"საბურთალომ" ყველა ესპანელი, მათ შორის, მანოლო იეროც გაუშვა

AutoSharing Option
თბილისის "საბურთალოს" თანამშრომლობა ესპანელებთან დასრულდა - კლუბი დატოვეს როგორც ფეხბურთელებმა, ისე -  სპორტულმა დირექტორმა მანოლო იერომ. ამის შესახებ კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ "ლელოსთან" ინტერვიუში განაცხადა.

სამივე პირენეელი ლეგიონერი "საბურთალომ" 2016 წლის ზაფხულში, გარდამავალი ჩემპიონატის დაწყებამდე დაიმატა. 25 წლის შემტევ ნახევარმცველ სანტი ხარას (14 მატჩი, 2 გოლი) კონტრაქტი დაუსრულდა, ხოლო ცენტრალურ მცველს, 28 წლის ხოსე კარასკოსა (11 მატჩი) და 27 წლის თავდამსხმელ გარსია პენას (12 მატჩი) "საბურთალო" ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დაემშვიდობა. რაც შეეხება ცნობილი ესპანელი ფეხბურთელის, ფერნანდო იეროს ძმას, მანოლო იერომ
"საბურთალოში" მუშაობა წლის დასაწყისში დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, გარდამავალი ჩემპიონატის მიმდინარეობისას მოუხდა "საბურთალოს" დატოვება ესპანელ მთავარ მწვრთნელს, პაბლო ფრანკო მარტინის, რომელიც გია ჭიაბრიშვილმა შეცვალა.

"...ხელშეკრულებები ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გავწყვიტეთ. ესპანელებთან თანამშრომლობა საინტერესო და სასარგებლო პროექტი იყო. მანოლო იერომ და პაბლო ფრანკომ "საბურთალოს" ბევრი რამ შესძინეს და უმადურობა იქნება იმის თქმა, რომ ცუდი სპეციალისტები იყვნენ. მაგრამ ამ ეტაპზე პროექტი აღარ გაგრძელდა.

ქართულ რეალობასთან შეგუება პრობლემურია. ისინი პროფესიონალებთან მუშაობას არიან შეჩვეულები, აქ კი სხვა გარემო და მენტალიტეტი დახვდათ.

ბევრს ჰგონია, რომ საქართველოში მუშაობა ადვილია. სინამდვილეში ასე არ არის. პირიქით, აქ ბევრად უფრო რთულია, ვიდრე დალაგებულ ევროპაში, სადაც მოთამაშეებმა იციან, რა გააკეთონ - აქ ფეხბურთელებს მეტი ყურადღება სჭირდებათ. თუმცა, ვიმეორებ, იერო და მარტინი საქმეს პროფესიულად უძღვებოდნენ და მათი მადლიერები ვართ". - აქვეყნებს კაშიას ნათქვამს "ლელო".
მკითხველის კომენტარები / 2 /
პროფესიონალები ჩვენ არ გვყავს და აქ მუშობა იმიტო უჭირს ყველას. აქ ფეხბურთელმა X5 თუ იყიდა მორჩა მესი არაფერი მასთან უკვე მისი ჭკუით და იმიტო არიან მარად პერსპექტიულებიი კარიერის ბოლომდეეე
barsa
19:13 23-12-2016
0
დაწერეთ რამე ზესტაფონზე. ხმები ვრცელდება რომ აზერბაიჯანის ჩემპიონატში მონაწილეობის შანსი არსებობს აქ უარის შემთხვევაში...
fexburti
18:27 23-12-2016
0

სიახლეები პოპულარული