ირაკლი ლექვთაძე: მაგარი ფინალი იქნება!

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივთან" საჩხერის "ჩიხურას" დამაჯერებელ გამარჯვებაში (4:1) დიდი წვლილი ირაკლი ლექვთაძემ შეიტანა.

25 წლის ფეხბურთელმა რამდენიმე გუნდი გამოიცვალა და იმედგაცრუებაც გადაუტანია: თბილისის "დინამოდან" ხან გორის "დილაში" გაანათხოვრეს, ხან "ცხინვალში", ბოლნისის "სიონში", ქუთაისის "ტორპედოშიც" იყო, მაგრამ არსად ისე არ უთამაშია, როგორც ახლა "ჩიხურაში" ირჯება.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლექვთაძე საუკეთესო სეზონს ატარებს:

"გარდამავალ ჩემპიონატში "ჩიხურა" ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ყველა პოზიციაზე - დაბალანსებული. უმაღლეს ლიგაში ყველაზე შეთამაშებულ, სწრაფ, ლამაზ და შედეგიან ფეხბურთს ვთამაშობთ. მიხარია, ასეთი გუნდის წევრი რომ გავხდი და მინდა, მის
წინსვლაში ჩემი წვლილი შევიტანო", - ამბობს ლექვთაძე.

მისი აზრით, "ლოკომოტივთან" მოგებამ გუნდის საჩემპიონო ამბიციები რეალური გახადა:

"ეს გადამწყვეტი მატჩი იყო და მეტოქიდან გამომდინარე, იმდენად წარმატებული გამოდგა, ვერც ვიჯერებდი. მაგრამ იღბალიც აშკარად გვწყალობდა, ყველაფერი გამოგვდიოდა. ახლა სამი მატჩიდან ორი სახლში გვაქვს გასამართი - ქუთაისის "ტორპედოსთან" და "ცხინვალთან". თუ ორივეს მოვიგებთ, საჩემპიონო პლეი ოფში ვითამაშებთ".

ლექვთაძე მეორე ჯგუფის ლიდერზეც გველაპარაკა:

"ახლახან "სამტრედიას" თასის მეოთხედფინალში შევხვდით. მეტოქემ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ახალგაზრდული გუნდია, კარგი მწვრთნელი ჰყავთ, ბურთსაც კარგად აგორებენ და კონტრშეტევებს სწრაფად, ერთი-ორი შეხებით ახორციელებენ. "ჩიხურა"-"სამტრედია" ისეთი მაგარი საჩემპიონო ფინალი იქნება, ბევრ მაყურებელს დააინტერესებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული