სამტრედია-საბურთალო 3:0 - დამაჯერებელი ლიდერი, წარუმატებელი დაბრუნება

AutoSharing Option
გარდამავალ ჩემპიონატში "სამტრედია" და "საბურთალო" სხვადასხვა მიზნისთვის იბრძვიან. იმერლები მიმდინარე გათამაშებაში დაუმარცხებლად მიიწევენ წინ და ჩემპიონობის კარგი პერსპექტივები აქვთ.

"საბურთალომ" კი ზედიზედ მეოთხე მარცხის შემდეგ სატურნირო მდგომარეობა ძალიან გაირთულა.

წარუმატებელი ასპარეზობის გამო "სამტრედიასთან" მატჩამდე თბილისელთა სამწვრთნელო შტაბში ცვლილება მოხდა - პაბლო ფრანკო მარტინის ნაცვლად, რამდენიმეთვიანი განშორების შემდეგ, "საბურთალოს" მთავარ მწვრთნელად გია ჭიაბრიშვილი დაბრუნდა, რომელიც წინა სეზონში პოსტიდან სწორედ სამტრედიელებთან დიდი ანგარიშით მარცხის (2:8) შემდეგ გადადგა.

ჭიაბრიშვილის მიერ გაწვრთნილმა "საბურთალომ" ჯგუფის ლიდერთან ცდა არ დააკლო, შემტევი ფეხბურთი ითამაშა და საგოლე მომენტებიც
შექმნა, მაგრამ უფრო გამოცდილ და ძლიერ მეტოქესთან მაინც დიდი ანგარიშით დამარცხდა.

გუნდებმა აქცენტი შეტევაზე გააკეთეს და საწყისი წუთებიდანვე ერთმანეთს გახსნილი ფეხბურთი შესთავაზეს. "საბურთალო" ფავორიტის სტატუსით მოთამაშე "სამტრედიას" აქტიურად ეთამაშებოდა და ბურთზე კონტროლის დაწესებას ცდილობდა. მასპინძლებმა თავიდან, თითქოსდა, თამაში ვერ დაალაგეს, მაგრამ ასეთ ვითარებაშიც კი ორი ძალზე ხელსაყრელი მომენტი შექმნეს.

ფლანგიდან ბაჩანა არაბულის გამჭოლ გადაცემას ბუდუ ზივზივაძემ ვერ მიუსწრო, ცოტა ხანში კი მათ როლები გაცვალეს და ზივზივაძის გადაცემას არაბული ახლო მანძილიდან, ერთი შეხებით აგვირგვინებდა, მაგრამ მცველისგან დასარტყმელი სივრცე შეზღუდული ჰქონდა და ბურთი ხარიხას გადააცილა.

უქმად არც სტუმრები ყოფილან. "საბურთალო" ბურთს კარგად ათამაშებდა და გოლის გატანასთანაც ახლოს იყო - გრიგოლ ჩაბრაძის ჩაწოდების შემდეგ გიორგი ხარაიშვილი ვარდნაში თავით ურტყამდა კარში, მაგრამ სამტრედიელები გოლისგან ხარიხამ იხსნა. "საბურთალოს" არ გაუმართლა, სამაგიეროდ, შანსი კარგად გამოიყენეს მასპინძლებმა - დავით ჯიქიამ თბილისელთა საჯარიმოს რკალთან მოიხელთა ბურთი და ძლიერი დარტყმით ბექა ქურდაძეს მარცხენა დაბალ კუთხეში გაუტანა.

სწრაფმა გოლმა სამტრედიელებს საქმე გაუადვილა. სანამ "საბურთალო" გონს მოვიდოდა, მასპინძლებს ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ. კვლავ სახიფათოდ უტევდა არაბული-ზივზივაძის დუეტი, მაგრამ ამ უკანასკნელს კვლავ მცირედი დააკლდა, რომ კარში გადაეგზავნა ბურთი.

სახიფათო იყო ლაშა შერგელაშვილის საჯარიმო დარტყმაც, მაგრამ ბურთი ხარიხას გადასცდა.

სტუმრები მარცხს არ ეგუებოდნენ და შეტევაში თამამად გადადიოდნენ. მარჯვენა ფლანგზე აქტიური იყო ვაგნერ გონკალვეში, რომელმაც მცველებს გვერდი აუარა და ბურთი კარგად "მოჭრა" კარისკენ, მაგრამ სამიზნეს მცირედით ააცილა.

მიზანთან ახლოს იყო ხარა კოლადოც, რომელმაც მეურვეები ჩამოიცილა და საჯარიმოს შიგნიდან სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ სიზუსტე დააკლდა. კარს ასცდა ვლადიმერ მამუჩაშვილის სახიფათო თავურიც.

თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ მეორე ნახევარში სამტრედიელებმა სტუმრებს შანსი არ დაუტოვეს. არადა, დედაქალაქელებმა თამაშის ეს ნაწილი შეტევებით დაიწყეს, თითქოს, სივრცეც მიიღეს, მასპინძელთა სწრაფი კონტრიერიშები უფრო მწვავე იყო, ვიდრე სტუმართა ერთფეროვანი შეტევები.

ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდში მეკარესთან პირისპირ გასულ ზივზივაძეს შეეძლო თბილისელების დასჯა, მაგრამ ქურდაძეს ვერ აჯობა. სამაგიეროდ, შესანიშნავად გაისარჯა არაბული, რომელმაც მცველებს გვერდი აუარა და მარცხენა მახვილი კუთხიდან "საბურთალოს" კიპერს აუღებელი დაურტყა.

მომდევნო კონტრშეტევისას დავით რაჟამაშვილს შეეძლო გატანა, მაგრამ არ გაუმართლა - უძლიერესმა შორეულმა დარტყმამ ხარიხა შეაზანზარა. "საბურთალომ" გონს მოსვლა ვერ მოასწრო, რომ მასპინძლებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. ამჯერად, შესანიშნავად ითამაშა ზივზივაძემ - მცველებით გარშემორტყმულმა თავისუფალი სივრცე მოძებნა და ულამაზესი დარტყმით ანგარიში 3:0 გახადა.

დარჩენილ დროში სამტრედიელებს დემორალიზებული "საბურთალოსთვის" რამდენჯერმე შეეძლოთ გოლის გატანა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

საქართველოს XXVIII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. X ტური. წითელი ჯგუფი

22.10. სამტრედია. "ეროსი მანჯგლაძე"
სამტრედია-საბურთალო 3:0

1:0 ჯიქია (15), 2:0არაბული (60), 3:0 ზივზივაძე (75)
სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, შერგელაშვილი (89. ახალაძე), რაჟამაშვილი (77. გამყრელიძე), მანჯგალაძე (85. იმედაშვილი), დათუნაიშვილი, ჯიქია, არაბული, ზივზივაძე.
სათადარიგოები: მეშველიანი, მთივლიშვილი, ცნობილაძე, მარკოზაშვილი
მწვრთნელი: გია ცეცაძე
საბურთალო: ქურდაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, კარასკო, ჩაბრაძე, ტერა, მამუჩაშვილი (60. გარსია პენა), გონსალვესი (66. ალთუნაშვილი), ხარაიშვილი, ხარა კოლადო (76. ბუხაიძე), ფანცულაია.
სათადარიგოები: გოშაძე, თედ.გრიგალაშვილი, ნადარაია, ჩოგაძე
მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
გაფრთხილება: მანჯგალაძე (40), ჩაბრაძე (48), მამუჩაშვილი (54), კარასკო (82)
არბიტრი: ლ. სილაგავა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გიო

სამტრედიის კლუბს ჰყავს მაგარი უხეირო და მოუწესრიგებელი ოპერატორი როგორც ფეისბუქის,ასევე ვიდეო მიმოხილვების,მაგათზე ჩქარა კუ დადის, ამიტომაც არ არის ვიდეომიმოხილვები.

დროა ეს კლუბი კერძო მფლობელს გადაეცეს თორემ ეს რაღაც უფულო ,არამომგებიანი არასამეწარმეო საფეხბურთო კავშირი რომელმაც კლუბს მოაჯდა პარაზიტივით, ბიუჯეტის ხარჯზე ცხოვრობს, მისი გაწეული ინევსტიციების შესახებ კი არავინ არაფერი იცის.
Guadua
18:17 24-10-2016
0
სამტრედიის გოლები რატო არ იდება..ყველა თამაშის აღწერას ახლავს გოლები.. სამივე გოლი კარგი სანახავია ნამდვილად...
გიო
16:02 24-10-2016
0

სიახლეები პოპულარული