რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?

AutoSharing Option
ლანჩხუთის რაიონული გაზეთი "ჰო და არა". 7 დეკემბერი, 2016 წელი

ლანჩხუთის "გურია" ქართული ფეხბურთის ელიტიდან ოფიციალურად დაგორდა. გორში გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენს კლუბს "კარგი თვალით" არც ფედერაცია უყურებს - ამ სეზონში თუ "გურიამ" მთავარი ლიგა დატოვა, ამაში წვლილი მსაჯთა შეცდომებსაც მიუძღვის.

თავად განსაჯეთ: "შუქურას" კარში მსაჯმა არ დანიშნა ორი 100%-იანი პენალტი, "დინამოსთან" "გურიას" ფეხბურთელი გასახდელში გააძევეს, უშუალო კონკურენტებთან შეხვედრაში მსაჯები მუდამ მეტოქის სასარგებლოდ სცოდავდნენ. აგერ, პლეი აუტის ორივე შეხვედრაში გაიწირა "გურია" - ლანჩხუთში უეჭველი პენალტი არ დანიშნეს
"დილას" კარში, ხოლო გორში - მასპინძელთა კარში გატანილი გოლი გააუქმეს.

რას "ერჩის" სამსაჯო კორპუსი და შესაბამისად, ფეხბურთის ფედერაცია "გურიას"? ეს მაშინ, როცა კლუბი ღიად გამოხატავდა ქართული ფეხბურთის დღევანდელი მესაჭეებისადმი მხარდაჭერას? ეს უპასუხო კითხვებია, თუმცა ფაქტია, ფეხბურთის მმართველ ორგანოში ლანჩხუთური კლუბი დიდად არ ეხატებოდეთ გულზე. ყოველ შემთხვევაში, ასე დაჩაგრულიყოს "გურია" მსაჯების მიერ, ბოლო წლებში არ გვახსოვს.

შესაძლოა, ზვიად სიჭინავას მმართველობა არ იყო წარმატებული ქართული ფეხბურთისთვის, მაგრამ, რაც მის დროს ლანჩხუთის ფეხბურთისთვის გაკეთდა, ალბათ, კარგა ხანს ვერ და არ გაკეთდება: გურიის რეგიონული ფედერაციის ოფისის შეძენა, 800-ათასიანი მინდვრის საფარი, 80 ათასი ლარის ინდივიდუალური სკამები, ულიცენზიო კლუბის უმაღლეს ლიგაში ორჯერ დაშვება და პრეზიდენტად არჩევისას მოცემული სიტყვის ასრულება - "გურია" ჩემი პრიორიტეტია და ეს გუნდი უმაღლეს ლიგაში უნდა იყოსო!

ყოველივეს შემდეგ ლანჩხუთიდან თუნდაც სხვა ყველაფერში "დამნაშავე" სიჭინავას ლანძღვა-გინება მინიმუმ უმადურობა გახლდათ.

მაინც რატომ ვერ იტანს დღევანდელი ფედერაცია "გურიას"? აქ "ვერატანაზე" უფრო ისაა, რომ ლანჩხუთურ კლუბს არ ჰყავს ლობისტი ფედერაციაში! ცნობილი ფაქტია, რომ ქართული ფეხბურთის წამყვანი კლუბები მუდამ გამოხატავდნენ უკმაყოფილებას რეგიონებში არსებული ინფრასტრუქტურის გამო - თითქოს ევროსარბიელზე მათი სირცხვილი ლანჩხუთის მოედნის არასახარბიელო მდგომარეობის ბრალი იყო!

დასამალი არავისთვისაა, რომ "დინამოსა" და "ზესტაფონის" მესვეურები ღიად გამოხატავდნენ, რომ ლანჩხუთში თამაში არ სურდათ. ერთხელ ზვიად სიჭინავამ პირადი პასუხისმგებლობით ჩამოიყვანა "დინამო" სათასო შეხვედრაში მაშინ, როცა მართლაც არ იყო სტადიონი ბოლომდე მზადყოფნაში! "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია კი სულ ეწინააღმდეგებოდა "გურიას" უმაღლეს ლიგაში ულიცენზიოდ დაშვებას. თან გასათვალისწინებელია, რომ ულიცენზიო და უინფრასტრუქტურო "გურია" შინ და გარეთ ახერხებდა ფუფუნებაში მყოფი გუნდების "გამწარებას" და რა გასაკვირია, ეს არ მოსწონდათ მათ მეპატრონეებს.

ახლა, როცა "დინამოს", ფაქტობრივად, მონოპოლიზებული აქვს სფფ-ის აღმასკომი და ამ დროს კი, გურიას და ზოგადად, რეგიონებს, მთავარ ორგანოში ხმაც არ აქვთ, არც უნდა გაგვიკვირდეს, თუ "ვერ აგვიტანენ".

ერთი საინტერესო დეტალიც: ლამის გურული ჯანყი მოეწყო გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე და როცა ერთ წელზე მეტია, პოსტი ვაკანტურია, არათუ ამბის მომკითხავი, ფედერაციის კარის გამღებიც არავინაა! აქედან ნათლად ჩანს, რომ გრფფ-ის პრეზიდენტობისთვის ბრძოლა მხოლოდ სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნებისთვის სჭირდებათ!

არადა, გრფფ-ის პრეზიდენტი მუდამ გახლდათ ლობისტი ფეხბურთის ფედერაციაში. როცა კახა ებრალიძის მხარდაჭერილმა რევაზ არველაძემ არჩევნები წააგო, გრფფ-ის თავკაცისთვის სახლში წასვლა არავის მოუთხოვია (ყველა რეგიონული ფედერაციის თავკაცი დღემდე პოსტზეა), მაგრამ ებრალიძემ ჩათვალა, რომ სფფ-ის ახალ მმართველებთან გურიისა და ზოგადად, რეგიონ(ებ)ის ლობისტობას ვერ შეძლებდა და ვადის ამოწურვამდე ორი წლით ადრე გრფფ-ის თავკაცის პოსტი გაათავისუფლა.

როგორც ვთქვით, დღემდე ეს პოსტი ვაკანტურია და შესაბამისად, მმართველ ორგანოში გურიას ლობისტი აღარ ჰყავს. მეტიც, გავრცელებული, მაგრამ ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია აჭარის რეგიონულ ფედერაციას გაუერთიანდება და მთავარი ოფისი ბათუმში იქნება.

დღეს კი იმ რეალობის წინაშე ვართ, რომ გრფფ-ის თავკაცის პოსტს ასრულებს ჩოხატაურელი ვიცე-პრეზიდენტი ბენია თავბერიძე, რომელიც "გურიას" კი არა, თავისი თავის დაცვას ვერ ახერხებს, როცა საარჩევნო ბატალიებში ამა თუ იმ დავალების შესრულებას აიძულებენ.

რა თქმა უნდა, მხოლოდ ზემოთქმულს ვერ დავაბრალებთ "გურიას" უმაღლესი ლიგიდან გავარდნას - მით უფრო, ეს ჩემპიონატი არ იყო ისეთი ძლიერი, რომ კლუბს მთავარ ლიგაში ადგილი ვერ შეენარჩუნებინა.

გადავხედოთ წლევანდელ სიტუაციას - ფეხბურთის განვითარების ფონდის მონაცემებით, "გურიამ" წელს სრულად დახარჯა 1,4 მილიონი. აქედან, ალბათ, 400-500 ათასის ფარგლებში ძველი დავალიანების დაფარვას მოხმარდა, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამდენი დავალიანება კლუბს კვლავ დარჩა, მარტივი მათემატიკაა, რომ მიმდინარე წელი "გურიას" შენახვა ლანჩხუთს 1,4 მილიონის ფარგლებში დაუჯდა.

რა შედეგი მივიღეთ? კლუბი ლამის ორჯერ გავარდა ლიგიდან - მაისში საქმე ბოლო ტურამდე მივიყვანეთ და გადავრჩით, თუმცა შეცდომებზე ვერ ვისწავლეთ, რისი ლოგიკური დასასრული გახლდათ ბოლოსწინა ადგილზე გასვლა, რაც წინდაწინვე გვიქადდა, რომ პლეი აუტს "დილასთან" არავინ მოგვაგებინებდა".

რა თქმა უნდა, 1,4 მილიონი უმაღლესი ლიგის გუნდისთვის არაა დიდი ფუფუნება, მაგრამ იმავე ყბადაღებული ფონდის მონაცემებით, ყველა კლუბმა წელს 1,4-მილიონიანი დაფინანსება მიიღო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ეს თანხა "ტორპედოს" თასის ასაღებად ეყო, ბათუმის "დინამოს" ევროსაგზურისთვის საბრძოლველად, ჩვენ რატომ არ გვეყო (გა)დასარჩენად?

ანუ გამოდის, რომ გურული მენეჯმენტი ვერ გამოდგა შედეგიანი - ფული დავხარჯეთ იქ, სადაც საჭირო თურმე არ ყოფილა!

ასე მაგალითად: რა მოგვიტანა ლეგიონერების სიმრავლემ? მხოლოდ ფინანსური ფიასკო! სამ ლეგიონერს ზემოთ ყოველი ლეგიონერის დამტკიცებისთვის ფედერაციაში ვიხადეთ 15 000 ლარი! ამ წლის დასაწყისში, 150 000 ლარზე მეტი ლეგიონერების რეგისტრაციაში გადავიხადეთ, მათგან 2-3 მუდამ სათადარიგოთა სკამზე იჯდა, ამდენივე საერთოდ განაცხადს მიღმა რჩებოდა, ზოგმა ერთი-ორი თამაში ითამაშა, გადამწყვეტი თამაშების წინ კი ერთდროულად ოთხი წამყვანი ლეგიონერი ბაზიდან გაგვეპარა!

ბაქიბუქი გამოდგა მათი "ფიფას დონეზე" დასჯის დაპირებაც და ისიც, რომ თითქოს სპონსორს უნდა გადაეხადა ლეგიონერთა დამტკიცების თანხა და თუნდაც ნახევარი. ეს სპონსორიც თავისი დაპირებიანად ლეგიონერებივით "გაგვეპარა".

ყველაფერი წესრიგში რომ არ იყო, ახლაც გამოჩნდა - პლეი აუტის წინ "გურია" ორმა წამყვანმა მოთამაშემ და მწვრთნელმა მიატოვა!

ზოგადად, მწვრთნელის საქმე "გურიაში" უკვე კომიკურ სახეს იღებს. თავად განსაჯეთ: "გურიამ" უმაღლეს ლიგაში დაჰყო ოთხი სეზონი, აქედან ერთი - გარდამავალი, ანუ 3,5 წელი. თუ წმინდა საფეხბურთო თვეებს დავიანგარიშებთ, ეს 30 თვეა და "გურიას" ამ დროში მწვრთნელი 15-ჯერ შეეცვალა, ანუ ორ თვეში ერთხელ, რაც მსოფლიო რეკორდიც იქნება - გვყავდა ერთმატჩიანი მწვრთნელიც, რომელმაც ვისთანაც წააგო, იმ გუნდში გადავიდა; ზოგს ფეხბურთელები სცემდნენ; რამდენიმე მათგანი რამდენჯერმე დაინიშნა; უცხოელი მწვრთნელებიდან ასე თუ ისე წარმატებული კარიერა ერთს თუ ჰქონდა და რა გასაკვირია, ლანჩხუთის ციდანაც რომ ვერ მოეწყვიტათ ვარსკვლავები: ერთს თამაშის გაყიდვა დაბრალდა, მეორე - ქომაგებმა გააგდეს, მესამეც არ იყო ჩამოსაყვანი, მაგრამ იქით მიგვატოვა.

ამ მწვრთნელთა და ფეხბურთელთა რია-რიაში ფულიც დაიხარჯა და შედეგიც ვერ მივიღეთ. ვისაც შედეგი ჰქონდა და გუნდი უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა, ადგილობრივი თემურ ლორია იყო, მაგრამ ვინ დაუფასა? მერე დააბრუნეს და გაუშვეს იმიტომ, რომ სეზონის ბოლოს პირველად წააგო საშინაო შეხვედრა!

მისი ასისტენტთან ერთად გაშვება გუნდს 40 ათასი ლარი დაუჯდა, ლიცენზირების ვერ თუ არგავლა - 50-ათასიან ჯარიმად. არ დავუფასეთ დახარჯული ფული კობა მირზაშვილის ოჯახსაც, ვის დროსაც "გურია" ერთ ხანს ლიდერებშიც გაერია...

ვინ აიღებს პასუხისმგებელობას ამ ყველაფერზე? რა თქმა უნდა, მთავარი "დარტყმა" ლანჩხუთის გამგებელზე იქნება. მერე რა, რომ ზაზა ურუშაძემ ძალიან ბევრი გააკეთა "გურიასთვის", ფულიც ბევრი მოიზიდა, რომ კლუბი ფინანსურად არ დაჩაგრულიყო, ახლა ყველა ხელს მისკენ გაიშვერს! მას აშკარად გაექცა კლუბის მართვის სადავეები და შესაძლოა, პოლიტიკურ ზეწოლასაც ვერ გაუძლო.

თავის წილ, თუნდაც მორალურ პასუხიმგებლობას ვერც ყოფილი მაჟორიტარი თემურ ჩხაიძე გაექცევა! "არ ვერევი" - ლეგენდარული კაპიტნისგან "გურიას" თემაზე მიუღებელია. მით უმეტეს, რომ გადამწყვეტ მომენტებში ჩაერია! მას საკრებულოს სხდომაზე წამოაძახეს, კლუბში "დეპუტატოვიჩები" გვყავსო...

როგორც ამბობენ, ის კაბინეტ-კაბინეტ დადიოდა, კახა ებრალიძე და თემურ ლორია გუნდში არ დააბრუნოთო. "ასაგორებელი" თემა პოლიტიკა იყო, არადა, რა გასაკვირია, რომ კლუბის წარმომადგენლები იმ გამგებელს დაუჭერენ მხარს, ვინც გუნდს გვერდში უდგას - ადრე გია გოგუაძე იყო ასეთი, ახლა - ზაზა ურუშაძე.

უკვე არავისთვისაა დასამალი, რომ თვით თემურ ჩხაიძემ ითხოვა გია გოგუაძის კლუბში დასაქმება, შესაბამისად, მისი დამსახურება აღიარა. თუმც იგივე "გურიას" წარმატებული მმართველების წინააღმდეგ "მშვენივრად" გამოიყენეს. ზაზა ურუშაძემ ერთხელ დააბრუნა ებრალიძე-ლორიას გუნდი, მაგრამ ბოლომდე ვეღარ გაიტანა - საქმეში კვლავ პოლიტიკა, ჭორები და ენის მიტან-მოტანა "ჩაერთო". არადა, ოთხი თვე უხელფასოდ, "პოსლეზე" ათამაშეს ფეხბურთელები და შედეგიც კარგი იყო...

ალბათ, მორალურ პასუხისმგებლობას ლანჩხუთის საკრებულოც ვერ ასცდება, ბოლო 4 წლის მანძილზე "გურიასთვის" თითქმის 5 მილიონის გამოყოფას რომ დაუჭირა მხარი.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ ფულს ლანჩხუთის ინფრასტრუქტურისთვის ან სხვა კეთილდღეობისთვის არავინ დაგვიმატებდა და მის მოძიებაში, როგორც ვთქვით, დიდია ზაზა ურუშაძის წვლილი.

თუმცა ამ ფულის არაეფექტურმა ხარჯვამ თუ წმინდა საფეხბურთო საკითხებში ჩაჭრამ ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა...
მკითხველის კომენტარები / 17 /
მაპატიეთ მეგობრებო,მაგრამ ასეთ გუნდს უმაღლეს ლიგაში რა უნდა?პირველ რიგში გუნდის მართვა უნდა გაჯანსაღდეს,შემდეგ გურიის ფედერაციის და უკვე შედეგ გუნდის გაძლიერებაზე იფიქროთ,მაგრამ ესეც მეტწილად ადგილობრივი ნიჭიერი ბიჭების ხარჯზე.ვერავინ დამარწმუნებს,რომ გურიაში ნიჭიერი ახალგაზრდები არ არიან,უბრალოდ მათ გაზრდა და დრო უნდათ,მაგრამ გულშემატკივარს მოთმინება არ ჰყოფნის,გუნდის მესვეურებს კი ეტყობა დიდი მადა აქვთ და ურჩევნიათ ვიღაცეები მოიყვანონ და წილში ჩაუსხდნენ.ამას რომ ვწერ,შეიძლება არა ვარ მართალი,რადგან ადგილზე რა სიტუეციაა არ ვიცი,მაგრამ შორიდან დანახული ასე ან რაღაც ამის მსგავსად სჩანს.
სოსო
11:37 08-01-2017
0
რომელი ლეგიონერებისთვის დახარჯა ფული ზაზა ურუშაზემ? იმათმა გადაარჩინეს გუნდი შარშან, იმიტომ რომ არ უყვირიათ? აუდიტი მიუკვანეთ კლუბს და საჯაროდ მოთხოვეთ დეპუტატებს ხალხს გააცნოს შედეგები. ხალხისტვის ხელფასიც არ მიუცია.
მამუკა
01:10 08-01-2017
0

სიახლეები პოპულარული