ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველომ გიორგი ნავალოვსკი დაიბრუნა! ახლა ჯერი კახა ცხადაძეზეა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტულმა დირექტორმა არჩილ არველაძემ ერთი სასიხარულო ამბავი გვამცნო: 28 წლის გიორგი ნავალოვსკიმ საქართველოს მოქალაქეობა ოფიციალურად დაიბრუნა!

თავის დროზე, 2008 წელს, ნავალოვსკიმ საქართველოს ნაკრებში ორი მატჩი ჩაატარა. ამის შემდეგ ამპლუით მარცხენა მცველს ეროვნულ გუნდში თავის გამოჩენის შანსი აღარ ჰქონია. რუსეთში ლეგიონერებზე არსებული მკაცრი ლიმიტის გამო ნავალოვსკიმ ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო.

საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი კახა ცხადაძე მას ძალიან კარგად იცნობს და უნდა ვივარაუდოთ, რომ პრობლემატურ პოზიციაზე ნავალოვსკი საქართველოს ნაკრებს სარგებლობას მოუტანს.

"გიორგი ნავალოვსკიმ საქართველოს მოქალაქეობა დაიბრუნა. მინდა, თქვენი
გაზეთის საშუალებით მადლობა გადავუხადო პრეზიდენტის აპარატს, საგარეო საქმეთა სამინისტროს... ყველას, ვინც ამ საკითხის მოგვარებაში თავისი წვლილი შეიტანა. ახლა უკვე მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია, გამოიძახებს თუ არა მას ეროვნულ გუნდში", - გვეუბნება ფედერაციის სპორტული დირექტორი.

ნავალოვსკის ქართული ფეხბურთის ქომაგი კარგად იცნობს. მისი საფეხბურთო კარიერა თბილისის "დინამოში" დაიწყო. მაშინ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის დამრიგებელმა, კახა ცხადაძემ, რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი თამამად დააწინაურა და მათ შორის იყო ნავალოვსკიც.

მას მერე 11 წელიწადი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში გიორგიმ არაერთი გუნდი გამოიცვალა - "ოლიმპი", "ანჟი", ბაქოს "ინტერი", "ვოლგა", "ხიმკი", "მეტალურგ-კუზბასი" და "სკა ენერგია".

ამჟამად, ნავალოვსკი "ტოსნოს" ღირსებას იცავს და გუნდთან ერთად რუსულ პრემიერლიგაში აღზევებისთვის იბრძვის. ხისტი, შეტევის მოყვარული, ჟინიანი მარცხენა მცველი - ასე ვიცნობთ საქართველოს ძველ-ახალ მოქალაქეს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ