საქართველო VS გიბრალტარი - ერთით მეტი ფორვარდი...

AutoSharing Option
დღეს, 8 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, "დინამო არენაზე", გიბრალტარს დაუპირისპირდება, 11 ოქტომბერს კი ლაიპციგის "რედ ბულ არენაზე" მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ გერმანიის ეროვნულ გუნდს შეხვდება.

საქართველო-გიბრალტარის შეხვედრა 20:00 სთ-ზე დაიწყება. თამაშზე დასასწრები ბილეთების ფასი 5 და 10 ლარია, მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი "პირველი არხი" წარმოადგენს.

* * *
ცხადია, გულშემატკივარს დღეს მოგების იმედი აქვს. ქვეყანა რომ დაიქცეს, ამ გუნდს აუცილებლად უნდა მოვუგოთ - თანაც, დიდი ანგარიშით. გოლები მოგვენატრა. სამწუხაროა, რომ ტრავმების გამო გუნდს ვერ დაეხმარებიან ლევან ყენია,
ჯანო ანანიძე, ბუბა დაუშვილი
და ლევან მჭედლიძე.

კახა ცხადაძის მიერ გამოძახებული 23-ვე ფეხბურთელი "ბასაზეა" და გიბრალტართან მატჩისთვის ემზადება.

7 ოქტომბერს ეროვნულმა ნაკრებმა "დინამო არენაზე" ივარჯიშა, მანამდე კი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა. ცხადაძესთან ერთად იყო ჩვენი გუნდის შემტევი ნახევარმცველი სანდრო კობახიძეც:

- ბევრი ტრავმირებული გვყავს: ანანიძე, დაუშვილი, ყენია, მჭედლიძე, - თქვა ცხადაძემ პრესკონფერენციის დასაწყისში, - მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ იდეალური შემადგენლობა გვყავს. ხვალ ჩვენ ვეთამაშებით ბოლო ადგილზე მყოფ ნაკრებს, რომელიც ბევრ გოლს უშვებს და ქულაც არ მოუპოვებია. თუმცა მეტოქეს პატივს ვცემთ და სერიოზულად ვემზადებით.

სტრატეგია ყველა ფეხბურთელმა იცის, შეტევაში თავქუდმოგლეჯილები არ გავიქცევით და დაცვაშიც ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან ამ მატჩში შედეგიც მნიშვნელოვანია და თამაშის ხარისხიც...

...ვითამაშებთ თუ არა ორი თავდამსხმელით? რამდენიმე სქემა დავამუშავეთ და საბოლოო გადაწყვეტილებას თამაშის დღეს მივიღებთ. მაგრამ ერთით მეტი ფორვარდი ნამდვილად გვეყოლება...

...ლევან კობიაშვილს ვულოცავ პრეზიდენტობას! მას ორჯერ შევხვდი, მერე ნაკრების ბაზაზეც მოვიდა და ფეხბურთელებს ელაპარაკა იმაზე, რომ ამ ორ მატჩს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იმედია, ლევანს საქმეები კარგად აეწყობა, რადგან ეს ისევ ნაკრებს წაადგება...

...გიორგი ჭანტურიას "დუისბურგში" სადებიუტო შეხვედრაში გოლი მაშინვე მივულოცე. მიხარია, თამაში ასე კარგად რომ დაიწყო. თუმცა "დუისბურგთან" ადაპტაცია მოუწევს. მთავარია, გერმანულ ვარჯიშებს შეეგუოს, მაგრამ გიორგი ნიჭიერია და მჯერა, გუნდსაც მალე შეეწყობა და ნაკრებსაც მალე დაეხმარება...

...რა კრიტერიუმით ვიძახებ ნიკოლოზ გელაშვილსა და ბაჩანა ცხადაძეს? დიდი ხანია, რაც მათ ნაკრებში იწვევენ...

...კაკაბაძე გიბრალტართან მატჩისთვის ემზადება და ითამაშებს თუ არა, ჯერ არ ვიცი, მაგრამ ყველა ძირითადის მოთამაშეა და თუ ვინ დაიწყებს სასტარტოში, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რომელ სქემასაც ავირჩევთ...

...ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა და შესაძლოა, ლიპარტიასა და ებრალიძესაც დავუძახოთ.

სანდრო კობახიძე:
- ტრავმამ გარკვეული დრო გამაცდენინა და მნიშვნელოვანი სანაკრებო შეხვედრები გამოვტოვე. თუმცა ახლა მოვმჯობინდი, ფორმაშიც ვარ და ვეცდები, გიბრალტართან საუკეთესო მატჩი ჩავატარო.

ხუთშაბათს მხოლოდ მოგებაზე ვიფიქრებთ. გერმანიის ძალა კი ყველას კარგად მოგეხსენებათ, თუმცა მათთანაც უნდა ვიბრძოლოთ.

ევრო 2016. საკვალიფიკაციო ეტაპი. D ჯგუფი. IX ტური
8 ოქტომბერი
საქართველო-გიბრალტარი 20:00
ირლანდია-გერმანია 22:45
შოტლანდია-პოლონეთი 22:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. გერმანია 8 6 1 1 22-7 19
2. პოლონეთი 8 5 2 1 29-7 17
3. ირლანდია 8 4 3 1 17-5 15
4. შოტლანდია 8 3 2 3 14-10 11
5. საქართველო 8 2 0 6 5-14 6
6. გიბრალტარი 8 0 0 8 2-46 0

ბოლო ტური
11 ოქტომბერი
გერმანია-საქართველო, გიბრალტარი-შოტლანდია, პოლონეთი-ირლანდია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევრო 2016. შესარჩევი ციკლი. D ჯგუფი: ირლანდია-გერმანიის მეოცე რაუნდი
მკითხველის კომენტარები / 4 /
გიბრალტარი სუსტია და არ გამოდგება ჩვენი ძალბის საზომად.. გერმანია ძალიან ძლიერია და არც ეგ იქნება სწორი ჩვენი ძლაები გავზომოთ : ))))))))) მოკლედ ჩვენი ტოლსწორი გუნდი "ვერ ვიპონნეთ" : ))))))) ამ ნაკებზეა ნათქვამი "დიდი ქვაბში არ ეტეოდა, პატააში ლაყე იყო"-ო :))))) მორიგი საზიზღარი თმაში ეროვნული ნაკრების შესრულებით
dave
21:39 08-10-2015
0
ერთი ფაქტია, ეროვნული ჩემპიონატიდან ნაკრებში (ახალგაზრდულ ნაკრებშიც) კაცის გამოძახება მაგარი ,,აპასნია"
irakli apkhaidze
14:55 08-10-2015
0

სიახლეები პოპულარული