ზვიად კუპატაძე: გპირდებით, მინსკში ვიომებთ და ამ ომში თქვენც გვჭირდებით

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მეკარე ზვიად კუპატაძემ შვეიცარიასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 27 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2018-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფის გადამწყვეტი, მესამე შეხვედრა შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით 6:3 იმარჯვა. მატჩში გასული ბოლო გოლი სწორედ ჩვენი მეკარის ანგარიშზეა.

- ევრო 2018. შესარჩევი ეტაპი: საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა

"გულშემატკივრების როლი ასეთ დროს ძალიან დიდია. ჩვენ ეს ვიცოდით, დარწმუნებულები ვიყავით, რომ ერთად ყოფნით ამ შედეგს მივაღწევდით და
სწორედ ამიტომ მოვუწოდებდით მათ, მოსულიყვნენ და ჩვენთვის მხარი დაეჭირათ. მიხარია, რომ დღესაც სავსე დარბაზში მოგვიწია თამაში და ჩვენც გულშემატკივარს პირობა შევუსრულეთ. ჩვენ ისინი არ მოგვიტყუებია, პირობისამებრ, გავახარეთ. ცხოვრებაში პირველად მაქვს ასეთი საოცარი ემოციები.

ევროპის ჩემპიონატზე უნდა გავიდეთ. ეს ჩემი ოცნებაა და ეს რეალურიცაა. გპირდებით, მინსკში ვიომებთ და ამ ომში თქვენ, გულშემატკივრებიც გვჭირდებით. იქ ჩასვლა რთული არაა, ამიტომ გთხოვთ, წამოდით ჩვენთან ერთად და მხარი დაგვიჭირეთ!", - განაცხადა კუპატაძემ.

შეგახსენებთ, რომ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი აპრილში მინსკში ჩატარდება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები იტალია, ჰოლანდია და ბელარუსი იქნებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული