ჩვენ და შოტლანდია - ურთიერთდაპირისპირებათა ისტორია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ისტორიაში არაერთხელ მომხდარა, როცა ამა თუ იმ შესარჩევ ციკლში ერთი-ორი ხმაურიანი გამარჯვებით ჩვენც გაგვიხარია და სატურნირო თვალსაზრისით მოტივირებული მეტოქეც გაგვიმწარებია.

იმედი დავიტოვოთ, რომ დღესაც ასე იქნება...

არნახულად მოტივირებულნი
ამ შესარჩევ ციკლში ჩვენს უპირველეს გუნდს სატურნირო მოტივაცია აღარ დარჩა. სამაგიეროდ, შოტლანდიის ნაკრებისთვის არის უმნიშვნელოვანესი მატჩი და ვისურვოთ, რომ 8 წლის წინანდელი სიტუაცია გამეორდეს, როცა თბილისში წაგებით შოტლანდიელებს 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი წავართვით.

თუმცა ჩვენმა ნაკრებმა, მეტოქის გამწარებაზე მეტად, უსიამოვნო სტატისტიკის დარღვევაზე უნდა იფიქროს: უკვე 3 წელიწადია,
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს თბილისში ოფიციალური მატჩი არ მოუგია!..

შოტლანდიის ნაკრები კი დღესდღეობით ფიფას რეიტინგში 31-ე ადგილზეა და თავის დღევანდელ მეტოქეს საგრძნობლად უსწრებს (საქართველოს ნაკრები სადღეისო მონაცემებით 147-ე ადგილზეა). თუმცა საქმე მხოლოდ რეიტინგში არ არის: დღეს უნდა დავუპირისპირდეთ გუნდს, რომელსაც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მშვენიერი შანსი აქვს, იასპარეზოს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.

შოტლანდიის ნაკრებმა აქამდე მხოლოდ ორჯერ მიიღო მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე (1992, 1996 წლებში), მუნდიალზეც უკანასკნელად 1998 წელს იასპარეზა და აი, ამის შანსიც გაჩნდა! თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შოტლანდიის ნაკრებს ერთხელ უკვე გადავუკეტეთ გზა, როცა 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ჩვენთვის არაფრისმომცემ მატჩში 2:0 მოვუგეთ!
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ეს მართლაც დაუვიწყარი მატჩი იყო, როცა ჩვენი ნაკრების მაშინდელმა თავკაცმა კლაუს ტოპმიოლერმა თამამზე-თამამი გადაწყვეტილება მიიღო და ძირითადში ანდო ადგილი 16 წლის ლევან ყენიას, 17 წლის ლევან მჭედლიძეს და 17 წლის გიორგი მაკარიძეს.

ჰოდა, ძალიან გვინდა, რომ დღესაც იგივე გამეორდეს და ამჯერად უკვე კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე საქართველოს ნაკრებმა შეძლოს შოტლანდიის ნაკრების დამარცხება...

თითქმის 100 პროცენტი
ახლა კი შოტლანდიის ნაკრების დღევანდელ შემადგენლობაზე გვინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვათ.

კი ბატონო, შოტლანდიურ ფეხბურთში დღესდღეობით აღარ არიან საერთაშორისო დონის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც იყვნენ გასული საუკუნის 60-70-იან წლებსა თუ უფრო გვიან პერიოდში მოასპარეზე დენის ლოუ, კენი დალგლიში, ბილი ბრემნერი, გრემ სუნესი, გარი მაკალისტერი, არჩი ჯემილი, ალი მაკოისტი, ბარი ფერგიუსონი.

ამათ რიცხვს თამამად შეგვიძლია მივაკუთვნოთ შოტლანდიის ნაკრების ახლანდელი თავკაცი გორდონ სტრაჩანიც, რომელსაც საკლუბო დონეზეც ("აბერდინში", "მანჩესტერ იუნაიტედში", "ლიდსში") და სანაკრებოზეც არაერთი წარმატებული სეზონი ჰქონდა; ეგ კი არა, ლეგენდარული შოტლანდიელი მწვრთნელის, ალექს ფერგიუსონის შეგირდმა (ჯერ - "აბერდინში", მერე - "მანჩესტერ იუნაიტედში") სტრაჩანმა სამწვრთნელო ასპარეზზეც ივარგა და "სელტიკში" წარმატებულად იმუშავა, ახლა კი სანაკრებო დონეზეც ძალიან ახლოს არის სერიოზულ მიღწევასთან.

თანაც, სტრაჩანის განკარგულებაში ერთობ კვალიფიციური ფეხბურთელები არიან, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობაც ან ინგლისური პრემიერლიგისა თუ ჩემპიონშიპის არცთუ უსახელო გუნდებში გამოდის, ან კიდევ - შოტლანდიური საკლუბო ფეხბურთის გრანდ "სელტიკში". აქვე, ერთობ მნიშვნელოვანი ნიუანსიც: ამ ფეხბურთელების თითქმის 100 პროცენტი თავის კლუბში ძირითადი შემადგენლობის წევრია!

არ დაგვავიწყდეს, რომ შოტლანდიის დღევანდელი ნაკრები, ძირითადად, გამოცდილი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და ერთადერთი გამონაკლისი მხოლოდ 21 წლის ენდრიუ რობერტსონია: ინგლისური "ჰალის" 21 წლის მარცხენა მცველი რა დონის მოთამაშეც არის, მაშინ დავრწმუნდით, როცა შარშან შემოდგომაზე ინგლისური "უოტფორდის" გარემარბ იკეჩი ანიასთან ერთად უამრავი პრობლემა შეუქმნა საქართველოს ნაკრების დაცვას.

..."ასტონ ვილას" 30 წლის მარჯვენა მცველი ალან ჰატონი, "სელტიკისა" და შოტლანდიის ნაკრების კაპიტანი, ცენტრალური ნახევარმცველი, 30 წლის სკოტ ბრაუნი, ამერიკული მეიჯორლიგიდან ინგლისში ახლახან დაბრუნებული გამოცდილი შუახაზელი, 32 წლის შონ მელონი, "ვესტ ბრომვიჩის" ერთ-ერთი ლიდერი, 29 წლის შემტევი ჯეიმს მორისონი (სულ ახლახან "ჩელსისთან" მატჩში "დუბლი" რომ შეასრულა)...

...და, რაღა თქმა უნდა, ორი გამოცდილი და მართლაც მაღალი კლასის ფორვარდი: 28 წლის სტივენ ფლეტჩერი ("სანდერლენდი") და მისი თანატოლი სტივენ ნეისმიტი ("ევერტონი").

შოტლანდიის ნაკრებში კიდევ არაერთი გამოცდილი ფეხბურთელია: მცველები - რასელ მარტინი, სტივენ უიტაკერი (ორივე - "ნორვიჩი"), ჩარლი მალგრიუ ("სელტიკი"), კრეიგ ფორსაიტი ("სანდერლენდი"), ნახევარმცველები - დარენ ფლეტჩერი ("ვესტ ბრომვიჩი"), ჯეიმს მაკარტური ("კრისტალ პალასი") და შედარებით ახალი შემტევები, ბოლო 2 წლის განმავლობაში გორდონ სტრაჩანმა რომ დააწინაურა ნაკრებში - 25 წლის მეტ რიჩი ("ბორნმუთი"), 26 წლის კრის მარტინი ("დერბი"), 25 წლის ლი გრიფიტსი ("სელტიკი").

დაპირისპირების ისტორია
ევრო 2008
24.03.07. გლაზგო. "ჰემპდენ პარკი". 51 000 მაყურებელი
შოტლანდია-საქართველო 2:1
გოლები: 1:0 ბოიდი (11), 1:1 შ. არველაძე (41), 2:1 ბიტი (89)
შოტლანდია: გორდონი, ალექსანდერი, ვეირი, მაკმანუსი, ტილი (60. ბრაუნი), ფერგიუსონი, ჰარტლი, მაკალოხი, მილერი (90. მელოუნი), ბოიდი (76. ბიტი), ნეისმიტი.
მწვრთნელი: ალექს მაკლიში
საქართველო: ლომაია, შაშიაშვილი, ხიზანიშვილი, სალუქვაძე, ელიავა, ბურდული (57. სირაძე), მენთეშაშვილი (46. გოგუა), ცქიტიშვილი (90. მუჯირი), კობიაშვილი, დემეტრაძე, შ. არველაძე.
მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი
კაპიტანი: ლევან კობიაშვილი
გაფრთხილება: ფერგიუსონი - მენთეშაშვილი, სალუქვაძე, დემეტრაძე
არბიტრი: ნ. ვოლკარცი (დანია)

17.10.07. თბილისი. "ბორის პაიჭაძე". 40 000 მაყურებელი
საქართველო-შოტლანდია 2:0
გოლები: 1:0 მჭედლიძე (16), 2:0 სირაძე (64)
საქართველო: მაკარიძე, სალუქვაძე, ხიზანიშვილი, ასათიანი, შაშიაშვილი, მენთეშაშვილი, კანკავა, ყენია (79. კანდელაკი), დ. კვირკველია, სირაძე (89. ჯაკობია), მჭედლიძე (85. კვახაძე).
მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი
კაპიტანი: ზურაბ ხიზანიშვილი
შოტლანდია: გორდონი, ალექსანდერი, ვეირი, მაკმანუსი, მარტი, ფერგიუსონი, დ. ფლეტჩერი, მელონი, პირსონი (66. ბოიდი), მილერი (66. ბიტი), მაკფადენი.
მწვრთნელი: ალექს მაკლიში
გაფრთხილება: კანკავა, ასათიანი - მაკმანამუსი, ბიტი
არბიტრი: კ. კირხერი (ავსტრია)

ევრო 2016
11.10.14. გლაზგო. "აიბროქსი". 35 000 მაყურებელი
შოტლანდია-საქართველო 1:0
გოლები: 1:0 ხუბუტია (28-საკ. კარში)
შოტლანდია: მარშალი - ჰატონი, რ. მარტინი, ჰენლი, რობერტსონი - მელოუნი, ბრაუნი, მორისონი, ანია - ს. ფლეტჩერი (90. კ. მარტინი), ნეისმიტი (80. მაკარტური).
მწვრთნელი: გორდონ სტრაჩანი
საქართველო: ლორია - ლობჟანიძე, ხუბუტია, ს. კვირკველია, გრიგალავა - დაუშვილი -პაპავა (70. ძარია), დ. კვირკველია (46. ოქრიაშვილი), კანკავა, ყაზაიშვილი (80. ჭანტურია) -გელაშვილი.
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
კაპიტანი: ჯაბა კანკავა
გაფრთხილება: მელოუნი, მორისონი - გრიგალავა, დაუშვილი
არბიტრი: მ. ზელინკა (ჩეხეთი).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული