გია ცეცაძე: საქართველოს ნაკრები? ისეთ ჯარისკაცს რა ვუთხარი, ომის რომ ეშინია

AutoSharing Option
ეროვნული ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელზე ფეხბურთის ფედერაციას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. ცხადია, ფეხბურთის ფედერაციას დიდი თავსატეხი გაუჩნდა, რადგან ამ ვითარებაში ნაკრებში მისვლა ბეწვის ხიდზე გავლას ნიშნავს.

სასურველი კანდიდატურების გამოსავლენად სოციალურ ქსელებსა თუ ინტერნეტ-პორტალებზე გამოკითხვები ტარდება - ვის ისურვებდით საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად? კანდიდატებში დასახელებულები არიან გია გეგუჩაძე, გიორგი დევდარიანი, შოთა არველაძე, კახა ცხადაძე, ალექსანდრე ჩივაძე, ვასილ მაისურაძე და გია ცეცაძე. გულშემატკივართა სიმპათიებიც მეტ-ნაკლებად გამოიკვეთა.

სასურველი კანდიდატებიდან ერთ-ერთი გია ცეცაძეცაა - მწვრთნელი, რომელმაც უიმედო მდგომარეობაში მყოფი გორის "დილა" ლიდერების რისხვად
აქცია, შემდეგ კი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.

"ლელომ" ცეცაძესთან ინტერვიუ ჩაწერა...

- ახლა ნაკრების მწვრთნელად მოსვლა დიდი რისკია. გამოიკვეთა, რომ ამ პასუხისმგებლობას თავს არიდებენ კიდეც. თქვენ რომ ნაკრების გაწვრთნა შემოგთავაზონ, დათანხმდებით?
- ისეთ ჯარისკაცს რა ვუთხარი, გენერლობაზე რომ არ ოცნებობს და ომის ეშინია. ახლა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელობა მართლაც წაგებულ ომში ჩართვას ნიშნავს. მაგრამ შენს ქვეყანას რომ უჭირს და შველა სჭირდება? მწვრთნელობაზე ჩემთან სიტყვაც არავის დაუძრავს, მაგრამ პირდაპირ უარს არ ვიტყოდი.

- სხვა სასურველ კანდიდატებად ვის დაასახელებდით?
- ნიჭიერი მწვრთნელები მოდიან, მაგრამ არ დავკონკრეტდები, უხერხულია. აქვე ვიტყვი, რომ უცხოელ მწვრთნელს კატეგორიულად არ ვისურვებდი.

- რატომ? ქართველებმა მეტი ვიცით?
- ეს არ მიგულისხმია. უცხოელებს კვალიფიკაცია როგორ უნდა დავუწუნო, მაგრამ სანამ აქაურობას ალღოს აუღებენ, ციკლი დასრულდება. დროს ჩვენც ვკარგავთ და ისინიც. ამიტომ მათ ჩამოყვანას აზრი არ აქვს. ეს პრინციპული საკითხია. მათ აქაური სპეციფიკა კარგად არც იციან, ნაკრების დამრიგებლისთვის კი ამ დეტალების ცოდნა ჰაერივით საჭიროა.

ისე, უცხოელს ვერც ჩამოვიყვანთ, რადგან ახლა მწვრთნელს დიდ ხელფასს საქართველო ვეღარ გადაუხდის.

- ჩვენ გვყავს კი სანაკრებო დონისთვის სასურველი კვალიფიკაციის მწვრთნელები?
- პირადად მე ამაში 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული. ახლა ნაკრები უნდა ჩაიბაროს კაცმა, ვინც პერსპექტივაზე გათვლით იმუშავებს. მაგრამ სულაც არ ვგულისხმობ ნაკრებში 15-16 წლის ბავშვების შეყრას და ვეტერანებზე უარის თქმას. პირიქით, გუნდს ორივე სჭირდება და ამით ერთმანეთს და გუნდს გააძლიერებენ. მე ნიჭიერი თაობების ეროვნულ გუნდთან ნელ-ნელა შერწყმის მომხრე ვარ.

- პოტენციალს ნაკრებსა და ჩვენს ფეხბურთშიც ხედავთ?
- რა თქმა უნდა, ვხედავ. ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავალთ, მაგრამ ვხედავ იმ გუნდის კონტურებს, რომელიც ბრძოლისუნარიანიც იქნება და გულშემატკივარს უკეთეს ფეხბურთს შესთავაზებს. ძველსა და ახალ თაობაში არიან მოთამაშეები, რომელთა ბაზაზეც შეიძლება გუნდის ჩამოყალიბება.

ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ არაფრის მაქნისი მოთამაშეები გვყავს. ეს ვითარების მეტისმეტად გამრუდებული ხედვაა.

- ბოლო წლებში ნაკრები ისე თამაშობს, მისი პერსპექტივის ცოტას თუ სჯერა...
- მესმის, მაგრამ ჩვენ ყურადღება დეტალებს უნდა მივაქციოთ. პოლონეთთან პირველ ტაიმში გამოჩნდა, რომ თამაში შეგვიძლია, თუ ფეხბურთელები თამამად უტევენ.

ავიღოთ თავად პოლონეთის მაგალითი. გერმანია მსოფლიოს ჩემპიონია და მაინც დამსახურებულად აჯობა. ან მალტამ გასვლაზე ბულგარეთთან ფრედ როგორ ითამაშა? რანაირად გახდა 320-ათასიანი ისლანდია ჰოლანდიის, თურქეთისა და ჩეხეთის ჯგუფში ლიდერი? ფარერის კუნძულებზე 49 ათასი კაცი ცხოვრობს, ნაკლები, ვიდრე ცალკე აღებული გლდანსა და მუხიანში და საბერძნეთს გასვლაზე მოუგო. ანუ, ერთი შეხედვით, სუსტებს ძლიერებთან მოგების შანსი აქვთ. ასეთი ფაქტები შემთხვევით არ ხდება, ამაში არის ლოგიკა.

- თქვენ ამ რესურსს რაში ხედავთ?
- ისევ არსებულ ფეხბურთელებსა და მათ ფსიქოლოგიაში. გერმანიასთან მოგება ძალიან ძნელია, მაგრამ ვინმე იტყვის, რომ ირლანდიასთან, შოტლანდიასთან და პოლონეთთან აუცილებლად უნდა წაგვეგო და მოგების შანსი არ გვქონდა?

მე რესურსს ყოველთვის მოთამაშეებში ვეძებ. ასე ვიყავი გორის "დილაში", რომელიც ლიდერებთანაც არაფერს თმობდა. არადა, მათი მსგავსი შემადგენლობა ნამდვილად არ გვყავდა. ასევე იყო 19-წლამდელთა ნაკრებში, როცა ინგლისი, ბელგია და შოტლანდია ჯგუფში ჩავტოვეთ და ევროპის ჩემპიონატზე გავედით. რა, ჩვენი მოთამაშეები მეტოქეთა ფეხბურთელებზე უკეთეს გუნდებსა და პირობებში ვარჯიშობდნენ?

- ანუ აქცენტი სულისკვეთებაზეა გადასატანი?
- დიახ, ჩემი აზრით, ეს გამართლებული იქნება. ნაკრებში ბევრი რამის გამოსწორება შეიძლება. შემართება, ბრძოლისუნარიანობა და პლუს, თამაშის სწორი დაგეგმვა ყოველთვის ჭრის და ამ ნიუანსების გამოყენება შესაძლებელია.

ფეხბურთში ბევრს ნიშნავს სულისკვეთება, ბრძოლისუნარიანობა და სწორი სტრატეგია. თუ ამ კომპონენტებიდან რომელიმე დააკლდება, გუნდი ვერ მოიგებს. მაგრამ არის მომენტები, როცა სულისკვეთება და ბრძოლისუნარიანობა სტრატეგიაზე მნიშვნელოვანია. გუნდში კი ძალიან ბევრს ნიშნავს ერთმანეთის სიყვარული და ნდობა. ვიღაცას ეს სიტყვები პათეტიკურად მოეჩვენება, მაგრამ რეალურად მართლაც ასეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
გია საინტერესო კანდიდატურაა.
1976-1981
13:50 21-11-2014
0
ნაკრაბში, ისევე უნდა მიეცეს შანსი მრწვრთნელებს, როგორც ეს ხდება ახალგაზდა ფეხბურთელების შემთხვევაში. საქართველოს ნამდვილად ჰყავს იმდენი კარგი ფეხბურთელი, რომ გააკეთოს ისეთი ნაკრები, რომელიც ყველა თამაშს ვერ მოიგებ, მაგრამ არც ყველას წააგებს.
gizog
11:12 21-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული