ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ყაზახეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი - რა ძალის არიან საქართველოს ნაკრების მეტოქეები

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნულ ნაკრებს 3 ამხანაგური მატჩი დაუგეგმა.

გადაწყვეტილი ამბავია, რომ 29 მარტს ქვეყნის მთავარი გუნდი თბილისში ყაზახეთს დაუპირისპირდება. მაისის ბოლოს საქართველოს ნაკრები გაემგზავრება ავსტრიულ შეკრებაზე, სადაც 28 მაისს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე სლოვაკეთს გაეჯიბრება, 3 ივნისს კი ევროფორუმის კიდევ ერთ მონაწილესთან, რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთან ბუქარესტში ისპარინგებს.

ამ სამი მატჩით საქართველოს ეროვნული ნაკრები მოემზადება მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები უელსის, ავსტრიის, სერბეთის, ირლანდიისა და მოლდოვის ნაკრებები იქნებიან.

ახლა ცალკე ვისაუბროთ საქართველოს ნაკრების იმ სამ მეტოქეზე, რომელზეც ზემოთ
გითხარით. ვნახოთ, რა ძალისა და გაქანების გუნდებთან მოგვიწევს სპარინგი...

ყაზახეთი
გუნდს ჩვენთვის კარგად ნაცნობი რუსი სპეციალისტი - იური კრასნოჟანი წვრთნის. მან ნალჩიკის "სპარტაკში" წარმატებული მუშაობით გაითქვა სახელი. კრასნოჟანს არაერთ ქართველ ფეხბურთელთან უმუშავია.

Sportall.Ge

რა გასაკვირია და, ყაზახეთს არ ჰქონდა წარმატებული ევროშესარჩევი ციკლი. გუნდის ლიდერები არიან მეკარე ანდრეი სიდელნიკოვი ("აქტობე"), მცველი კონსტანტინ ენგელი ("ინგოლშტადტი", გერმანია), ნახევარმცველი ჟამბოლ კულიევი ("ქაირათი") და ფორვარდი სერგეი ხიჟნიჩენკო ("აქტობე").

ეს მატჩი პირველი იქნება საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელისთვის, რომელიც ჯერჯერობით ჰორიზონტზე არ ჩანს. ყაზახეთი ისეთი მეტოქეა, რომლის დამარცხებაც ნამდვილად შესაძლებელია.

ყაზახეთს შეუძლია, სიურპრიზი შემოგვთავაზოს, მაგრამ წესით, ჩვენთვის კარგი საკბილო უნდა იყოს.

სლოვაკეთი
იან კოზაკის გაწვრთნილმა სლოვაკეთმა აღმავლობით ჩაატარა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ნაწილი.

სლოვაკები მეორე ადგილზე გავიდნენ. კოზაკის გუნდმა უკან მოიტოვა უკრაინის, ბელორუსის, ლუქსემბურგისა და მაკედონიის ნაკრებები. კარგა ხნის განმავლობაში ჩვენი მომავალი მეტოქე შესარჩევ ჯგუფს ლიდერობდა კიდეც.

Sportall.Ge

გუნდის ლიდერი და კაპიტანია ინგლისური "ლივერპულის" მცველი მარტინ შკრტელი. გამოსარჩევი ფიგურები არიან ასევე მარეკ ჰამშიკი ("ნაპოლი", იტალია), ვლადიმირ ვაისი ("ლეხვია", ყატარი), იურაი კუცკა ("მილანი"), რობერტ მაკი (პაოკ, საბერძნეთი) და რობერტ ვიტეკი ("სლოვანი").

რუმინეთი
გამოცდილი სპეციალისტის, ანგელ იორდანესკუს მიერ დამოძღვრილი რუმინეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეორე ადგილზე გავიდა. კარპატელები ჩამორჩნენ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს, რომელიც გასული ეტაპის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად მონათლეს.

Sportall.Ge

დღეს რუმინეთს აღარ ჰყავს გეორგე ჰაჯის, დან პეტრესკუსა და მარიუშ ლეკეტუშის დარი ვარსკვლავები, თუმცა გუნდი ბრძოლისუნარიანი და ერთობ ანგარიშგასაწევია. რუმინელებს ნებისმიერი მოწინააღმდეგის გამწარება შეუძლიათ.

იორდანესკუს ჰყავს ორი კვალიფიციური მეკარე - კოსტელ პანტილიმონი და ჩიპრიან ტატარუშანუ. დაცვაში გამოირჩევიან რაზვან რაცი (კაპიტანი, "რაიო ვალეკანო", ესპანეთი) და ვლად კირიკეში ("ნაპოლი").

ნახევარდაცვაში უნდა გამოვყოთ გაბრიელ ტორიეს ("ოსმანლისფორი", თურქეთი), ალექსანდრუ მაქსიმს ("შტუტგარტი", გერმანია) და მიჰაი პინტილის ("სტიაუა"). თავდასხმაში კი გამოვარჩევთ ბოგდან სტანკუსა ("გენჩლერბირლიგი", თურქეთი) და კლაუდიო კესერუს ("ლუდოგორეცი", ბულგარეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"