ვინ არის ვიაჩესლავ გროზნი? - ანუ რატომ აუკრძალეს უკრაინულ ფეხბურთში საქმიანობა?

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - 60 წლის უკრაინელი სპეციალისტი ვიაჩესლავ გროზნი.

"დინამოში" მის დანიშვნას აზრთა სხვადასხვაობა კი მოჰყვა, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ სანამ მწვრთნელის მუშაობას შედეგით ვერ შევაფასებთ, მანამდე მის შესახებ არც კარგი ითქმის და არც - ცუდი.

არ ვიცით, როგორ აეწყობა გროზნის კარიერა "დინამოში", მაგრამ ჩანს, უკრაინელი ზოგადად მედიის მიმართ ერთობ კეთილგანწყობილია და ეს ძალიან კარგია. არიან მწვრთნელები, მედიის ფასი რომ არ იციან.

დღევანდელ ჩვენს წერილს აქვს კონკრეტული მიზანი - ვილაპარაკოთ გროზნის კარიერის საინტერესო ფაქტებზე. მისი
ახლოს გაცნობა ჩვენს გულშემატკივარსაც უნდა აინტერესებდეს...

სათავეებთან
გროზნის დიდი ფეხბურთი არ უთამაშია. სამოყვარულო დონეზე აგორებდა ბურთს და რამდენიმე უკრაინული გუნდის ღირსება დაიცვა. მისი მთავარი სპორტული მიღწევა მოქმედი ფეხბურთელის რანგში იყო უკრაინის ფიზკულტურული კოლექტივების თასის მოგება 1980 წელს.

საფეხბურთო კარიერის შემდეგ გროზნიმ დაასრულა ლუცკის პედაგოგიური ინსტიტუტი და მწვრთნელთა უმაღლესი სკოლა. საქმიანობა კიევის "დინამოსთან" არსებულ სასწავლო-კომპლექსურ ჯგუფში დაიწყო.

1987 წელს გახდა ზაპოროჟიეს "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, ერთი წლის შემდეგ კი იგივე თანამდებობა ჩაიბარა ზაპოროჟიეს "მეტალურგში".

პირველი აღმოჩენები, რომანცევის ასისტენტი და დისკვალიფიკაცია
ამის შემდეგ დაიწყო მისი დამოუკიდებელი სამწვრთნელო კარიერა. ჩაიბარა ვინიცას "ნივა". ამ გუნდში მუშაობისას აღმოაჩინა რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი, რომლებმაც მოგვიანებით ითამაშეს უკრაინის ნაკრებისა და კიევის "დინამოს", მოსკოვის "სპარტაკისა" თუ სხვა გუნდების შემადგენლობაში.

ოლეგ ნადუდა, ვიტალი კოსოვსკი, ალექსანდრ გორშკოვი, სერგეი ნაგორნიაკი - ეს იმ ფეხბურთელთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც გროზნიმ მუშაობის პირველ ეტაპზე აღმოაჩინა.

უკრაინელი სპეციალისტის კარგი მუშაობა მხედველობიდან არ გამორჩენია მოსკოვის "სპარტაკის" მაშინდელ მთავარ მწვრთნელს, ოლეგ რომანცევს, რომელმაც გროზნი ასისტენტად მიიწვია.

6 სეზონის განმავლობაში გროზნი მოსკოვურ კლუბში "მეორე კაცად" მუშაობდა. ამის შემდეგ, 1996-97 წლების სეზონში წვრთნიდა "დნიპროს", ხოლო მერე ის მეტად უსიამოვნო სკანდალში გაეხვია.

1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრის შემდეგ, რომელშიც უკრაინა ხორვატიას დაუპირისპირდა, გროზნის მიერ გაწვრთნილი "დნიპროს" ფეხბურთელი სერგეი ნაგორნიაკი დოპინგზე ჩავარდა.

ამის შემდეგ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ მას სამუდამოდ აუკრძალა იქაურ ფეხბურთში საქმიანობა. მოგვიანებით, ფედერაციის პრეზიდენტმა გრიგორი სურკისმა გროზნის რეაბილიტაცია მოახდინა.

საუკეთესო უცხოეთში და ვიზიტი ჩეჩნეთში
1998 წელს გროზნიმ ბულგარული ფეხბურთის გრანდი - სოფიის "ლევსკი" ჩაიბარა. მუშაობის პირველივე წელს ის ბულგარეთის საუკეთესო მწვრთნელი გახდა. ამის შემდეგ კვლავ "სპარტაკში" მივიდა ასისტენტად. მერე გამოიცვალა რამდენიმე უკრაინული კლუბი და ჩაიბარა გროზნოს "ტერეკი". ეს მოხდა 2008 წელს.

გროზნოდან ის მას შემდეგ გაუშვეს, რაც "ტერეკი" შინ მოულოდნელად დამარცხდა "როსტოვთან". გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობაც დასახელდა. მერე იმუშავა ყაზახური "ტობოლის" მთავარ მწვრთნელად, სულ ბოლოს კი უკრაინულ "ზაკარპატიეს" მოძღვრავდა, სანამ უკრაინულმა კრიზისმა ეს გუნდი არ დაშალა.

მიღწევები
როგორც დამოუკიდებლად მომუშავე მწვრთნელს, არანაირი ტიტული არ აქვს. ამ უსიამოვნო ტრადიციის დარღვევას, ალბათ, საქართველოს ჩემპიონობის მოპოვებით შეეცდება. ოლეგ რომანცევის ასისტენტის რანგში კი ის ხუთჯერ გახდა რუსეთის ჩემპიონი.

ასევე დამოუკიდებელი სამწვრთნელო კარიერისას ორჯერ უწია უკრაინის თასის ფინალს (1996/97 და 2005/06 წლების სეზონებში). გარდა ბულგარეთისა, 1996 და 2002 წლებში დასახელდა უკრაინის საუკეთესო მწვრთნელად.

ახალგაზრდების მოყვარული
ყველა უკრაინული თუ რუსული მედიასაშუალება ერთხმად აღნიშნავს, რომ გროზნის განსაკუთრებით უყვარს და ეხერხება ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა. ჩვენი წერილის პირველ ნაწილში ჩამოვთვალეთ ნაწილი იმ ფეხბურთელებისა, რომლებიც სხვადასხვა დროს მის ხელში დაფრთიანდნენ.

ამ სიას აუცილებლად უნდა მივამატოთ მცველი დმიტრო ჩიგრინსკი, ვინც "შახტარში" შესანიშნავი სეზონების შემდეგ "ბარსელონაშიც" ითამაშა და მაქსიმ კალინიჩენკო. ამ ძალიან კარგმა ფეხბურთელმა, ვინც ძირითადად მოსკოვის "სპარტაკიდან" გვახსოვს, სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო და ახლა ხარკოვის "მეტალისტს" მოძღვრავს.

გროზნი კოლორიტული ვინმეა - ინტერნეტში დევს ვიდეო, რომელშიც მატჩის შედეგით აღტაცებული გროზნოს "ტერეკის" მთავარი მწვრთნელი, ზედ მოედანზე, კავკასიურ მოტივებზე ცეკვავს...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აქვე ვთქვათ, რომ ვიაჩესლავ გროზნის ქალიშვილი, იულია გროზნაია, უკრაინაში ძალიან ცნობილი მომღერალია...

ჩაშლილი ლეგია...
სულ ცოტა ხნის წინ ვიაჩესლავ გროზნიმ კინაღამ ვარშავის "ლეგია" ჩაიბარა. დღეს ის თავისუფლად შეიძლებოდა, ვაკო ყაზაიშვილის დამრიგებელი ყოფილიყო პოლონური ფეხბურთის გრანდში.

მას შემდეგ, რაც "ლეგიას" ექსმწვრთნელს, ახლო წარსულში შესანიშნავ რუს მეკარე სტანისლავ ჩერჩესოვს რუსეთის ნაკრებში უხმეს, დღის წესრიგში დადგა "ლეგიასთვის" ახალი მწვრთნელის მოძიების საკითხი.

აწ უკვე თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელთან მოლაპარაკება უკანასკნელ წამს ჩაიშალა, რის შემდეგაც "ლეგია" იაცეკ მაგიერას ჩააბარეს.

როგორც გროზნიმ თავად განაცხადა, მას არაერთი ვარიანტი ჰქონდა, თუმცა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის გაწვრთნა არჩია.

მაშ, ისღა დაგვრჩენია, გროზნის და "დინამოს" წარმატებები ვუსურვოთ - შინაც და გარეთაც.

"დინამო" ქართული ფეხბურთის ბრენდია და როგორ გამოჩნდება ის ევროპაში, ვერავისთვის იქნება სულერთი...

- 27 ანუ ბოსკამპიდან გროზნიმდე - საქართველოს ჩემპიონატის უცხოელი მწვრთნელები
- ასეთი თამაშის სანახავად არც მე მივიდოდი - ვიაჩესლავ გროზნის სრული პრესკონფერენცია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სად ნახულობს ფიფია ამ ჩამოწერილ მწვრთნელებს. დინამოს ჭირდება კარგი გერმანელი მწვრთნელი რომელიც იქნე მოუსყიდველი და კარგი სელექციონერი. სხვა შემთხვევაში წარმატება ნულის ტოლია. ასე იქნება ახლაც. 1-100 ვდება სანაძლეოს აპრილამდე გაუშვებენ.
jeims
17:17 28-10-2016
0
სხვა გუნდებიც იცვლიან მწვრთნელსს და ამხელა დროს და სტატიებს არ უთმობთ რაყველა დინამოს უძვრებით შეგივარდათ ერთ ადგილას !
pravi
13:50 28-10-2016
0

სიახლეები პოპულარული