ვერც ასე გავფრინდებით? 48-გუნდიანი მუნდიალი და საქართველოს შანსი

AutoSharing Option
10 იანვარს ფიფას საბჭომ დაადგინა, რომ რუსეთისა (2018 წლის) და ყატარის (2022) შემდეგი მუნდიალი - 2026 წელს სულ სხვა ფორმატით გაიმართება. ცვლილება 28 წლის შემდეგ პირველად მოხდება. მთავარი კი ისაა, რომ 32 ნაკრების ნაცვლად მსოფლიო ფეხბურთის მთავარ ფორუმზე 48 ეროვნული გუნდი მიიღებს მონაწილეობას, ანუ 16-ით მეტი!

- მუნდიალი 2026: ჯგუფურ ეტაპზე ფრეები არ იქნება?

ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებამ სხვადასხვა რეაქცია გამოიწვია მსოფლიოში, ბევრი კმაყოფილია, ზოგიც - უკმაყოფილო, რამდენიმე ორგანიზაცია სულაც სარჩელს ამზადებს, მაგრამ ფაქტია, ეს სიახლე ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს გაახარებდათ -
იქნებ ახდეს ჩვენი ოცნება და ოდესმე საქართველოს ნაკრებმაც ითამაშოს მუნდიალზე!

ფიფაში მუნდიალის მონაწილეების გაზრდის გადაწყვეტილება კი მიიღეს, მაგრამ კვოტები არ გადაუნაწილებიათ, ეს უახლოეს კონგრესზე მოხდება. მანამდე კი "სამუშაო გეგმა" ასეთია - ევროპა დამატებით სამ ადგილს მიიღებს (13-დან 16-მდე). აქვე ვიტყვით, რომ ამჟამად მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი მიმდინარეობს, სადაც 9 ევროპული ჯგუფის გამარჯვებული და 4 მეორეადგილოსანი (პლეი ოფის მერე) მიიღებს რუსეთის საგზურს, 13 გუნდს კი თავად მასპინძელი - რუსეთი ემატება. ასე რომ, რეალურად, ამჟამად ევროპას 14 საგზური აქვს.

და რა გამოდის? გუნდების რიცხვი 16-ით იზრდება და რეალურად ევროპა მხოლოდ 2 ადგილით მეტს მიიღებს? უეფას გუშინდელი განცხადება ნიშანდობლივია, როგორც ჩანს, "ბებერ კონტინენტზე" ამ კვოტით თანახმანი არ არიან და მეტისთვის იბრძოლებენ, თუმცა, რა გამოვა აქედან, უკვე სხვა საკითხია...

საქართველოს ნაკრების პერსპექტივიდან კი, ევროპისთვის ორი საგზურის დამატება ისეთი შეღავათია, რომ ვერც კი ვიგრძნობთ. როგორც აქამდე იყო ძალზე ძნელი (თუ შეუძლებელი არა) ჩვენნაირი გუნდისთვის ევროპაში წარმატების მიღწევა, ასეთადვე დარჩება. მოკლედ, პერსპექტივაშიც კი (48-გუნდიან მუნდიალამდე ხომ 9 წელი რჩება) თითქმის არაფერი იცვლება.

უეფა, რომელიც ამჟამად 55 სრულუფლებიან წევრს აერთიანებს, სავარაუდოდ, რვა 7-გუნდიან (ერთი ან რამდენიმე გამონაკლისით, სადაც 6 გუნდი იქნება, გააჩნია სად გაიმართება მუნდიალი) საკვალიფიკაციო ჯგუფს გააკეთებს, რომელთაგანაც 2-2 საუკეთესო მუნდიალზე მოხვდება.

ეს 10-დან 12-მდე კი გაზრდის ნაკრების თამაშების რაოდენობას, მაგრამ აღარ იქნება საჭირო დამატებითი პლე ოფი და კალენდარშიც 2 ტურის გასამართავი დროც იქიდან გამოთავისუფლდება. შეიძლება სხვა სისტემაც მოიფიქრონ, თუმცა უეფაში გართულების მოყვარულები დიდად არ არიან.

ასეთ შემთხვევაში იმის ალბათობაც საკმაოა, რომ საქართველოს ნაკრები ორ ევროპულ გრანდთან ერთად მოხვდეს საკვალიფიკაციოში (როგორც არაერთხელ ყოფილა ჩვენს შემთხვევაში), ეს კი, მოგვწონს თუ არა, შანსის თავიდანვე მოკვლის ტოლფასია.

გამოდის, რომ დიდ საფეხბურთო ზეიმზე მოხვედრის ოცნება კვლავ ოცნებად რჩება?

მუნდიალზე შეიძლება ბევრი არაფერი შეიცვალოს, მაგრამ ჩვენი შანსი ევროპის ჩემპიონატია, რომელიც 2016 წლიდან გაფართოებულ ფორმატში იმართება და 24 გუნდს გააერთიანებს.

მართალია, ერთი კარგი შანსი ჩვენ უკვე გავანიავეთ - ევრო 2016-ზე 23 გუნდი გადიოდა, მაგრამ ჩვენ იქ ვერ მოვხვდით. წარმოიდგინეთ, ჯუჯა ქვეყნებს თუ არ მივიღებთ სათვალავში (და საფეხბურთო თვალსაზრისით ასეცაა), ევროპის ყოველი მეორე ქვეყნის ნაკრები ფინალურ ეტაპზე გადის!

9 ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო და ერთი მესამეადგილოსანი პირდაპირ გადის, რასაც 4 პლეი ოფიდან ემატება. მოკლედ, რეალური შანსი ესაა.

ევრო 2020-ზე კი სულაც 24-ვე საგზური თამაშდება, რაც საკვალიფიკაციო სისტემის შეცვლას მოითხოვს - 55 გუნდი 10 ჯგუფში განთავსდება, 2-2 საუკეთესო ევრო 2020-ზე ითამაშებს, ხოლო 4 საგზური მოგვიანებით კიდევ გათამაშდება.

დღეს რომ იმართებოდეს...
სავარაუდოდ, აფრიკის კვოტა 9-მდე გაიზრდება, აზიის - 8,5-მდე, სამხრეთ ამერიკის - 6; ჩრდილო ამერიკის - 6,5, ოკეანეთის - 1, ევროპის - 16, ერთი ადგილი კი ვაკანტური რჩება სავარაუდო მასპინძლისთვის (ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ სავარაუდოა) და ჯამში 16 დამატებული ადგილიც გამოდის.

რომ ავიღოთ ახლანდელი რეიტინგი და ახალი ფორმატი, ცვლილება ამ გუნდებს გაუკაფავდა გზას ფინალური ეტაპზე: 

აფრიკა: ბურკინა ფასო, ნიგერია, განა.
აზია: უზბეკეთი, საემიროები, ჩინეთი, ყატარი.
ევროპა: ირლანდია, თურქეთი.
ჩრდილო ამერიკა: პანამა, ჰაიტი, ჰონდურასი, კურასაო.
ოკეანეთი: ახალი ზელანდია
სამხრეთი ამერიკა: ურუგვაი, პერუ.

მაშინ, როცა კურასაოს, ბურკინა-ფასოსა და ყატარის რანგის გუნდები შეიძლება ვიხილოთ მუნდიალზე, 48 გუნდში მაინც შეიძლება ვერ მოხვდეს უკრაინა, ავსტრია, შვედეთი, ჩეხეთი, დანია, რუსეთი, პარაგვაი... ეს დღევანდელი რეიტინგით. რეალურად კი მძიმე საკვალიფიკაციო ეტაპმა ევროპაში სავსებით შესაძლებელია, რომელიმე ან რამდენიმე გრანდიც კი შეიწიროს. წარმოგიდგენიათ, 48-გუნდიანი მუნდიალი ჰოლანდიის გარეშე? მაგრამ ეს შესაძლებელია.

ვინ უმასპინძლებს უდიდეს მუნდიალს
სად ჩატარდება 2026 წლის 48-გუნდიანი მუნდიალი? შესაძლოა, აშშ-მა, კანადამ და მექსიკამ ერთიანი განაცხადი შეიტანონ და მუნდიალი ამ სამ ქვეყანაში გაიმართოს. მუნდიალის გამართვით დაინტერესებულია კოლუმბიაც. არ გამორიცხავენ ავსტრალია-ახალი ზელანდიის ერთიან განაცხადსაც.

ევროპაში სურვილი აქვთ ინგლისს, თურქეთ-აზერბაიჯანს (ერთად) და ყაზახეთს. ისე, აზერბაიჯანის სპორტის მინისტრის, აზად რაჰიმოვის ამ წინადადებას, საქართველოც რომ გამოეხმაუროს, კარგი იქნებოდა, მით უფრო, როცა მუნდიალზე 16 ჯგუფი უნდა იყოს...
მკითხველის კომენტარები / 10 /
აფირიკის ჯგუფში ვითამაშოთ მაინც სავსეა თბილისი აფრიკელებით
vano
10:05 14-01-2017
0
სწორედ აზია იქნება ბურთს,რომ თავზე დაგვახევს.ისე ოკეანის სახელით თუ გამოვალთ შანსი ნამდვილად გვექნება.ვაი ჩვენ უბედურ ცხოვრებას.ნორმალურ,პატიოსან ხალხს სანამ პატივს არა ვცემთ.მანამდე ვიქნებით ასე.
Vep1963
04:13 14-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული