზოპა (მისი ნამდვილი სახელი არასოდეს გამიგონია).
- პირიქითაა, ვინც მოითმენს ის მოიგებსო, მაგრამ ეგ რა შუაშია?
- როგორ არაა შუაში, რამდენჯერ გიგინებიათ რომ დამთვრალხართ, მე კი ვითმენ. თქვენი გამოფრუტუნების გამო ხომ არ დაგკარგავთ? ჰოდა, გიგებთ. მშრალი ანგარიშით გიგებთ.
- ნუ უსმენთ ეზოპას, "პახმელიაზეა" და გზიდან ჩვენს გადაყვანას ცდილობს.
- ისე, ცხადაძემ გზიდან გადასული ნაკრები არ ჩააყენა თავის კალაპოტში? - აქტიურობდა კარენა, - ბურთის გაგორება ასწავლა, კაცის მოტყუება, კარში დარტყმა, გოლის გატანა.
- ეგ ხომ ყველამ იცოდა, ცხადაძემ, უბრალოდ, ტაქტიკა შეცვალა, - გიზო ძია უბანში ერთ-ერთია, ვინც ფეხბურთში კარგად ერკვევა, - კახამ ბურთის კონტროლსა და გათამაშებაზე აიღო აქცენტი. ქეცბაიას დროს ხუთი მცველი დაცვაში იდგა, ოთხი ნახევარმცველი დაცვას ეხმარებოდა. თუ არ დაარტყი...
- გინდათ კიდევ ერთი ანდაზა? - იკითხა ეზოპამ.
- არა.
- მაინც გეტყვით. შუმერული ანდაზაა: თუ არ დაწექი, რა დაგაორსულებს? ჰო, რას მიყურებთ - თუ არ დაარტყი, როგორ გაიტან? გახსოვთ, გერმანიას როგორ ვურტყით?!
- ცხადაძე უნდა დარჩეს.
- თვეში 120 ათას ლარს იღებს. ეგ ფული რომ მოსახლეობას მოხმარდეს, რამდენი ამოისუნთქებს შვებით! სწორია ფედერაციის პრეზიდენტი, როცა განახევრებაზე ლაპარაკობს. კი არ უნდა გაუნახევროს, რამდენიც მე მაქვს, იმდენი უნდა დაუტოვოს.
- იცი რას გეტყვი, რობერტ? - მოჭუტული თვალით გადახედა გიზო ძიამ, - რაც ნაკრების მწვრთნელებში
You must have Flash Player installed in order to see this player.
მილიონები დახარჯულა, ქვეყანას რომ მოხმარებოდა, ახლა სამოთხეში ვიცხოვრებდით.
- შენ ახლაც სამოთხეში ცხოვრობ. არ მუშაობ, ცოლი იტალიაში გაუშვი და აღარ გაწუხებს, საღამოს ჭაჭას სვამ, დილას - ლუდს.
- გეყოფა, დამამთავრებინე: მაინცდამაინც ცხადაძის 120 ათასი გახდა სალაპარაკო? მგონია, ეს გამოგონილი მიზეზი იყო, სინამდვილეში სხვა რამის გამო უნდათ მისი გადაყენება.
- რის გამო?
- ეგ რომ ვიცოდე, ახლა ცხადაძის თემა ამოწურული გვექნებოდა და ჩრდილოეთ კორეაზე გავაგრძელებდით. ახლა მისმინეთ და დარწმუნდებით, რომ ფული არაფერშუაშია: კახას ხომ კონტრაქტი აქვს, რომლის გაწყვეტას კომპენსაცია დასჭირდება?
- აქვს.
- გარდა ამისა, ახალ მწვრთნელსაც ხომ უნდა გადაუხადონ თვეში 50 ათასი ლარი?
- უნდა გადაუხადონ.
- გამოდის, ფედერაცია ფულს კი არ ზოგავს, ფლანგავს.
- ეგ გათვლები დიდი ხნის წინ ჩავატარე, - თავი დაუკრა კარენამ, - შეიძლება, მე არც ის 120 ათასი მიმეცა, მაგრამ ჩემს გონებამდე არ დადის: როცა მწვრთნელის შეცვლის შემთხვევაში გაცილებით მეტი უნდა გადაიხადო, მაშ, რატომ უნდა შეცვალო? მე სხვა შეკითხვას დაგისვამთ: რომელი უცხოელი მწვრთნელი დათანხმდება თვეში 50 ათასს?
- სასაცილო კითხვებს სვამ! მილიონია მწვრთნელი, 50 ათასად რომ წამოვა, - რობერტა პრინციპს არ ღალატობდა, - მაქსიმალური შედეგი ნაკლები დანახარჯით.
- მილიონში შენი თავი ჩათვალე? შენნაირები თვითმფრინავს გაასწრებენ, ისე ჩამოვლენ. ნაკრებში კი, კვალიფიციური მწვრთნელი გვინდა, - კარენა და გიზო ძია ამ შემთხვევაში ერთ პოზიციაზე ჩამოყალიბდნენ.
- ვინც მოითმენს...
- მოითმინე რა, ეზოპ! ანდაზები აქ ზედმეტია. ისე, კაცურ ამბავში რომელია სწორი?
- რომელიმეში ეჭვი გეპარება?
- არა!
- მაშ გაჩუმდი.
- ამბობენ, ცხადაძე მაგათ დაკრულზე რომ არ ცეკვავს, იმიტომ არ მოსწონთო. შეცვლიან და ახალ მწვრთნელს ვისზეც მიუთითებენ იმას გამოიძახებსო.
- სისულელეა, კარენ!
- არა უშავს, ერთხელ მეც ხომ შეიძლება ვთქვა სისულელე.
- ერთხელ... კარგი იქნებოდა დღეში ერთხელ ამბობდე, მეტჯერ არა. ისე, ფედერაცია სერიოზულ რისკზე მიდის.
- ვინც არ რისკავს "შამპანსკოესაც" ვერ დალევსო...
- ეზოპა მართალია, მაგრამ ვთქვათ, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში ჩავფლავდით, ხალხი ვისკენ გაიშვერს ხელს? - რა თქმა უნდა, ფედერაციისკენ, არ დააცადა ცხადაძეს და რა ეგონაო!
- შენი ენა ძაღლის... რატომ უნდა ჩავფლავდეთ? რას ითარსები!
- ერთხელ ჩაგვიგდია შესარჩევი თუ ორჯერ?
- აგერ ბატონო, უელსს 5:0-ს ვუგებდით, დღეს ევროპის ჩემპიონატზეა და ჩვენს შესარჩევში პირველ კალათაში იყო.
- საქართველოს ნაკრების მოგებები ჩემზე ძალიან შენ გიხარია?! გვერდზე არ მიზიხარ ხოლმე - არ გესმის როგორ ვხავი? მაგრამ უელსი ერთი გასროლა მგონია, როგორც დიდი მეიგავე ეზოპა იტყოდა, წელიწადში ერთხელ ნეხვიც აყვავდებაო.
- მერე, შენ რატომ არ ყვავდები?
- გეყოფათ, - დაუბღვირა შელაპარაკებულებს გიზო ძიამ, - ისე, მართლა სერიოზულადაა საქმე, თორემ აღმასკომმაც არ გადააყენა ცხადაძე, კობიაშვილს კი დიალოგისკენ მოუწოდა. ფედერაციის პრეზიდენტმა ისე გაიგო, თითქოს აღმასკომს ერჩიოს, ცხადაძესთან კონტრაქტის გაწყვეტაზე აწარმოე დიალოგიო. რაღაცაშია საქმე, ვაჟა კი არაფერს გვიმხელს, - გადმომხედა გიზო ძიამ.

მაშინ კი გამახსენდა საათზე დახედვა, მობილური ამოვიღე, ეკრანი გავანათე და უბნელებს სასწრაფოდ დავემშვიდობე. გზად ისევ ეზოპას ნაცნობი ანდაზა მესმოდა...

- ...ის მოიგებსო. ნუ გამაჩერებთ, დამაცადეთ, თქვე კაი ხალხო, იქნებ რა მინდა ვთქვა! ფედერაციამ ვერ მოითმინა, იჩქარა ცხადაძისთვის კონტრაქტის გაწყვეტა და წააგო. გავა დრო და ხალხი იტყვის: ეს ის ხალხია, საქმე მთავარი მწვრთნელის გაშვებით რომ დაიწყოო. ეს ნაბიჯი კი გამართლებულად მხოლოდ ერთ შემთხვევაში გამოჩნდება - მსოფლიოს ჩემპიონატზე თუ გავალთ.

ცხადაძე კი ითმენს, არ ჩქარობს პოსტიდან გადადგომას, ითმენს და იგებს. თუკი აგდებენ, კომპენსაცია რატომ არ უნდა აიღოს? ფულსაც იგებს და სახელსაც...

ამასობაში "მარშრუტკა" მომიახლოვდა, ეზოპა კი, არ ცხრებოდა:

- მოჩქარეს მოუგვიანდესო, ვინ იცის, როდის იპოვის ფედერაცია ახალ...
- ცოტა ნელა დახურე კარი! - ეს უკვე მძღოლის "დაბღვერილი" ხმა იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ჩორნა
04:32 31-01-2016
ვაჟიკო გაიხარე ძმაო მაგრად ვიხალისე მარშუტკის მზგოლმა დაგლიჯა..ისე კარგი აზრი დევს ზაან ამ სტატიაში..აზოპას ერთ ერთ ანდაზას გავს ,,კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო,, მგონი სწორად წავიკითხე :D
გიო
18:19 30-01-2016
აუჰ, ახლა იმაზე მადარდეთ, კობიაშვილია მართალი, ცხადაძე, კარენა, თუ ეზოპა. საქარტველოს ნაკრები არც აქამდე გასულა არც ერთი შესარჩევი ტურნირიდან და ახალაც თუ არ გავა, არაფერი არავის დააკლდება. იმათ მიხედონ, ვინც მართლა შედეგს დებს და ხელის შეწყობა უნდა. რაგბის და კალათბურთს მიხედეთ, აგერ უკვე წყალბურთელებიც გამოფხიზლდნენ. შეეშვით მაგ ფეხბურთს. ხომ ხედავთ, ხეირი არ არის.