გელა სანაიას სიხარული და გასაჭირი - ფოთელებს ოთხი წამყვანი მოთამაშე გამოაკლდათ

AutoSharing Option
სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის მორიგ სხდომაზე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ფოთის "კოლხეთი" მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.

მარტვილის "მერანთან" თასის მეოთხედფინალში გაძევებული გუნდის კაპიტანი ომარ გოგონაია და ნახევარმცველი დავით ბოლქვაძე 5-5 მატჩს გამოტოვებენ. ამას გარდა, თითოეული 2400 ლარით დაჯარიმდა.

- სადისციპლინო კომიტეტმა უმაღლესი ლიგის ფეხბურთელები და მწვრთნელი მკაცრად დასაჯა

მიუხედავად საკადრო გასაჭირისა, ფოთელებმა ბოლო ტურში ბოლნისის "სიონს" 1:0 მოუგეს (ქობულეთში) და მე-2 ადგილი განიმტკიცეს. თუმცა გუნდის მთავარი მწვრთნელი გელა სანაია ამბობს, რომ დარჩენილ სამ ტურში "კოლხეთს" უმძიმესი თამაშები ელის და რომ ჯერ
თავი ქუდში არ აქვთ.

"ბოლნისის "სიონთან" გამარჯვებამ და მეორე ადგილის განმტკიცებამ ძალიან გამახარა. ძირითადი შემადგენლობის სამი ფეხბურთელი გვაკლდა და ნეიტრალურ მოედანზე ვთამაშობდით. მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ცდებიან ისინი, რომელთაც ჰგონიათ, რომ თავიდანვე ევროპის ლიგის საგზურს ვუმიზნებდით. ასე ნამდვილად არ არის, რადგან ჩვენ უმაღლესი ლიგის ყველაზე ღარიბი კლუბი ვართ და ასეთი მიზნის დასახვა წარმოუდგენელი იქნებოდა", - ამბობს სანაია.

"კოლხეთის" დამრიგებლის თქმით, ბოლო ტურებში გუნდს სერიოზული საკადრო პრობლემები შეექმნა:

"ახლა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდით. "მერანთან" სათასო შეხვედრაში ჩვენი კაპიტანი გოგონაია და ლიდერი ბოლქვაძე მოედნიდან გააძევეს და ისინი სეზონის ბოლომდე ვეღარ დაგვეხმარებიან. სამი ტურია დარჩენილი, მათ კი 5-5 შეხვედრის გამოტოვება მოუწევთ.

ბოლო ტურში კი, "სიონთან" შეხვედრის უკანასკნელ წუთებზე გოლის ავტორი ვლადიმირ კორობკა გაგვიძევეს. ამას გარდა, ტრავმირებული გვყავს ბიჭიკო გედენიძე. ასეთი მძიმე მდგომარეობით, ჩემპიონატის ფინიშზე წარმატებული გამოსვლა ძალიან ძნელი იქნება. თეორიულად ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ დარჩენილი სამი შეხვედრის შემდეგ ჯგუფის ოთხეულს მიღმა დავრჩეთ.

ამიტომ, თავი ქუდში რომ გვქონდეს, აუცილებელია, ერთი ქულა მაინც მოვიპოვოთ. მეტს მოვახერხებთ და მით უკეთესი. მართალია, "კოლხეთს" ქართული "ლესტერი" შეარქვეს, მაგრამ იქამდე ძალიან ბევრი გვიკლია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული