უჩა სოსიაშვილი: არ გვაქვს უფლება, ფეხბურთელი შეცდომის გამო გავწიროთ!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მიერ ჩატარებული ბოლო ორი მატჩის შეფასება ვთხოვეთ უჩა სოსიაშვილს, ვისაც სამწვრთნელო კარიერაში ახლა პაუზა უდგას.

- საქართველო-სერბეთი 1:3 - უყურებ და გეშინია [VIDEO]
- საქართველო-ლატვია 5:0 - ოქროს კოშკების გარეშე [VIDEO+PHOTO]

ახალგაზრდა დამრიგებელმა უკვე მოასწრო საქართველოს ჩემპიონატის მოგება და თავისი ნიშა შექმნა ქართულ ფეხბურთში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სერბეთთან და ლატვიასთან მატჩებში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე ისეთმა ფეხბურთელმა ითამაშა, რომელთაც სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა გუნდში სწორედ სოსიაშვილი წვრთნიდა.

მან საინტერესოდ შეაჯამა ორი სანაკრებო შეხვედრა...

- თავდაპირველად, ზოგადი შეფასება გავაკეთოთ...

- კი ბატონო! დავიწყოთ სერბეთთან მატჩით. ეს ოფიციალური მატჩი იყო და, რა თქმა უნდა, დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვა ჰქონდა. პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ. გავიტანეთ გოლი და შევქმენით ასპროცენტიანი მომენტი. ჩემი აზრით, ეს მომენტი რომ გამოგვეყენებინა, სერბებს ძალიან გაუჭირდებოდათ თამაშის შემობრუნება, მაგრამ ეს ფეხბურთია და შეცდომას უშვებენ არა მხოლოდ მცველები, ცდებიან შემტევებიც...

მეორე ტაიმი, ერთი შეხედვით, ცუდად არ დაგვიწყია, მაგრამ მეტოქემ მაინც შეძლო მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვება. სერბეთის ნაკრები ყველა რგოლში თანაბრადაა დაკომპლექტებული. გარდა ამისა, შესარჩევი ციკლის სპეციფიკიდან გამომდინარე, მათ მხოლოდ მოგება აძლევდათ ხელს და ყველა მოქმედებიდან ჩანდა, რომ მოსაგებად იყვნენ ჩამოსულები. რაც მთავარია, ამ გუნდის თამაშში ძალიან დიდი რესურსი იგრძნობოდა.

რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს ამის აღიარება, თვალებში უნდა შევხედოთ სიმართლეს და ვაღიაროთ: სერბეთთან მატჩი კანონზომიერი შედეგით დასრულდა, წავაგეთ ჩვენზე უკეთეს გუნდთან...

ესეც უნდა ვთქვა - ჩანდა, რომ სერბთა სამწვრთნელო შტაბს ძალიან კარგად ჰყავდა შესწავლილი საქართველოს ნაკრები. მათ იცოდნენ ჩვენი სუსტი და ძლიერი მხარეები, ამიტომაც ბოლომდე დატვირთეს სწორედ ეს სუსტი პოზიციები.

რაც შეეხება ლატვიასთან შეხვედრას, ყოველთვის სასიამოვნოა, როცა შენი ქვეყნის ნაკრები ასეთი ანგარიშით იგებს. თან, წლების განმავლობაში, ლატვია ჩვენთვის უხერხული მოწინააღმდეგე იყო... თუმცა პირადად ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო ლატვიელთა ასეთი სუსტი თამაში. და მაინც, საკითხს ასე შევხედოთ: შენ თამაშობ ისე, როგორც მოწინააღმდეგე გაძლევს საშუალებას.

ლატვიასთან მატჩში ძალიან მომეწონა კვეკვესკირის, გვილიასა და ანანიძის ტრიო. რაც შეეხება ქვილითაიას, ის მაინც ახალია ნაკრებში და პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ ჩინებულად ითამაშა. ძალიან მომეწონა კაჭარავაც სერბეთთან მატჩში...

ჩვენ ბევრს ვწერთ და ვლაპარაკობთ საქართველოს ნაკრების თავდასხმაში არსებულ პრობლემებზე. ჩემი აზრით, აქ უკვე შეიმჩნევა კონკურენცია. არ უნდა დაგვავიწყდეს ლევან მჭედლიძე, ვისაც ძალიან კარგი სეზონი აქვს და რომ არა ტრავმა, დიდ სარგებლობას მოუტანდა საქართველოს ნაკრებს.

- რას იტყოდით ამ ორ შეხვედრაში, მეტწილად კი სერბეთთან მატჩში, ვაისის მიერ არჩეულ ტაქტიკაზე?
- ჩემი მხრიდან, ცოტა რთულია იმაზე საუბარი, რა შესრულდა ვაისის დავალებებიდან და რა - ვერა. ერთი კი შემიძლია ვთქვა - ჩემი აზრით, 4-3-3 სქემა იდეალური იყო. ინდივიდუალური შეცდომებიც იყო და, ზოგადად, მათი აღმოფხვრა ძალიან რთულია.

რაც შეეხება გუნდურ შეცდომას, მე დავასახელებდი ერთს - დაცვასა და ნახევარდაცვას შორის რჩებოდა დიდი სივრცე და ეს ფაქტორი სერბეთის ნაკრებმა მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენა. პრაქტიკულად, სამივე გოლი იმის შედეგი იყო, რომ "სივრცეები გაიხსნა".

- როგორ უნდა გამოსწორდეს ინდივიდუალური შეცდომები?
- ეს ძალიან ტევადი და საინტერესო თემაა. ზოგადად, შეცდომისგან ფეხბურთში დაზღვეული არავინაა და შეცდომა რომ არ იყოს, გოლი არ გავიდოდა საერთოდ. აქ მაინც საკადრო საკითხებამდე მივდივართ. ნებისმიერ მაღალგანვითარებულ საფეხბურთო ქვეყანაში ასეა - ერთ პოზიციაზე დაახლოებით ოთხი-ხუთი კანდიდატია და კონკრეტული მატჩისათვის ირჩევა ის, ვინც უკეთეს ფორმაშია. ჩვენ კი ასეთ ფუფუნებას მოკლებულნი ვართ. გვყავს მაქსიმუმ ორი კანდიდატი და ვტრიალებთ წრეზე. სანაკრებო მწვრთნელისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შემადგენლობის სიღრმეს...

ჩემი აზრით, არ უნდა იყოს ერთი ფეხბურთელიც კი, ვისაც ეროვნულ ნაკრებში ადგილი დაბევებული ექნება. მთავარია სათამაშო კონდიციები კონკრეტულ მომენტში და მუდმივი პრაქტიკა. უთამაშებელი ფეხბურთელი ვერაფრით იქნება იდეალურ ფიზიკურ ფორმაში და გონებრივადაც დაძაბულია, რადგან მასზე მეტად არავის აწუხებს უთამაშებლობა.

- ზემოთ ინდივიდუალური შეცდომები ახსენეთ და ამას ვაისმაც გაუსვა ხაზი. ფაქტია, ჩვენი გუნდის ზოგიერთი ფეხბურთელი ძალიან განიცდის ამას. მათზე მეტად არავის უნდოდა სერბეთთან მოგება, შეუცდომელი კი მარტო ღმერთია...
- აბსოლუტურად გეთანხმებით! არ არსებობს უშეცდომო ფეხბურთელი და არც ისეთი შეცდომა არსებობს, რომლის გამოსწორებაც არ შეიძლებოდეს. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს რესურსი და არც მორალური უფლება, შეცდომის გამო გავწიროთ და გავრიყოთ ფეხბურთელი. ეს დაუშვებელია! მათ გაორმაგებული მონდომებითა და ენერგიით უნდა გააგრძელონ კარიერა.

- ეროვნულ გუნდში რამდენიმე ისეთმა ფეხბურთელმაც ითამაშა, სხვადასხვა დროს თქვენ რომ წვრთნიდით...
- მწვრთნელისათვის არ არსებობს იმაზე დიდი პატივი და ბედნიერება, როცა ეროვნულ ნაკრებში თამაშობს ფეხბურთელი, რომლის მომზადებაში თუნდაც მოკრძალებული წვლილი მიუძღვის. ნიკა კვეკვესკირი, ოთარ კაკაბაძე და გიორგი ნავალოვსკი არიან ის ფეხბურთელები, რომელთაც სხვადასხვა დროს ვავარჯიშებდი.

რა თქმა უნდა, ჩვენი, როგორც საკლუბო მწვრთნელების როლი, არის იმაში, რომ ფეხბურთელი სანაკრებოდ მოვამზადოთ, მაგრამ აუცილებელია, ბავშვთა ფეხბურთში მიდიოდეს ყველაფერი სწორად.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლატვიასთან ვაისის სწორმა სტრატეგიამ შედეგი გამოიღო, მაგრამ ფიზიკურად გადაღლილი არასაფეხბურთო ნაკრებისთვის ამხანაგური თამაშის მოგება ეიფორიაში ნუ ჩაგაგდებთ... ფიზიკურად მოაძლიერეთ ქართველი ფეხბურთელები და ნებისმიერი საშუალო დონის ნაკრების დამარცხებას შეძლებენ, რადგან ტექმიკურად მართლაც ძლიერები არიან... დაველოდოთ ოფიციალურ თამაშს და ჩვენ ნაკრებს წარმაწება ვუსურვოთ.
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
00:22 03-04-2017
0

სიახლეები პოპულარული