მუნდიალი 2018-ის წილისყრა: არ არის გრანდი, არის იმედი...

AutoSharing Option
ესეც ასე: წილი ნაყარია და სანკტ-პეტერბურგში ჩატარებული 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრის შემდეგ საქართველოს ნაკრების მეტოქეებიც გაირკვა!

წილისყრამდეც ვამბობდით, რომ ნებისმიერი შესარჩევი ციკლის დაწყებას ქართველი გულშემატკივარი მარადიული ქართული იმედით ხვდებოდა და გამონაკლისი არც ახლანდელი სიტუაციაა, მით უფრო, რომ ისეთ ჯგუფში მოვხვდით, სადაც არც ერთი გრანდი არ არის!

მოგეხსენებათ, რომ 1994 წლიდან მოყოლებული, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ევროპისა თუ მსოფლიოს შესარჩევ ეტაპზე ხშირ-ხშირად გვანებივრებდნენ ესპანეთის,
გერმანიის, იტალიისა თუ საფრანგეთის დონის გრანდებთან დაპირისპირებებით...

თუმცა, ისეთი შემთხვევებიც გვახსოვს, როცა მართლაც "ზღაპრულ" შესარჩევ ჯგუფში მოვხვედრილვართ და... ან ბოლო ადგილზე გავსულვართ, ან კიდევ - ბოლოსწინაზე. თუმცა, უარესი წინ გველოდა: პირველად დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, შესარჩევი ეტაპის წილისყრის წინ საქართველოს ნაკრები ბოლო, VI კალათაში აღმოჩნდა!

ჰო, ძალიან, ძალიან უსიამოვნო რეალობაა: ფიფას უკანასკნელი რეიტინგის მიხედვით, საქართველოს ნაკრები 153-ე ადგილზეა და ევროპაშიც ჩვენ უკან მხოლოდ და მხოლოდ 4 ნაკრებია: მალტა, ანდორა, სან მარინო და გიბრალტარი; თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, კიდევ ვიმეორებთ, რომ ახლაც იმედიანად ველოდებით მომავალი წლის შემოდგომას, როცა საქართველოს ნაკრები უელსის, ავსტრიის, სერბეთის, ირლანდიისა და მოლდოვის ნაკრებებთან ერთად 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს დაიწყებს.

მიზანი? რაღა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც მაქსიმალისტები ვიქნებით და ამჯერადაც ვინატრებთ საქართველოს ნაკრებისგან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ტურნირის საგზურის მოპოვებას.

არადა, იმავე ევროპის ჩემპიონატისაგან განსხვავებით, მუნდიალზე მოხვედრა ბევრად უფრო გართულებულია: ევროპის ზონიდან ფინალურ ეტაპზე ჯგუფების გამარჯვებული 9 გუნდი გადის, ყველაზე უარესი მეორეადგილოსანი "თამაშგარე მდგომარეობაშია", დანარჩენი 8 მეორეადგილოსანი კი პლეი ოფში დაწყვილდება და 4 გამარჯვებულიც 2018 წლის ზაფხულში რუსეთში იასპარეზებს.

მოკლედ, ურთულესი საქმეა და ეს იმის მიუხედავად, რომ ჩვენს ჯგუფში არც ერთი გრანდი არ არის...

სასურველი უელსი
წილისყრის წინ, როცა ჩვენთვის სასურველ ვარიანტებს "ვარჩევდით", პირველი კალათიდან უელსი "ვინატრეთ" და აგვიხდა კიდეც! კი ბატონო, ავცდით გერმანიას, ესპანეთს, პორტუგალიას, ინგლისს, ბელგიასა თუ ჰოლანდიას, მაგრამ განა შეიძლება რომელიმე გუნდი პირველ კალათაში შემთხვევით იყოს განთესილი?

სწორედაც რომ არ შეიძლება და უელსის ნაკრების მაგალითიც ამას მოწმობს: ჩვენი მომავალი მეტოქე, პირველად თავის ისტორიაში, ფიფას რეიტინგში X ადგილზეა და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურიც თითქმის განაღდებული აქვს!

ანუ, რაც ვერ მოახერხეს ჯონ ტოშაკის, იან რაშის, მარკ ჰიუზის, ნევილ საუთჰოლის, დინ სანდერსის, გარი სპიდის, ჯო ჰართსონის, რაიან გიგზისა და კრეიგ ბელამის თაობებმა, ამჟამად არის რეალური. სხვათა შორის, უელსელების დღევანდელ თაობას კიდევ ერთი მიღწევითაც შეუძლია იამაყოს: ამ ქვეყნის ნაკრებს უკვე ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რაც ისტორიაში მანამდე არასდროს მომხდარა!

...ზემოთ უელსის ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული ვარსკვლავები ვახსენეთ და ახლანდელებზეც ვთქვათ; მით უფრო, როცა ამ გუნდში 26 წლის გარეთ ბეილი თამაშობს - მადრიდის "რეალისა" და, საერთოდ, თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი! იგივე "სტატუსი" შეიძლება მივანიჭოთ უელსის ნაკრების კიდევ ერთ ვარსკვლავს, ლონდონის "არსენალის" 24 წლის შემტევ აარონ რემსის.

უელსის ნაკრების კიდევ ორი გამორჩეული ფეხბურთელიც უნდა ვახსენოთ: "ლივერპულის" 25 წლის საყრდენი ჯონ ალენი და "სუონსის" გამოცდილი კაპიტანი, 30 წლის ეშლი უილიამსი.

ცალკე უნდა ვთქვათ უელსელთა თავკაცზე: 45 წლის კრის კოულმენი მესამე წელიწადია წარმატებულად მუშაობს იმ ნაკრების მთავარ მწვრთნელად, რომლის ღირსებასაც ფეხბურთელობის დროს წლების განმავლობაში იცავდა.

ჰოდა, ძნელი წარმოსადგენია, რომ კოულმენს დავიწყებოდა... საქართველოს ნაკრებთან ჩატარებული ის ოფიციალური მატჩი (1994 წლის 16 ნოემბერს ), ქართველების მართლაც შთამბეჭდავი გამარჯვებით რომ დასრულდა!

მომავალი წლის შემოდგომაზე, უელსი-საქართველოს მატჩის წინ, იმ 20-21 წლის პერიპეტიებს მართლაც დიდი სიამოვნებით გავიხსენებთ: აქაურ 5:0-საც და იქაურ 1:0-საც, თემურ ქეცბაიას აქაურ დუბლსაც და გიორგი ქინქლაძის იქაურ ზღაპრულ გოლსაც. იმასაც გავიხსენებთ, რომ უელსისა და საქართველოს ნაკრებების დღევანდელი თავკაცები, კრის კოულმენი და კახა ცხადაძე 21 წლის წინაც მეტოქეები იყვნენ, ოღონდ ფეხბურთელების ამპლუაში...

თანამედროვე ფეხბურთში მართლაც იშვიათია ისეთი მეტოქე, რომელთან ურთიერთდაპირისპირებაშიც საქართველოს ნაკრებს 100-პროცენტიანი შედეგი ჰქონდეს; ჰო, იშვიათია, მაგრამ არსებობს ასეთი ნაკრები: უელსელებთან 3 მატჩი გვაქვს ჩატარებული და სამივეში გავიმარჯვეთ!

ასეც გაგრძელებულიყოს...

შენიღბული ფავორიტები
1990 წლიდან მოყოლებული, რამდენიმე ნაკრებიღა დარჩა, რომლებთანაც საქართველოს ნაკრებს არც ოფიციალური მატჩი უთამაშია და არც - ამხანაგური: ჰოლანდია, შვედეთი, ბელგია, ჩეხეთი, ბოსნია, მაკედონია, სან მარინო, ანდორა; ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან ჩვენი მომავალი მეტოქეებიც: ავსტრია და სერბეთი, რომლებიც, შესაბამისად, მეორე და მესამე კალათიდან გვერგნენ.

უელსის მსგავსად, ავსტრიელებსაც, ფაქტობრივად, განაღდებული აქვთ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური: მარსელ კოლერის გაწვრთნილ გუნდს 6 თამაშიდან 5 მოგება და 1 ფრე აქვს!

დღესდღეობით ავსტრიის ნაკრებს ისეთი თაობა ჰყავს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსი უნდა ჰქონდეს.

დღევანდელ ავსტრიის ნაკრებში, შესაძლოა, ისეთი დონის ინდივიდუალისტები აღარ არიან, როგორებიც თავის დროზე ჰანს კრანკლი, ბრუნო პეცაი, ჰერბერტ პროჰაზკა, ტონი პოლსტერი თუ ანდრეას ჰერცოგი იყვნენ, თუმცა, მარსელ კოლერის გუნდში რამდენიმე ცნობილ ფეხბურთელს მაინც შეხვდებით: 29 წლის მარცხენა მცველი კრისტიან ფუხსი წლების განმავლობაში "შალკეში" გამოდიოდა, ახლა კი "ლესტერში" გადავიდა.

28 წლის ცენტრალური მცველი სებასტიან პრიოდლი ასევე წლების განმავლობაში "ვერდერის" ლიდერი გახლდათ, ამჟამად კი პრემიერლიგის "უოტფორდში" გამოდის.

ევროპის წამყვანი კლუბების ინტერესთა სფეროშია ავსტრიის ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, 24 წლის ალექსანდრ დრაგოვიჩი (კიევის "დინამო"); ნახევარდაცვასა თუ თავდასხმაშიც არაერთ ცნობილ ფეხბურთელს შეხვდებით: 27 წლის იულინ ბამგარტლინგერი ("მაინცი"), 27 წლის ზლატკო იუნუზოვიჩი ("ვერდერი"), 26 წლის მარკო არნაუტოვიჩი ("სტოკი"), 28 წლის მარკ ჰარნიკი ("შტუტგარტი"), 32 წლის მარკ იანკო ("ბაზელი").

თუმცა, ავსტრიელთა უპირველესი ვარსკვლავი, რაღა თქმა უნდა, მიუნხენის "ბაიერნის" 23 წლის მარცხენა მცველი დავიდ ალაბაა, რომელიც თავისი ქვეყნის ნაკრებში საყრდენ ნახევარმცველად ასპარეზობს.

მესამე კალათიდან, ერთი შეხედვით, შედარებით დაბალი რეიტინგის მქონე სერბეთი შეგვხვდა; თანაც, ამ ქვეყნის ნაკრებს, ფაქტობრივად, არანაირი შანსი არ დარჩა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად, მაგრამ სერბებს ყოველთვის ჰყავდათ მაღალი დონის ფეხბურთელები და მათი ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს.

ცალკე საუბრის თემაა სერბების წარმატებული ასპარეზობა ასაკობრივ ტურნირებზე და ამის დასტურად ის ფაქტიც გამოდგება, რომ ერთი თვის წინათ, ამ ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ორი წლის წინათ კი - 19-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონი.

მოკლედ, სერბულ ფეხბურთს ტალანტები არასდროს აკლდა და ამიტომაც მიიჩნევა უკვე ჩვეულებრივ ამბად ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა სერბი მოთამაშეები წამყვანი ევროპული კლუბების სამიზნეები ხდებიან. ამის ბოლო მაგალითად 20 წლის ალექსანდრ მიტროვიჩის "ნიუკასლში" ტრანსფერიც გამოდგება.

ადემ ლიაიჩი, დუშან ბასტა, ლაზარ მარკოვიჩი, ალეკსანდრ კოლაროვი, ბრანისლავ ივანოვიჩი - ყველა ეს ფეხბურთელი ევროპის წამყვანი ლიგების წამყვან კლუბებში გამოდის და მათ გარდა, სერბეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რადოვან ჩურჩიჩს სხვაც არაერთი მაღალი დონის შემსრულებელი ჰყავს.

ნავსი ხომ უნდა გავტეხოთ
წილისყრის წინ, როცა "სასურველ" და "არასასურველ" ვარიანტებზე ვმსჯელობდით, IV კალათიდან ყველაზე ძალიან თურქეთისა და ირლანდიის მეტოქეობა არ გვსურდა; სამწუხაროდ, ამათგან ერთ-ერთი მაინც "არ აგვცდა": ისე, როგორც მიმდინარე შესარჩევ ციკლში, ირლანდიის ნაკრებს მსოფლიოს შესარჩევ ეტაპზეც დავუპირისპირდებით!

აღსანიშნავია, რომ დღემდე საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებებს ერთმანეთთან 6 მატჩი ჩაუტარებიათ და სამწუხაროდ, ექვსივე შემთხვევაში ირლანდიელები იმარჯვებდნენ...

ამა წლის 7 სექტემბერს, ირლანდიის ნაკრები 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება საქართველოს ნაკრებს და იმედი დავიტოვოთ, რომ უკვე აქედანვე დავიწყებთ და ირლანდიელებთან ქულ(ებ)ის მოგროვებასაც დავიწყებთ...

ძველი, კარგი და ცუდი მოგონება
V კალათიდან ყველაზე სასურველ მეტოქეებად მოლდოვა და ლიტვა "ავირჩიეთ" და ასეც მოხდა: ისე, როგორც სადებიუტო ციკლში (ევროპის 1996 წლის შესარჩევი ეტაპი), საქართველო და მოლდოვა კვლავ ერთ ჯგუფში არიან!

უცნაურია, მაგრამ ფაქტია: ის შესარჩევი ციკლი ჩვენთვის ყველაზე წარმატებული იყო (15 ქულა მოვაგროვეთ), თუმცა, მოლდოველებთან ორივე მატჩი წავაგეთ!

იმის მერე კი მოლდოველებს ამხანაგურ თამაშებში რვაჯერ დავუპირისპირდით და დღესდღეობით, ფაქტობრივად, სრული თანაფარდობაა: 10 მატჩი, 4 მოგება, 2 ფრე, 4 წაგება და მხოლოდ ბურთების სხვაობაში გვაქვს მცირე უპირატესობა (14-11).

იმედი დავიტოვოთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შემდეგ მოლდოველებს უკვე ორი მოგებით გავუსწრებთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
1998 Chisinau 24/09/1997 MDA 0:1 (0:1) GEO First stage
1998 Batumi 07/06/1997 GEO 2:0 (1:0) MDA First stage
1996 Chisinau 15/11/1995 MDA 3:2 (2:0) GEO Group matches
1996 Tbilisi 07/09/1994 GEO 0:1 (0:1) MDA Group matches
1872 Tbilisi 11/11/2011 GEO 2:0 (2:0) MDA
1872 Chisinau 11/08/2010 MDA 0:0 GEO
1872 Tbilisi 06/06/2009 GEO 1:2 (0:1) MDA
1872 Ta'Qali 27/02/2006 MDA 5:1 (2:1) GEO
1872 Tiraspol 18/08/2004 MDA 1:0 (0:0) GEO
1872 Tbilisi 12/02/2003 GEO 2:2 (0:0) MDA
მოლდოვასთან 3 მოგება 5 წაგება და 2 ფრე
Besti
17:11 27-07-2015
0
იმედი ნუ მოგიშალოთ ღმერთმა :)
შაკო
16:32 27-07-2015
0

სიახლეები პოპულარული