ზურაბ ხიზანიშვილი: მართლა თავს დავდებ, რომ ნაკრებს კიდევ გამოვადგე!

AutoSharing Option
ზურაბ ხიზანიშვილი შაბათს გლაზგოში გაემგზავრება, სადაც ფერნანდო რიქსენის დიდი ფეხბურთიდან გაცილებაა დაგეგმილი. რიქსენი თავის დროზე "რეინჯერსის" ლიდერთაგანი იყო და მის გამოსათხოვარ მატჩში არაერთი ვარსკვლავი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის - ექსრეინჯერსელი ჩვენებური.

დიახ, სქოთური კლუბის შეფობამ, სხვებთან ერთად, ამ მატჩისთვის ზურაბ ხიზანიშვილსაც უხმო. რაც შეეხება შოთა არველაძეს, შოტლანდიაში მის შესაძლო ჩაუსვლელობას საპატიო მიზეზი აქვს - ცხადია, მწვრთნელი "ქასიმფაშას" ვერ მიატოვებს.

ხიზანიშვილთან სალაპარაკო სხვაც ბევრი დაგროვდა. მათ შორის, მისი უგუნდობის ამბავიც. 33 წლის მცველი თბილისის "დინამოდან" წასვლის შემდეგ ჯერაც ახალი კლუბის ძიებაშია.

ხიზანიშვილისთვის კარიერის გაგრძელების მოტივაცია სანთლით საძებარი ნამდვილად არ არის. საქართველოს ნაკრებში 93 მატჩი და 1 გოლი - სანუკვარ ასამდე ცოტაღა დარჩა...

- ზურაბ, თავდაპირველად საკლუბო კარიერაზე გკითხავთ. ახალი ხომ არაფერია?
- მას შემდეგ, რაც "დინამოდან" წამოვედი, ახალი არაფერია. ველოდები... წესით, უნდა იყოს სიახლეები.

- ფეხბურთისთვის თავის დანებებას ხომ არ ფიქრობთ?
- ნამდვილად არ მინდა, ფეხბურთს თავი 33 წლის ასაკში დავანებო. მგონი, ჯერ ადრეა.

- საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში კარიერის გაგრძელებას აღარ აპირებთ?
- ჩემი თავისთვის პასუხი მზად მაქვს ამ კითხვაზე. აღარ ვაპირებ საქართველოში თამაშს, ოღონდ ისე არავინ გაიგოს, თითქოს რამეს ვუკადრისობ. ვიყავი აქ, ვითამაშე და მიმაჩნია, რომ საკუთარ თავთან მართალი ვარ.

- გამოდის, რომ მხოლოდ უცხოურ გუნდში გიხილავთ...
- ასეა. შაბათს მივფრინავ გლაზგოში, სადაც დიდი ფეხბურთიდან ფერნანდო რიქსენის გაცილება იგეგმება და ამ მატჩში მონაწილეობისთვის მეც დამპატიჟეს. იქნებ ამ ვიზიტის შემდეგ ჩემს პოტენციურ ახალ კლუბზეც ვილაპარაკოთ.

- ცხადია, მატჩის ორგანიზატორები შოთა არველაძესაც შეეხმიანებოდნენ. ახერხებს შოთა შოტლანდიაში ჩასვლას?
- ბოლო დღეებში შოთასთან არ მილაპარაკია, მაგრამ 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ შეთავაზება იქნებოდა. მოგეხსენებათ, მწვრთნელის გრაფიკი სხვაა. შოთა, ალბათ, ამიტომ ვერ ახერხებს წამოსვლას.

სხვათა შორის, მატჩის ორგანიზატორებს დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ ამ მატჩში ფრანკ დე ბურსაც მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ეს არ ხერხდება. როგორც ჩემთვის ცნობილია, დე ბურიც სამწვრთნელო საქმეებითაა გადატვირთული.

- რომელი გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს ფერნანდო რიქსენის გამოსათხოვარ შეხვედრაში?
- "რეინჯერსი" და "ოლ სტარი".

- თქვენ "რეინჯერსის" შემადგენლობაში ითამაშებთ?
- დაყოფა, ალბათ, პირობითი იქნება. პროტოკოლის მიხედვით, მეორე ტაიმში უნდა "ავირიოთ".

- რომელი ცნობილი ფეხბურთელები მიიღებენ მონაწილეობას ამ შეხვედრაში?
- ჩემი ინფორმაციით, გლაზგოში ჩამოვლენ კანიჯა, ლორენცო ამორუზო, ტორე ანდრე ფლო, თუგაი და სხვები. ისინი "რეინჯერსის" მაისურით დაიწყებენ თამაშს. უნდა ჩამოსულიყო ექსრეინჯერსელი მიკელ არტეტაც, თუმცა "არსენალს" ისეთი გადატვირთული კალენდარი აქვს... რაც შეეხება "ოლ სტარს", აქ ვიხილავთ ტედი შერინგემს, დუაიტ იორკსა და სხვებს. მოკლედ, სერიოზული კომპანიაა და ვეცდები, კარგად ვითამაშო.

- როდის გაიმართება ეს შეხვედრა?
- მატჩი კვირას, თბილისის დროით 6 საათზეა დაგეგმილი.

- ახლა ცოტა უკან დავიხიოთ. საინტერესოა თქვენეული შეფასება - რას წარმოადგენს დღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი?
- რა თქმა უნდა, ადამიანმა მუდამ სიმართლე უნდა თქვა, მაგრამ შევხედოთ საკითხს მეორე მხრიდან. ჩვენ რომ ახლა ბოლომდე ვთქვათ სათქმელი, ამან შეიძლება ცუდად იმოქმედოს 18-19 წლის დამწყებ ფეხბურთელზე, რომელიც დღეს საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს.

თავის დროზე, მე რომ წამეკითხა შოთა არველაძის, გიორგი ქინქლაძის, თემურ ქეცბაიას ასეთი გამონათქვამები, შეიძლება, გული ამცრუებოდა.

დღეს მხოლოდ თბილისის "დინამოშია" ჩინებული პირობები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. სამაგიეროდ, იმას კი გულწრფელად გეტყვით, რომ დღევანდელ ქართულ ფეხბურთში არის უდიდესი ნიჭი ახალგაზრდა ფეხბურთელების სახით. "დინამოში" ყოფნისას ვნახე უნიჭიერესი ბავშვები და ეს ძალიან მახარებს.

- საქართველოს ნაკრების თემას გვერდს ვერ ავუვლით. როგორ აფასებთ მთავარი მწვრთნელის პოსტზე კახა ცხადაძის დანიშვნას?
- უკეთესობის იმედი მაქვს. მჯერა, თამაში შეგვიძლია. ხომ გამოჩნდა ეს საფრანგეთთან თბილისურ მატჩში?! პირობითად რომ ვთქვათ, სამი თამაშიდან ერთს ვთამაშობთ მაღალ დონეზე, მაგრამ რადგან ვთამაშობთ, ესე იგი, შეგვიძლია.

იმავე საფრანგეთთან ყველაფერი დადეს ბიჭებმა მინდორზე. ჯაბა კანკავამ იმდენი "პადკატი" გააკეთა... კარში არ დაარტყმევინა ფრანგებს. ოქრიაშვილმა როგორ გაგვახარა ინდივიდუალიზმით? ირლანდიასთან რა გოლი შეაგდო?! დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

- შესაცვლელს და გამოსასწორებელს საქართველოს ნაკრებში რა დალევს. თქვენი აზრით, საიდან უნდა დაიწყოს ეს პროცესი?
- ალბათ, ამ კითხვას მწვრთნელები უკეთესად უპასუხებენ. მე გეტყვით ჩემი, როგორც რიგითი ფეხბურთელის აზრს: მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის უნდა იყოს ძალიან კარგი ურთიერთობა.

- როგორ აფასებთ საქართველოს ნაკრებში ალეკო ამისულაშვილის შესაძლო დაბრუნებას?
- ბოლომდე ვეთანხმები მის გადაწყვეტილებას. მისასალმებელია, რომ კახა ცხადაძის მხრიდან წამოვიდა ეს ინიციატივა და ფეხბურთელმაც გადადგა შემხვედრი ნაბიჯი. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დაბრუნდება თუ არა ამისულაშვილი, საქართველოს ნაკრები ყველაფერს მოიგებს, მაგრამ ნაკრები იმის ნაკრებია, რომ მასში ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელებმა უნდა ითამაშონ.

- მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, სულ მცირე, მესამე ადგილი - კახა ცხადაძემ თავად მოითხოვა კონტრაქტში ამ პუნქტის შეტანა. ეს გამართლებულად მიგაჩნიათ?
- ფეხბურთელისთვის მიზანი ძალიან მნიშვნელოვანია და იმავე მწვრთნელისთვისაც. როცა მინდორზე გადიხარ, ზუსტად უნდა იცოდე, რა გინდა. ზოგადი ფრაზაა, რომ ფეხბურთელი ყველა თამაშში მოსაგებად გადის მინდორზე.

არაერთხელ მითამაშია ინგლისური გრანდების წინააღმდეგ და ვთქვათ, "ჩელსისთან" საგარეო მატჩში ჩვენთვის ფრეც მისაღები შედეგი იყო. მერე უკვე ვეძებდით იმ მიზნამდე მისასვლელ გზას. თუ კონტინგენტი და სეზონის მიმდინარეობა გვიწყობდა ხელს, უეფას თასის საგზურისთვის ვიბრძოდით. მწვრთნელი ამას გვისახავდა მიზნად და ის, თავის მხრივ, პრეზიდენტისგან იღებდა დირექტივას დასახული, მისაღწევი მიზნის შესახებ.

- დაბოლოს, ერთ მიზანზე უნდა გკითხოთ, რომელიც იქნებ თქვენი კარიერის გვირგვინი აღმოჩნდეს. საქართველოს ნაკრებში 93 მატჩი გაქვთ ჩატარებული. სანუკვარ ასამდე არც ისე შორია...
- საქართველოს ნაკრების მაისურით გატარებული ყველა წამი უბედნიერესია ჩემთვის. 100 კი არა, თუ მექნება შესაძლებლობა და ჯანი, რატომ მეტი არა?! ახლა კი ამაზე ლაპარაკი ადრეა. ჯერ ვიპოვო გუნდი, შევიდე სასურველ ფორმაში და თუ ეს მოხდა, მერე გამიჩნდება სანაკრებო ამბიცია.

ახლა რომ ვინმემ თქვას, ზურა ხიზანიშვილს ნაკრებში რატომ არ ეძახიანო, პირველი მე გავცემ პასუხს. სამაგიეროდ, ჩემთვის უდიდესი სტიმულია ის, რაც თქვენ კითხვაში მოიყვანეთ და მართლა თავს დავდებ, რომ ნაკრებს კიდევ გამოვადგე.

* * *
ხიზანიშვილთან საუბარს აქ მოვრჩით. ცნობისთვის, 38 წლის ფერნანდო რიქსენს ექიმებმა 2013 წელს ამოტროფული სკლეროზი დაუდგინეს, რაც უმძიმეს დაავადებად ითვლება. გლაზგოში გასამართ შეხვედრაში მას დიდი ფეხბურთიდან გააცილებენ და ამავე დროს, საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული მთლიანი თანხა მის ანგარიშზე ჩაირიცხება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს აღიარებით ჩვენებას ჰგავს-"მართლა თავს დავდებ", აბა ამდენხანს იტყუებოდი?!!!
0
აი კაცი,მოიშორე ფეხზე გამობმული ცხვრები და მართლა გამოდგები.
kola
13:50 25-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული