რევაზ ჩელებაძე: ეს იქნება ომი და არა რიგითი მატჩი!

AutoSharing Option
"შუქურას" წარუმატებელი სტარტისა და 25 სექტემბერს თბილისის "ლოკომოტივთან" საშინაო მარცხის (0:1) შემდეგ თემურ შალამბერიძე შავიზღვისპირელთა დირექტორ რევაზ ჩელებაძეს კონტრაქტის გაწყვეტაზე შეუთანხმდა.

ამ დროისთვის "თეთრ ჯგუფში" ქობულეთელებს მატჩი არ მოეგოთ და ბოლო ადგილზე იმყოფებოდნენ. ჩემპიონატი კი მოკლეა და ვითარების დროულად გამოსწორება იყო საჭირო, "შუქურას" პირველ ლიგაში დაქვეითების საფრთხე რომ აეცილებინა თავიდან.

მას შემდეგ გუნდმა შინ ქუთაისის "ტორპედოს" 2:1 სძლია, ხოლო გასვლაზე "ჩიხურას" დაუზავდა (1:1). ორივე შეხვედრაში, ოფიციალურად, გუნდის მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ნამგალაძე გახლდათ, მაგრამ ცნობილი იყო, რომ ჩელებაძემ შალამბერიძის შემცვლელად პირველი ლიგის
ბინადარ ხობის "კოლხეთის" თავკაცი გია გურული შეიგულა. ახალ მწვრთნელს გუნდის გადარჩენა ევალება და სადებიუტო მატჩშივე, "შუქურას" ლანჩხუთის "გურიასთან" გაამარჯვებინა - 3:1.

გუშინ, 26 ოქტომბერს, სამდღიანი სატრანსფერო "ფანჯარა" გაიხსნა. საინტერესოა, რას აპირებს ამ პერიოდში "შუქურა".

"ერთადერთი სიახლე ის არის, რომ გუნდიდან წასვლა გადაწყვიტა ლევან ანანიძემ, რომელიც ჯანოს ძმაა. არავინ დაგვიმატებია. 30 ოქტომბერს "ცხინვალთან" საომრად ვემზადებით. დიახ, ეს იქნება ომი და არა რიგითი მატჩი, რადგან ქულები ორივე გუნდისთვის ძალიან ბევრს წყვეტს. მიმაჩნია, რომ გია გურულის მოსვლა გუნდს "გურიასთან" შეხვედრაშიც დაეტყო და იმედია, "ცხინვალთანაც" კარგად ვითამაშებთ", - ამბობს ჩელებაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაი რაა, ამ ცხინვლს კიდევ ომი უნდაა?!
marko
18:15 27-10-2016
0

სიახლეები პოპულარული