გიორგი ლორია: არის კონკრეტული შემოთავაზება, ხვალ მივფრინავ

AutoSharing Option
გერმანელებმა გიორგი ლორიას სამუშაო არ მოაკლეს. საქართველოს ნაკრების მეკარე 90 წუთის განმავლობაში ფხიზლად იყო და რამდენჯერმე გადაგვარჩინა კიდეც. მან ორჯერ მოიგერია მარკო როისის სახიფათო დარტყმები და მეტის გატანის საშუალება არც თომას მიულერსა და არც მესუთ იოზილს მისცა...

ეს, რაც შეეხება უშუალოდ გერმანიასთან მატჩს, მაგრამ ლორია საქართველოს ნაკრების ძირითადი მეკარეა და ცხადია, მისი საკლუბო მომავალიც არანაკლებ გვაინტერესებს.

გავიგეთ, რომ უახლოეს დღეებში, შესაძლოა, ის ახალ კლუბში ჩაირიცხოს. როგორც ცნობილია, ლორია შემოდგომაზე თბილისის "დინამოდან" საბერძნეთის
სუპერლიგის კლუბ ოფი-ში ჩაირიცხა და სეზონი იმდენად დამაჯერებლად ჩაატარა, პირველ წრეში სუპერლიგის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს...

მაგრამ ოფი დაიშალა და ლორია და მისი კიდევ ერთი ქართველი თანაგუნდელი, გიორგი მერებაშვილი, თავისუფალი აგენტები გახდნენ. ამ უკანასკნელმა "ლელოსთან" ინტერვიუში თქვა, რომ შესაძლოა, ახალ კლუბში სეზონის დასრულებამდეც ჩაირიცხოს. რაც შეეხება ლორიას...

- კონტრაქტის გაფორმება და ახალ კლუბში ჩარიცხვა დღესაც თავისუფლად შემიძლია, მაგრამ იქ მომდევნო ჩემპიონატის დაწყებამდე ვერ ვითამაშებ. საქმე ისაა, რომ სეზონის განმავლობაში უკვე ორ გუნდში ვიყავი, მესამეში თამაში გამორიცხულია. თუმცა, ფორმის შესანარჩუნებლად სეზონის დასრულებამდე მაინც ვივარჯიშებ.

ახლა არის ერთი კონკრეტული შემოთავაზება. ხვალ საბერძნეთში მივფრინავ, სადაც ერთ-ერთ კლუბთან მოლაპარაკება მაქვს და ვნახოთ, რა გამოვა აქედან.

- გერმანიასთან მატჩზე რას იტყვით?
- რაც უნდა ვთქვათ, რომ მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონთან წავაგეთ, მარცხი არავის სიამოვნებს. მძიმე თამაში იყო. ახალი სათამაშო სქემით ვითამაშეთ, რომელთანაც შეჩვევაა საჭირო. მაგრამ დადებითი მომენტებიც გვქონდა.

- კახა ცხადაძემ გარკვევით თქვა, რომ არ სურს, მისმა გუნდმა ბურთი უაზროდ მოიგერიოს...
- ამაზე მწვრთნელი შეკრების პირველივე დღეს გველაპარაკა, რომ შეტევების დროს ბურთი აზრიანად უნდა ამოვიტანოთ და აქცენტი მის კონტროლზე გავაკეთოთ. იმედია, დროთა განმავლობაში, გაცილებით გამართულ ფეხბურთს ვითამაშებთ. დიდი შრომა დაგვჭირდება საიმისოდ, რომ ხალხი ჩვენი თამაშით გავახაროთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძელი გოლი არ არის! ძელი რომ გოლი იყოს, ესპანეთთან თამაში 1:1 უნდა ყოფილიყო
otbex
14:15 01-04-2015
0
ძელი არ დაგავიწყდეთ ძელიიი რა 0-2 ღადაობთ
haaa
12:58 01-04-2015
0

სიახლეები პოპულარული