საქართველო-მოლდოვის შემდეგ: გაორებული გრძნობით... [ნაწილი II]

AutoSharing Option
გაორებული გრძნობით ვტოვებდით კიშინიოვს - ბედნიერები იმით, რომ საქართველოს ნაკრებმა "ქამბექი" შემოგვთავაზა და ორბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ არ წააგო მოლდოვასთან, ხოლო უკმაყოფილოები იმით, რომ მოგება ვერ შევძელით.

გაორებული გრძნობა გვქონდა კიშინიოვთან დაკავშირებითაც. თითქოს ბოლომდე ვერ შევისწავლეთ ის, ვერ ამოვხსენით, მაგრამ რაც ვნახეთ, საინტერესო და დასამახსოვრებელი კი იყო.

დღეს ჩვენს მოლდოვურ შთაბეჭდილებებს მეორე წერილს მივუძღვნით და ამით დავასრულებთ...

იხილეთ დასაწყისი
- საქართველო-მოლდოვის შემდეგ: შედეგი პირდაპირ გვეუბნება... [ნაწილი I]

როგორ მოიკითხეს ლელო...
კიშინიოვში გასამართი მატჩის წინადღეს ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა. იგორ დობროვოლსკის
ნაუბარს ვეღარ ჩავუსწარით, რადგან ამ ძალიან თავისებურმა კაცმა დილით ინება თანამემამულე ჟურნალისტების ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება.

სამაგიეროდ, ვიყავით ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენციაზე, რომლის დასრულების შემდეგაც ჩვენი ნაკრების ვარჯიშს, ქართველ ჟურნალისტებთან ერთად, მოლდოველი კალმოსნებიც დაესწრნენ.

ჩვენი ჟურნალისტური დელეგაციის წევრი, ჩემი უფროსი მეგობარი - გოჩა კაჭარავა მეძახის. ვხედავ, ხანში შესულ იქაურ ჟურნალისტს ესაუბრება. ჩემს დანახვაზე იმ ჟურნალისტს სახე გაებადრა. მითხრა, "ლელოს" საბჭოთა ხანაში ძალიან ხშირად ვკითხულობდი, რამდენიმე ნომერი შინაც მაქვს შენახული და თუ შეგიძლიათ, თქვენი რედაქცია მომიკითხეთო...

რა თქმა უნდა, მის ამ თხოვნას უდიდესი სიამოვნებით ვასრულებ. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ველოდი, თუ ასეთ დროსა და სივრცეში, ათასობით კილომეტრს იქით შეაქებდნენ ჩვენს გაზეთს...

არის თუ არა მოლდოვა საფეხბურთო ქვეყანა?
ალბათ უფრო "არა", ვიდრე "კი", რადგან თამაშის წინადღეს ლამის მთელი კიშინიოვი მოვიარეთ და ქალაქში წინასამატჩო აჟიოტაჟის ნატამალიც არ სუფევდა. ამან ცოტა გაგვაკვირვა, მაგრამ კიდევ უფრო გაგვაკვირვა იმან, რომ თუნდაც მოლდოველთა მთავარი მწვრთნელის მატჩის შემდგომ პრესკონფერენციას მოლდოველ სპორტულ ჟურნალისტთა თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობა დაესწრო...

სამაგიეროდ, ალალი გულით ვისურვებდი, რომ საქართველოში ოთხი-ხუთი ისეთი სტადიონი გვქონოდა, როგორიცაა "ზიმბრუ". ათიათასიანი კოხტა არენა, მშვენიერი მინდვრით... რა თქმა უნდა, ეს არ იქნება იაფი სიამოვნება, მაგრამ არც ისეთი ძვირი იქნება, რომ ვერ გავწვდეთ...

ამ ქვეთავის პირველ წინადადებას ისიც ადასტურებს, რომ თუნდაც სანაკრებო მატჩზე ეს ათიათასიანი სტადიონი ბოლომდე ვერ შეივსო. არადა, მოლდოვასთან საშინაო მატჩში ჩვენი ეროვნული თითქმის სავსე იყო...

ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებთ
თავისებური, ძალიან თავისებური ქალაქია კიშინიოვი. ეს შევამჩნიე ჯერ კიდევ წლების წინ, როცა "ზესტაფონი" ჩემპიონთა ლიგაზე ეთამაშა "დაჩიას" და ახლა ჩემი ეს პირველი შთაბეჭდილება კიდევ უფრო განმტკიცდა.

რაში მდგომარეობს ქალაქის უცნაურობა? თუნდაც იმაში, რომ მის ცენტრალურ ქუჩებში ჯერ კიდევ დადის ტროლეიბუსები და არც მგზავრების ნაკლებობას უჩივიან. თვალში მოგხვდებათ საგაზეთო სტენდების სიმრავლე. დაახლოებით ასეთი სტენდები მახსოვს ჯერ კიდევ ჩემს ღრმა ბავშვობაში, მაშინ, როცა კომუნისტური წყობა ბოლო დღეებს ითვლიდა საქართველოში, ხოლო სტენდებზე გამოფენილი იყო "კომუნისტი", "პრავდა", "იზვესტია"...

კაცმა რომ თქვას, ამაში ცუდი არაფერია - მიდის დაინტერესებული მკითხველი და კითხულობს გაზეთს.

როგორც ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, მოლდოვაშიც ჩანს გაჭირვების კვალი და უპოვართა სიმრავლე. შენობების აბსოლუტური უმრავლესობა კი საბჭოთა ეპოქაშია აშენებული...

ყველაზე მეტად კი ერთმა გარემოებამ გამაკვირვა: სიმწვანეში ჩაფლული კიშინიოვის მცხოვრებნი ქუჩაში ისე დადიან, მათი ხმა საერთოდ არ ისმის. ყველა თითქმის ჩურჩულით ლაპარაკობს. ეს იმდენად შესამჩნევია, აუცილებლად მოგხვდებათ თვალში...

ამ სტრიქონების ავტორს საქართველოშიც კი ხმამაღალ საუბარს უწუნებენ ძალიან ხშირად და ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ვიქნებოდი კიშინიოვში - მართლა გაფაციცებული ვიყავი, ჩემი ხმის ტემბრით დისონანსი არ შემეტანა მოლდოვის დედაქალაქის ჰარმონიულ ყოფაში...

ძველი ამბების გამო
პირველად რომ ვიყავი მოლდოვაში, მაშინ "დაჩიასა" და ახლა მოლდოვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ დობროვოლსკიმ ერთი ამბავი ატეხა: "ზესტაფონთან" წაგება იუკადრისა და იმერეთში ნაწვნევი სირცხვილის შემდეგ თქვა - ცხოვრებაში ერთხელ ჯოხიც კი ისვრისო...

მაშინდელი შთაბეჭდილებების ქვეშ მყოფი მოლდოვაში აგრესიულ დახვედრას ველოდი, მაგრამ არაფერი ამის მსგავსი. ჩვენი მოლდოველი კოლეგები, გულშემატკივრები თუ, უბრალოდ, კიშინიოვის მცხოვრებნი დაუფარავად გამოხატავდნენ კეთილგანწყობას ჩვენ მიმართ.

ის კი არა, თამაშის დაწყებამდე ერთი მოსკოველი რუსი გამოგვეცნაურა - აქ მშენებლობის ბიზნესი მაქვს, კარგ ფულს ვშოულობ და დღეს საქართველოს ნაკრების გამარჯვებაზე გავაკეთე ფსონიო...

რა თქმა უნდა, იმ რუსს ძალიან დასწყვეტდა გულს საქართველოს ნაკრები, ჩვენ კი ცოტათი მართლა დაგვწყდა გული იმის გამო, რომ გულითადი მასპინძლები დავტოვეთ...

ახსოვთ...
კიშინიოვში ყოფნისას, ბუნებრივია, ჩემს არაერთ კოლეგას გამოველაპარაკე. ქართულ ფეხბურთზე რომ მიდგება საქმე, ძალიან ბევრს და აღტაცებით საუბრობენ. იგონებენ ჩვენს ძველ ვარსკვლავებს და... თანამედროვეობაზე ჩერდებიან. პრინციპში, ვერც გაამტყუნებ კაცი...

საქართველოსი არ იყოს, სპორტული მედია ვერც მოლდოვაშია მთლად კარგ დღეში. პრესკონფერენციებზე სულ სამი-ოთხი ჟურნალისტი დადიოდა, გინდა თუ არა, გულის სიღრმეში ის მაინც გაგიხარდება კაცს, ყოფილ "თანამოძმეზე" რაღაცნაირად ამით მაინც რომ დგახარ წინ...

ისე კი, თვალის ერთი გადავლებით, ცხოვრების დონე დაახლოებით ისეთია, როგორიც - ჩვენთან. საფეხბურთო ჩემპიონატის დონეც არ უნდა იყოს ჩვენზე მაღალი და, სანაკრებოს რაც შეეხება, თბილისური და კიშინიოვური ფრეები ბევრს და ნათლად გვიყვება იმ საკამათო პოსტულატის უაზრობაზე, რომლის მიხედვითაც "არიფ მოლდოვას ყველგან უნდა ვუგებდეთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
axalgazdul nakrebzec ikneb dacerot bolo ori tamahis realoba
0
რა გაიკვირვეთ ჩემო ბატონო თითზე ჩამოსათვლელი ჟურნალისტები ესწრებოდნენო, ვაისის პრესკონფერენციას მეტი ესწრებოდა თბილისში? 2მა თუ 3-მა კაცმა რო დაუსვა რაღაც იდიოტური კითხვები და 5 წუთში რო დამთავრდა პრესკონფერენცია? :D :D
avtors
22:21 14-06-2017
0

სიახლეები პოპულარული