სოსო გრიშიკაშვილი: ვაისმა გუნდს ხელი დაატყო და რატომ უნდა წავიდეს?!

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "თელავის" თანადამფუძნებელი და საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე სოსო გრიშიკაშვილი "ლელოს" ლატვიასთან მატჩის შემდეგ ელაპარაკა.

- საქართველო-ლატვია 5:0 - ოქროს კოშკების გარეშე [VIDEO+PHOTO]

თავის დროზე მას უთამაშია ამ ბალტიისპირულ ქვეყანაში და როგორც ამბობს, კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი მაშინ ჰქონდა, როცა "ვენტსპილსს" და პარალელურად ბელარუსის ნაკრებს, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი სერგეი ბოროვსკი წვრთნიდა. 1998 წელს ეს გუნდი ლატვიის ჩემპიონატში მესამე ადგილზე გავიდა, ხოლო გრიშიკაშვილი სეზონის საუკეთესო მეკარედ და ლეგიონერად აღიარეს...

- ლატვიასთან საუკეთესო მოგონებები გაკავშირებთ და იქ ბევრი მეგობარიც გყავთ. თამაშის
შემდეგ სტუმრები თუ ნახეთ?

- ბებელსთან, ასტაფიევსთან და მათ მთავარ მწვრთნელ პაჰარსთან დღემდე ვმეგობრობ. ლატვიაში ჩასული მათთან ერთ დღეს მაინც ვატარებ. იცით, რომ პაჰარსი მთავარი მწვრთნელი გახლდათ, ბებელსი მეკარეებს ავარჯიშებს და თამაშამდე მოვინახულე, რომ თამაშის შემდეგ რესტორანში გვევახშმა. მაგრამ ასეთი ანგარიშის შემდეგ იმდენად ნირწამხდრები იყვნენ, სასტუმროში მისვლას მოვერიდე.

- ლატვიის ნაკრები ჩვენთვის უხერხული მეტოქე იყო, უფრო მეტჯერ მოგვიგო, ვიდრე წააგო და ამის ფონზე ბალტიისპირელების 5:0-ზე დამარცხება დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა.
- სხვათა შორის, სერბების შემდეგ დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ შეხვედრას მოვიგებდით. მესმის, რომ შვეიცარიასთან თამაშის შემდეგ ლატვიელები გადაღლილები იყვნენ, მაგრამ ასეთ შედეგს მაინც ვერ წარმოვიდგენდი.

- საკითხავი ის არის, ლატვია დასუსტდა თუ საქართველომ გამოავლინა თავისი პოტენციალი?
- მე მგონია, რომ მეორე უფრო იყო და საქართველომ თავისი პოტენციალი გამოავლინა, ალბათ, ბოლო წლებში - პირველად. ლატვიელებმა ერთადერთი მომენტი მხოლოდ 0:3-ზე შექმნეს. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს და ძალიან მიხარია.

- 28 მარტს ბევრმა ახალმა ფეხბურთელმა ითამაშა. მათზე რას იტყვით?
- ძალიან მომეწონა მაკარიძე. მართალია, მას ცოტა საქმე ჰქონდა, მაგრამ თუ დააკვირდით, აუღელვებელიც იყო და, რაც მთავარია, კონცენტრირებული, ეს კი მეკარისთვის ბევრს ნიშნავს - ფეხითაც კარგად ითამაშა და გამოსვლებზეც. ცუდი მეკარე რომ იყოს, პორტუგალიაში ქართველს ვინ დატოვებდა?

საერთოდ, ჩვენ კარგი მეკარეები გვყავს, რასაც მათ მიმართ ნდობაც განაპირობებს - ლორია, რევიშვილი, კვასხვაძე, მაკარიძე - ნებისმიერ მათგანს ანდობ კარს.

კარგი და დამაჯერებელი იყო ხოჭოლავა. არაბიძე კარიერას ახლა იწყებს და სამუშაო ბევრი აქვს, მაგრამ ნიჭიერია და ვგულშემატკივრობ. გვილია ნაკრებისთვის დიდი შენაძენია და დარწმუნებული ვარ, მალე კიდევ უფრო გაიხსნება. კაჭარავამ სერბეთთან თავისი შესაძლებლობები გამოავლინა და მგონია, რომ ნაკრებს გამოადგება.

ლატვიასთან ძალიან კარგად გამოჩნდა ქვილითაიაც, მალე მჭედლიძე დაგვიბრუნდება და მათ შორის კონკურენცია ნაკრებს გააძლიერებს. მთავარია, ახალგაზრდებმა ძალიან ბევრი იშრომონ, ძალიან მოინდომონ და შედეგიც აუცილებლად მოვა... მაგრამ ნავალოვსკისა და გამოცდილ ფეხბურთელებზეც რომ არ ვთქვა, არ შემიძლია...

- საინტერესოა...
- ასეთი გულიანი და მეომარი ფეხბურთელი ძალიან გვჭირდება. თამაშის დროს ისეთი მებრძოლი გამომეტყველება აქვს, შეუძლებელია, ეს განწყობა სხვებს არ გადაედოს. კვეკვესკირი, "დინამოში" რომ ვიყავი, მაშინ მოიყვანეს და პირველივე დღიდან ძალიან მომწონდა. ის იტალიელი, გერმანელი, ინგლისელი ან ესპანელი რომ ყოფილიყო, აზერბაიჯანში კი არ ითამაშებდა, რომელიმე ცნობილ კლუბში იქნებოდა.

მაგრამ მენეჯერი ვარ და ვიცი, რომ ევროპაში ქართველის გაყვანა ძნელია. ბევრი ნიჭიერი მოთამაშე გვყავს, რომელთაც ჯერ ეროვნულ ნაკრებში არ უთამაშიათ და კლუბებს რომ ველაპარაკებით მათზე, იცით, რას ამბობენ?

- დაახლოებით ვხვდები...
- ისედაც სუსტი ნაკრები გყავთ და მანდაც რომ ვერ ხვდება, რა ფეხბურთელი უნდა იყოსო?!

- ლოგიკური დასკვნაა...
- მესმის, მაგრამ მოდით, მეორე მხრიდანაც შევხედოთ საკითხს - ნაკრების დონეზე ისიც მოქმედებს, ჩვენი ტალანტები ევროპაში მასობრივად ვერ მიგვყავს. კვეკვესკირს გვერდში ისევ ზაურ სვანაძე დაუდგა, რადგან ჩვენიანია და მისი პოტენციალი იცოდა. ლატვია კი ევროკავშირის წევრია, მათ ფეხბურთელებს შრომითი ვიზის პრობლემა არ ექმნებათ და ნებისმიერ ქვეყანაში იოლად მიდიან. არადა, თამაშის შემხედვარე ვერ იტყოდი, რომ ძლიერი მოთამაშეები ჰყავდათ.

ყველაზე მეტად ის გამიკვირდა, რომ ლატვიელები ფიზიკურად ყოველთვის გვჯობდნენ და ახლა ამაშიც დავჩაგრეთ.

- სერბეთის შემდეგ ვაისმა გუნდიდან წასვლის შესაძლებლობა ახსენა...
- მესმის, რომ წაგების შემდეგ ემოციები ჭარბობს, მაგრამ ვერ გავიგე, ეს რატომ თქვა?! გულზე ხელი დავიდოთ - სერბეთის ნაკრები ჩვენზე ორი თავით მაღლა დგას, ძალა კი აღმართს ხნავს. გადავხედოთ მათ შემადგენლობას, რა მოთამაშეები ჰყავთ - ასეთ გუნდს პირველ ტაიმში მაინც ვაჯობეთ და ბევრი მომენტი შევუქმენით. ანუ ჩვენმა ნაკრებმა პოტენციალი ამ 45 წუთში მაინც გამოავლინა.

- საქართველო-სერბეთი 1:3 - უყურებ და გეშინია [VIDEO]

იმის თქმა მსურს, რომ ვაისი გუნდს აყალიბებს და მე თუ მკითხავთ, ციკლის დასრულებამდე მისი წასვლა დიდი შეცდომა იქნება. თუ ხარისხი არ გამოსწორდება, ამაზე დაფიქრება მერე შეიძლება. მაგრამ ბოლოს როდის გავიტანეთ 5 გოლი და ჩვენი ნაკრების ასეთი შემტევი ფეხბურთი როდის ვნახეთ?

- საერთოდ, საქართველო მწვრთნელის შეცვლებში შეიძლება რეკორდსმენიც იყოს...
- ყოველ ერთ წელიწადში მწვრთნელის შეცვლა არც გუნდს წაადგება და არც ქართული ფეხბურთის სახელს. წლების წინ ჩვენი წარუმატებლობის მიზეზი ესეც იყო. ვიწყებდით გუნდის მშენებლობას, რაც რთული პროცესია და ამ დროს გუნდის წარუმატებლობაც ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ მოთმინება არ გვყოფნიდა და შენებაზე შუა გზაში უარს ვამბობდით.

ასე ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ნაკრებიც ვერ მოღონიერდება. მე ცხადაძის მუშაობითაც დაიმედებული ვიყავი და არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ მისი წასვლა არ გამიხარდა. ვაისს მაინც ვაცალოთ მუშაობა, რადგან ეს კლუბი არ არის, ნაკრებია და აქ სხვა სპეციფიკაა, თავისი გემოვნებით ერთ წელიწადში ვერავინ ჩამოაყალიბებს. ამის მიუხედავად, ვაისმა გუნდს ხელი აშკარად დაატყო, ჩვენი ნაკრები უკვე ახერხებს შეტევაში სწრაფად გადასვლას და ამით, ეპიზოდებში, ევროპულ ნაკრებებსა და კლუბებს მახსენებს. ასეთ თამაშზე წლების განმავლობაში ვოცნებობდით და არაფერი გამოგვდიოდა. ეს პროცესი შედეგს აუცილებლად გამოიღებს, მოთმინებას თუ ვიქონიებთ.

გულშემატკივარსაც ვთხოვდი - გინება ადვილია, მაგრამ ამას თანადგომა სჯობია. რომ წააგებენ, მერე უფრო სჭირდებათ ბიჭებს გვერდში დგომა და მოდით, ნუ დავიზარებთ ამას, ნუ გავლანძღავთ სოციალურ ქსელებში და ცხოვრების ხალისს ნუ წავართმევთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ცხადაძემ ვერ დაატყო ხელი ხომ?....:)))
დათო
12:31 27-03-2018
0
ლატვიასთან ვაისის სწორმა სტრატეგიამ შედეგი გამოიღო, მაგრამ ფიზიკურად გადაღლილი არასაფეხბურთო ქვეყნის ნაკრებისთვის ამხანაგური თამაშის მოგება ეიფორიაში ნუ ჩაგაგდებთ... ფიზიკურად მოაძლიერეთ ქართველი ფეხბურთელები და ნებისმიერი საშუალო დონის ნაკრების დამარცხებას შეძლებენ, რადგან ტექნიკურად მართლაც ძლიერები არიან... დაველოდოთ ოფიციალურ თამაშს და ჩვენს ნაკრებს წარმაწება ვუსურვოთ.
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
11:28 04-04-2017
0

სიახლეები პოპულარული