"...წამყვანი ქართული კლუბები გიორგი ქინქლაძეში 1000 მანეთსაც არ იხდიდნენ"

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი დავით კვინიკაძე ქართულ ფეხბურთში მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ. დღეს ის მოვლენებს შინიდან ადევნებს თვალს, მაგრამ პროცესებში კარგადაა გათვითცნობიერებული...

მრეტების დეფიციტი
- ოთხმოცდაათიანი წლების ბოლომდე, ქართული ფეხბურთი, თბილისის "დინამო", ნაკრებიც და ჩვენი მოთამაშეებიც გამოირჩეოდნენ დახვეწილი ტექნიკით, იმპროვიზაციით, შემოქმედებითი ტაქტიკით. ამის გამო, ქართული ფეხბურთი საბჭოეთისა და აღმოსავლეთ ევროპელებისგან არსებითად განსხვავდებოდა.

რასაკვირველია, გვქონდა წარმატებები, რომლის აპოგეაც თბილისის "დინამოს" მიერ 1981 წელს მოპოვებული ევროპული თასი იყო. ცნობილი სპეციალისტების აზრით, მაშინდელი "დინამო" მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი კლუბი გახლდათ.

დამოუკიდებლობის მოპოვების პირველ წლებშიც,
ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებიც ჩვენთვის დამახასიათებელ სტილს მისდევდნენ და მოედანზე არა მხოლოდ იბრძოდნენ, არამედ თა-მა-შო-ბდ-ნენ! მოთამაშეებისგან გამართულ, ტექნიკურ და იმპროვიზირებულ ფეხბურთს მოითხოვდნენ მაშინდელი მწვრთნელები საშა ჩივაძე, დავით ყიფიანი, ვოვა გუცაევი...

ჩვენი ნაკრებები ევროპულ გრანდებს ტოლ-სწორად ვერ ეწინააღმდეგებოდნენ, ისინი კლასითაც და გამოცდილებითაც გვჯობდნენ, მაგრამ ვიმეორებ - ჩვენები ისეთ ფეხბურთს თამაშობდნენ, რისთვისაც ეს სახეობა მილიონებს უყვართ. ამას ისიც განაპირობებდა, რომ ნაკრების წევრებს ევროპაში არ აკლდათ პრაქტიკა და არც ისე სუსტ გუნდებში წარმატებით გამოდიოდნენ. უცხოეთში სულ ათიოდე ფეხბურთელი იყო, ეროვნული ჩემპიონატიც არ გახლდათ დაბალი დონის და იქიდან ხალხს ნაკრებში სისტემატურად იწვევდნენ.

ნაკრებში ჩივაძემ ტექნიკურ და შემოქმედებით ფეხბურთელებზე გააკეთა აქცენტი. ვინმეს წარმოუდგენია პირველი თაობის ნაკრები ჯამარაულის, ნემსაძის, გოგიჩაიშვილის, ქეცბაიას, არველაძეებისა და განსაკუთრებით, ქინქლაძის გარეშე?

არადა, 1990 წელს, წამყვანმა ქართულმა კლუბებმა ქინქლაძის აყვანა 1000 მანეთადაც არ ისურვეს და თავის გამოჩენის შანსი მხოლოდ თბილისის "მრეტებში" ხელოვნებიდან მოსულმა პრეზიდენტმა და მწვრთნელმა ვაჟა ჩხაიძემ მისცა. მან ამ ბიჭში მთავარი დაინახა, განავითარა და ისეთ ფეხბურთელად აქცია, 3 მილიონზე მეტად რომ გაიყიდა.

ჩხაიძემ საბჭოთა კავშირში პირველი პროფესიული საფეხბურთო კლუბი დააფუძნა, ქინქლაძე კი ქართულ ფეხბურთს შეუნარჩუნა.

დღეს ჩვენ მისნაირი შემოქმედებითი ხალხი გვაკლია, ხალხი, ვინც ჩვენი ფეხბურთელების საუკეთესო თვისებებს გამოიყენებს. ანდრო ჟორდანიაც ამას ამბობდა...

დაკარგული სახე და ცხადაძე
- დასანანია, რომ ნაკრებმა თანდათანობით დაკარგა თავისი სახე და დღეს, ფაქტობრივად, ჩვენ არ გვყავს ეროვნული ნაკრები. ფეხბურთელთა შერჩევაც კითხვებს ბადებს. აქცენტი დაცვით მოთამაშეებზეა გადატანილი და მათ ქინქლაძისა და ჯამარაულის ყაიდის მოთამაშეებს ამჯობინებენ.

აქედან გამომდინარე, მთელი გუნდიც მეტოქის შეტევის ჩაშლაზე იყო ორიენტირებული. არანაირი ბურთის კონტროლი, შეტევებისთვის მზადება და ჩვენი თამაშიც მთლიანად გამართლებაზე იყო აწყობილი. ამბობდნენ, დიდი ანგარიშით წაგებას 0:1 მარცხი სჯობიაო.

ამ მიდგომით ნაკრები თამაშამდე წაგებისთვის იყო განწირული და საბოლოოდ, მივიღეთ დღევანდელი შედეგი.

ახალი მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე კარგი ფეხბურთელი იყო და საკმაოდ ძლიერი სპეციალისტებისა და ფეხბურთელების გარემოცვაში უთამაშია. პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, მას გუნდში დისციპლინის დამყარებაც არ გაუჭირდება. ადვილად ასაგდებიც არაა, რისი მცდელობაც ფეხბურთელებს ყოველთვის აქვთ.

კახას გარკვეული გამოცდილებაც გააჩნია და დარწმუნებული ვარ, მისი ნაკრები შეეცდება, უფრო ლაღი და შემოქმედებითი ფეხბურთი ითამაშოს, შესაბამისად, მწვრთნელიც ასეთი სტილის მოთამაშეებს დააწინაურებს.

მაგრამ ნუ ვიქნებით ეიფორიაში - ცხადაძეს 3-4 წელი მაინც დასჭირდება, საშუალო დონის კონკურენტუნარიანი ნაკრები რომ ჩამოაყალიბოს. ესეც იმ შემთხვევაში, თუ სწორად იქნება დაგეგმილი და განხორციელებული გუნდის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესი.

არეული ცხოვრება და ფსიქიკა
- საქართველოში დიდი უბედურებები დატრიალდა, დროებით დაკარგულია აფხაზეთი და სამაჩაბლო. ეკონომიკურად და სულიერად გაღატაკდა ქვეყანა და შესაბამისად - ჩვენი ფეხბურთიც. ამას მოთამაშეთა მასობრივი გადინებაც მოჰყვა. იქამდეც მივედით, რომ ეს გუნდებისთვის პრესტიჟულ საქმედაც გადაიქცა, ტრანსფერი კი - ჩვენი საფეხბურთო ბიზნესის ერთადერთ ღირებულებად.

საშინელებაა, რომ ფეხბურთელთა გაყიდვაში, აქტიურად მონაწილეობენ მათი მწვრთნელებიც, რაც ეთიკის ნორმებით ეკრძალებათ. 500-ზე მეტი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი უცხოეთშია გადახვეწილი, ძირითადად - არასაფეხბურთო ქვეყნებში. მათგან რეგულარულად და მაღალ დონეზე კი 10-15 თუ თამაშობს.

ასეთ ვითარებაში, საქართველოში დარჩენილთა კლასის ამაღლება გამორიცხულია. ფეხბურთის ფედერაციას კი ერთჯერადი ღონისძიებები - გუნდების რაოდენობის გაზრდა ან შემცირება, კლუბებისთვის 200 ათასი ლარის სახელფასო დავალიანების დასაფარად დარიგება (რაც შინაარსით უპრეცედენტო ფაქტია), სავალალო მდგომარეობას არსებითად ვერ შეცვლის.

საბოლოოდ, მივიღეთ ჩემპიონატი, სადაც, უმთავრესად, ვეტერანები და ჭაბუკები თამაშობენ და ეს უკანასკნელებიც გაქცევაზე არიან. უმრავლესობის სატრანსფერო ღირებულება 50 ათას ევროს ძლივს აღწევს და რომელ დონეზეა ლაპარაკი? სრულიად უსისტემო, ძმაკაცურ ურთიერთობებზე აგებულ სატრანსფერო პოლიტიკას და უცხოეთში სკამების ხეხვას პირდაპირი კავშირი აქვს მოთამაშეთა, გუნდებისა და, შესაბამისად, ნაკრებების სათამაშო ხარისხთან.

დავაბრუნოთ უთამაშებლები
- ცნობილია, რომ 30 ვარჯიშიც ვერ შეცვლის ერთი თამაშით მიღებულ ეფექტს. უცხოეთში 18-19 წლის ბიჭების წაყვანისას, აუცილებლად გასათვალისწინებელია მათი სულიერი ღერძის - ფსიქიკის მდგომარეობაც. მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ჩვენს ხალხს სწორედაც ფსიქიკა აქვს დარღვეული.

საზღვარგარეთ, უცხო გარემოში და, მით უფრო, უთამაშებლებს, სულიერი ღერძი საერთოდ ერღვევათ. ვეღარ უძლებენ ცხოვრების ზეწოლას, პრობლემების გადალახვა უძნელდებათ და რომელ დაოსტატებაზეა ლაპარაკი? ამიტომაცაა, უცხოეთში კლასი ორიოდე ფეხბურთელმა რომ აიმაღლა. ქართულ ფეხბურთს სწორედ ეს გარემოებები ანგრევს.

ლოგიკურად, იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ უნდა შევძლოთ იმ ფეხბურთელთა დაბრუნება, რომელთაც უცხოეთში თამაში არ უწევთ და სათადარიგოები არიან. პარალელურად, უნდა შევძლოთ 18-19 წლის ბიჭების შენარჩუნებაც. უცხოეთში გასვლის უფლება მხოლოდ 22-23 წლის ასაკში და მხოლოდ ისეთებს უნდა მიეცეთ, რომელთა ტრანსფერის ღირებულებაც მილიონ ევროს მიაღწევს. ასეთ შემთხვევაში, 3-4 წელიწადში საქართველოს ჩემპიონატი და ნაკრები აუცილებლად მიაღწევს საშუალო დონეს.

მაგრამ ამის მოწესრიგება ხვეწნა-მუდარითა და ძალით ვერ გამოვა, ფინანსებია საჭირო. საამისოდ, უპირველესად, ხელისუფლებამ უნდა გაიგოს - ფეხბურთი მხოლოდ ბურთის გორება კი არა, დიდი სოციალური მოვლენა და მსოფლიო ელემენტია და მასზე ზრუნვა სახელმწიფოებრივი ღირსებულების საქმედ გამოაცხადოს. ეს ჩვენი მეზობლების უმრავლესობამ უკვე კარგად გააცნობიერა და შედეგიც მიიღეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გადახვეწილებზე როცა ვლაპარაკობთ, ისიც უნდა ვთქვათ, რო აქაურ პირობებზეც ბევრი ითამაშებდა, მაგრამ ზედ არ შეხედა არავინ. ვერც ერკვევიან და არც აინტერესებთ
აუტო
21:38 22-01-2015
0
ცხადაზე კეცბაიაზე მაგრად აპრენს რომ იცოდეტ
vini
23:47 17-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული