კახა მახარაძე: უზბეკეთში ინფრასტრუქტურა იდეალურთან მიახლოებულია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 27 წლის ნახევარნცველი კახა მახარაძე ტაშკენტის "ფახთაქორის" ლიდერი და კაპიტანია. მახარაძე თავის თაობაში გამორჩეული ფეხბურთელია. უთამაშია თბილისის "დინამოში", "ჩიხურაში", ბათუმის "დინამოსა" და ტაშკენტის "ლოკომოტივში".

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მალტა-გერმანიასთან მარტის შეხვედრებში კვლავ მოირგო ეროვნული გუნდის მაისურა. ჩვენი ინფორმაციით, ის ნაკრების გაფართოებულ სიაშია. მახარაძეს ტაშკენტში დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ...

- თავდაპირველად, ის გვითხარით, როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
- ახლა ყველაფერი კარგადაა. არანაირი პრობლემა აღარ მაქვს. უკვე სტაბილურად ვთამაშობ.

- რა აზრის ხართ "ფახთაქორის" თამაშზე აზიის ჩემპიონთა ლიგასა და უზბეკეთის
ჩემპიონატში?

- აზიის ჩემპიონთა ლიგიდან გუნდის გავარდნას მე მაინც უიღბლობას მივაწერდი. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში არ გაგვიმართლა. შინ წავაგეთ თამაში და გამოვეთიშეთ ასპარეზობას. რაც შეეხება უზბეკეთის პირველობას, აქ ყველაფერი ნორმალურადაა. ერთი თამაშით ნაკლები გვაქვს ლიდერზე და თუ მოვიგეთ, პირველ ადგილზე გადავალთ.

- რას იტყვით უკრაინასთან ამხანაგურ და პოლონეთთან ევროშესარჩევ მატჩებზე, რომლებიც ივნისში გაიმართება?
- ძალიან წაგვადგება ეს ორი მატჩი. მეტოქეებად ძლიერი გუნდები გვყავს. ჩვენ ეტაპობრივად უნდა ვიაროთ წინ, მატჩიდან მატჩამდე გავაუმჯობესოთ თამაში. ყველამ მაქსიმუმი უნდა გაიღოს სასურველი შედეგის მისაღწევად.

- კახა, თუ არის შანსი, რომ უკეთესი ქვეყნის ჩემპიონატში გააგრძელოთ კარიერა? ან თავად თქვენ თუ გაქვთ ამის სურვილი?
- ჯერჯერობით, "ფახთაქორთან" კონტრაქტი მაქვს. ისე, უკეთეს ჩემპიონატში თამაში ნამდვილად მინდა. რატომაც არა?!

- ცოტა მეტი გვიამბეთ უზბეკეთის ჩემპიონატზე. მაინც, რა დონის პირველობაა?
- აზიის მასშტაბით თუ ავიღებთ, უზბეკეთის ლიგა საშუალო ლიგაა. უფრო ტაქტიკურ ფეხბურთზე კეთდება აქცენტი. ყველა გუნდს ნორმალური პირობები აქვს. თითქმის ყველა თამაშში მაქსიმალურად დახარჯვა გიწევს. იოლად ვერც ერთ თამაშს ვერ მოიგებ.

- მაყურებელი თუ დადის სტადიონზე? ვთქვათ, ფეხბურთელებს თუ ცნობენ ქუჩაში?
- მაყურებელი ბლომად დადის. უზბეკეთში ძალიან უყვართ ფეხბურთი, განსაკუთრებით კი - "ფახთაქორი". ტაშკენტში 7-8 ათასი ქომაგი ყველა თამაშზე დადის, ხოლო რეგიონებში 15 ათასამდეც გროვდება ხოლმე... ქუჩაში ფეხბურთელებს გვცნობენ და ყველა დიდ პატივს გვცემს. ყოველ შემთხვევაში, "ფახთაქორის" ფეხბურთელებს ქუჩაში სულ გვცნობენ.

- ადგილობრივი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა როგორ მდგომარეობაშია?
- თითქმის არ არსებობს უზბეკეთში გუნდი, რომელსაც არ აქვს კარგი სტადიონი და მინდვრის კარგი საფარი. ამ მხრივ იდეალურთან მიახლოებული მდგომარეობაა. ფეხბურთის განვითარებისთვის ბევრი კეთდება. ვფიქრობ, ამის დამსახურებაცაა, ეროვნული ნაკრების და გუნდების შედეგები რომ გაუმჯობესდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კახა კაი კაცი ხარ, წარმატებები!
georgiano
02:58 25-05-2015
0
არ და გვახსოვს ორი წლის წინ დატბორილ მოედანზე კუთხურს რომ აწვდიდნენ, ყველა წინ მიდის ჩვენ მარტო უცხოელებს ან ვგულშემატკივრობთ ან დავცინივართ
jora
14:48 24-05-2015
0

სიახლეები პოპულარული