TimeLine: ...ყაზაიშვილი, ქანთარია, ეგოროვი

AutoSharing Option
გერმანიასთან 1:2 წაგებიდან ხუთი დღე გავიდა და ემოციები ჯერაც არ განელებულა. წარმოიდგინეთ, ფრე რომ გვეთამაშა ან სულაც მოგვეგო... ქანთარიას გმირობა მონაგონი იქნებოდა...

სხვათა შორის, ძალიან მოხერხებულად დაუკავშირა ძველი დრო შაბათის მატჩს ჟურნალისტმა მიხეილ ჟორჟოლიანმა და "ფეისბუქზე" შეხვედრის წინ ასეთი რამ დაწერა:

"საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გერმანიასთან: რევიშვილი, ლობჟანიძე, კაშია, ამისულაშვილი, კვირკველია, ნავალოვსკი, კანკავა, კვეკვესკირი, ყაზაიშვილი, ქანთარია, ეგოროვი..."

კომენტარებს არ იკითხავთ?
- თავდასხმის ხაზის იმედი მაქვს.
- ორი შემტევი გაყავს...
- სუფთა სტალინიური წყობაა.
- ჯუღაშვილური...
- ვნახოთ ადოლფ ლიოვი რას დაგვახვედრებს.
- მე მგონია ფელდმარშალ მიულერს და ობერჰაუზერ როისს.
- აბა, ტოტალიზატორში მეტი ავტომატი და ნაკლები დროშა ავიღო?
- გელოვანს და ლესელიძეს ტრავმები აქვთ? თუ ცხადაძესთან კონფლიქტი?
- დისკვალიფიცირებულები არიან".

* * *
დაიწყო მატჩი და შემოგვიტია "ვუდი ვუდპეკერმა" - მარკო როისმა, რომელიც მულტფილმის გმირის მსგავსად, ხან ერთი "ხის ფუღუროდან" გამოხტებოდა, ხან მეორიდან, მეკარესთან ერთი-ერთზე რჩებოდა და ბურთს წამდაუწუმ უკაკუნებდა. თუმცა მის გარჯას შედეგი არ მოჰყვა. გოლი პენალტით მიულერმა გაიტანა.

53-ე წუთზე გავათანაბრეთ. ჯაბა კანკავამ საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი გაიტანა. ინგლისში რომ ვცხოვრობდეთ, სანაკრებო გოლების ტოპ-ათეული დიდი ხნის შედგენილი გვექნებოდა და კანკავას გოლიც დაიკავებდა... ახლა ძალიან რთულია განსაზღვრა, რომელ ადგილს...

სხვისი არ ვიცი, მაგრამ ჯაბას ამ დარტყმამ 2002 წელი და ზინედინ ზიდანი გამახსენა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში კანკავასავით მიწაზე დაუშვებლად, მოჭრილი დარტყმით, ცაციათი ბურთი "ლევერკუზენის" კარში ხიჭვივით შეარჭო.

სხვათა შორის, გერმანია-საქართველოს მატჩის ფოტოების თვალიერებისას კანკავას დარტყმის ამსახველი რამდენიმე ისეთი ფოტო აღმოჩნდა, ზიდანის დარტყმას რომ მოგაგონებდათ. ორი მათგანი შევაწებე და ფოტოპარალელიც გამოვიდა.

"ფეისბუქზე" ერთმა საზრიანმა 20 წლის წინანდელი მატჩი გაიხსენა და დაწერა: გერმანიის ნაკრების კარში სულ 2 გოლი გვაქვს გატანილი, ორივე თავხოტორამ და მეგრელმა გაიტანაო. შეგახსენებთ, 1995 წელს გერმანიაში 1:4 რომ დავმარცხდით, ქართველთაგან ერთადერთი გოლი თემურ ქეცბაიამ შეაგდო.

* * *
გერმანიამდე გიბრალტარს ვეთამაშეთ. 4:0 მოვუგეთ. ჰოდა, ფიფა-კოკა-კოლას რეიტინგში 37 საფეხურით დავწინაურდით. თუ გეტყვით, რომ 110 ადგილამდე აღვზევდით, იოლად გამოიცნობთ, წინა თვეში რეიტინგში სად ვიყავით. ამჟამად ზიმბაბვესა და ბოტსვანას გარემოცვაში აღმოვჩნდით.

შესაძლოა, მალე ფიფას რეიტინგს სიტყვა "კოკა კოლა" ჩამოშორდეს. მიზეზი მარტივია - სპონსორებმა ფიფას პრეზიდენტ ზეპ ბლატერს თავიანთი პრეტენზიები წამოუყენეს. ეს გასაგებიცაა - არავის სურს კორუფციული იმიჯის მქონე ორგანიზაციის სპონსორობა.

ამასთან დაკავშირებით მიხეილ ჟორჟოლიანმა "ფეისბუქზე" მახვილი კომენტარი გამოაქვეყნა:

"ეუფ, ფიფასა და "კოკა-კოლას" შორის ისე დაიძაბა ურთიერთობა, მალე შეიძლება ფიფა-ნაბეღლავის რეიტინგი გაიჩითოს..."

* * *
ისლანდია, ალბანეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, უელსი... ეს გუნდები უკვე ემზადებიან დიდი წვეულებისთვის, ევროპის ჩემპიონატის საგზურები მოიპოვეს. ევროპული "ბალ-მასკარადი" მომავალი წლის ზაფხულში დაიწყება და ქართველებს ტელევიზორით მოგვიწევს თვალის დევნება.

თუმცა ჩვენს თავს აღარ ვჩივით, თვით 1988 წლის ევროპის ჩემპიონი ჰოლანდიელებიც გარეთ დარჩნენ. რობენსა და ვან პერსის სასახლის კიბეზე მსხდომთ მოუწევთ ევროპის ჩემპიონატის "ფანჯრებიდან" გამომავალი მუსიკის მოსმენა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
დავით იმ სეზონში რეალს მაისურაზე სპონსორის ლოგო არ ეწერა და ალბათ მაგან შეგიყვანა შეცდომაში.ზიდანის დარტყმაც უფრო რთულად შესასრულებელი იყო,ფეხი ბევრად მაღლა დაუხვედრა.
jaba
14:09 16-10-2015
0
ისე დეჟავუს გვაქვს კარგა ხანია...ეს ქება-დეიდებანი, სხვა მწვრთნელების პირველ თამაშებში არაერთი მოგვისმენია. უაზროდ ვიცით მწვერვალზე ჩვენების აყვანა, ასევე უაზროდ გვეხერხება მათი დანარცხება მიწაზე და გადავლა.
მეჭვოფი
10:49 16-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული