...ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება - სად ჩაატარებს საჩემპიონო ფინალის მატჩს "ჩიხურა"

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებამ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი, პირველი და ასაკობრივი (19, 17 და 15-წლამდელების) ლიგების საპლეიოფო თარიღები სანაკრებო პაუზის შემდეგ გამოაცხადა, რითიც ცნობილი გახდა ისიც, რომ გარდამავალი ჩემპიონატის "წითელი" და "თეთრი" ჯგუფების პირველადგილოსნების, "სამტრედიისა" და "ჩიხურას" ორმატჩიანი ფინალი 3 და 11 დეკემბერს ჩატარდება...

...მაგრამ საქმე ისაა, რომ "ჩიხურა" მეტოქეს საკუთარ არენაზე ვერ უმასპინძლებს. მოგეხსენებათ, საჩხერელთა საშინაო სტადიონი ივანწმინდაშია, მაგრამ მოედნის საფარის უვარგისობის გამო ფეხბურთის ფედერაციამ "ჩიხურას" იქ თამაში ოქტომბრის ბოლოს აუკრძალა. ეს თასის მეოთხედფინალში "ჩიხურა"-"სამტრედიის" მატჩის შემდეგ მოხდა, როცა
სფფ-ის კომისიის წევრებმა საკუთარი თვალით იხილეს, რომ მოედანი კატასტროფულ მდგომარეობაში იყო და იქ ფეხბურთის თამაში არ შეიძლებოდა.

ცხადია, ეს "ჩიხურასთვის" სასურველი გადაწყვეტილება არ იყო, მაგრამ კლუბში სფფ-ის პრეტენზია სამართლიანად მიიჩნიეს, რადგან ჩემპიონატის მატჩები კარგ მოედანზე უნდა ჩატარდეს და ეს მოთამაშეებისთვისაც სიამოვნება უნდა იყოს და მაყურებლისთვისაც.

ცუდი ამინდების გამო ამ პრობლემის მოგვარება ამ ერთ თვეში ვერ მოხერხდა და "ჩიხურას" ხელმძღვანელობამ, თავდაპირველად, მეტოქეთა სამასპინძლოდ გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი შეარჩია, სადაც უკვე ეთამაშა ქუთაისის "ტორპედოს".

11 ნოემბერს საჩხერელები ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ბათუმის "დინამოს" ამხანაგურად ეპაექრნენ და გაჩნდა აზრი, რომ შესაძლოა, სოსო ფრუიძის შეგირდებს ჩემპიონატის ფინალური მატჩისთვის სამასპინძლოდ სწორედ ზესტაფონი აერჩიათ.

თუმცა გაირკვა, რომ ხვალ, 26 ნოემბერს, "ჩიხურა" "ცხინვალთან" ბოლო ტურის შეხვედრას თბილისში, "დინამო არენაზე" გამართავს...

დავადგინეთ, რომ "ჩიხურა" საჩემპიონო ფინალში არც გორის "თენგიზ ბურჯანაძეზე" ითამაშებს, არც ზესტაფონის "დავით აბაშიძეზე" და არც თბილისის "დინამო არენაზე". ამაზე საჩხერელთა დირექტორი ბერიკა შუკაკიძე გველაპარაკა:

- გადაწყვეტილია, რომ საჩემპიონო ფინალის საშინაო შეხვედრას თბილისში, "მიხეილ მესხზე" ჩავატარებთ. ოღონდ თამაში ხელოვნურ განათებაზე არ ჩატარდება.

- ეს ხომ ფეხბურთის ფედერაციის მოთხოვნაა?
- ჩვენც გვსურდა საღამოს, განათებაზე თამაში, მაგრამ თურმე, შუქის შესაძლო ჩაქრობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ჩვენ უნდა ავიღოთ, როგორც ორგანიზატორებმა. სწორედ ამას ავარიდეთ თავი, რადგან მართლა რამე რომ მოხდეს, არ გვსურს, ამისთვის კლუბი დაისაჯოს.

- საჩხერესთან უფრო ახლოსაა ზესტაფონი და გორი. ამ ქალაქებში თამაში რატომ არ ისურვეთ?
- მაყურებლების ინტერესებიდან გამომდინარე.

- სწორედ ამიტომ გკითხეთ: ზესტაფონი და გორი საჩხერესთან უფრო ახლოსაა და თქვენი გულშემატკივრები უფრო ადვილად არ ჩავიდოდნენ იქ?
- რა თქმა უნდა, მაგრამ საქმეც ისაა, რომ სტადიონის შერჩევისას სხვა რამეზე ვფიქრობდით - ცხადია, ზესტაფონის ვარიანტიც განვიხილეთ, გორში კი ბევრი ხალხი არ ჩამოვიდოდა, ხოლო თბილისს რაც შეეხება, დედაქალაქში ყველაზე მეტი საჩხერელი ცხოვრობს.

გარდა ამისა, ჩვენი ფეხბურთელების დიდი ნაწილიც თბილისელია და ცხადია, ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე, რიგითი მაყურებლის გარდა, მათი ახლობლები და მეგობრებიც მოვლენ - გათვლა სწორედ ამაზე გვაქვს.

"მიხეილ მესხზე" ჩვენი 2-3 ათასი მხარდამჭერიც რომ მოვიდეს, ბუნებრივია, სამტრედიელებიც ჩამოვლენ და ეს საფეხბურთო გარემოს შექმნის. ხალხის მოსაზიდად, თამაშამდე პიარაქციის გამართვაც გვსურს.

- მაგრამ აქ მეორე მხარეცაა: ზესტაფონში ჩატარებულ თასის ფინალზე ფეხბურთის ფედერაციის სტრატეგია გამოჩნდა - პატარა სტადიონზე ხალხი მეტად ჩანს და ასე თამაში კარგად შეიფუთება. პატარა არენაზე თამაში თავად არ გერჩივნათ?
- გვერჩივნა, მაგრამ ევროპის ლიგაზე "ბურსასფორს" "მიხეილ მესხზე" რომ შევხვდით, მას შემდეგ ეს სტადიონი მეც ძალიან შემიყვარდა და ჩვენი გუნდის ბევრ წევრსაც. დასამალი არ არის, ჩვენს გადაწყვეტილებაზე გავლენა ამ განწყობამაც იქონია. ამავე დროს, "მიხეილ მესხზე" მშვენიერი საფარი, კარგი აურაა და ამიტომაც მგონია, რომ ეს არჩევანი გამართლებულია.

P.S. მომხდარი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქართულ ფეხბურთს ინფრასტრუქტურა სასწრაფოდ სჭირდება. ფაქტია, საჩემპიონო ფინალში ორი ისეთი გუნდი ("სამტრედია" და "ჩიხურა") ითამაშებს, რომლებიც ევრომეტოქეებს საკუთარ სტადიონებზე ვერ უმასპინძლებენ. ეს კი არა, საჩხერელებს ეროვნულ ჩემპიონატშიც არ აქვთ საკუთარი არენით სარგებლობის უფლება. წლებია, ასე გრძელდება და სულ ვიმედოვნებთ, რომ პრობლემა ბოლოს და ბოლოს მოგვარდება. ადრე თუ გვიან ამ ელემენტარულ საკითხს მაინც ხომ უნდა მოევლოს?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ჩვენც გილოცავთ ვიცე ჩემპიონობას და რესტორანშიც დგპატიჟებთ საჩხერეში რესტორნები მაინც გვაქვს ოხრათ
guaduas
15:35 26-11-2016
0
შოთა გუგეშაშვილი
25 ნოემბერი 2016 14:54
რა გახდა ერტი სტადიონი სეაცუხეტ მილიარდელი-------- შენი ფულით რომ ააშენო ვერა? თუ ჯიბე გაქვს ამოკერილი? :)

კახა ქირია
25 ნოემბერი 2016 15:55
ამდენი სიკეთე გაუკეთეთ საჩხერელებს და ბარემ ერთი სტადიონი ბატ.ბიძინა----შენაც მაქეთა ხარ?სხვისი ფულის ხარჯვის მოყვარულების წრეში? :)


ჩიხურა --1000% ხარ

უხილავი
25 ნოემბერი 2016 18:15
წელს მოიგებს ჩიხურა ჩემპიონატს და ეგრევე შევალ ბიძინასთანაო ბერიკამ.სტადიონის შენებლობაზეო.იმედია მართალია----------- ისე მოიგო შენმა ხბომ ძროხა :)

წინასწარ და მთელი გულით ვულოცავ ჩიხურას ახალ მიღწევას თავისი არსებობის ისტორიაში პირველად საქართევლოს ვიცე -ჩემპიონობას
Guadua
02:34 26-11-2016
0

სიახლეები პოპულარული