"ლოკომოტივის" მეპატრონე: გუნდს გიორგი დევდარიანი გაწვრთნის

AutoSharing Option
ჟერარდ სარაგოსას გათავისუფლების შემდეგ თბილისის "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე კლუბის 19-წლამდელთა დამრიგებელი გიორგი დევდარიანი დაინიშნა.

ორიოდ დღის წინ კლუბის სპორტულმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა "ლელოსთან" თქვა, რომ ვაკანტურ თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილებოდა და მათ შორის ერთ-ერთი - გიორგი დევდარიანი იყო.

აქამდე ოფიციალური განცხადება არ კეთდებოდა. "ლელო" "ლოკომოტივის" მეპატრონე ლექსო თოფურიას დაუკავშირდა.

"გადაწყვეტილია, რომ "ლოკომოტივს" გიორგი დევდარიანი გაწვრთნის. ის გუნდში 2017 წლის ბოლომდე იმუშავებს", - გვითხრა თოფურიამ.

დევდარიანის "დიდ ავიაციაში" დაბრუნება სასიამოვნო ფაქტია, რადგან 43 წლის სპეციალისტმა ბევრჯერ და სხვადასხვა ფრონტზე დაამტკიცა,
რომ მუშაობა და გუნდის ფეხზე დაყენება შეუძლია. ის იმ იშვიათ მწვრთნელთაგანია, რომელსაც დიდების ფეხბურთი არ უთამაშია, მაგრამ კარგ სპეციალისტად ჩამოყალიბდა.

დევდარიანმა სამწვრთნელო კარიერა საფეხბურთო სკოლა "მთვარის გლობუსში", გურამ ჩომახიძის ხელმძღვანელობით დაიწყო, გულშემატკივრებმა კი 2002 წელს "თბილისიდან" გაიცნეს, სადაც 2004 წლის ივლისამდე მუშაობდა. 2011 წელს თბილისის "დინამო 2" ჩაიბარა, ხოლო ერთ წელიწადში მთავარი გუნდის მწვრთნელი გახდა.

2012-13 წლებში დევდარიანმა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში იმუშავა. 2013 წლის ივნისიდან გორის "დილას" თავკაცი იყო და გუნდი ევროპალიგის პლეი ოფამდე გაიყვანა. 2014-15 წლებში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს წვრთნიდა, 2015 წლის ივლისიდან "ტრაბზონში" შოთა არველაძეს ეხმარებოდა, წლეულს კი ჯერ "ლოკომოტივის" 17-წლამდელები ჩაიბარა, მერე - 19-იანები და აგერ, მთავარ გუნდამდეც აღზევდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ლოკომოტივი ყოველთვის უნდა იბრძოდეს მაღალი მიზნებისთვის,რადგან ძალიან ტრადიციული და ტიტულოვანი გუნდია,ახლა მწვრთნელიც კარგი ყავთ და ალბათ მოუმატებენ,ჩვენ ჩემპიონატს ჭირდება კონკურენცია კლუბებს შორის,რაც უფრო ბევრი მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდი გვეყოლება ძალიან კარგი იქნება ჩემპიონატისთვის.
bebeto
15:51 27-10-2016
0
სწორი გადაწყვეტილება.
namdvili zaza
14:51 27-10-2016
0

სიახლეები პოპულარული