ნიკა ძალამიძე: ვფიქრობ, პოლონეთთან ჩვენი შანსი ტექნიკურ ფეხბურთშია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის ნახევარმცველმა ნიკა ძალამიძემ ოთხშაბათ საღამოს დიდი ომი გადაიტანა. მისი "იაგელონია" მსაჯის მიერ დამატებულ მე-8 წუთზეღა გატყდა პოლონური ფეხბურთის გრანდ "ლეგიასთან" შეხვედრაში...

ძალამიძემ "ლელოს" შეკითხვებს უპასუხა. მასთან სასაუბრო კი საკმაოდ დაგროვდა. სულ მალე ევროშესარჩევი ციკლის მატჩში ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდი პოლონეთთან დაიჭერს საქმეს.

ცხადია, ამ ქვეყანაში მოთამაშე ჩვენმა ფეხბურთელებმა სხვაზე მეტი იციან იქაურ განწყობებსა თუ მეტოქის ბანაკში არსებული ვითარების შესახებ.

ძალამიძესთან ინტერვიუ "ლეგიასთან" მატჩით დავიწყეთ...

- ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო. სანამ უშუალოდ მინდორზე განვითარებულ მოვლენებს ვიტყოდე,
ერთი რამ მინდა აღვნიშნო - პოლონეთის ჩემპიონატი საკმაოდ მაღალი დონის შეჯიბრებაა, თუმცა ძალზე თვალსაჩინოა მსაჯების პრობლემა. რაღა შორს წავიდე - "ლეგიასთან" შეხვედრაში იყო დაახლოებით ოთხწუთიანი პაუზა, გულშემატკივრებმა მინდორზე რაღაც შემოაგდეს, მსაჯმა კი თამაშს 10 წუთი დაამატა და ბოლოსწინა დამატებულ წუთზე თერთმეტმეტრიანიც დანიშნა ჩვენს კარში. ეს პენალტი არ უნდა დანიშნულიყო! არადა, ზუსტად წინა შეტევისას "ლეგიას" კარშიც თავისუფლად შეეძლო პენალტის დანიშვნა, მაგრამ ეს არ გააკეთა...

საბოლოოდ, ძალიან დასანანი მარცხი ვიწვნიეთ. ქულა რომ მოგვეპოვებინა, ძალიან კარგი იქნებოდა. ლიდერ "ლეხთან" ჩამორჩენა ნაკლები იქნებოდა. ამის მიუხედავად, "იაგელონია" განაგრძობს ჩემპიონობისთვის ბრძოლას. ფინიშამდე 4 ტურია დარჩენილი და აქედან, 3 თამაში შინ გვიწევს. ასე რომ, კალენდარი საჩვენოა!

- დიდი დრო აღარ დარჩა პოლონეთისა და საქართველოს ნაკრებთა ევროშესარჩევ მატჩამდე. უკვე ხომ არ იგრძნობა აჟიოტაჟი პოლონურ მედიაში?
- ჯერ განსაკუთრებული არაფერი ხდება. პოლონეთის ჩემპიონატი ისე დაძაბულად მიმდინარეობს, იმხელა ინტრიგაა, ყველა ექსტრაკლასაზეა (უმაღლესი ლიგა - ავტ) გადართული.

- შევიტყვეთ, რომ პოლონეთის ნაკრებს რამდენიმე ფეხბურთელი არ ეყოლება. აქედან გამომდინარე, მეტოქეს დაცვაში, წესით, პრობლემები უნდა ჰქონდეს...
- ეს ინფორმაცია მეც გავიგე პრესის საშუალებით. რაც ზუსტად ვიცი, ის არის, რომ არ ითამაშებს კამილ გლიკი. "ტორინოს" მცველი პოლონეთის ნაკრებისთვის მართლაც დიდი ძალაა.

- ალბათ, პოლონელები შინაგანად დარწმუნებულნი არიან, რომ მოახერხებენ საქართველოს ნაკრების დამარცხებას. თან თბილისური მატჩიც რომ გავიხსენოთ...
- კი, მაგრამ იმ თამაშის მერე დრო გავიდა და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრები უკეთ ითამაშებს პოლონეთში. ისე, პოლონეთის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია, შესანიშნავი შემსრულებლებით.

- მაშ, სად არის საქართველოს შანსი?
- ჩვენი შანსი, ჩემი აზრით, არის ტექნიკურ ფეხბურთში. ზოგადად, პოლონეთის ნაკრებს არ უყვარს, როცა საქმის დაჭერა ტექნიკურ მოწინააღმდეგესთან უწევს. ბოლომდე უნდა დავიცვათ სათამაშო დისციპლინა. პოლონეთის ნაკრები ძალიან მოტივირებული იქნება.

მათ შესანიშნავად დაიწყეს ევროშესარჩევი ციკლი, ასევე გააგრძელეს და ხმაურიანი დასასრულიც სურთ. ზემოთაც ვთქვი და, ალბათ, თქვენც დამეთანხმებით - შესანიშნავი თაობა ჰყავთ.

- საქართველოს ნაკრებიდან ხომ არ შეგხმიანებიათ ვინმე ეროვნულ გუნდში გამოძახების თაობაზე?
- არა, ჯერჯერობით არავის დაურეკავს.

- რას აპირებთ, რჩებით "იაგელონიაში"?
- ჯერ ბოლომდე არ გადამიწყვეტია და წინასწარ ლაპარაკს მოვერიდები. კლუბს სურს, რომ კონტრაქტი გავაგრძელო. დეკემბრამდე "იაგელონიასთან" ხელშეკრულება მაკავშირებს. ყველაფერს ამის შემდეგ გადავწყვეტ. არის დიდი შანსი, რომ კლუბთან კონტრაქტი გავაგრძელო... მაგრამ, მოდით, ამ თემას მოგვიანებით დავუბრუნდეთ.

- რისი დამსახურებაა "იაგელონიას" ასეთი კარგი თამაში? როგორ ეჭიდავება გუნდი ტოლ-სწორად პოლონური ფეხბურთის გრანდებს?
- რომ იტყვიან, "შეკრული" გუნდი გვყავს. შემტევ, სანახაობრივ ფეხბურთს ვანიჭებთ უპირატესობას და შედეგიც კარგი გვაქვს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
განათლების დეფიციტს მიხედეთ და შანსიც გამოჩნდება!
გუჯა კახაძე
12:44 24-05-2015
0
ოოოო ტეხნიკა ,,მაგარი,, გაქვთ. პოლონეთთან მთავარია დიდი ანგარიშით არ წააგოთ. ეს არის თქვენი მთავარი ამოცანა.
kaxi
07:33 24-05-2015
0

სიახლეები პოპულარული