ღია წერილი ვლადიმირ ვაისს: ეგებ გამონახოთ 30 წუთი...

AutoSharing Option
"საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, როგორც უცხოელს, ვურჩევ, აქ ჩამოვიდეს და იცხოვროს, შეიგრძნოს აქაურობა და აქაური კულტურა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერანაირ წარმატებას მიაღწევს", - ასეთი პასუხი გასცა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას შარშან რუმინეთთან მოგებული მატჩის შემდეგ.

- მილტონ ჰეიგმა ვლადიმირ ვაისს საქართველოს ნაკრებში წარმატების მიღწევის გზა ასწავლა

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაშინ ახალი დანიშნული იყო და წესით, საქართველოში წარმატებული ახალზელანდიელი მწვრთნელის ეს რჩევა უნდა გაეთვალისწინებინა, თუმცა, როგორც მოგვიანებით
აღმოჩნდა, მან ეს ყურად არ იღო...

გვესმის, რომ ვლადიმირ ვაისს საქართველოში ჩამოსვლას და აქ ცხოვრებას ვერავინ აიძულებს, მაგრამ... თუ არ ჩავთვლით 1-2 გამონაკლისს, ვაისი საქართველოში მხოლოდ სანაკრებო თამაშებზე ჩამოდის. მაშინ, როცა შეკრება იწყება. ნაკლებად სავარაუდოა, ასეთ მცირე დროში (4-5 დღე) მან აქაურობა, აქაური კულტურა, თუ ყბადაღებული მენტალიტეტი შეიგრძნოს.

როგორც ჩანს, ვლადიმირ ვაისს ქართულ მედიასთან კომუნიკაციის პრობლემაც აქვს. ქართველ ჟურნალისტებს თითქმის ყველა პრესკონფერენციაზე გვესმის, რომ ჩვენი ჩართულობა, მხარდაჭერა ნაკრებისთვის აუცილებელია, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, ერთ სერიოზულ (!) პრობლემას ვაწყდებით - ქვეყნის მთავარი ნაკრების მწვრთნელი უკვე ერთი წელია ისეა დაკავებული, რომ 30 წუთითაც კი ვერ იცლის...

ნაკრების მწვრთნელთან ჟურნალისტს კითხვები რომ აქვს, ლოგიკურია, მაგრამ მწვრთნელი დროს რომ ვერ ნახულობს კითხვებზე პასუხის გასაცემად, ცოტა არ იყოს და, საწყენიცაა. თანაც, ყაზახურ კლუბში ყოფნის დროს ვლადიმირ ვაისს ვრცელი ინტერვიუ არაერთი გამოცემისთვის მიუცია. მაშ, აქ რატომ იქცა ეს პრობლემად? რატომ აქვს მას კომუნიკაციის პრობლემა ქართულ მედიასთან?

პრესკონფერენციის ჩატარება მწვრთნელის მოვალეობაა და ის ამ მოვალეობას პირნათლად ასრულებს, მაგრამ 10-წუთიან პრესკონფერენციაზე, რომელსაც ათობით ჟურნალისტი ესწრება, შეუძლებელია მას ყველა ის კითხვა დაუსვა, რომელიც გაქვს.

ფაქტია, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან Sportall.ge ისევე, როგორც თითქმის ყველა სხვა სპორტული გამოცემა, უკვე დიდი ხანია ცდილობს ინტერვიუს ჩაწერას, თუმცა უშედეგოდ - ის ხან საქართველოში არ არის, ხან - დაკავებულია, ხანაც - უგუნებოდაა.

გულსატკენია ის, რომ რუსეთში მყოფი ვლადიმირ ვაისი ჩვენს ნაკრებზე სასაუბროდ ჯერ რუსულ ტელევიზიაში მიდის, შემდეგ კი, იმავე დღეს - რადიოში. რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ე.წ. შიდა სამზარეულოზე ესპანურ მედიასთან საუბრობს და არა - ჩვენთან.

- ვლადიმირ ვაისი: სანამ მწვრთნელი ვარ, ესენი საქართველოს ნაკრებში ვერ ითამაშებენ...

ვაისს ვეთანხმებით იმაში, რომ მედიის ჩართულობა აუცილებელია. ასე იყო გუშინ, ასე არის დღეს და ასე იქნება ხვალაც. მედიას უნდა ჰქონდეს ნაკრებთან ურთიერთობა, მაგრამ ეს ურთიერთობა აუცილებლად უნდა იყოს ორმხრივი!

ასე რომ, ბატონო ვლადიმირ, სცადეთ, იქნებ გამონახოთ ქართველი ჟურნალისტებისთვისაც 30 წუთი და დასმულ კითხვებს უპასუხოთ. გვერწმუნეთ, თქვენთვის ცუდი არ გვსურს. წარუმატებელი შედეგის მიუხედავად, მედიის დიდი ნაწილი ნაკრებში თქვენი დარჩენის მომხრეა. ჩვენ ვაფასებთ თქვენს გაწეულ სამუშაოს, მაგრამ ჩვენც დაგვაფასეთ. გახადეთ ურთიერთობა ორმხრივი, ნაკრების პრობლემებზე ჩვენთანაც ისაუბრეთ...

აქვე ვიტყვით, რომ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მედიისა და ნაკრების მწვრთნელს შორის შუამავალი (ამ შემთხვევაში სფფ-ს პრესსამსახური) არ ასრულებს თავის მოვალეობებს სათანადოდ.

ამის ფიქრის საფუძველს ის გვაძლევს, რომ სერბეთთან მატჩამდე ვლადიმირ ვაისი დაგვთანხმდა ინტერვიუზე, ოღონდ მატჩის შემდეგ გაგცემთ კითხვებზე პასუხებსო, თუმცა... აგერ, მას მერე რა ხანი გავიდა და სფფ-დან მხოლოდ ერთი პასუხი გვესმის - იქნება. მაშ, როდის?! 1 წელზე მეტი გავიდა...

საქართველოს ნაკრებზე ინფორმაციას ჯერ ქართველი გულშემატკივარი უნდა იგებდეს და მერე - რუსი. ინფორმაციას ჩვენი ნაკრების მწვრთნელისგან უნდა ვიგებდეთ და არა უცხოური მედიასაშუალებისგან. გახდით კომუნიკაბელური და ყველაფერი უკეთესად იქნება...
მკითხველის კომენტარები / 27 /
ვაისი უნდა წავიდეს
rezi
11:43 13-06-2017
0
ვაისი კობიაშვილთანაა შეკრული ამიტომ იგი გასაშვებია რაცშეიძლება ჩქარა, მწვრთნელები გვყავს ძალიან მაგრები რომელი ერთი უნდა ჩამოვთვალო ძოძუაშვილი, ცხადაძე ან ქეცბაია, აქედან ერტერთი მაინც უნდა ჩაუდგეს ნაკრებს სათავეში.
guram
11:38 13-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული