მეთვრამეტე, კახა ცხადაძე!.. გზა საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელობამდე

AutoSharing Option
...გივი ნოდია, გიგა ნორაკიძე, ალექსანდრე ჩივაძე, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რევაზ ძოძუაშვილი, გიგლა იმნაძე, გაიოზ დარსაძე, მერაბ ჟორდანია, გოჩა ტყებუჩავა, თემურ ქეცბაია, იოჰან ბოსკამპი, ალენ ჟირესი, კლაუს ტოპმიოლერი, ივო შუშაკი, პეტარ შეგრტი, ექტორ კუპერი - 1990 წლიდან მოყოლებული, საქართველოს ნაკრები ამ სპეციალისტებს გაუწვრთნია; თანაც, დავით ყიფიანსა და ალექსანდრე ჩივაძეს ორ-ორჯერ მოუწიათ ამ მეტად და მეტად პრესტიჟული და ამავდროულად, არანაკლებ რთული და საპასუხისმგებლო მისიის შესრულება!

საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში მეთვრამეტე მთავარ მწვრთნელს კახა ცხადაძეს, ერთი შეხედვით, დიდი წარდგენა არც სჭირდება: წარმატებული
საფეხბურთო კარიერაც ჰქონდა და არანაკლებ წარმატებული გამოდგა მისი მოღვაწეობა სამწვრთნელო ასპარეზზეც;

თუმცა, ისიც ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრებში ახალი მთავარი მწვრთნელის მისვლა "ჩვეულებრივი ამბავი" ნამდვილად არ არის და თემის აქტუალობიდან გამომდინარე, კახა ცხადაძის საფეხბურთო და სამწვრთნელო კარიერაზე გვინდა უფრო ვრცლად ვისაუბროთ.

მაშ. ასე - გზა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელობამდე...

ყველაფერი რუსთავში დაიწყო
ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ კახა ცხადაძეს წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა; მაგრამ არამხოლოდ ჩვენი აზრია, რომ, ალბათ, უფრო მეტსაც მიაღწევდა, გაუთავებელი ტრავმები რომ არ ჰქონოდა: ორივე ფეხზე 16 ოპერაცია "პატარა ამბავი" ნამდვილად არ არის და ამ "მაჩვენებლით" მისი თაობის ფეხბურთელებიდან ერთადერთი არჩილ არველაძეს თუ მივიჩნევთ "სერიოზულ კონკურენტად"...

...ფეხბურთის სიყვარული პატარაობიდანვე დაჰყვა და ამაში დიდი წვლილი მამას, ბატონ ჯუმბერს (ქართული ფეხბურთის მცოდნე და ერთგულ ქომაგს) და უფროს ძმას, გოჩას (რომელიც ტრაგიკულად გარდაიცვალა 1998 წელს) მიუძღვით; 7 წლის ასაკში კი მშობლიური რუსთავის საფეხბურთო სპორტსკოლაში მივიდა და ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ვახსენოთ მისი პირველი მწვრთნელები: აწ განსვენებულ მურმან გოგოლაძესა და თამაზ დოდაშვილს ხომ ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენისა და მერე დაოსტატების მართლაც ჩინებული ალღო ჰქონდათ!

კახა ცხადაძის გარდა სწორედ ამ მწვრთნელების დამსახურებით მივიდნენ "დიდ ფეხბურთამდე" გოჩა ჯამარაული, ნიკა ტოგონიძე, ძმები ვარლამ და გია კილასონიები, ნუგზარ ლობჟანიძე, ლევან სილაგაძე, მამუკა ქორიძე, ჯაბა წიკლაური, თამაზ მეტრეველი, სანდრო ბურნაძე, ძმები კახა და ლაშა ალადაშვილები და კიდევ ბევრი-ბევრი.

16 წლის ტანმაღალი ცენტრალური მცველი რუსთავის "მეტალურგში" მიიწვიეს, სადაც იმ დროს მთავარ მწვრთნელად შოთა ჭეიშვილი მუშაობდა. სწორედ ჭეიშვილმა დაინახა ამ შრომისმოყვარე ჭაბუკი ფეხბურთელის უზომო პოტენციალი და რუსთაველთა გუნდის ძირითად შემადგენლობაშიც თამამად ანდო ადგილი.

ასევე ჭეიშვილის რეკომენდაციით 18 წლის კახა ცხადაძის პერსონით ნოდარ ახალკაცი (უფროსი) დაინტერესდა, თუმცა 1986 წლის გვიან შემოდგომაზე თვითონ ახალკაცს მოუწია თბილისის "დინამოს" დატოვებამ და პერსპექტიული მცველიც ისევ მშობლიურ "მეტალურგში" დაბრუნდა; ოღონდ, მცირე ხნით - 1987 წლის ასევე გვიან შემოდგომაზე 19 წლის კახა ცხადაძე თბილისის "დინამოში" ჩაირიცხა, გუნდში, სადაც ჯერ კიდევ თამაშობდნენ ალექსანდრე ჩივაძე, რამაზ შენგელია, თენგიზ სულაქველიძე, ოთარ გაბელია, ზაურ სვანაძე...

ოცნების ასრულება
ჯერ იყო "დინამოს" დუბლშემადგენლობა, სადაც მოხვედრა იმ დროს ნებისმიერი ახალგაზრდა ფეხბურთელისათვის დიდი ოცნება გახლდათ; 1988 წლის ზაფხულიდან კი, როცა "დინამოს" მთავარი მწვრთნელი დავით ყიფიანი გახდა, კახა ცხადაძე უკვე მთავარ გუნდში გადაიყვანეს და ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი ფეხბურთელიც გახდა.

მალე უკვე სხვა აღიარებაც მოვიდა: საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს და ვიდრე ქართული ფეხბურთი დამოუკიდებლად არსებობას გადაწყვეტდა (ანუ, 1990 წლის მარტამდე), ცხადაძე ამ გუნდშიც შეუცვლელ და წამყვან ფეხბურთელად მიიჩნეოდა.

ყოფილ საკავშირო ჩემპიონატსა თუ თასზე ცხადაძემ ბევრი გამორჩეული მატჩი ჩაატარა, თუმცა სტაჟიან ქომაგებს ერთი შეხვედრა მაინც განსაკუთრებულად ემახსოვრებათ!

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის მერე, თბილისში პირველი მატჩი ტარდებოდა და "დინამოს" მეტოქე იმ დროისათვის ნომერ პირველი საბჭოური გუნდი მოსკოვის "სპარტაკი" იყო, ანუ, მართლაც ვერაფრით იქნებოდა "ჩვეულებრივი შეხვედრა" და ქართველ გულშემატკივარსაც ასევე ვერაფრით წარმოედგინა იმ მატჩის... არმოგება!

ასეც მოხდა და ამ გამარჯვებაში ლომის წილი კახა ცხადაძემ შეიტანა, როცა კახა გოგიჩაიშვილის კუთხურს ეფექტური თავური დარტყმა მიაყოლა და ბურთიც "სპარტაკის" კარის "ცხრიანში" გაგზავნა!

1990 წლის დასაწყისში, საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრებიდან დაბრუნებულ კახა ცხადაძეს, გელა კეტაშვილსა და ზაზა რევიშვილს თბილისის აეროპორტში დაახვედრეს ამბავი, რომ ქართული ფეხბურთი დამოუკიდებლად აპირებდა "ცხოვრებას" და ამიერიდან საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში უნდა გაეგრძელებინათ კარიერა.

ცხადაძემ ორი სეზონი დაყო "იბერიაში" (იმდროინდელ "დინამოში"), ორივეჯერ ჩემპიონი გახდა, გუნდის კაპიტნადაც აირჩიეს, პირველი ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო მცველად დაასახელეს, თუმცა საერთაშორისო კარიერა "გვერდზე რჩებოდა";

არადა, მოსკოვის "სპარტაკი" ყველა ღონეს ხმარობდა ქართველი მცველის გადასაყვანად, მაგრამ, 90-იანი წლების დასაწყისში ეს ხომ "ერის მოღალატეობას" ნიშნავდა...

ცხოვრების არჩევანი
1991 წლის ზაფხულში ცხადაძე მაინც გაემგზავრა უცხოეთში, ოღონდ შვედეთში, სადაც ყოფილ თანაგუნდელ სოსო ჭედიასთან ერთად ნახევარი წელიწადი გამოდიოდა "სუნდსვალის" შემადგენლობაში.

შვედეთის ნაკრების ცნობილი ფორვარდები მარტინ დალინი და კენეტ ანდერსონი იმ დროისთვის სამშობლოში გამოდიოდნენ და მათ წინააღმდეგ ცხადაძის დამაჯერებელი თამაში შეუმჩნეველი არავის დარჩენია; კერძოდ, ცნობილ შვედ სპეციალისტს სვენ-გორან ერიქსონს, რომელიც იმ დროს "ბენფიკას" წვრთნიდა და პორტუგალიური გრანდის ბრაზილიელ ცენტრალურ მცველთა (ალდაირი და მოზერი) "დუეტს" ცხადაძის სახით რეალური კონკურენტი უნდა ჰყოლოდა.

თუმცა, მოვლენები სხვაგვარად წარიმართა: ერიქსონმა "ლაციოს" მიაშურა, ცხადაძემ კი - რუსეთის ჩემპიონატს! საქმე კი იმაში იყო, რომ დსთ-ის ნაკრების იმდროინდელი მთავარი მწვრთნელი ანატოლი ბიშოვეცი შვედეთში საგანგებოდ ჩავიდა, ქართველი მცველი "საქმეში" რომ ენახა და რუსეთის ჩემპიონატში გადასვლაც ურჩია; თანაც, მოსკოვის "სპარტაკს" კვლავაც არ ჰქონდა განელებული ინტერესი ცხადაძის მიმართ და ბოლოს და ბოლოს, ეს ტრანსფერიც შედგა!

"სპარტაკში" ოლეგ რომანცევთან გატარებულ ნახევარ სეზონს არანაკლებ კვალიფიციური სპეციალისტის, ვალერი გაზაევის დაინტერესებაც მოჰყვა, რომელიც იმ დროს მოსკოვის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

ქართველი ფეხბურთელების მიმართ ვალერი გაზაევის დამოკიდებულება ყველასათვის ცნობილია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ მხოლოდ ქართველების სიმპათიის გამო არ აწინაურებდა თავის გუნდ(ებ)ის ძირითადში ჩვენებურებს და ცხადაძემაც ეს ნდობა ჩინებული თამაშით გაამართლა.

1992 წლის შემოდგომაზე მოსკოვის "დინამომ" (სადაც კახა ცხადაძის გარდა ომარ თეთრაძე და ბადრი სპანდერაშვილი გამოდიოდნენ) უეფას თასზე რამდენიმე ეტაპი წარმატებით გაიარა და განსაკუთრებით "ტორინოსთან" დაპირისპირებები იყო გამორჩეული, როდესაც ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ორივე შეხვედრაში ყველა "დუელი" მოუგო იტალიური გუნდის ბრაზილიელ ცენტრფორვარდს ვალტერ კასაგრანდეს.

Sportall.Ge

მოსკოვში ჩატარებული იმ მატჩის შემდეგ კახა ცხადაძეს მხოლოდ კარიერაში კი არა, არამედ, საერთოდ, ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი არჩევანი უნდა გაეკეთებინა: რუსეთის ნაკრების იმდროინდელი მთავარი მწვრთნელი პაველ სადირინი დაჟინებით სთხოვდა რუსეთის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელობას დსთ-ის ნაკრებში მოასპარეზე არარუსი ფეხბურთელების "გადმობირებას" და ყველა მათგანს (ვიქტორ ონოპკო, სერგეი იურანი, იგორ დობროვოლსკი, ალექსეი მიხაილიჩენკო, ოლეგ კუზნეცოვი, ანდრეი პიატნიცკი, ანდრეი კანჩელსკისი) 1994 წლის მუნდიალზე გამგზავრების გარანტიას ჰპირდებოდა.

ამ სიაში იყო... კახა ცხადაძეც, რომელსაც იმ დროისათვის ორი ამხანაგური (ორივე - არაოფიციალური) მატჩი ჰქონდა ჩატარებული საქართველოს ნაკრების მაისურით (ლიტვასთან და მოლდოვასთან);

ჰოდა, სწორედ "ტორინოსთან" მატჩის მერე შეხვდნენ მოსკოვის "დინამოს" ქართველ ლეგიონერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები: ფიფა-უეფასგან იმ დროისათვის არაღიარებულ საქართველოს ნაკრებში თამაში თუ არჩევანის გაკეთება რუსეთის ნაკრების სასარგებლოდ პლუს მუნდიალზე გამგზავრების პერსპექტივით.

ცხადაძის იმდროინდელი არჩევანი, ვფიქრობთ, ყველასათვის ცნობილია - საქართველოს ნაკრები!!!

წინ, ბუნდესლიგისკენ !
...დავით ყიფიანის (თბილისის "დინამო"), ვლადიმირ რადიონოვის (საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრები), ანატოლი ბიშოვეცის (დსთ-ის ნაკრები), ოლეგ რომანცევის (მოსკოვის "სპარტაკი") თუ ვალერი გაზაევის (მოსკოვის "დინამო") ტაქტიკურ "გემოვნებას" ტანმაღალი ცენტრალური მცველი სრულად აკმაყოფილებდა; იმის გარდა, რომ "მეორე სართულზე" ჩინებულად თამაშობდა და, როგორც წესი, საჰაერო ორთაბრძოლებსაც იშვიათზე-იშვიათად აგებდა, არც პოზიციური თამაში დაეწუნებოდა;

თანაც, მხოლოდ მეტოქის ფორვარდების მეურვეობით არ იფარგლებოდა და ზემოთნახსენებ გუნდებსა თუ საქართველოს ნაკრებში არაერთი ისეთი მატჩი ჩაუტარებია, როცა თავისი შორეული და ზუსტი პასებით თანაგუნდელები "კომფორტულ" პოზიციაზე გაჰყავდა.

Sportall.Ge1992 წელი მართლაც გარდამტეხი აღმოჩნდა მის საფეხბურთო კარიერაში: მოსკოვის "სპარტაკის" შემადგენლობაში რუსეთის თასს დაეუფლა, მოსკოვის "დინამოს" მაისურით კი - რუსეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლებს;

ამას გარდა, იასპარეზა შვედეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე და სხვათა შორის, სწორედ ცხადაძე გახლავთ უკანასკნელი ქართველი ფეხბურთელი, ვინც ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე მიიღო მონაწილეობა.

ჰოდა, ვინ იცის: იქნებ, სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოასპარეზე საქართველოს ნაკრებმა აუსრულოს ყველა ქართველ ქომაგს ნატვრა და ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც გავიდეს. მანამდე კი ისევ კახა ცხადაძის საფეხბურთო კარიერას დავუბრუნდეთ, მით უფრო, რომ სწორედ 1992 წლის ბოლოს მისი შეძენის სურვილი ერთ-ერთმა უძველესმა გერმანულმა კლუბმა, ფრანკფურტის "აინტრახტმა" გადაწყვიტა.

ეს ტრანსფერიც შედგა და სწორედ ცხადაძე გახლავთ პირველი ქართველი ფეხბურთელი, მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ჩემპიონატში, გერმანულ ბუნდესლიგაში ვინც იასპარეზა.

კარიერის პიკი
იმ პერიოდში "აინტრახტი" ანგარიშგასაწევ ძალად მიიჩნეოდა და გერმანული ფეხბურთის გრანდს "ბაიერნს" ჩემპიონობისათვის ბრძოლაში კონკურენციასაც უწევდა. ცხადაძის საფეხბურთო შესაძლებლობები ბუნდესლიგაში სრულად წარმოჩნდა და 24 წლის ქართველი მცველიც სრულიად უპრობლემოდ დამკვიდრდა "აინტრახტის" ძირითად შემადგენლობაში.

Sportall.Geმალე გერმანული მედიაც "ალაპარაკდა" ფრანკფურტელთა გუნდის ახალწვეულზე და სწორედ მაშინ გაჩნდა "კიკერსა" თუ "ბილდში" ქართველი მცველისადმი მიძღვნილი ეპითეტები; "ჰაერის მეფე", - აი, ასე უწოდა გერმანულმა მედიამ "აინტრახტის" დებიუტანტს, რომელმაც ანდრეას კეპკეს, ული შტაინის, ენტონი იებოას, ჯეი-ჯეი ოკოჩას, იან ფურტოკის, მაურიციო გაუდინიოს, უვე ბაინისა თუ ფრანკფურტელთა გუნდის სხვა გამორჩეულ მოთამაშეთა გვერდით ადგილი ღირსეულად დაიმკვიდრა.

იმდროინდელ ბუნდესლიგაში არაერთი მაღალი კლასის ფორვარდი გამოდიოდა და იურგენ კლინსმანთან, კარლ-ჰაინც რიდლესთან, ტონი პოლსტერთან, შტეფან შაპუიზასთან პაექრობებში ცხადაძის საფეხბურთო შესაძლებლობები ნათლად წარმოჩნდა.

დიდი როლი ითამაშა იმ ფაქტმაც, რომ "აინტრახტში" გატარებულ პერიოდში ქართველ მცველს ისეთი მწვრთნელები მოძღვრავდნენ, როგორებიც იყვნენ იუპ ჰაინკესი, კლაუს ტოპმიოლერი, დრაგოსლავ სტეპანოვიჩი;

როცა ბუნდესლიგურ კარიერას ვიხსენებთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ უეფას თასზე "აინტრახტის" და "დეპორტივოს" დუელი, როცა კახა ცხადაძემ ჩინებულად გაართვა თავი ესპანური კლუბის ბრაზილიელი ვარსკვლავის ბებეტოს მეურვეობას.

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს საქველმოქმედო მატჩი, აუგსბურგში რომ ჩატარდა და სადაც ერთმანეთს გერმანიის ნაკრები და ბუნდესლიგაში მოასპარეზე ლეგიონერთა ნაკრები დაუპირისპირდა. იურგენ კლინსმანი, ანდრეას მიოლერი, თომას ჰესლერი, იურგენ კოლერი (ყველა - გერმანიის ნაკრები), ჟორჟინიო (ბრაზილია), შტეფან შაპუიზა (შვეიცარია), იორდან ლეჩკოვი (ბულგარეთი) და... კახა ცხადაძე (საქართველო) - აი, ამ საქველმოქმედო შეხვედრის მონაწილეთა არასრული ჩამონათვალი...

უიღბლობის დასაწყისი
1995 წლის ზაფხულში, უეფას თასის მატჩში, როცა "აინტრახტი" "ბორდოს" ხვდებოდა, ერთ-ერთ ეპიზოდში კახა ცხადაძისა და ფრანგული გუნდის ცენტრფორვარდის კრისტოფ დიუგარის ორთაბრძოლა ქართველი მცველის უმძიმესი ტრავმით დასრულდა. ჯვარედინი მყესების გაწყვეტა, - აი, ასეთი იყო დიაგნოზი, რაც, ფაქტობრივად, ერთწლიან უქმობას ნიშნავდა.

ეგ კი არა, დიდი იყო იმის ალბათობაც, რომ 26 წლის ასაკში ცხადაძის საფეხბურთო კარიერა დამთავრებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა და მართლაც ერთწლიანი პაუზის მერე ქართველი მცველი მწვანე მინდორს დაუბრუნდა. თუმცა, "აინტრახტი" ამჯერად უკვე მეორე ბუნდესლიგაში იყო და 1996 წლის მიწურულს ცხადაძემ ახალი შემოთავაზებაც მიიღო: ვალერი გაზაევი კვლავ თავისთან უხმობდა, ოღონდ, ამჯერად უკვე ვლადიკავკაზის "ალანიაში", სადაც მეგობრები და ყოფილი პარტნიორები, ახრიკ ცვეიბა და მურთაზ შელია ელოდნენ.

აი, ასე დაბრუნდა 1997 წელს რუსეთის ჩემპიონატში, თანაც, იმდროინდელი "ალანია" ყველაზე "ქართული გუნდი" იყო: ცხადაძისა და შელიას გარდა, მიხეილ აშვეთია, გოგა გახოკიძე და იმ დროისათვის 20 წლის ლევან კობიაშვილი გამოდიოდნენ ვლადიკავკაზურ გუნდში.

ის სეზონი ცხადაძემ ჩვეულ მაღალ დონეზე კი ჩაატარა, მაგრამ ძველი ტრავმის რეციდივიც ხშირად "ახსენებდა თავს", თუმცა მის მიმართ ინტერესს ამჯერად უკევ ინგლისური კლუბები იჩენდნენ და სწორედ 1997 წლის ზაფხულში იყო, როცა, ფაქტობრივად, შემდგარი კონტრაქტი ჩაიშალა: "ვესტ ჰემის" იმდროინდელი თავკაცი ჰარი რედნაპი ქართველი მცველისგან ლონდონში ჩასვლას და გამზადებულ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერასღა ითხოვდა, მაგრამ ეს გარიგება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის "დამსახურებით" ჩაიშალა!

ცხადაძე ინგლისში მაინც გაემგზავრა, ოღონდ, პრემიერ-ლიგის ნაცვლად რანგით მეორე დივიზიონში, სადაც "მანჩესტერ სიტიში" გიორგი ქინქლაძესა და მურთაზ შელიასთან ერთად გამოდიოდა.

Sportall.Ge
ფოტოზე: კახა ცხადაძე "მანჩესტერ სიტიში"

ბრიტანული თამაშის სტილსაც მალე აუღო ალღო, "ჰაერის მეფეს" ამჯერად უკვე ბრიტანელი ჟურნალისტები უწოდებდნენ, მაგრამ უიღბლობას უიღბლობა მოჰყვებოდა: "ფულემთან" შეხვედრაში კვლავაც ჯვარედინი მყესები გაუწყდა (ამჯერად - მეორე მუხლზე), ამას მკურნალობა, რეაბილიტაცია, "სიტის" ძირითადში დაბრუნება და... მორიგი სერიოზული ტრავმაც ("სტოკ სიტისთან") მოჰყვა, რის შემდეგაც ცხადაძის კარიერა ყველამ დამთავრებულად მიიჩნია...

საქართველოში, ათწლიანი პაუზის მერე...
თითქმის ორი წლის უთამაშებელი ცხადაძე სამშობლოში ბრუნდება და კვლავაც ინდივიდუალურად ვარჯიშობს; არავის სჯერა, რომ 32 წლის ასაკში კარიერას განაახლებს, მაგრამ საპირისპიროდ ხდება: იმ დროისათვის ერთ-ერთი ამბიციური ქართული გუნდის, თბილისის "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა გივი ნოდიამ თავის გუნდში კახა ცხადაძე და მურთაზ შელია მიიწვია!

"ლოკომოტივი" 2000/2001 წლების სეზონში "დუბლის" შესრულებასთან იყო ახლოს, მაგრამ ჩემპიონატში მეორეზე გავიდა, თასის ფინალში კი პენალტების სერიაში წააგო ქუთაისის "ტორპედოსთან"; აი, 2001 წლის ზაფხულში კი "ლოკომოტივის" ხელმძღვანელობამ თავის ვეტერან მცველს გუნდის მოთამაშე-მწვრთნელობა შესთავაზა და სწორედ მაშინ ვნახეთ კიდეც ცხადაძე-მწვრთნელის პირველი ნაბიჯები.

იყო მატჩები, როცა დებიუტანტი მწვრთნელის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ლოკომოტივი" ბევრისთვის მართლაც "უცხო" ფეხბურთს უჩვენებდა, ერთ მატჩში სულაც... ორი მცველი დააყენა ძირითადში; თუმცა, მწვრთნელისა და ფეხბურთელის ერთდროულად შეთავსება რთული აღმოჩნდა და 2002 წლის აპრილში, თბილისის "დინამოსთან" წაგების მერე ცხადაძისა და "ლოკომოტივის" გზები გაიყარა.

რაღა რჩებოდა? ალბათ, ამჯერად უკვე სამწვრთნელო კარიერაზე სერიოზულად დაფიქრება და შესაბამისი განათლების მიღებაც; თუმცა, ცხადაძე საფეხბურთო კარიერის დასრულებას "ჯიუტად" არ აპირებდა და თითქმის შვიდი თვის განმავლობაში კვლავაც ინდივიდუალურად აგრძელებდა ვარჯიშს.

რა თქმა უნდა, "გარედან" ყოველივე ეს "ახირებად" მოჩანდა. ცოტა არ იყოს, ძნელად წარმოსადგენი იყო, 34 წლის ფეხბურთელი, თანაც, უამრავტრავმაგადატანილი, მაღალ დონეზე თამაშს თუ შეძლებდა. თუმცა, მოვლენები საპირისპიროდ წარიმართა და ცნობილი სპეციალისტის, გაჯი გაჯიევის მიწვევით ცხადაძე მახაჩყალის "ანჟიში" ჩაირიცხა!

ცხადაძესთან ერთად გაჯიევმა "ანჟიში" კიდევ ერთი გამოცდილი მოთამაშე და ასევე ქართული ფეხბურთის აღზრდილი ომარ თეთრაძე მიიწვია და ყოველივე ეს მხოლოდ ლოკალურ მიზნებს არ ემსახურებოდა; ანუ, ორი გამოცდილი ფეხბურთელის დამატებით "ანჟი" რუსეთის უმაღლეს ლიგაში დასაბრუნებლადაც იბრძოლებდა და ამას გარდა, სწორედ ცხადაძისა და თეთრაძის მხარდამხარ თამაშისას უნდა აემაღლებინათ თავიანთი ოსტატობა მახაჩყალელთა გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებს.

ჰო, ცხადაძის რუსეთის პირველ ლიგაში გადასვლა ძალიან ბევრს გაუკვირდა - საკლუბო თუ სანაკრებო კარიერის განმავლობაში როცა იურგენ კლინსმანის, ჯანლუკა ვიალის, გარი ლინეკერის, ალან შირერის, კრისტიან ვიერის, ფაბრიციო რავანელის, ხრისტო სტოიჩკოვის, ბებეტოს, პიერლუიჯი კაზირაგის, ტედი შერინგემის, კარლ-ჰაინც რიდლეს, ტონი პოლსტერისა თუ სხვა ვარსკვლავების წინააღმდეგ უწევდა პაექრობა, ამჯერად რუსეთის პირველ ლიგაში, ვლადივოსტოკის, ტომსკისა თუ ჩიტას სტადიონებზე გამოდიოდა.

აქტიური საფეხბურთო კარიერაც "ანჟიში", 36 წლის ასაკში დაამთავრა.

ფესვები...
ზემოთაც ვწერდით, რომ კახა ცხადაძე საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო და 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის თითქმის ყველა შესარჩევი მატჩიც ძირითადში ჩაატარა; თუმცა, ვლადიმირ როდიონოვის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ამ გუნდმა 1990 წელს ევროპის ჩემპიონის წოდება ცხადაძისა და, საერთოდ, ქართველების გარეშე მოიპოვა (შესარჩევ ციკლში 2 მატჩი ზაზა რევიშვილმა ჩაატარა, თითო-თითო კი - გელა კეტაშვილმა და გია ჯიშკარიანმა);

მიზეზი კი ყველასთვის ცნობილია: 1990 წლის გაზაფხულზე ხომ უკვე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დავიწყეთ და ცხადაძე (პლუს სხვა ქართველი ფეხბურთელები) საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალსა და ფინალში ვეღარ ეხმარებოდნენ. დიმიტრი ხარინი, იგორ შალიმოვი, ალექსანდრ მოსტოვოი, იგორ კოლივანოვი, სერგეი კირიაკოვი, - ამ ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელმა მოგვიანებით უცხოეთში გააგრძელა კარიერა, თანაც, ევროპის ტოპ-ლიგებში.

...ამასობაში საბჭოთა კავშირი, როგორც ასეთი სახელწოდების ქვეყანა, დაიშალა და 1991 წლის შემოდგომიდან დსთ-ც "გამოჩნდა", როგორც სსრკ-ს სამართალმემკვიდრე; სწორედ ამ ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ანატოლი ბიშოვეცის დაჟინებული მოთხოვნით, შვედურ "სუნდსვალში" მოასპარეზე კახა ცხადაძე 1992 წლის დასაწყისში რუსეთის ჩემპიონატში (მოსკოვის "სპარტაკში") გადადის და დსთ-ს ნაკრების დაცვის ცენტრში, მეგობართან და ყოფილ თანაგუნდელ ახრიკ ცვეიბასთან ერთად ჩინებულ "დუეტსაც" ქმნის.

დსთ-ს ნაკრები 1992 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისათვის ემზადებოდა და ცხადაძეც თითქმის ყველა ამხანაგურ მატჩში ძირითადში იყო; განსაკუთრებით კი აღსანიშნავია მოსკოვში, "ლუჟნიკებზე" გამართული მატჩი ინგლისის ნაკრებთან, როცა ცხადაძეს ბრიტანელთა და, საერთოდ, იმ დროისათვის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრფორვარდისა და გოლიადორის, გარი ლინეკერის მეურვეობა დაეკისრა.

ცხადაძემ ის მატჩი მართლაც ჩინებულად ჩაატარა: დაცვაშიც უშეცდომოდ ითამაშა და რაც მთავარია, ინგლისელთა კარში ეფექტური თავური დარტყმით ლამაზი გოლიც გაიტანა!

Sportall.Ge...ამის მერე იყო ევრო-92 და კარიერასა და, საერთოდ, ცხოვრებაში მიღებული ყველაზე რთული გადაწყვეტილება: არჩევანი უნდა გაეკეთებინა რუსეთის ნაკრებსა (სადაც ძირითად შემადგენლობაში გარანტირებულ ადგილსა და სხვა "სიკეთეებს" ჰპირდებოდნენ) და ფიფა-უეფას მიერ არაღიარებულ საქართველოს ნაკრებებს შორის;

1992 წლის 7 ნოემბერი იყო, სუსხიანი მოსკოვური საღამო, როცა უეფას თასის მატჩის (მოსკოვის "დინამო"-"ტორინო") დამთავრების შემდეგ ცხადაძემ არჩევანი, ფაქტობრივად, არარსებული საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ გააკეთა!

სხვათა შორის, ევრო 92-ის ფინალურ ეტაპზე დსთ-ს ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელმა რუსეთის მოქალაქეობის მიღება და ამ ქვეყნის ნაკრებში თამაში არჩია: ანდრეი კანჩელკისმა, სერგეი იურანმა, ვიქტორ ონოპკომ (ყველა - უკრაინა), იგორ დობროვოლსკიმ (მოლდოვა); მოგვიანებით იგივე გადაწყვეტილება მიიღეს ილია ციმბალარმა, ოლეგ სალენკომ (ორივე - უკრაინა) და ანდრეი პიატნიცკიმ (უზბეკეთი);

გამონაკლისი მხოლოდ სამი ფეხბურთელი იყო, რუსეთის ნაკრებში ასპარეზობას თავისი ქვეყნის ღირსების დაცვა რომ ამჯობინა: ოლეგ კუზნეცოვი, ალექსეი მიხაილიჩენკო (ორივე - უკრაინა) და კახა ცხადაძე (საქართველო)...

პირველი კაპიტანი
1990 წელს, 27 მაისს საქართველოს ნაკრებმა თავის ისტორიაში პირველი მატჩი ჩაატარა: გივი ნოდიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა თბილისში ლიტვის ნაკრებს უმასპინძლა; ეს იყო კახა ცხადაძისათვის (ისე როგორც იმ მატჩში მონაწილე დანარჩენი 14 ქართველი ფეხბურთელისათვის) პირველი მატჩი საქართველოს ნაკრების მაისურით;

აი, მეორე შეხვედრა კი ჩვენმა გუნდმა... ერთი წლის მერე გამართა, როცა ასევე ამხანაგურ შეხვედრაში სტუმრად მოლდოვის ნაკრებს 4:2 მოუგო. ჩვენს ნაკრებს ამჯერად გიგა ნორაკიძე წვრთნიდა, რომელმაც კაპიტნის სამკლავური საქართველოს ნაკრების... ერთადერთ ლეგიონერს, კახა ცხადაძეს უბოძა!

... ეს ორივე მატჩი არაოფიციალური იყო, ისე როგორც მომდევნო ათი ამხანაგური შეხვედრა; ანუ, ჩვენთან სასპარინგოდაც ჩამოდიოდნენ (აზერბაიჯანი) და სტუმრადაც (ლიტვაში, მალტის ტურნირზე, კვიპროსზე, ისრაელში, ნიგერიაში) გვიწვევდნენ, მაგრამ ფიფა-უეფა თავის რიგებში მაინც არ გვიღებდა.

სწორედ იმ პერიოდში იყო, უკვე ბუნდესლიგაში მოთამაშე კახა ცხადაძემ საქართველოს ნაკრებს საჩუქრად სპორტული ეკიპირება რომ გამოუგზავნა გერმანიიდან!

ჰო, ისეთი დრო იყო, ჩვენი ფეხბურთელები ამა თუ იმ სანაკრებო მატჩის დასრულების შემდეგ მეტოქეებს მაისურებს რომ ვერ უცვლიდნენ; აღარაფერს ვამბობთ დღევანდელი გადასახედიდან მართლაც კურიოზულ ფაქტ(ებ)ზეც, როცა დიღმის საწვრთნელ ბაზაზე შეკრებაზე მყოფი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ოფიციალური მატჩის წინ ჩაის... გარეთ დანთებულ კოცონზე ადუღებდნენ!...

ჰოდა, ცხელ წყალსა თუ შუქს დანატრებული ეს ბიჭები მეორე დღეს გამოდიოდნენ და ინგლისური პრემიერლიგის ვარსკვლავებით (იან რაში, მარკ ჰიუზი, ნევილ საუთჰოლი, დინ სანდერსი, გარი სპიდი) დაკომპლექტებული უელსის ნაკრების კარში 5 (ხუთი!) უპასუხო ბურთი გაჰქონდათ!

... 1994 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ნაკრებს პირველი ოფიციალური მატჩი ელოდა თავის ისტორიაში: თბილისში მოლდოვისათვის უნდა გვემასპინძლა; ნაკრების იმდროინდელ თავკაცს ალექსანდრე ჩივაძეს კაპიტნის შეცვლა აზრადაც არ მოსვლია და საქართველოს ნაკრებიც პირველ ოფიციალურ შეხვედრაში მოედანზე კახა ცხადაძემ გამოიყვანა, თანაც, თავის დაბადების დღეზე.

სამწუხაროდ, არც ცხადაძეს და არც მის თანაგუნდელებს (ისე როგორც, საერთოდ, ქართველ გულშემატკივრებს) მატჩის მერე სადღესასწაულო განწყობა ნამდვილად არ ჰქონიათ: დღემდე ვერაფრით აგვიხსნია, თუ როგორ წავაგეთ ჩვენს გუნდთან შედარებით ბევრად სუსტ მოლდოვის ნაკრებთან; უფრო ზუსტად, რამდენიმე მიზეზი იყო: ალბათ, ოცამდე (!) გამოუყენებელი მომენტი, თურქი არბიტრების აშკარად ტენდენციური მსაჯობა (ნაღდი გოლი არ ჩაგვითვალეს და აშკარა პენალტი არ დაგვინიშნეს) და მეტოქის ერთადერთი კონტრშეტევა, იგორ ოპრიას ზუსტი დარტყმით რომ დამთავრდა...

მერე იყო მატჩები ბულგარეთთან (სტუმრად), უელსთან (თბილისსა და კარდიფში) და გერმანიასთან (თბილისში), სადაც კახა ცხადაძეს მეტოქეთა ერთი-მეორეზე გამორჩეულ ფორვარდებთან უწევდა დაპირისპირება: ხრისტო სტოიჩკოვთან, ლუბო პენევთან, იან რაშთან, მარკ ჰიუზთან, იურგენ კლისმანთან;

სამწუხაროდ, 1995 წლის ზაფხულში, უეფას თასზე "აინტრახტისა" და "ბორდოს" მატჩის დროს ცხადაძემ უმძიმესი ტრავმა მიიღო და საქართველოს ნაკრებს რვათვიანი პაუზის მერეღა დაუბრუნდა.

იძულებითი დამშვიდობება
...მომდევნო შესარჩევ ციკლში ჩვენს ნაკრებს ნამდვილად არ გაუმართლა: ინგლისისა და იტალიის ნაკრებებთან ერთად მოვხვდით ქვეჯგუფში;

ზედიზედ ორი წაგებული მატჩის მერე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ალექსანდრე ჩივაძემ დატოვა, ვისი ადგილიც დავით ყიფიანმა დაიკავა, რომლის ხელმძღვანელობითაც დაწინაურდა კიდეც თბილისის "დინამოს" ძირითადში კახა ცხადაძე (1988 წელს).

1997 წლის 30 აპრილს, ლეგენდარულ "უემბლიზე", ინგლისის ნაკრები საქართველოს მასპინძლობდა და ტაიმების ბოლო წუთებზე (როგორც "ტრადიციად" გვექცა) ტედი შერინგემისა და ალან შირერის გოლებით ეს მატჩი მოიგო კიდეც. თუმცა, არავინ იცის, მოვლენები როგორ განვითარდებოდა, ერთ-ერთ ეპიზოდში შეტევაში ჩართული ცხადაძის დარტყმული ბურთი ხარიხის ნაცვლად ერთი-ორი სანტიმეტრით დაბლა რომ "წასულიყო";

Sportall.Geსაქართველოს ნაკრების ისტორიაში არაერთი გამორჩეული მატჩი ყოფილა. ერთ-ერთი ასეთი 1997 წლის 11 ოქტომბერს თბილისში გაიმართა; წინასწარვე ცნობილი იყო, რომ დავით ყიფიანი ნაკრებიდან მიდიოდა (თანაც, საკუთარი სურვილით! - გ.ტ.) და საქართველოს ნაკრებმაც შესანიშნავი თამაშით გააცილა თავისი მწვრთნელი: საკმაოდ ძლიერი პოლონეთის ნაკრების კარში არჩილ არველაძემ, კახა ცხადაძემ და თემურ ქეცბაიამ ერთმანეთზე უკეთესი გოლები გაიტანეს!

ეს იყო ცხადაძის პირველი და უკანასკნელი გოლი საქართველოს ნაკრების მაისურით: გოჩა ჯამარაულმა სტანდარტულიდან თავისი "საფირმო" გადაცემა შეასრულა მეტოქის საჯარიმოში, სადაც ყველას ჩვენი ნაკრების კაპიტანმა დაასწრო და თავით ეფექტური გოლიც შეაგდო!

ეს მატჩი იმითაც იყო დასამახსოვრებელი, რომ როგორც მერე გაირკვა, საქართველოს ნაკრების კაპიტნის რანგში ცხადაძეს უკანასკნელი მატჩი ჩაუტარებია. ჰო, "მანჩესტერ სიტიში" გადასულ ცხადაძეს 1998 წლის დასაწყისში მალტის ტურნირზე არ უასპარეზია, აი, ტუნისთან და რუსეთთან ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრებში კი მოედანზე იყო, ოღონდ, ნაკრების ახალმა თავკაცმა ვლადიმერ გუცაევმა გუნდის კაპიტნად სხვა ფეხბურთელი ამჯობინა.

1998 წლის 30 მაისს, თბილისში ჩატარებული ამხანაგური მატჩი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის უკანასკნელი აღმოჩნდა ცხადაძის სანაკრებო კარიერაში. არადა, ჩვენი ნაკრების დღევანდელი თავკაცი იმ დროისათვის 29 წლის იყო და საკლუბო დონეზე (უცხოეთსა თუ საქართველოში) კიდევ 6 (ექვსი!) წელი ითამაშა...

პირველი სამწვრთნელო ტიტულ(ებ)ი
კახა ცხადაძის სამწვრთნელო დებიუტზე ზემოთ ვისაუბრეთ და მხოლოდ იმას დავძენთ, რომ მოთამაშე-მწვრთნელის რანგში თბილისის "ლოკომოტივში" ათი თვე იმუშავა. სწორედ "ლოკომოტივში" მუშაობისას გამოჩნდა პირველად ცხადაძის სამწვრთნელო ალღო, იმ დროისათვის ყველასათვის უცნობი ახალგაზრდა ფეხბურთელების ძირითად შემადგენლობაში დაწინაურებას რომ გულისხმობს; ასე გაიცნო ქართულმა საფეხბურთო სამყარომ 18 წლის ნუკრი მანჩხავა, 19 წლის ირაკლი სირბილაძე, 20 წლის დავით სირაძე, რომლებიც "ლოკომოტივში" სწორედ ცხადაძის ხელმძღვანელობით დამკვიდრდნენ.

"ლოკომოტივის" მერე იყო ორწლიანი... საფეხბურთო კარიერა მახაჩყალის "ანჟიში"; აი, 2005 წლის გაზაფხულზე კი ცხადაძეს თბილისის "დინამოს" გაძღოლა შესთავაზეს! დებიუტი მართლაც შთამბეჭდავი გამოდგა: 2 აპრილის წვიმიან საღამოს ახალი თავკაცის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამომ" 9:0 მოუგო გორის "დილას"!

19 წლის ლადო დვალიშვილი, 18 წლის გიორგი ნავალოვსკი, 17 წლის კახა მახარაძე, - სწორედ ამ სეზონში ჩაატარეს პირველი მატჩები "დინამოს" ძირითადში ამ ბიჭებმა, შემდეგში წარმატებული საკლუბო კარიერა რომ ჰქონდათ.

Sportall.Ge

ის სეზონი "დინამომ" საქართველოს ჩემპიონის რანგში დაამთავრა, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე ესტონური "ლევადიას" ძლევის მერე დანიური "ბრონდბიუს" ბარიერი გადაულახავი აღმოჩნდა. ამასობაში ცხადაძემ "დინამოსთან" ერთად თავისი მეორე ტიტულიც მოიპოვა მწვრთნელის რანგში - საქართველოს სუპერთასი.

სხვათა შორის, სწორედ სუპერთასის მატჩში ჰქონდა "დინამოს" ძირითადში დებიუტი 19 წლის გიორგი მერებაშვილს, რომელსაც უკვე ჩემპიონატის მსვლელობისას შეუერთდნენ 19 წლის ირაკლი ჩირიკაშვილი და 17 წლის გულვერდ თომაშვილი; აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, თუ როგორი პერსპექტიული ბიჭები თამაშობდნენ იმდროინდელი "დინამოს" დუბლშემადგენლობაში, რომელსაც კახა ცხადაძის რეკომენდაციით, კახა კაჭარავა წვრთნიდა: გიორგი ლორია, გურამ კაშია, სანდრო კობახიძე, უჩა ლობჟანიძე, დავით თარგამაძე...

სხვათა შორის, კახა ცხადაძე ჯერჯერობით ერთადერთია, ვისაც საქართველოს ჩემპიონატი როგორც ფეხბურთელსაც მოუგია, და როგორც - მწვრთნელსაც.

ახალი, ბოლნისური ისტორია
2006 წლის იანვარში, "თანამეგობრობის თასის" მერე, ცხადაძისა და "დინამოს" გზები გაიყარა; თუმცა, უქმობა დიდხანს არ გაგრძელებულა: სულ მალე ბოლნისის "სიონში" დაუძახეს და ისე მოხდა, რომ ორი წლის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, თანაც ორი სხვადასხვა გუნდის თავკაცის რანგში!

"ტრადიციას" ცხადაძემ არც "სიონში" უღალატა და ძირითად შემადგენლობაში მანამდე ორი უცნობი ახალგაზრდა დააწინაურა: რეაქტიულმა გარემარბებმა, 20 წლის ვლადიმერ უგრეხელიძემ და 21 წლის არჩილ ალავიძემ, ისე როგორც ახალი მწვრთნელისგან დიდნდობაგამოცხადებულმა კოკა მიკუჩაძემ (კარიერაში საუკეთესო სეზონი რომ ჰქონდა) უდიდესი წვლილი შეიტანეს ბოლნისური გუნდის ამ უდიდეს წარმატებაში.

"სიონში" ორსეზონნახევრიანი მოღვაწეობის მერე ცხადაძემ მეზობელ აზერბაიჯანს მიაშურა და ყველა "პარამეტრებით" მოკრძალებულზე-მოკრძალებული "სტანდარდის" გაწვრთნას დათანხმდა.

ქართველი მწვრთნელის წინაშე ერთადერთი ამოცანა იდგა: გუნდი აზერბაიჯანის უმაღლესი ლიგიდან არ უნდა გავარდნილიყო; ცხადაძის პერსონით ჩვენი მეზობლების დაინტერესება კი, ალბათ, იმითაც იქნებოდა განპირობებული, 2006 წლის ზაფხულში, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველი მწვრთნელის დამოძღვრილმა "სიონმა" ორი მატჩის ჯამში სოლიდურზე-სოლიდურ ბიუჯეტიან "ბაქის" რომ აჯობა.

"სტანდარდთან" კონტრაქტის ამოწურვის მერე ცხადაძე გარკვეული პერიოდი უმუშევარი გახლდათ, რის შემდეგაც ახალი გამოწვევა მიიღო: საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

ჯერ ახალგაზრდები, მერე რეკორდები
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცად ცხადაძე 2009 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში მუშაობდა და ჩვენს 21-წლიანებს ოთხ ამხანაგურ შეხვედრაში უთავკაცა.

ამ პერიოდის განმავლობაში ცხადაძემ უდიდესი სასელექციო სამუშაო გასწია და 21-წლამდელთა ნაკრებში უამრავი ახალბედაც დააწინაურა: როინ კვასხვაძე, ბუბა დაუშვილი, ლაშა თოთაძე, ამირან სანაია, ირაკლი ძარია, გიორგი გაბედავა, ლევან კაკუბავა, თეიმურაზ შონია, დავით თარგამაძე, გურამ ადამაძე და სხვები;

ახალგაზრდულ ნაკრებში პირველ ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელებსაც იძახებდა: ვალერი ბოლქვაძეს, ბესიკ ჩიმაკაძეს, ირაკლი ხუციძეს, გიორგი კბილცეცხლაშვილს;

და აი, 2009 წლის 5 ივნისს, როცა ლაშა თოთაძის ეფექტურად შესრულებული "სტანდარტულის" შემდეგ ჩვენმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მოლდოველი თანატოლები დაამარცხა (1:0), აზერბაიჯანის ერთ-ერთმა ამბიციურმა კლუბმა ბაქოს "ინტერმა" ცხადაძეს გუნდის გაწვრთნა შესთავაზა.

ჰოდა, იქიდან მოყოლებული დღემდე, ქართველი სპეციალისტი ჩვენს სამეზობლოში მოღვაწეობს და ყველა რეკორდიც მოხსნა! ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ცხადაძე ერთადერთი ლეგიონერი მწვრთნელია, ვინც აზერბაიჯანის პრემიერლიგაში 200-ზე მეტი მატჩი ჩაატარა და აქედან 100-ზე მეტი მოიგო!

Sportall.Ge

აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ აზერბაიჯანის ჩემპიონატში ლეგიონერ მწვრთნელებს შორის საუკეთესო შედეგი უკრაინელ სპეციალისტს რომან პოკორას ჰქონდა, ვინც "გადაბმულად" ორი სეზონი იმუშავა "სიმურგში". ცხადაძე კი, მოგეხსენებათ, უკვე თავის მეექვსე (!) სეზონს ატარებს აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში და სხვა ლეგიონერი მწვრთნელები ძალიან დიდხანს რომ ვერ მიუახლოვდებიან ამ შედეგს, ყველასათვის ცხადია;

ეგ კი არა, აზერბაიჯანული პრემიერლიგის ისტორიაში ერთ გუნდში "გადაბმულად" მოღვაწეობის მხრივ ცხადაძეს, საერთოდაც, მეორე მაჩვენებელი აქვს და მხოლოდ და მხოლოდ "ყარაბაღში" მართლაც წარმატებით მომუშავე ადგილობრივ სპეციალისტს, ყურბან ყურბანოვს ჩამორჩება, რომელიც ზედიზედ მეშვიდე სეზონია თავკაცობს ამ ქვეყნის, უდავოდ, უძლიერეს კლუბს.

აზერბაიჯანის ჩემპიონი, ერთხელ ვერცხლისა და ორჯერ ბრინჯაოს პრიზიორი, "თანამეგობრობის თასის" გამარჯვებული, - აი, ასეთი შედეგები ჰქონდა წინა ხუთი სეზონის განმავლობაში ცხადაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ბაქოს "ინტერს"; სხვათა შორის, ამ დროის განმავლობაში "ინტერის" ყველაზე ცუდი შედეგი IV ადგილი იყო (2010/11 წლების სეზონი), ესეც, "თანამეგობრობის თასზე" გამარჯვებით გამოწვეულ "ეიფორიას" უფრო უნდა დაბრალდეს.

ცალკე საუბრის თემაა "ინტერის" სათასო პერიპეტიები: ცხადაძე ამ შემთხვევაშიც რეკორდსმენია, რამეთუ აზერბაიჯანის პრემიერლიგაში მომუშავე არც ერთ მწვრთნელს (ადგილობრივსა თუ უცხოელს) ამ ქვეყნის თასის მეოთხედფინალში თავისი გუნდი ორზე მეტჯერ არ გაუყვანია, ქართველმა სპეციალისტმა კი - ზედიზედ მეექვსედ მოახერხა!

თუმცა, თასის აღება ვერც ერთხელ შეძლო და ყველაზე ახლოს 2011 წელს იყო, როცა "ხაზართან" პენალტების სერიაში დამარცხდა. საერთოდაც, პენალტების სერიაში "ინტერი" მართლაც დანავსულია: ევროტურნირებზე სწორედ საფეხბურთო ლატარიაში მარცხდებოდა პოლონურ "ლეხთან", ბერძნულ "ტრიპოლისთან", შვედურ "ელფსბორგთან"...

2009 წლიდან მოყოლებული, აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში რამდენიმე ათეულ უცხოელ მწვრთნელს უმუშავია, მაგრამ ზემოთ ნახსენები უკრაინელი რომან პოკორას გარდა, "გადაბმულად" ორი სეზონი არავინ ყოფილა: იური სიომინი თუ მუსტაფა დენიზლი, ვინფრიდ შეფერი თუ ჯონ ტოშაკი, ტონი ადამსი თუ ალექსანდრ სტარკოვსი, მირჩა რედნიკი თუ დორინელ მუნტეანუ, ანდრეი ჩერნიშოვი თუ სერგეი იურანი, სტანისლავ ჩერჩესოვი თუ ანატოლი დემიანენკო, ვალდას ივანაუსკასი თუ მილინკო პანტიჩი, ბერხარდ რააბი თუ ჯოკიჩა ხაჯიევსკი, კარლეს ბაკესი თუ ვლასტიმილ პეტრჟელა;

თანაც, ამ შემთხვევაში, მხოლოდ "ცნობადი" სახეების ჩამონათვალია და იმასაც შეგახსენებთ, რომ იმავე შეფერს, დენიზლის, ტოშაკს, რედნიკს, პეტრჟელას, სტარკოვსა თუ ჩერჩესოვს სხვადასხვა დრო აზერბაიჯანზე ბევრად უფრო მაღალი დონის ჩემპიონატებშიც უმუშავიათ და ზოგიერთ მათგანს ეროვნული ნაკრებებიც გაუწვრთნია!..

სამწვრთნელო ფილოსოფია
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში "ინტერი" აზერბაიჯანის ყველაზე სტაბილურ გუნდად მიიჩნევა და იმის მიუხედავად, რომ ბიუჯეტით ხუთ-ექვს იქაურ კლუბს ჩამორჩება. თუმცა, ამის მიუხედავად, "ინტერი" წარმატებებსაც აღწევს და ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში ყველა მეტოქეს უჭირს, რასაც ხშირად აღნიშნავენ ხოლმე მეტოქეთა მწვრთნელები.

და მაინც, რაზეა დაფუძნებული ცხადაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ინტერის" სათამაშო სტრატეგია? უპირველეს ყოვლისა, უმკაცრეს სათამაშო დისციპლინაზე, ფლანგების აქტიურობაზე, სტანდარტული მდგომარეობების მრავალფეროვნად გამოყენებასა და, რაც მთავარია, ყოველი კონკრეტული მატჩისათვის (ანუ, კონკრეტული მეტოქისათვის) შერჩეულ სხვადასხვა ტაქტიკაზე.

არადა, ერთი შეხედვით, ბოლო წლების "ინტერი", როგორც წესი, თითქმის ერთი და იმავე ტაქტიკური სქემით ასპარეზობს: დაცვაში - სამი ცენტრალური მცველი, სწრაფი და შეტევაზე ორიენტირებული ორი განაპირა მცველი, ორი საყრდენი ნახევარმცველი, ორიც - შემტევი და ერთი გამოკვეთილი ცენტრფორვარდი.

თუმცა, ეს ტაქტიკური სქემა უშუალოდ მატჩის მსვლელობის დროს ხშირად იცვლება და ხან 3-4-3 ხდება, ხან - 3-5-2 და უფრო ხშირად კი, "კლასიკური" - 4-4-2;

აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ცხადაძე-მწვრთნელს რომელ გუნდშიც უმუშავია, ძირითად შემადგენლობაში ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურების გარდა, სხვა თვისებითაც გამოარჩევდით; კერძოდ, იმით, რომ თავის გუნდში ერთდროულად რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, სულ მცირე, ორ-სამ პოზიციაზე ერთნაირი წარმატებით რომ შეუძლიათ თამაში.

აქედან გამომდინარე, დიდია იმის ალბათობა, რომ ამჯერად უკვე საქართველოს ნაკრებშიც ერთი-ორად "დაფასდეს" ჩვენი ამა თუ იმ ფეხბურთელის უნივერსალიზმი.

Sportall.Ge

...როგორი ტაქტიკით ითამაშებს საქართველოს ნაკრები ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, დღესდღეობით ძნელი სათქმელია; სამაგიეროდ, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ნაკრების სათამაშო სტილი ბოლო წლებთან შედარებით ბევრად შეცვლილი იქნება და, სულ მცირე, 2-3 ახალი ფეხბურთელის გამოჩენასაც უნდა ველოდოთ ჩვენს უპირველეს გუნდში.

დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს...

დოსიე:
კახა ცხადაძე
დაიბადა 1968 წლის, 7 სექტემბერს, რუსთავში
პოზიცია: მცველი

საფეხბურთო კარიერა
1985-87 მეტალურგი რ. -
1988-89 დინამო თბ. 41 (1)
1990-91 იბერია თბ. 44 (2)
1990-92 დსთ-ს ნაკრები 6 (1)
1991 სუნდსვალი შვედ. 7
1992 სპარტაკი მ. 7
1992 დინამო მ. 12
1993-96 აინტრახტი ფრ. 73 (1)
1997 ალანია 17 (1)
1998-00 მანჩესტერ სიტი 12 (2)
2000-02 ლოკომოტივი თბ. 22
2003-04 ანჟი 40 (1)

საქართველოს ერ. ნაკრები
1994-98 25 (1)

სამწვრთნელო კარიერა
2001-02 ლოკომოტივი* თბ.
2005 დინამო თბ.
2006-08 სიონი ბოლ.
2008 სტანდარდი აზერ.
2009 საქართველო U21
2009- ინტერი (ბაქო, აზერბ.)
2014- საქართველოს ნაკრები
* მოთამაშე-მწვრთნელის რანგში

ტიტულები/მიღწევები:
საფეხბურთო კარიერა: საქართველოს ორგზის ჩემპიონი; რუსეთის თასის მფლობელი; რუსეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი; ბუნდესლიგის მესამე პრიზიორი; ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის; ევროპის 1992 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილე; იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი კაპიტანი.

სამწვრთნელო კარიერა: საქართველოს ორგზის ჩემპიონი (დინამო თბ - 2005, სიონი - 2006); საქართველოს სუპერთასის მფლობელი (2005); აზერბაიჯანის ჩემპიონი (2010); "თანამეგობრობის თასის" გამარჯვებული (2011); აზერბაიჯანის ჩემპიონატის ვერცხლის (2014) და ორგზის ბრინჯაოს (2012, 2013) პრიზიორი.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ეს კაცი სიყრმის ასაკიდან გამოირჩეოდა ვაჟკაცობით,სამართლიანობით,პრინციპულობითა და შრომის მოყვარეობით!ძალიან ძლიერი,ჭკვიანი,მომთხოვნი ადამიანია და მჯერა,რომ საქართველოს ნაკრებშიც ექნება წარმატება,ძალიან მჯერა!გზა დაულოცოთ და უფლის წყალობა უსურვოთ ჩვენს ბიჭებს და კახაბერ
დავით ყალიჩავა
23:57 26-01-2015
0
არ არის საჭირო შედეგისთვის ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა ან ფეხბურთელებს დაავალო დაცვითი ვარიანტით თამაში.
ჯერ ერთი,საქართველო არ არის მზად რაიმე დიდი წარმატებების მიღწევისთვის და ლამაზი და ტექნიკური თამაშით მაინც მოხიბლოს ფეხბურთის გურმანები...
მეორე კი: ვის და რითი მოაწონებინებენ თავს ქართველი ფეხბურთელები უცხოური გრანდების მწვრთნელებს იმ თამაშებიდან,სადაც გუნდები /ნაკრები/აშკარად მშიშარა ტაქტიკით გამოდიან! რეზულტატზე ფიქრი ეხლა ზედმეტი ფუფუნებაა საქართველოსთვის. ფეხბურთი მაინც ვითამაშოთ ქართულად...
რომა მარიამიძე
22:49 26-01-2015
0

სიახლეები პოპულარული