ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

შოთა არველაძე: კახა ცხადაძე ხედავს იმ გზას, რომლითაც ნაკრებმა უნდა იაროს

AutoSharing Option
ფოტოზე: შოთა არველაძე (N11) და კახა ცხადაძე (შოთას გაცილების მატჩი. 03. 06. 2008)

შოთა არველაძის გაწვრთნილი "ქასიმფაშა" ახლა ანტალიურ შეკრებაზეა. თურქეთის ჩემპიონატში ამ გუნდს 23 ქულით მე-7 ადგილი უჭირავს. ანტალიაში შოთას კრებული ერთადერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს - 17 იანვარს ბაქოს "ინტერს" დაუპირისპირდება.

ეს ის შემთხვევაა, როცა ქართველი ქომაგისთვის მატჩს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს - მართალია, თამაში საკონტროლოა, მაგრამ ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ორი გამორჩეული წარმომადგენლის და თან, ორი უახლოესი მეგობრის, შოთა არველაძისა და კახა ცხადაძის სამწვრთნელო დუელის ხილვა.

საინტერესოა, რომ ანტალიური შეკრების მიმდინარეობისას "ქასიმფაშა" და "ინტერი" ერთ სასტუმროში ცხოვრობენ...

სიტყვა გაგვიგრძელდა და სჯობს, გადავიდეთ არველაძის ინტერვიუზე, რომელიც 13 იანვარს ჩავწერეთ:

- ამჟამად "ქასიმფაშა" თურქულ შეკრებაზეა, - დაიწყო შოთამ. - აქ თურქეთის ჩემპიონატის განახლებამდე დავრჩებით და ერთ საკონტროლო მატჩსაც გავმართავთ. უკვე იცით, ალბათ, რომ 17 იანვარს კახა ცხადაძის "ინტერს" ვეთამაშებით. მეტი მატჩი აქ არ იგეგმება.

- შეაფასეთ "ქასიმფაშასთვის" თურქეთის ჩემპიონატის განვლილი ნაწილი...
- იყო სამი-ოთხი ცუდი თამაში. ფეხბურთია და ხდება. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ყველაფერი გამოვასწოროთ. ისე, წინასწარი გათვლით, ამ დროისთვის სადღაც 27-28 ქულა უნდა გვქონოდა, მაგრამ... რაც არის, ეს არის.

- გასაკვირი არ იქნება, გაძლიერებას აპირებდეთ. გაქვთ უკვე კონკრეტული სატრანსფერო მონახაზი?
- ვიღაცებს კი ვექაჩებით ჩვენკენ, მაგრამ... რა ვიცი... შუა სეზონში ძალიან რთულია კვალიფიციური ფეხბურთელების აყვანა. ბევრი უთამაშებელია და ამის გამო უნდა გუნდის გამოცვლა. უთამაშებელი ფეხბურთელი კი რამდენად გაგაძლიერებს, ეს სხვა საკითხია.

- საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებზე მასალის მომზადებისას შევიტყვე, რომ "ქასიმფაშაში" ვატო არველაძე (რევაზ არველაძის ვაჟი - ავტ.) ჩარიცხულა. მან უკვე ითამაშა ახალ გუნდში?
- ჯერ მხოლოდ ერთი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. ვატო "ქასიმფაშას" 17-წლამდელთა გუნდშია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან ჩამოვა ლიცენზია და ამის შემდეგ მას უკვე ოფიციალურად შეეძლება თამაში.

- კიდევ ხომ არ აპირებთ რომელიმე ქართველი ფეხბურთელის აყვანას?
- იცით, ალბათ, რომ ჩვენთან თამაშობს ახალგაზრდა ქართველი მეკარე ოთარ გოშაძე. გარდა ამისა, მინდა კიდევ ერთი პერსპექტიული ქართველი ფეხბურთელის აყვანა. ამ ეტაპზე მის ვინაობას ვერ დავასახელებ, რადგან კლუბში ირიცხება და ჩემგან ეს ეთიკური არ იქნება.

- ანტალიაში უკვე შეხვდით კახა ცხადაძეს?
- ერთ სასტუმროში ვცხოვრობთ და, აბა, როგორ იქნებოდა?! უკვე ძალიან ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ...

- რა თქმა უნდა, თქვენი საუბრის დეტალები ვერ ჩაეტევა ერთ საგაზეთო ინტერვიუში, მაგრამ მაინც - რა იყო მთავარი ამ საუბარში, რაც დღეს შეგიძლიათ გაგვიმხილოთ?
- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კახა ცხადაძე ხედავს იმ გზას, რომლითაც მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უნდა იაროს. კარგია, როცა გაქვს რწმენა, რომ შეგიძლია გაუმკლავდე უამრავ პრობლემას. ჩემთვის უზომოდ სასიხარულო ფაქტია ის, რომ კახა ძალიან იმედიანადაა განწყობილი.

- დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრებს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება ალეკო ამისულაშვილი. დაწყებულია მუშაობა გიორგი ნავალოვსკის საკითხზეც. როგორც ცხადაძე ამბობს, შანსი ყველას მიეცემა. რას იტყვით ამ ტენდენციაზე?
- მხოლოდ და მხოლოდ მწვრთნელის გადასაწყვეტია, ვინ ითამაშებს საქართველოს ნაკრებში. ცხადაძის სამართლიანობაში კი 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული.

აქვე, მინდა ერთ გარემოებაზე გავამახვილო ყურადღება - საქართველოს ნაკრებში სადღეისოდ ყველა საუკეთესო ქართველმა ფეხბურთელმა უნდა ითამაშოს. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ფეხბურთელს თამაში შეეძლოს და ამ დროს, სანაკრებო კარიერა დაასრულოს. ამის გაკეთების უფლება თავს ისეთმა მოთამაშემ უნდა მისცეს, რომელმაც ყველაფერს მიაღწია ნაკრებთან ერთად.

ადამიანურად მესმის ფილიპ ლამის - მოიგო კაცმა მსოფლიოს ჩემპიონატი და წავიდა. ლამი ლამია, ქართულ ფეხბურთში კი დღეს სხვა რეალობაა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ