კარგად ვიცნობ მათ მენტალიტეტს - "თეთრი არწივები" საქართველოს დასამარცხებლად მოდიან

AutoSharing Option
საქართველოში გამომგზავრების წინ სერბეთის ნაკრების მწვრთნელი და ფეხბურთელები beli-orlovi.com-ს ესაუბრნენ.

სლავოლიუბ მუსლინი და მისი შეგირდები ოპტიმისტურად არიან განწყობილები, რაც ნაკრების ფან-საიტთან ("ბელი ორლოვი", - "თეთრი არწივები", ასე უწოდებენ სერბეთის ეროვნულ გუნდს) კომენტარებში კარგად ჩანს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩი 24 მარტს "დინამო არენაზე" გაიმართება და ის 21:00-ზე დაიწყება.

დუშან ტადიჩი: "სამი ქულა უნდა მოვიპოვოთ, ისევე, როგორც დანარჩენ ყველა მატჩში, მოწინააღმდეგის ვინაობის მიუხედავად. გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენ მიზნის მიღწევა შეგვიძლია".

საქართველოს დამარცხება იოლი არ იქნება, რადგან კარგი გუნდია, კარგი
ინდივიდუალისტებით დაკომპლექტებული. ეს ყველაფერი მათ უკვე აჩვენეს უელსთან და ავსტრიასთან მატჩებში. ისინი კარგად თამაშობდნენ, თუმცა ჩვენ გვჯერა საკუთარი ძალების.

მწვრთნელმა საქართველო კარგად გაგვიშიფრა, კარგად ვიცით მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. ჩვენ ამის გამოყენებას შევეცდებით. არა მგონია, მეტოქე დაცვაში ჩაიკეტოს. პირიქით, ვფიქრობ, რომ საქართველო შეუტევს. კალკულაციით დაკავებულები არ ვართ, თბილისში მხოლოდ მოგებას ვაპირებთ".

ლაზარ მარკოვიჩი: "არ ვფიქრობთ, რომ ეს თამაში არის გადამწყვეტი მუნდიალზე მოსახვედრად, თუმცა ის ძალზე მნიშვნელოვანია გუნდისთვის. ნაკრებში შექმნილი ვითარება მაძლევს იმის საფუძველს, რომ თბილისში მოგება დავგეგმოთ. მაგრამ სჯობს, ჯერ არ ვიზეიმოთ, რადგან საქართველოს ნაკრებმა აჩვენა, რომ ფავორიტებთან თამაში კარგად შეუძლია.

მეორე მხრივ, თუ სამ ქულას მოვიპოვებთ, რუსეთის საგზურთან ახლოს ვიქნებით. არ არსებობს მიზეზი, რატომ არ უნდა მოვიპოვოთ ეს სამი ქულა. ყველა მზად არის საბრძოლველად. პირადად, ეჭვიც არ მეპარება, რომ მოვიგებთ. სერბეთის ნაკრები ჯგუფში პირველ ადგილზე უნდა იყოს".

ნემანია მატიჩი: "ჩვენ მხოლოდ მოგებისთვის გავდივართ მინდორზე. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში უმნიშვნელოვანესია შედეგი და საგზური. მხოლოდ ეს ითვლება. ოპონენტი მართლაც კარგი გუნდია, მასთან სამ ქულას წინასწარ ვერავინ დაგეგმავს.

პირადად ისე კარგად მსურს თამაში, როგორც ბოლოს უელსთან მატჩში. რა თქმა უნდა, ამ მატჩის მოგებით საგზურს ვერ მივიღებთ, მაგრამ ეს იქნება გადამწყვეტი ნაბიჯი წინ".

სლავოლიუბ მუსლინი (სერბეთის ნაკრების მწვრთნელი): "საქართველოს ნაკრებს ძალიან კარგად შეუძლია თამაში, თუნდაც ევროპის საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ, მაგრამ ამ გუნდს შეიძლება ჩავარდნა ჰქონდეს გაცილებით იოლ მეტოქესთან. კარგად ვიცნობ მათ მენტალიტეტს, რადგან რუსეთში ქართველ ფეხბურთელებთან მუშაობა მომიწია".

ლუკა მილივოიევიჩი: ვგრძნობთ, რომ დიდი მხარდაჭერა გვაქვს საზოგადოებისა და მედიის, ამიტომაც მჯერა, რომ მუნდიალის საგზურს მოვიპოვებთ".
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჰვენ დზიერებივატ სჰეტევიდან უკან მეკარეზე ბურტის დაბრუნრბასჰი.
bajo
22:48 23-03-2017
0
დუშან ტადიჩს მოვუწოდებ ჩვენც გაგვიმხილოს ჩვენი ნაკრების ძლიერი მხარეები
ზორბეგი
18:38 23-03-2017
0

სიახლეები პოპულარული