პირველი კონფლიქტი ცხადაძის ნაკრებში - მერებაშვილი აღშფოთებულია!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, მთავარ მწვრთნელად კახა ცხადაძის დანიშვნის შემდეგ, პირველი დაპირისპირებაა. მწვრთნელს გიორგი მერებაშვილი უპირისპირდება, რომელიც მალტასთან და გერმანიასთან სათამაშო 23-კაციან შემადგენლობაში არმოხვედრის გამო უკმაყოფილოა.

მერებაშვილი არ გამორიცხავს, რომ ცხადაძის ფორმაციის გუნდში თამაშზე საერთოდ უარი თქვას. ბერძნული ოფი-დან თბილისში დაბრუნებული ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ მისი ფორმისა და კონდიციებიდან გამომდინარე, ნაკრებში თამაშს იმსახურებდა.

SPORTALL.GE მერებაშვილს დაუკავშირდა, რომელიც ინტერვიუში განაწყენების მიზეზებს განმარტავს.

- არა მარტო მე, ბევრი ხედავდა, რომ ვიმსახურებდი 23-კაციან შემადგენლობაში მოხვედრას. ვიმსახურებდი იმას, რომ თუნდაც
რამდენიმე წუთი მოეცა მწვრთნელს, რათა ენახათ, რა ფორმასა და რა კონდიციაში ვარ.

ვითომდა, კლუბში გამოაგზავნეს ფურცელი, ფეხბურთელის ნაკრებში გამოძახება გადავიფიქრეთო. ეს არის დიდი ტყუილი და ცრუ ინფორმაცია. არანაირი ფურცელი არ მოსულა კლუბში. ეს დამამცირებელი იყო კონკრეტულად ჩემთვის და არასერიოზული მიდგომა იყო თავად ნაკრების მხრიდან.

- შესაძლოა, თქვენ საერთოდ უარი თქვათ ცხადაძის ნაკრებში თამაშზე?
- დიდი იმედი მაქვს, რომ მიზეზს მაინც იტყვიან, თუ რატომ მოხდა ასე. ამისდა მიხედვით, შესაძლოა, ასეთი გადაწყვეტილებაც მივიღო.

როგორც ყველა ქართველ ფეხბურთელს, არ ვარ გამონაკლისი და მინდა, რომ საქართველოს ნაკრებში ვითამაშო. საქართველოს ნაკრებში თამაში ყველაზე დიდი მიღწევა უნდა იყოს ქართველი ფეხბურთელისთვის.

- ამბობთ, რომ ნაკრების საბოლოო შემადგენლობაში თქვენი არშეყვანის გადაწყვეტილების შესახებ კლუბისთვის არ უცნობებიათ. საიდან შეიტყვეთ, რომ სიაში აღარ იყავით?
- ყველაზე მეტად გულდაწყვეტილი იმაზე ვარ, რომ თვითონ კახასაც შეეძლო დაერეკა ჩემთვის. ნამდვილად არ მაქვს მასთან ცუდი ურთიერთობა. "დინამოში" პირველად სწორედ მისი ხელმძღვანელობით ვითამაშე. შეეძლო, რომ დაერეკა, აეხსნა და ყველანაირად გვერდში დავუდგებოდი. თუმცა მსგავსი არაფერი ყოფილა.

გადმომცეს, რომ ჩემთან დაკავშირება უნდოდათ და ამას ვერ ახერხებდნენ. ასეთი რამ 21-ე საუკუნეში არ უნდა გაგიჭირდეს. შემდეგ მე თვითონ გადავურეკე. მეგონა, რომ საბერძნეთიდან გამოსამგზავრებელ ბილეთებზე სურდათ ჩემთან დაკავშირება.

როცა თავად დავუკავშირდი, მითხრეს, რომ აღარ ვიყავი ნაკრების სიაში. ეს ვერც წარმომედგინა. მითხრეს, თითქოს კახას უთქვამს, რომ უახლოეს ორ თამაშზე ვერ გამომიძახებდა, მერე პრობლემა აღარ იქნებოდა.

ძალიან მაინტერესებს, "მერე პრობლემაში" რას გულისხმობდნენ.

- როგორ ფიქრობთ, თქვენი სათამაშო ფორმა აკმაყოფილებს ნაკრების მოთხოვნებს?
- საბერძნეთის ჩემპიონატი არ არის ხელწამოსაკრავი. ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია. ვთამაშობთ "ოლიმპიაკოსთან", პაოკ-თან, "პანათინაიკოსთან". იმის გათვალისწინებით, თუ რა გუნდში და რა პირობებში ვემზადებოდით, საუცხოო სეზონს ვატარებ, ძალიან კარგი პრესა და გამოხმაურება მაქვს.

ვიმსახურებდი თუნდაც იმას, რომ მალტის ნაკრებთან ამხანაგურ თამაშში 10-15 წუთი მაინც დაეთმოთ და მოეცათ შანსი, რათა ენახათ, რა ფორმაში და რა კონდიციაში ვარ. ეს შეეძლოთ ვარჯიშებზეც ენახათ, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.

ლექსო ნაბახტეველი
სპეციალურად საიტისთვის
მკითხველის კომენტარები / 23 /
ჯერ ეს ერთი,ვინ ხარ? მესი ხარ,რონალდუ ხარ,რობენი ხარ,თუ მიულერი ხარ? რაც არ უნდა იყოს,ზემოთ ჩამოთვლილ ფეხბურთელებსაც კი არა აქვთ უფლება მიუთითონ მწვრთნელს. რა უფლებით აკრიტიკებ ნაკრების მწვრთნელს?რა ვალდებულია,ანგარიში გაბაროს ცხადაძემ შენ?
შენ კი არა,მესხს არ ეძახდნენ ნაკრებში,მარა არც მწვრთნელს აკრიტიკებდა და არც პრესაში ტიროდა შენსავით.შენ მოედანზე დაამტკიცე,რომ ღირსი ხარ და დღეს თუ არა,ხვალ გამოგიძახებს.
Zaza
02:28 26-03-2015
0
იმიტოა კონფლიქტი,რომ მეტი არ გვყააააააას!!!!
qecbaia
16:00 24-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული