გია ცეცაძე: 2:0 კარგია, მაგრამ საკმარისი არ არის

AutoSharing Option
"ჩიხურასთან" საჩემპიონო პლეი ოფის პირველ მატჩში დამაჯერებელი გამარჯვების მიუხედავად, "სამტრედიის" მწვრთნელი გია ცეცაძე ამბობს, რომ ეს არ არის საკმარისი საბოლოო ტრიუმფისთვის და რომ ყველაფერი 11 დეკემბერს, თბილისში გასამართ საპასუხო მატჩში გადაწყდება...

- სამტრედია-ჩიხურა 2:0 - ნოკდაუნი პირველ რაუნდში [VIDEO]

- უპირველეს ყოვლისა, დამსახურებულ გამარჯვებას გილოცავთ. როგორ შეაფასებდით თამაშს?
- 2:0 მოვიგეთ და, რა თქმა უნდა, ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. მთავარი ისაა, რომ ბიჭებს რა დავალებაც მივეცი, ყველაფერი იდეალურად შეასრულეს.

- მეორე ტაიმი შედარებით ფრთხილი ტაქტიკით ჩაატარეთ...
- ჩვენი ამოცანა იყო,
ბურთი არ გაგვეშვა. ძალიან გვინდოდა, რომ მეორე ნახევარშიც გაგვეტანა გოლი, მაგრამ არ გამოვიდა. ისე, გულშემატკივრის გადასახედიდან, 3:0-ის შემთხვევაში საპასუხო მატჩი ინტერესს დაკარგავდა.

- რას ელოდებით თბილისურ მატჩში?
- "ჩიხურა" დიდ ომს გაგვიმართავს და მალე ამაში ყველა დარწმუნდებით. საპასუხო მატჩისთვის თბილისში მოვემზადებით. სხვათა შორის, უამინდობის გამო, დედაქალაქში მატარებლით გავემგზავრებით და არა - ავტობუსით, თავი რომ დავიზღვიოთ. კარგია, რომ 11 დეკემბრის მატჩს ყველა დიდი ინტერესით ელოდება.

- რეალურად რომ ვთქვათ, ასეთი უპირატესობის გაბათილება ძალიან ძნელი იქნება...
- 2:0 კომფორტული უპირატესობაა და საპასუხო შეხვედრის წინ ეს იმედს გვაძლევს. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ლამაზი და სანახაობრივი თამაში ვაჩვენეთ. ამის მიუხედავად, კიდევ ერთხელ ვამბობ - თბილისში ძალიან მძიმე მატჩი გველის და ეს ლიტონი სიტყვები არ არის. ახლა გადამწყვეტი მომენტი დაგვიდგა - ამ მოგებით ჩემპიონობას მივუახლოვდით და საქმე ბოლომდე რომ მივიყვანოთ, მოდუნების უფლება არ გვაქვს.

- მეტოქეზე რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- გულწრფელად და გადაუჭარბებლად ვამბობ, რომ სოსო ფრუიძემ კარგი გუნდი ჩამოაყალიბა, რომელიც თამაშის ხარისხით გამოირჩევა და ეს მეორე ტაიმშიც გამოჩნდა. ჩემთვის დიდი პატივია, ჩემპიონობას კარგი მწვრთნელის ძლიერ გუნდს რომ ვეცილებით. დარწმუნებული ვარ, "ჩიხურას" დარი 4-5 გუნდი კიდევ რომ გვყავდეს, ეროვნული ჩემპიონატის დონე საგრძნობლად აიწევდა და ევროთასებზე "გაბალას" მსგავსი მეტოქე, მინიმუმ, დიდი უპირატესობით ვეღარ გვაჯობებდა.

ამიტომაც მეიმედება 10-გუნდიანი ჩემპიონატის, რადგან იქ დიდი დაძაბულობა და კონკურენცია იქნება, დონე კი ამის გარეშე ვერ ამაღლდება...

აქვე, ესეც აუცილებლად უნდა ვთქვა - "ჩიხურაც" მომეწონა და მისი მოთამაშეების საქციელიც. იყო ერთ-ერთი ეპიზოდი, როცა თამაში მთავრდებოდა და საჩხერელები უტევდნენ, მათ ერთი გოლის გატანა მაინც სჭირდებოდათ. ხომ იცით, ასეთ დროს, უხეშობა და არასაფეხბურთო მომენტები მატულობს ხოლმე. მაგრამ ამ შეხვედრაში პირიქით მოხდა - ჩვენი ფეხბურთელი რომ დაშავდა, ბურთი გიორგი რეხვიაშვილს ჰქონდა და თამაშის გაგრძელების ნაცვლად, აუტზე გადააგდო, ამის გამო კი მისთვის არც ერთ საჩხერელსა და არც მთავარ მწვრთნელს არ უსაყვედურია. ამით, "ჩიხურამ" შედეგზე მაღლა ადამიანობა დააყენა და ჩემთვის ამგვარ საქციელს ვერაფერი გადაწონის.

- რაიონებში სტადიონები თითქმის სულ სავსეა, მაგრამ თბილისში ხალხი ფეხბურთზე არ დადის. თქვენი აზრით, გულშემატკივარს საჩემპიონო ფინალი მაინც მიიზიდავს და 11 დეკემბერს "მიხეილ მესხი" სანახევროდ მაინც შეივსება?
- ძნელი სათქმელია. ჩვენი და საჩხერელი გულშემატკივრები ნამდვილად იქნებიან. ამას გარდა, ფეხბურთით დაინტერესებული ხალხიც მოვა... კარგი იქნება, 7-8 ათასი მაყურებელი მაინც თუ დაესწრება. ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს ჩემპიონატშიც შესაძლებელია ლამაზი ფეხბურთის ხილვა. ვინც პირველ მატჩს დაესწრო, მგონია, რომ არ უნანია და კარგი ფეხბურთი ნახა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
kai batono gavaketot 10 gundiani hempionati.
Normaluria misagebia.magram ra gamkvirvebha.nutu ar moidze 10 fuliani qartveli biznesmeni.rom fexburts mixedos???
kola
18:29 08-12-2016
0
მე არც საჩხერელი ვარ არც სამტრედიელი ტბილისში დავიბადე გავიზარდე და არც ქართველი უბრალოდ მმიყვარს ფეხბურთი და ვადევნებ თვალს საქართველოს ჩემპიონატს ,სამტრედია კარგი გუნდია ჩხურა მესიმპატიურება ,ამიტომ 11 ში ოჯახთან ერთად ლოკომოტივზე მივდივარ ..
თბილისელი
18:14 08-12-2016
0

სიახლეები პოპულარული