რა სასჯელს უმზადებს უეფა საქართველოს მოედანზე ფანების შეჭრისთვის

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონებთან მატჩისა და ვარჯიშის დროს მომხდარმა ფაქტებმა გერმანულ მედიაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

შეგახსენებთ, რომ მატჩის მიმდინარეობისას, "დინამო არენის" მოედანზე გულშემატკივრის შეჭრის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, წინა დღეს კი, გერმანიის ნაკრების ვარჯიშისას, მოედანზე ქართველი ახალგაზრდა გულშემატკივარი შეიჭრა და ბასტიან შვაინშტაიგერს ბუცებზე ხელებით შეეხო...

პოპულარული გამოცემა "კიკერი" წერს: "გერმანიის ნაკრების უცნაური მოგზაურობა საქართველოში".

"საქართველოში იოახიმ ლიოვის გუნდის მგზავრობა სხვა ქვეყნებში ვიზიტებისგან განსხვავდებოდა. პრესკონფერენციაზე ძალიან თბილი სიტყვები ისმოდა და ბუნდესმწვრთნელს საგანგებო პრიზიც გადასცეს. გარდა ამისა,
ბასტიან შვაინშტაიგერს ვარჯიშის დროს დაუჩოქეს. საქართველოში მსოფლიოს ჩემპიონისადმი უდიდესი პატივისცემა იგრძნობა".

"ბილდმა" მომხდარს წერილი მიუძღვნა და მოედანზე შევარდნის ყველა შემთხვევა აღრიცხა. გამოცემა მოედანზე შეჭრილებს "სტრაიკერებად" ("თავდამსხმელი") მოიხსენიებს.

სტრაიკერების ქარიშხალი და მოგება
"თბილისში მოედანზე შევარდნილი მეტი ადამიანი ვიხილეთ, ვიდრე - გოლი. ინციდენტზე იოახიმ ლიოვსა და მატს ჰუმელსს პრესკონფერენციაზე მძაფრი რეაქცია ჰქონდათ. მათი აზრით, სტრაიკერების ლამის შეუფერხებელი შევარდნები მოთამაშეთა უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა.

ფანები მანუელ ნოიერსა და ბასტიან შვაინშტაიგერზე დევნას მატჩის შემდეგაც აგრძელებდნენ, მაშინაც კი, როცა ინტერვიუებს იძლეოდნენ.

საინტერესოა, რომ ვარჯიშის დროს შვაინშტაიგერთან მივარდნილი ფანი აკრედიტებული იყო. "სტრაიკერების" გამო საქართველოს უეფასგან სერიოზული სანქციები ემუქრება. მოთამაშეები კი ბედნიერები უნდა იყვნენ, რომ უარესი არ მოხდა", - წერს "ბილდი".

ბუნდესნაკრების ერთ-ერთმა გულშემატკივარმა გოგონამ კი "ბილდის" ამ წერილზე ხუმრობანარევი (იქნებ სერიოზულიც) კომენტარი დატოვა: "მოსაწყენი იყო, შიშვლებიც არ შეცვენილან".

ორმაგი სასჯელის მოლოდინში
გერმანელები კი ხუმრობენ, მაგრამ ჩვენ საქმე სახუმაროდ სულაც არ გვაქვს. ცნობილი გახდა, რომ ამ ფაქტებზე უეფა უახლოეს პერიოდში რეაგირებას აპირებს. წინასწარი ინფორმაცია დამამშვიდებელი ნამდვილად არ არის.

გულშემატკივართა შეცვენის ფაქტზე უეფას სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს, ხოლო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, ფულად სასჯელთან ერთად, მკაცრი სანქციაც ელის: შესაძლოა, 4 სექტემბერს, თბილისში, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ეგიდით გასამართავ საშინაო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიას ცარიელი ტრიბუნების წინ უმასპინძლოს, - ამის შესახებ სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა.

"უეფას სადისციპლინო კომიტეტს დოკუმენტები უკვე გადასცეს. არის ლაპარაკი იმაზეც, რომ შოტლანდიასთან შეხვედრა, შესაძლოა, გულშემატკივრების გარეშე ჩატარდეს. ამას გარდა, სოლიდურ ფულად ჯარიმებსაც ველოდებით.

მატჩის შემდეგ მომხდარ ინციდენტებზე შსს-ს თანამშრომლებს ველაპარაკეთ. სამართალდამცველებმა ყველა ვიდეოჩანაწერი ამოიღეს და საქმეს დეტალურად შეისწავლიან. ნებისმიერ შემთხვევაში, შემდეგი მატჩებისთვის კონტროლი ძალიან გამკაცრდება", - ამბობს სიჭინავა.

საერთოდ, ორი აზრი არ არის, რომ მსგავსი ფაქტები საქართველოს საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარებაში ხელს შეუშლის, უეფას კი საჩვენო გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდება.

კიდევ კარგი, სუპერთასისა და ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის ჩატარების უფლება უკვე მოპოვებული გვაქვს, თორემ, ახლა რომ მსჯელობდნენ ამ საკითხზე, ვეჭვობთ, თბილისი ასეთი პატივის ღირსი გამხდარიყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ნაცისტებით გაძეძგილი პოლიციის პირდაპირი დანაშაულია
vaxvax
13:38 31-03-2015
0
უბედურო საქართველოვ....ეს რა უბედურება გვჭირს? საიდან მოდიან ეს ...? საკუთარი პირადი ხუშტურები და ფეხებზე კიდიათ ყველაფერი....უნდა დასაჯოს უეფამ და ეგებ მერე მოვიდნენ აზრზე.....რას აკეთებს პოლიცია.....3 თვიანი პატიმრობა თითოს და ყველაფერი ადგილზე დადგება.
giorgi
13:10 31-03-2015
0

სიახლეები პოპულარული