საქართველო-პოლონეთი 0:4 - ნახვამდის ევროპავ, ნახვამდის თემურ! [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში მეოთხე შეხვედრა პოლონეთის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 0:4 დამარცხდა.

ამ წაგებით, ფაქტობრივად, საბოლოოდ დავემშვიდობეთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ოცნებას და... ნაკრების მთავარ მწვრთნელს - თემურ ქეცბაიას, რომლისთვისაც ეს ბოლო მატჩი იყო ეროვნული გუნდის მესაჭის რანგში.

ეროვნულ სტადიონზე შეხვედრა სტუმართა მცირე უპირატესობით კი დაიწყო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არც საქართველოს ნაკრები ჩამდგარა თავიდანვე "ყრუ" დაცვაში და პირველი ტაიმში ანგარიშის გახსნის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა.

გატანა კი ჯერ პოლონელებს შეეძლოთ -
მე-17 წუთზე ბურთი ზედიზედ ორჯერ მოხვდა გიორგი ლორიას კარის ძელს. ჯერ არკადიუშ მილიკი ურტყამდა, შემდეგ კი კამილ გროშიცკი. ამ უკანასკნელს თავის გამოჩენის შანსი ათიოდ წუთში ისევ ჰქონდა, თუმცა ამჯერად ლორიამ იყოჩაღა. 

თემურ ქეცბაიას შეგირდებს გატანის რეალური შანსი 41-ე წუთზე მიეცათ. მოედნის სიღრმიდან შესრულებულ საჯარიმოს პოლონელთა კარის სიახლოვეს არეულობა მოჰყვა, საბოლოო დარტყმა კი ვარდნაში სანდრო კობახიძემ შეასრულა. ვოიცეხ შჩენსნის კარს ახლო მანძილიდან ძლიერად დარტყმული ბურთი მცირე მანძილით ასცდა.

სრულიად განსხვავებული სურათი ვნახეთ მატჩის მეორე ნახევარში. გოლების აღწერას არ შევუდგებით, სათქმელია ის, რომ ქეცბაიას გუნდი 51-ე წუთზე, კუთხურიდან მოწოდების შემდეგ კამილ გლიკის მიერ გატანილმა გოლმა აირია. შემდეგ იყო კიდევ ერთი სტანდარტული, რომელიც გჟეგორ კრიხოვიაკმა (71 წუთი) თავურით დააგვირგვინა. აქედან 2 წუთში უკვე სებასტიან მილამ საჯარიმოს გარედან დალაშქრა ლორიას კარი. საბოლოო წერტილი კი კომპენსირებული დროში არკადიუშ მილიკმა დასვა.

არსებითად ვერაფერი შეცვალა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის შეცვლებმა - ვერც თორნიკე ოქრიაშვილმა, ვერც გიორგი ჭანტურიამ და ნიკა ძალამიძემ ქეცბაიას "გაცილების" მატჩი ვეღარ "გადაურჩინეს".
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: გიორგი ლორია, უჩა ლობჟანიძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია, გია გრიგალავა, აკაკი ხუბუტია, ჯაბა კანკავა (კ), ბუბა დაუშვილი, ჯანო ანანიძე (59, თორნიკე ოქრიაშვილი), სანდრო კობახიძე (88, ნიკა ძალამიძე), ლევან მჭედლიძე (68, გიორგი ჭანტურია).

ოთხი ტურის შემდეგ D ჯგუფს 10 ქულით პოლონეთი ლიდერობს. 7-7 ქულა აქვთ გერმანიას, შოტლანდიასა და ირლანდიას. 3 ქულით მეხუთე პოზიციაზეა მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩენილი საქართველოს ნაკრები, ცხრილის ფსკერზე კი გიბრალტარია - ნული ქულით.

ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 2015 წელს 12 მარტს, "დინამო არენაზე", გერმანიასთან გამართავს.

ევრო 2016. შესარჩევი ციკლი. D ჯგუფი
14.11.14. თბილისი. დინამო არენა. 30 000 მაყურებელი
საქართველო-პოლონეთი 0:4
გოლები: 0:1 გლიკი (51), 0:2 კრიხოვიაკი (71), 0:3 მილა (73), 0:4 მილიკი (90)
საქართველო (4-3-2-1): ლორია - ლობჟანიძე, ს. კვირკველია, გრიგალავა - დაუშვილი, კანკავა, კაშია - კობახიძე (88. ძალამიძე), ანანიძე (59. ოქრიაშვილი) - მჭედლიძე (68. ჭანტურია).
სათადარიგოები: კვასხვაძე, მიგინეიშვილი, დვალი, კაკუბავა, მერებაშვილი, პაპავა, პაპუნაშვილი, ცინცაძე.
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
პოლონეთი (4-3-2-1): შჩესნი - პიშჩეკი, გლიკი, შუკალა, იედრჟეიჩიკი - მაჩინსკი (65. იედლოვეცი), კრიხოვიაკი, მილიკი - მილა (87. ლინეტი), გროსიცკი (69. რიბუსი) - ლევანდოვსკი.
სათადარიგოები: ბორუცი, ფაბიანსკი, ბროზი, ციონეკი, კუხარჩიკი, ოლკოვსკი, ტეოდორჩიკი, ზელინსკი, ზირო.
მწვრთნელი: ადამ ნავალკა
გაფრთხილება: ლობჟანიძე (56), იედრჟეიჩიკი (79), იედლოვეცი (83), ლინეტი (90)
არბიტრი: პაოლო ტალიავენტო (იტალია)
მკითხველის კომენტარები / 10 /
ფარერებმა ამ შესარჩევ ტურში "სენსაცია" გამოაცხოო, წერენ.შეიძლება მართლაც სენსაციაა, როცა ნახევრად პროფესიონალური, ნახევრად სამოყვარულო ნაკრები იგებს საბერძნეთთან თამაშს (სტუმრად?), აქ ყველაფერი გარკვეულია. მოკლედ საქართველოში ვერ მოიძებნა 11 ფეხბურთელი, რომელიც 90 წუთის განმავლობაში ითამაშებს ნორმალურად. ქეცბაიაზე გადატყდა ჯოხი? მანამდე რომ 10-ზე მეტი მწვრთნელი გამოიცვალა, ის არაფერია? გლეხი რა თესლითაც დათესავს მოსავალს, ისეთი მოუვა. ქეცბაიასაც რა რესურსიც აქვს იმით ითამაშა. ხვალ სხვა იქნება ნაკრების თავკაცი, მაგრამ მაინც არაფერი შეიცვლება.ლეგენდარული და საქვეყნოდ აღიარებული ფეხბურთელების ქვეყანაში თურმე 90 წუთი ვერ თამაშობენ ფეხბურთს. სირცხვილია ხალხო!!!
moxeve
10:09 16-11-2014
0
რაც ქვეყანაა, ის ფეხბურთი. ერთად თამაშიც კი არ გამოსდით, არა თუ საქმე
მე მაპატიეთ
05:02 16-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული