საქართველო-გერმანია 0:2 - მოგვიგეს, მაგრამ ვერ გადაგვიარეს [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
პროლოგი
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ორბურთიანი სხვაობით წააგო მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ გერმანიასთან, მაგრამ თავიდანვე უნდა ვთქვათ - ჩვენი ბიჭების სააუგოდ ენა არავის მოუბრუნდება. კახა ცხადაძის ფორმაციის ნაკრებმა, ჯერაც ჩამოყალიბების გზაზე რომ არის, ბოლომდე იომა პლანეტის საუკეთესო გუნდთან.

ის კი არა, დაგვავიწყდა კიდეც, როდის ვნახეთ ამდენი შეტევა ოფიციალურ მატჩებში ჩვენი ქვეყნის უპირველესი გუნდის შესრულებით.

მალტასთან მოგებული ამხანაგური მატჩის შემდეგ კახა ცხადაძემ ძირითად შემადგენლობაში ერთადერთი ცვლილება განახორციელა - მარჯვენა მცველის პოზიციაზე დადგა უჩა ლობჟანიძე, მარჯვენა ნახევარმცველად მოგვევლინა სანდრო კობახიძე, გიორგი ჭანტურია კი თამაშის დასაწყისს
სათადარიგოთა სკამზე შეხვდა.

იმთავითვე ცხადი გახდა, რომ გამოკვეთილი თავდამსხმელის გარეშე მოთამაშე გერმანია აქცენტს სწრაფ გოლზე აკეთებდა. წინასწარვე უნდა ითქვას: ამ სტრიქონების ავტორს თბილისში ჩამოსული ყველა გრანდი უნახავს, მაგრამ ასეთი ძლიერი და აწყობილი მექანიზმის მნახველი, როგორიც იყო გუშინ გერმანიის უპირველესი გუნდი, აქ არასოდეს ყოფილა...

სანამ უშუალოდ მატჩის პერიპეტიებს მიმოვიხილავდეთ, თამაშის დაწყებამდე რამდენიმე წამით ადრე მომხდარ სასიამოვნო ეპიზოდს შევეხოთ, როცა ძველი მეგობრები - კახა ცხადაძე და გერმანიის ნაკრების მეკარეთა მწვრთნელი ანდრეას კიოპკე ერთმანეთს გადაეხვივნენ.

გეხსომებათ, ისინი თავის დროზე ერთად თამაშობდნენ ფრანკფურტის "აინტრახტში"...

I ტაიმი
...ფოტოგრაფთა მთელმა არმიამ საქართველოს ნაკრების კართან დაიკავა ადგილი და მატჩიც დაიწყო.

როგორც ვთქვით, გერმანიის ნაკრებმა აქცენტი სწრაფ გოლზე გააკეთა. სანამ მინდორზე რაიმე მოხდებოდა, ცხადაძეს იძულებითი შეცვლის განხორციელება მოუწია. პირველივე წუთზე დაშავდა და მინდვრიდან გასაყვანი შეიქნა ალეკო ამისულაშვილი. მისი ადგილი ახალგაზრდა (1995 წელს დაბადებულმა) ლაშა დვალმა დაიკავა.

მოვლენებს წინ გავუსწრებთ და ვიტყვით, რომ საქართველოს ნაკრების ახალბედა მცველმა მართლაც შესანიშნავი, თითქმის უშეცდომო მატჩი ჩაატარა.

"ბუნდესმანშაფტი" თავიდანვე მარჯვენა ფლანგიდან მოგვეძალა. მე-4 წუთზე უკვე აშკარა გოლს გადავურჩით. მარიო გიოტცეს პასის შემდეგ მარკო როისი შეუჩერებლად ურტყამდა ჩვენი კარის მიმართულებით, მაგრამ მშველელად ხარიხა მოგვევლინა.

საქართველოს ნაკრები ყრუ დაცვაში არ იჯდა. ბიჭები შეტევას და მეტოქის მოედანზე კომბინირებას ცდილობდნენ, მაგრამ სახიფათო მომენტებს კვლავ გერმანია ქმნიდა. ჯერ ბასტიან შვაინშტაიგერმა ვერ გამოიყენა გვარიანი შანსი, მერე კი მარკო როისს აუცდა დარტყმული.

მე-17 წუთზე საბა კვირკველიამ განმუხტა საქართველოს ნაკრების კართან შექმნილი ხიფათი და საცნაური გახდა, რომ გერმანიის ნაკრებს დაგეგმილი სწრაფი გოლი არ გამოუვიდა.

ტაიმის შუაწელში რამდენჯერმე გადავრჩით. ჯერ გიორგი ლორიამ ვერ დააფიქსირა ბურთი გამოსვლაზე და გერმანელებმა "დაგვინდეს". მერე გიოტცე ცდილობდა ახლო მანძილიდან დასწრებაზე თამაშს და გატანას, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორს ბურთზე ჩაწოლა ოდნავ დაუგვიანდა. სულ ბოლოს კი, 26-ე წუთზე, მრავალსვლიანი კომბინაცია საქართველოს ნაკრების მცველთათვის მოულოდნელად შეტევაში ჩართულმა იონას ჰექტორმა კარში დარტყმით დაასრულა. ამ ეპიზოდშიც გადავრჩით.

39-ე წუთზე გერმანიის ნაკრებმა მაინც გაიტანა. კახა მახარაძემ მინდვრის ცენტრში რამდენიმე გერმანელის მოტყუება მოინდომა, რაც არ გამოუვიდა. გიოტცემ დრიბლინგით წაიღო ბურთი, გურამ კაშიას თავზე გადაატარა, საჯარიმოში შესულს კი გახსნილი როისი დახვდა და ამ უკანასკნელმაც ახლო კუთხეში მძლავრად დასცხო.

ორიოდ წუთში ლორიამ ორჯერ იხსნა ჩვენი გუნდი. ტაიმის დასრულებამდე წამებით ადრე კი გერმანიამ უპირატესობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა. უფაქიზეს ნიუანსებზე გათამაშებული ლამაზი კომბინაცია გოლად თომას მიულერმა გარდასახა - მესუთ იოზილის პასის შემდეგ ბაიერნელს არც უფიქრია, ისე დაარტყა საჯარიმოს ხაზიდან. ეს იყო საფეხბურთო კლასის გამოვლინების შესანიშნავი მაგალითი - 0:2.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სანამ გუნდები შესვენებაზე გავიდოდნენ, კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტი მოხდა. ერთ-ერთი ქართველი გულშემატკივარი პოლიციელთა კორდონს დაუსხლტა, მინდორზე გადავიდა და ჯაბა კანკავას ბუცები გაუწმინდა. ამით მან გარკვეულწილად გააბათილა თავისივე თანატოლის საქციელი, როცა გერმანელთა ვარჯიშზე ბასტიან შვაინშტაიგერს დაუჩოქა და ბუცებზე მიესიყვარულა...
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

პირველ ტაიმში, ისევე, როგორც მთელ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებს არ ჰქონია 100-პროცენტიანი საგოლე მომენტი, მაგრამ შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანდა, რომ გუნდი უძლიერეს მეტოქესთან ფეხბურთის თამაშს ცდილობდა და შიშით არ თრთოდა.

II ტაიმი
მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა ცვლილებით დაიწყო. თორნიკე ოქრიაშვილმა ადგილი გიორგი ჭანტურიას დაუთმო. მან შესანიშნავად ითამაშა და ინდივიდუალური ოსტატობით გერმანიის ნაკრების შუახაზელებსა თუ მცველებს გვარიანი თავსატეხი გაუჩინა. ეგაა, გერმანული მანქანის თითოეული წევრი საქართველოს ნაკრების კონკრეტულ ფეხბურთელს ერთი წამით და ერთი ნაბიჯით ასწრებდა საჭირო დროსა და საჭირო ადგილზე ყოფნას.

სანამ მეორე ტაიმის ნიუანსებზე ვიტყოდეთ, შევნიშნოთ, რომ შეხვედრის დასკვნითი ნაწილის მიმდინარეობისას "დინამო არენის" ტრიბუნებიდან რამდენჯერმე გადმოხტნენ გულშემატკივრები. თუ პირველ შემთხვევაში ამის გამართლება კიდევ შეიძლებოდა, დანარჩენ მომენტებზე იმავეს ვერ ვიტყვით...

49-ე წუთზე საქართველოს ნაკრებს კარგი შეტევა გამოუვიდა. დამამთავრებელ ფაზაში უჩა ლობჟანიძე აღმოჩნდა და ვინ იცის, მანუელ ნოიერს სამუშაოც გასჩენოდა, ჩვენს მარჯვენა მცველს კარში ნორმალურად რომ დაერტყა...

შესვენებისას იყო მოლოდინი, რომ გერმანიის ნაკრები კიდევ არაერთ გოლს გაგვიტანდა, თუმცა საქართველოს ნაკრების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ განსაკუთრებით მეორე ნახევარში ბიჭებმა უშიშრად ითამაშეს. მართალია, იოახიმ ლიოვის გაწვრთნილებმა კვლავ გვაჯობეს, მაგრამ გაცილებით ხშირად ვიყავით მათ ნახევარზე და ვუტევდით კიდევაც.

გერმანიამ არჩეულ გეზს არ უღალატა. მსოფლიოს ჩემპიონი ფონს გასვლას უსწრაფესი გადაცემებით, ბურთის დაუყოვნებლად ცდილობდა.
იხილეთ ვიდეო: კანკავა VS შვაინშტაიგერი
Sportall.Ge

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა როისის მიერ უძლიერესად დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. ეპიზოდი ისეთი იყო, რომ ლორია ვერაფერს გახდებოდა.

"ბუნდესმანშაფტმა" განსაკუთრებით ლამაზი კომბინაცია გაათამაშა ტაიმის შუაწელში. ჩვენი სუბიექტური აზრით, სტუმართა შემადგენლობაში საუკეთესო ტონი კროოსს კაშია ჩაუწვა და არ გაატანინა.

საერთოდ, კროოსზე ცალკე უნდა ითქვას. რა თქმა უნდა, ტელევიზიით მისი არაერთი მატჩი გვინახავს, მაგრამ გერმანელი ნახევარმცველის მინდორზე ხილვა გაცილებით დიდი სიამოვნებაა. ჩვენი მიმოხილვის საკვანძო მომენტებში კროოსს იშვიათად შეხვდება მკითხველი, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. გერმანიის უძლიერესი ნაკრების თამაში ამ ჭეშმარიტად დიდ ფეხბურთელზეა აწყობილი.

მატჩის დასრულებას 20 წუთი რომ დააკლდა, გერმანიამ ოდნავ მოუშვა მარწუხები. გაგვიჩნდა მეტი თავისუფალი სივრცე, რისი გამოყენებაც ვცადეთ, მაგრამ წარუმატებლად. ჯერ გიორგი ნავალოვსკის ფლანგური ჩაწოდება ვერ "ჩაკეტეს" ჩვენმა შემტევებმა, მერე კი ჭანტურიამ ნოიერის კარისკენ დაარტყა და ერთ-ერთმა გერმანელმა მცველმა ბურთს ფეხი დაუხვედრა - თავისუფლად შეიძლებოდა, დარტყმული კარში წასულიყო, თუმცა ასე არ მოხდა...
ეპილოგი
გერმანიამ მოგვიგო აბსოლუტურად დამსახურებულად. ამის მიუხედავად, სტადიონზე მოსულმა მრავალრიცხოვანმა გულშემატკივარმა საქართველოს ნაკრები ტაშით გააცილა.

ამ აპლოდისმენტებს ჩვენი ფეხბურთელები აშკარად იმსახურებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პოზიციაზე კვლავ თვალნათლივ გამოჩნდა პრობლემები.

ცხელ გულზე დაწვრილებით ანალიზს მოვერიდებით და ამ თემას სამომავლოდ გადავდებთ...

ევრო 2016. საკვალიფიკაციო ეტაპი. V ტური. D ჯგუფი

29.03.15. თბილისი. "დინამო არენა". 54 549 მაყურებელი
საქართველო-გერმანია 0:2

გოლები: 0:1 როისი (39), 0:2 მიულერი (44).

საქართველო:
ლორია, ლობჟანიძე, კვირკველია, კაშია, ამისულაშვილი (3, დვალი), ნავალოვსკი, მახარაძე (63, ყენია), კანკავა, ოქრიაშვილი (46, ჭანტურია), კობახიძე, მჭედლიძე.
მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე.

გერმანია: ნოიერი, ჰუმელსი, ბოატენგი, ჰექტორი, შვაინშტაიგერი, იოზილი, როისი, რუდი, კროოსი, გიოტცე (87, პოდოლსკი), მიულერი (86, შიურლე).
მთავარი მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი.

გაფრთხილება: მახარაძე (29), კანკავა (74), ჭანტურია (82) - შვაინშტაიგერი (74)
არბიტრი: კლემან ტურპენი (საფრანგეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევრო 2016. შესარჩევი ეტაპი. V ტური. D ჯგუფი: ირლანდია ლონგმა გადაარჩინა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 9 /
Iluziebshi kvelaa.ar gadauvliat.delikaturad mogviges.sxvta shoris golebi emociurad ar gamouxatavt.shemi azrit chveni gulshematkivris pativiscemid gamo
kaxa
12:33 01-04-2015
0
შვიდიდან ხუთი კომენტარი კაკაურიძის "მიუკერძოებელ" და "ობიექტურ" მიდგომაზე ღაღადებს :))))))) ეჰ კაკაურიძე, კაკაურიძე..... ახლა ამან და მინაშვილმა ოღონდ გაიმართლონ თავი ქეცბაისადმი დამოკიდებულების გამო და ყველაფერზე მიდიან, ანუ "მოგვიგეს, მაგრამ ვერ გადაგვიარეს", 0-5 რომ წაგვეგო იტყოდნენ, "არაუშავს ბრაზილიას 7-1 მოუგესო", 1-7 რომ წაგვეგო იტყოდნენ "ჩვენც ბრაზილიელებივით წავაგეთო".
ჩვენ ყოველთვის ჩვენი ნაკრების გვერდში ვიქნებით, ჩვენ გვტკივა ჩვენი ნაკრები და არ მახარებს ის ფაქტი, რომ დღეს ჩემი ნაკრების ერთ ერთი ლიდერი მხოლოდ გენკში თამაშობს, სხვების კლუბების დასახელებისგან კი თავს ვიკავებ. ყველაზე მაგარი კლუბი ჩვენი ფეხბურთელისთვის გენკია, გესმით ხალხო? უფრო ძლიერში ჩვენების ადგილი არ ყოფილა, აი რა მაბრაზებს და რა მადარდებს. არადა რა თაობა გვყავდა, ბიჭები თამაშობდნენ სიტიში, მილანში, აიაქსში, ევროპის თითქმის ყველა უმაღლეს ლიგაში გვყავდა ფეხბურთელი, პრემიერ ლიგაში, ბუნდესლიგაში, სერია ა-ში, პრიმერაში, მოკლედ ოქროს ხანა ფეხბურთელების ნიჭიერებით და მათი სიძლიერით მართლაც მაშინ გვქონია. დღეს კი მიტყდება, რომ ყველაზე მაგარი გუნდი გენკი რომ არის ჩვენებურებისთვის (გენკს არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ მინდა ჩვენი ბიჭები იმ ჩემპიონატების ტოპ თუ არა მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ კლუბებში თამაშობდნენ).
მოკლედ ხვდებით შენ და მინაშვილი რა უსუსურ მიზეზებს იგონებთ?
ვერ გადაგვიარესო რომ იძახი, საერთოდ ნახე ნოიერი რას აკეთებდა მოედანზე? ან თუ აკეთებდა საერთოდ რამეს? რატომ არ აკეთებდა ეგეც გითხრა? ადამიანი ცენტრის ხაზთან ახლოს იდგა გამუდმებით და აუტსაც კი აწვდიდა და იცი რატომ? იმიტომ, რომ იცოდა, რომ ჩვენებს იმის ერთი ადგილი არ ჰქონდათ კარისკენ დაერტყათ, რომ დაერტყათ კარამდე რომ ვერ მიაღწევდა ბურთი ეგეც იცოდა.
რომ გაჩუმდე და ამდენი სისულელე რომ არ წერო კარგი იქნება თუ კაცი ხარ
გულშემატკივარი
10:47 31-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული