საქართველოს ნაკრები: მეშვიდე უცხოელი მწვრთნელით მეშვიდე ცაზე?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები უმწვრთნელოდაა. არავინ იცის, როდის მოეღება ბოლო მოლოდინს, თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, ახალი დამრიგებელი და ფეხბურთის ფედერაცია ხელშეკრულებას წლის ბოლომდე გააფორმებენ.

უფლება არ გვაქვს, არ ვერწმუნოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ დირექტორს არჩილ არველაძეს. მან გვითხრა, რომ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე განიხილება როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტების კანდიდატურები.

ცოდვა გამხელილი სჯობს და, ნაკლებად გვჯერა, რომ შექმნილ ვითარებაში საქართველოს ნაკრებს უცხოელი დამოძღვრავს, თუმცა თემა თავისთავად აქტუალურია და იმად კი ღირს, რომ ერთი წერილი ამასაც მიეძღვნას.

მართალია, უცხოელი მწვრთნელის
იდეა ჩვენში თითქოს საბოლოოდ გაკოტრდა, თუმცა გამორიცხვით ჯერ მაინც ნურაფერს გამოვრიცხავთ. ის ვთქვათ, სად არიან საქართველოს პირველი გუნდის ყოფილი უცხოელი დამრიგებლები, რადგან, როცა ახალ მწვრთნელზე მიდგება საქმე, ძალაუნებურად პირველად მათ იხსენებ...

ყოფილები
იოჰან ბოსკამპი (1999) - საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველი უცხოელი მწვრთნელი. მისი შეფობით საქართველომ რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა, თუმცა ბოსკამპი უფრო სხვა რამით დაგვამახსოვრდა. წავიდა და დაგვიტოვა უკვდავი ფრაზა - "ჯორჯიან მენტალიტეტ დებილ".

ბოსკამპმა საქართველოს ნაკრების შემდეგ რამდენიმე გუნდი გაწვრთნა. 2009 წელს ის "ბევერენში" მუშაობდა და მას შემდეგ სამწვრთნელო ასპარეზე აღარ გამოჩენილა. ბოსკამპის დაბრუნება საქართველოს ნაკრებში გამორიცხულია.

ივო შუშაკი (2003) - ხორვატმა საქართველოში კარგი სახელი და დიდი სიყვარული დატოვა. მისი მეთაურობით გამოიჭედა საქართველოს ნაკრების ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება რუსეთთან. შუშაკი ბოლოს, 2013 წელს, ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებს ხელმძღვანელობდა. წესით, ის სიამოვნებით უნდა დაბრუნდეს საქართველოში.

ალენ ჟირესი (2004-05) - ფრანგული ფეხბურთის ვარსკვლავს დიდი შედეგები არ ჰქონია ჩვენში, თუმცა ნაკრების რიგ მატჩებში პროგრესი შესამჩნევი იყო. ბოსკამპის არ იყოს, ამ ეტაპზე საქართველოში ჟირესის დაბრუნებაც გამორიცხული გვგონია, რადგან ის წარმატებით მუშაობს სენეგალის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

კლაუს ტოპმიოლერი (2006-08) - ბევრის აზრით, საქართველოს ნაკრები სწორედ ტოპმიოლერის ხელმძღვანელობით თამაშობდა ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს (ამ მოსაზრებას წერილის ავტორიც იზიარებს). ტოპმიოლერმა ერთხელაც ვერ შეკრიბა საქართველოს ნაკრებში ოპტიმალური თერთმეტეული და იღბალმაც არაერთხელ უგანა. აქედან წასვლის შემდეგ ის მწვრთნელობას შეეშვა და მეღვინეობით იქცევს თავს. ქართულ სანაკრებო ფერხულში მისი დაბრუნების იდეა თითქოს მიმზიდველად მოსჩანს, თუმცა ვეჭვობთ, 63 წლის ჰერ კლაუსმა ტკბილი გერმანული ცხოვრება ქართულ დავიდარაბაზე გაცვალოს.

პეტარ სეგრტი (2008) - სეგრტმა მხოლოდ ორ მატჩში უხელმძღვანელა საქართველოს ნაკრებს, ახლა კი ბოსნიური "ზვეზდას" დამრიგებელია. ამ კაცზე ლაპარაკით თავს არ შეგაწყენთ.

ექტორ კუპერი (2008-09) - ჩვენებურ რეალობას ალღო ვერ აუღო და საქართველოს გაწვრთნის შემდეგ მისი დიდებული (თან უიღბლოც) სამწვრთნელო კარიერა დაღმართში დაეშვა. 59 წლის არგენტინელის დაბრუნება ჩვენს ქვეყანაში გამორიცხულია.

როგორი უცხოელი გვჭირდება?
ეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უკეთ იციან. ჩვენ მხოლოდ აზრის გამოთქმა შეგვიძლია. თუ არჩევანი "ლეგიონერ" მწვრთნელზე შეჩერდება, უპრიანია, ის ახალგაზრდა და ტიტულებს, გამარჯვებებს მოწყურებული იყოს.

ამასთან ერთად, სასიცოცხლოდ აუცილებლად მიგვაჩნია ის, რომ ეროვნული გუნდის გარდა, ყველა ასაკობრივმა ნაკრებმა ერთი სისტემით ითამაშოს და ყველა ნაკრები განვითარების ერთ სისტემაში მოექცეს.

და კიდევ - საქართველოს ნაკრების ახალი უცხოელი მესაჭის შერჩევისას ფეხბურთის ფედერაციას აუცილებლად მოუწევს დღეს ქართულ ფეხბურთში არსებული რეალობის გათვალისწინება. ვგულისხმობთ იმას, რომ ნაკრების თავკაცის ჯამაგირი ვერაფრით იქნება ისეთი მაღალი, როგორც აქამდე ხდებოდა უცხოელი მწვრთნელების ჩამოყვანის შემთხვევაში.

აუცილებელი პირობა
როგორც ზემოთ დავწერეთ, მწვრთნელის შერჩევა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეროგატივაა. სამაგიეროდ, როგორც ქართველი, ისე უცხოელი მწვრთნელის შემთხვევაში, ქართულ მედიას ერთი პირობა აქვს და ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში გულშემატკივართა უმრავლესობაც ჩვენნაირად ფიქრობს (ძალიან ბევრთან მისაუბრია ამ თემაზე და იმიტომ ვამბობ).

ალბათ მიხვდით, რასაც ვგულისხმობთ - ვინც უნდა იყოს ეროვნული გუნდის მომავალი თავკაცი, ის აუცილებლად საქართველოში უნდა ცხოვრობდეს და თვალს ადევნებდეს ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს უშუალოდ ტრიბუნებიდან.

თემურ ქეცბაიას საქართველოს პირველობის მატჩებზე იშვიათად ვხედავდით. ვერავინ იტყვის, რომ ჩვენს ჩემპიონატში სანაკრებოდ ვარგისი მოთამაშეები თავზე საყრელად არიან, თუმცა შერჩევა მაინც შეიძლება.

როგორც იტყვიან, აღდგომა და ხვალეო - ვნახოთ, აღმოვჩნდებით თუ არა მეშვიდე უცხოელი მწვრთნელით მეშვიდე ცაზე?..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
Shota moiyvanet sakartvelos mcvrtnelad
Giorgi kopaliani
09:05 07-11-2020
0
აველაძებიი მოსცილდნენ ქართულ ფეხბურთს , და ეშველება
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული