"მინდორზე გავა ის 11 ფეხბურთელი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს გამარჯვებისთვის"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 23 მარტს სასტუმრო "ჰუალინგში" სერბეთთან მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. მან თქვა, რომ მისი გუნდი მინდორზე მხოლოდ მოსაგებად გავა.

- საქართველო VS სერბეთი - შიშისა და სიკვდილის ამბავი

ამას გარდა, სლოვაკმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ამუშავებს ორ ტაქტიკურ სქემას და ისიც აღნიშნა, რომ სერბეთთან მატჩში შეიძლება სხვებთან ერთად შანსი ნაკრების დებიუტანტ გიორგი არაბიძესაც მიეცეს.

ვაისთან ერთად პრესკონფერენციაზე ეროვნული გუნდისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველი საბა კვირკველიაც გამოცხადდა:

- საქართველოს ნაკრებს თქვენი ხელმძღვანელობით ოფიციალურ შეხვედრაში გამარჯვება არ აქვს.
როგორ ფიქრობთ, შეძლებთ სერბეთთან ნავსის გატეხვას?

ვლადიმირ ვაისი: - რა თქმა უნდა, ყველას ძალიან გვსურს გამარჯვება. მართალია, შესარჩევში ჯერ არ მოგვიგია, მაგრამ თამაშის ხარისხით ვიმსახურებდით ამას, ანუ ცალკეულ შემთხვევებში შედეგი არ იყო თამაშის ხარისხის შესატყვისი. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები - ოქრიაშვილი, მჭედლიძე და დაუშვილი დაგვაკლდებიან. ეს იგივეა, სერბეთს ტადიჩი და მიტროვიჩი რომ აკლდნენ...

საბა კვირკველია: - ვეთანხმები მწვრთნელს იმის თაობაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის. რთული იქნება, მაგრამ მოსაგებად უნდა ვითამაშოთ. ჩვენ დასანანი ქულები დავკარგეთ უელსთან და მოლდოვასთან შეხვედრებში, მაგრამ ეს უკვე სხვა თამაშია და ყველაფრის გამოსწორება შეიძლება.

- რას იტყვით თემურ ფარცვანიაზე და რატომ არ დაუძახეთ ნაკრებში დიდებულ ფორმაში მყოფ გიორგი მერებაშვილს?
ვლადიმირ ვაისი: - რაც შეეხება თემურ ფარცვანიას, მას არ აქვს ქართული პასპორტი და როცა ექნება, ის აუცილებლად მოექცევა ჩვენი თვალთახედვის არეში. მერებაშვილზე კი ვიტყვი, რომ ამ ეტაპზე არ მქონდა ექსპერიმენტების დრო. ვენდობი იმ ფეხბურთელებს, ვისი შესაძლებლობებიც ძალიან კარგად ვიცი.

- თავდაპირველად, ნაკრებში გამოიძახეთ მხოლოდ ორი განაპირა მცველი. მოგვიანებით სიას დაამატეთ ლადო დვალიშვილი და უჩა ლობჟანიძე. დუბაის შეკრებაზე ყველაზე მეტი დრო დაუთმეთ ტუღუშსა და შერგელაშვილს. რატომ არ არიან ისინი ნაკრებში?
- ოქრიაშვილისა და მჭედლიძის ტრავმების გამო ჩვენ დავამატეთ სიას დვალიშვილი და ლობჟანიძე. ჩვენ გვაქვს ორი სქემა - ერთი ძველი და მეორე ახალი - 3-4-3. რაც შეეხება შერგელაშვილსა და ტუღუშს, დუბაის შეკრებაზე ძალიან კარგად წარმოაჩინეს თავი ახალგაზრდა ჯიმი ტაბიძემ და გიორგი რეხვიაშვილმაც. ორივე მათგანი დღეს საქართველოს ნაკრებშია.

- დანაკლისი, ალბათ, გაიძულებთ, გქონდეთ გეგმა B და გარკვეული სიურპრიზი მოუმზადოთ კიდეც სერბეთის ნაკრებს...
- რა თქმა უნდა, შექმნილ სიტუაციაში აუცილებელია გეგმა B-ს არსებობა. გეგმა A მაშინ იქნებოდა, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად რომ გვყავდეს. ნაკრებში გამოვიძახე ახალგაზრდა გიორგი არაბიძე. შეიძლება მან სერბეთთან ითამაშოს. აი, ლატვიასთან კი აუცილებლად იქნება მოედანზე. ის ძალიან ნიჭიერია და კარგი მომავალი აქვს. საერთოდ კი, სერბეთთან მატჩში მინდორზე გავა ის 11 ფეხბურთელი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს გამარჯვებისთვის.

- ნაკრებში პირველად ხართ "ლოკომოტივის" ფეხბურთელის რანგში. თან, სათამაშო პრაქტიკაც გაქვთ...
საბა კვირკველია: - რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როცა გაქვს პრაქტიკა, საკუთარ თავში დარწმუნებული ხარ. ჩემი აზრით, იმაზე უკეთეს ფორმაში ვარ, ვიდრე წინა თამაშებში ვიყავი.

- საქართველო VS სერბეთი - შიშისა და სიკვდილის ამბავი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
0-2 დავდე მშვენიერი მოსაგებია.

ამათზე მარტო ფულს თუ გააკეთებ, თორემ ფეხბურთელად არცერთი არ უქნია ღმერთს
გიო
15:14 24-03-2017
0
მიდიტ ბიჯებო მტელი საკარტველო ტკვენს გვერდიტ დგას იომეტ .
merabi
15:14 24-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული