"მთავარია, ფერეირასა და პაპუნაშვილს თავად სურდეთ კიევის "დინამოში" წასვლა"

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" ბრინჯაოს პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში "საბურთალო" 1:0 დაამარცხა და 10 დეკემბერს, გარდამავალ ჩემპიონატში მე-3 ადგილისა და ევროპალიგის საგზურისთვის გორში ბათუმის "დინამო" შეებრძოლება.

- დინამო (თბ)-საბურთალო 1:0 - ევროპის გზა გორზე გადის [VIDEO]

"ლელომ" დედაქალაქური გრანდის მთავარ მწვრთნელ ვიაჩესლავ გროზნისთან ინტერვიუ ჩაწერა...

- ძალიან რთულ და საინტერესო მეტოქეს მოვუგეთ. პირველი შეხვედრა ფრედ დასრულდა და შედეგის მისაღწევად დიდი სიფრთხილე გვმართებდა. მით უფრო, რომ საკადრო პრობლემები გვქონდა და ახალგაზრდებზე დაყრდნობა მოგვიხდა.

- გამარჯვება ამიტომაც გაგიძნელდათ?
- ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო. მეორე
მხრივ, ახალგაზრდებისთვის მსგავსი მატჩები დიდი გამოცდილება და სკოლაა, მათ ეს გზა აუცილებლად უნდა გაიარონ. სასიამოვნოა, რომ გავიმარჯვეთ და ბრინჯაოს ფინალში გავედით. ახლა ბათუმის "დინამოსთან" გადამწყვეტი მატჩისთვის მოვემზადებით.

- "ბრინჯაოს" ფინალში თქვენს მეტოქეზე რას იტყვით?
- ძლიერი მოწინააღმდეგეა და პატივისცემას იმსახურებს. თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრისთვის კარგად მოვემზადებით და გავიმარჯვებთ.

- ყველას თვალში მოხვდა, რომ მატჩის დასრულებისთანავე სამწვრთნელო შტაბი და მოთამაშეები გულშემატკივრებთან მადლობის გადასახდელად მიიყვანეთ...
- იმიტომ, რომ ეს ხალხი თითოეულ ჩვენგანს თამაშის სტიმულს აძლევს. ფეხბურთი მათ გარეშე მკვდარი იქნება და დიდი მადლობა, რომ დადიან სტადიონზე, გვერდში გვიდგანან და გვამხნევებენ.

- ცოტა ხნის წინ ითქვა, რომ საქართველოს ჩემპიონატისთვის გადაზრდილ ფეხბურთელებს კიევის "დინამოში" გაუშვებთ, ხოლო აქ ჩამოიყვანთ უკრაინული კლუბის ნიჭიერ მოთამაშეებს, რომელთაც უკრაინაში სათამაშო პრაქტიკა აკლიათ...
- დიახ, ამ საკითხებზე ორი "დინამო" ერთმანეთთან ითანამშრომლებს.

- მართალია, თითქოს, ოთარ კიტეიშვილი და რენე ფერეირა კიევის "დინამოში" მიდიან?
- კიტეიშვილი? ლაპარაკი ნამდვილად არის, მაგრამ არა კიტეიშვილის, არამედ ფერეირასა და პაპუნაშვილის წასვლაზე. თუმცა მთავარია, ეს ფეხბურთელებს თავად სურდეთ.

- ეს როგორ გავიგოთ? მათ კიევის "დინამოში" წასვლა არ სურთ?
- იმას ვგულისხმობ, რომ კიევის "დინამო" ძლიერი გუნდია და შესაძლოა, ფეხბურთელებს საკუთარი თავის იმედი არ ჰქონდეთ ან რაღაც სხვა მიზნები ამოძრავებდეთ. მეორე მხრივ, მათ ჰყავთ აგენტები, რომლებიც სხვადასხვა ვარიანტს სთავაზობენ და მოსალაპარაკებლად დრო დასჭირდებათ.

- რომელიმეს სხვა გეგმები აქვს?
- ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით, ეს მხოლოდ წინასწარი ჩანაფიქრია.

- კიევის "დინამოში" მათი წასვლის საკითხი რა დონეზეა გადაწყვეტილი?
- წინასწარი შეთანხმების დონეზე.

- მომავალი სეზონის წინ შემადგენლობის განახლებაზე რას იტყვით?
- ცხადია, გაძლიერება დაგვჭირდება, რადგან ჩვენთან ბევრი გამოუცდელი ფეხბურთელი თამაშობს.

- გამოდის, რომ გამოცდილებს უკრაინიდან უნდა ველოდოთ?
- მე გასტროლიორები არ მჭირდება. თბილისის "დინამო" ისეთი გუნდია, რომელშიც მხოლოდ ძლიერი მოთამაშე უნდა ჩაირიცხოს. ჯერ ადგილობრივ რესურსებს მოვიძიებთ, მაგრამ თუ უკრაინაში საინტერესო ფეხბურთელი გამოჩნდება, რატომ ვიტყვით უარს?!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
აიი როოგრ უნდა ეთამაშებოდეს თანაბრად?? დონე გაქ ჩემპიონატის თუ მაღალი დონის ფეხბურთელები გყავს გუნდში?? რეალობას გაუსწორეთ ცოტა თვალი სწორს ამბობს ეს კაცი და შეხედე დღეს სად თამაშობს კიევის დინამო და სადაა დინამო 3ადგილისთვის თამაშობს ბრინჯაოს კარგით რაა....
juvela
22:54 06-12-2016
0
გეთანხმები.ეს კაცი მოგზავნილი ხომ არ არის?ბიჭები აქ გავწვრთნათ და კიევში ვათამაშოთ?
რეზო
22:30 06-12-2016
0

სიახლეები პოპულარული