ნიკა საბანაძე: "ტორპედოში" მეგობრები მყავს, დამლაგებლებსაც კარგად ვიცნობ...

AutoSharing Option
გარდამავალი ჩემპიონატის დასრულების შემდეგ პირველი ტრანსფერი ქუთაისის "ტორპედომ" განახორციელა: საქართველოს თასის მფლობელმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა ნიკა საბანაძესთან - ეს ინფორმაცია ქუთაისელთა პრესსამსახურმა გაავრცელა. საბანაძე ქუთაისურ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

25 წლის თავდამსხმელს ქუთაისელი გულშემატკივრები კარგად იცნობენ და აფასებენ - საბანაძეს "ტორპედოში" ხუთი სეზონი უთამაშია და ბოლო წლებში მისი ერთ-ერთ გამორჩეული ფეხბურთელიც გახლდათ. რიონისპირელთა გუნდის ფორმით ჩატარებულ 97 მატჩში მან 25 ბურთი გაიტანა. გარდა ამისა, უმაღლეს ლიგაში უთამაშია "ზესტაფონში", თბილისის "დინამოსა" და "საბურთალოში", ბოლო ერთი წელი კი პირველი ლიგის მარტვილის
"მერანში" გამოდიოდა.

სულ საბანაძემ 149 მატჩში 45 გოლი დააგროვა. ამას გარდა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი გახლდათ და ეროვნულ გუნდშიც უხმობდნენ ხოლმე.

მან "მერანში" თავი ზესტაფონში გამართულ საქართველოს თასის ფინალშიც გამოიჩინა: მართალია, "ტორპედომ" 2:1 გაიმარჯვა და ტიტული მოიპოვა, მაგრამ მარტვილელთაგან ერთადერთი ბურთი სწორედ საბანაძემ გაიტანა. სხვათა შორის, მაშინ მან ყურადღება იმითაც მიიქცია, რომ გოლი ზარ-ზეიმის გარეშე აღნიშნა, ემოციები მოთოკა და ამგვარად მეტოქისა და თავისი ყოფილი კლუბის მიმართ პატივისცემა გამოხატა.

ნიკა საბანაძე იმედოვნებს, რომ ქუთაისის "ტორპედოში" დაბრუნება წარმატებული იქნება. "ლელოსთან" ინტერვიუში ის არ მალავს, სხვა, არანაკლებ საინტერესო შემოთავაზებებს რატომ არ დათანხმდა. საბანაძე სხვა მნიშვნელოვან თემებსაც შეეხო...

- ვიცით, რომ სეზონის დასრულების შემდეგ არაერთი წინადადებით მოგმართეს - "ლელოს" ინფორმაციით, განსაკუთრებით თბილისის "ლოკომოტივი" აქტიურობდა და კარგ პირობებსაც გთავაზობდათ; "სამტრედიიდანაც" დაგიკავშირდნენ, ინტერესს სხვა კლუბებიც გამოხატავდნენ, თუმცა კვლავ "ტორპედოში" თამაში ისურვეთ. ქუთაისელების სასარგებლოდ არჩევანი რატომ გააკეთეთ?
- დასამალი ნამდვილად არ არის, რომ შემოთავაზებები ნამდვილად მქონდა. "ლოკომოტივისა" და "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელები დამიკავშირდნენ. ისინი ისეთი სპეციალისტები არიან, რომლებთან მუშაობაზეც ყველა ფეხბურთელი ოცნებობს და მათ შორის მეც ვარ. მაგრამ საბოლოოდ მაინც იმ გუნდში თამაში გადავწყვიტე, რომელსაც ახლოს ვიცნობ და შეგუება არ დამჭირდება.

- ცნობილი გამონათქვამია, ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიანო...
- მე მაინც შევედი, რადგან დარწმუნებული ვარ, ეს მდინარე ჩემი გუნდია, სადაც თავს კარგად ვგრძნობ და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სახლში დავბრუნდი. "ტორპედოში" ბევრი მეგობარი მყავს, იქ დამლაგებლებსაც კი კარგად ვიცნობ... 5 წელი ვთამაშობდი და ეს პატარა დრო არ არის.

მიმაჩნია, რომ გარდამავალი ჩემპიონატის დასასრულ, კახა ჩხეტიანის მისვლის შემდეგ, "ტორპედო" ძალიან კარგად ათამაშდა და ძველი ამბიციები დაიბრუნა. თუ "ტორპედომ" დღევანდელი ბირთვი შეინარჩუნა და 3-4 კაცით კიდევ გაძლიერდება, ახალ ჩემპიონატში მინიმუმ სამეულისთვის მაინც იბრძოლებს - ძლიერი შემადგენლობაც ჰყავს და გუნდს ავარჯიშებს ჩხეტიანი, რომელიც, ჩემი აზრით, საუკეთესო მწვრთნელების სამეულში შედის. მან ეს ხანმოკლე მუშაობის პერიოდში დაამტკიცა. ის გეგუჩაძის გაზრდილი სპეციალისტი და მისი სკოლის წარმომადგენელია.

- საერთოდ, ემოციურ მოთამაშედ გიცნობენ, მაგრამ მოულოდნელი იყო, რომ თასის ფინალში "ტორპედოსთან" გოლი მორიდებულად აღნიშნეთ...
- იმიტომ, რომ იქით ჩემი მეგობრები თამაშობდნენ და ამ ერთი გოლის გამო ყველაფერს ხაზს ვერ გადავუსვამდი. საერთოდ, მიკვირს, ჩემზე რომ ამბობენ, მეტისმეტად ემოციური არისო - ეს ფეხბურთშიც აუცილებელია და ცხოვრებაშიც. მოედანზე უემოციოდ თუ გადიხარ და შენში სიხარული და ტკივილი განსხვავებულ გრძნობებს არ აღძრავს, გამოდის, გულგრილი ადამიანი ხარ და ვერასოდეს ვერაფერს გააკეთებ. "ჩელსის" დიეგო კოშტა მეტისმეტად ემოციურია, ისევე,  როგორც იბრაჰიმოვიჩი, მაგრამ ორივეს გოლები გააქვს და გულშემატკივრებს ახარებენ.

ფეხბურთს ვერ ითამაშებს პიონერი, რომელიც ყოველთვის დამჯერია და კარგად იქცევა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში თამაშის ბედს ასეთები ვერ წყვეტენ. გადამწყვეტ მომენტში თავს უფრო ემოციური მოთამაშე ავლენს.

- "მერანს" აგვისტოდან პირველ ლიგაში ეხმარებოდით. ასეთ პირობებში დონისა და კონდიციების შენარჩუნება ძნელი არ იყო?
- ბუნებრივია, ძნელი იყო, რადგან პირველი ლიგის დონე უმაღლესისას ჩამორჩება, მაგრამ ყველაფერში კარგი უნდა მოძებნო და ცხვირი არ ჩამოუშვა - მაშინ ყველაფერი გამოგივა. თანაც, "მერანში" ორი მწვრთნელი მყავდა - კვარაცხელია და მიქაძე. ორივე თავდამსხმელი იყო და მათი დამსახურებაა, ბევრი რამ რომ ვისწავლე. საერთოდ, თუ ადამიანი მონდომებულია, ყოველთვის და ყველგან გაიზრდება და საკუთარ თავს გამოძერწავს.

- მაგალითად, რა იყო პირველ ლიგაში სასარგებლო?
- კლასი ნაკლებია, მაგრამ ორთაბრძოლები და ძალისმიერი თამაში მეტია - ესეც სასარგებლოა და გაზრდა ასეთ პირობებშიც შეიძლება. თანაც, თამაში სულ 2-3 კაცის წინააღმდეგ მიწევდა, რაც ჩემგან უფრო სწრაფ აზროვნებასა და ფიზიკურ მომზადებას მოითხოვდა. პირველ ლიგაში სათაკილო არაფერია და არ უნდა "გაიბრიქო", რომ იქ არ ითამაშებ.

- ფაქტია, რომ "მერანში" თამაში მაინც დაგიფასდათ...
- ამისთვის ყველა იმ გუნდს მადლობა, რომლებიც მიწვევდნენ! აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და "მერანს" და მის ქომაგს აუცილებლად ვეტყვი მადლობას. ეს არის ძალიან კარგი კლუბი, ხოლო მას ძალიან ერთგული და გულიანი გულშემატკივრები ჰყავს. "მერანში" გატარებული ეს ერთი წელი ყოველთვის თბილად გამახსენდება.

- ათგუნდიან ჩემპიონატში გაცილებით მეტი მოგეთხოვებათ, რადგან მძიმე თამაშებია მოსალოდნელი...
- ამისთვის წინასწარ შემზადებული ვარ. ჩემი აზრით, დაძაბული ჩემპიონატი, სადაც თითოეულ ქულას ფასი დაედება, დონეს აუცილებლად გაზრდის. ძალიან მესიამოვნა, ახლახან ფედერაციის ხელმძღვანელები, კობიაშვილი და მუჯირი რომ ლაპარაკობდნენ, ეროვნული ჩემპიონატის ცენტრალური შეხვედრა აუცილებლად გადაიცემა და ტურნირს საგანგებოდ შექმნილი ტელევიზია გააშუქებსო.

- თქვენი აზრით, ეს რას შეცვლის?
- რა თქმა უნდა, შეცვლის! ჯერ ერთი, ფეხბურთელებს გვეცოდინება, რომ ჩვენ ვიღაცას ვაინტერესებთ - ახლა კი ჩემპიონატი ძალიან მწირად შუქდება, არადა, გარდამავალ ჩემპიონატში ბევრი კარგი თამაში ჩატარდა. პატარა სტადიონებზე, განათებაზე ტრიბუნები რომ გაივსება და თამაში ტელევიზიაში კარგად შეიფუთება, მაყურებელს მიიზიდავს და დონე ოდნავ მაინც აიწევა.

თქვენ თუ გგონიათ, კვიპროსში ბევრად უკეთესი ჩემპიონატია, ძალიან ცდებით, მაგრამ კარგი სატელევიზიო შეფუთვით ხალხი და სპონსორები დააინტერესეს, შესაბამისად, დონეც გაზარდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ისე ბევრმა პიონერმა ითამაშა ფეხბურთი
merab
16:54 19-12-2016
0
qutaiseli

დასტოპინათ და ღირსეულათ- მაგ ორივე სიტყვა ერთი და იგივეს ნიშნავს , ეგაა რომ არა -დასტოპინათ- არამედ "დასტოინა" :) ეს ისე ცნობისათვის :) ან რა საჭიროა საერთოდ გარუსებული სიტყვები? :)

რაც შეეხება საბანაძეს, კარგი მოთამაშეა მაგრამ ჭარბად შფოთიანი და მის ასაკში მისი სატრანსფერო ფასი 800 000 უნდა იყოს და არა რამდენიმე ათეული ათასი ,ესეც მისი "დამსახურებაა" , იმედია რომ გამოსწორდება.
არც მინდორზეა ძნელი რაინდობა და შევშეკავებულება,ამით არავის წაუგია,წააგეს კვერნაძემ(ასე რომ უყვარს კუთხურის ალმების ჩაწიხვლა გოლზე) , საბანაძემ, ოქრიაშვილმა და მრავალმა სხვა ზედმეტად შფოთიანმა, მათთან ერთად კი ქართულმა ფეხბურთმაც.

წარმატებები ყველას, ვისაც სურს და სჯერავს რომ სპორტული წარმატება საერთოა და არა მხოლოდ პირადული.
Guadua
16:48 19-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული