ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

კახა ცხადაძე თანახმაა, საქართველოს ნაკრებში უხელფასოდ იმუშაოს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმწვრთნელობაზე ერთ-ერთი რეალური კანდიდატი კახა ცხადაძეა. ის თანახმაა, უახლოეს ორ ევროშესარჩევ მატჩში, ყოველგვარი ფინანსური ინტერესის გარეშე, უხელმძღვანელოს ეროვნულ გუნდს.

საქართველო 29 მარტს გერმანიას მასპინძლობს, 13 ივნისს კი სტუმრად პოლონეთს ეთამაშება.

ცხადია, ამის პარალელურად, ცხადაძე იმუშავებს აზერბაიჯანულ "ინტერშიც". კლუბთან მას მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს.

ამასობაში, სეზონი დამთავრდება და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შეფობას შეუძლია, ცხადაძესთან ერთად მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილოს.

ვერაფერს იტყვი, ცხადაძის მხრიდან ეს სოლიდური და პატრიოტული ჟესტია. არც გვიკვირს - საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს
ეროვნული გუნდის დაარსების დღიდანვე უკეთებია კარგი საქმეები ქვეყნის უპირველესი გუნდისთვის.

ფეხბურთის ფედერაცია კი სიახლეებს მომავალი კვირიდან გვპირდება:

"კახა ცხადაძესთან შეხვედრა არ ყოფილა. მხოლოდ მაშინ ვნახეთ ერთმანეთი, როცა საქართველოსა და პოლონეთის ნაკრებთა მატჩზე იყო ჩამოსული.

როგორც დაგპირდით, ამ დღეებში გვექნება გარკვეული სიახლეები", - გვითხრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ, რომელსაც გუშინ შევეხმიანეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ