კახა კაჭარავა: უიმედოდ ყოფნას ჯობია, გუნდიდან წავიდე...

AutoSharing Option
გარდამავალი ჩემპიონატის პირველი წრე დასრულდა და ვითარებაც მეტ-ნაკლებად ნათელია - უკვე ვიცით, რომელი გუნდები იბრძოლებენ ჩემპიონობისა და საპრიზო ადგილებისთვის და ვის მოუწევს გადარჩენისთვის ზრუნვა. აშკარაა, რომ "ცხინვალის" მდგომარეობა სახარბიელო ვერ არის და თუ მეორე წრეში ქულები არ დააგროვა, დაქვეითება არ ასცდება.

"ცხინვალის" მთავარი მწვრთნელი კახი კაჭარავა წარუმატებლობის მიზეზებზე ლაპარაკობს, მაგრამ იმედგადაწურულს არ ჰგავს:

- სამწუხაროდ, "ცხინვალი" მძიმე მდგომარეობაშია. დასამალი არაფერია - ჩვენ სეზონამდე ვერც ძველი ბირთვის შენარჩუნება მოვახერხეთ
და ვერც ფეხბურთელების დამატება. სეზონისთვის ნორმალურადაც ვერ მოვემზადეთ, საკუთარი სტადიონი არ გვაქვს და სპონსორიც არ მოდის. კლუბის ბიუჯეტი მოკრძალებულია და, ამავე დროს, ანგარიშზე არსებული თანხიდან დავალიანების გასტუმრებასაც ვცდილობთ.

აუტსაიდერები რომ ვართ, ეს სწორედ არსებული მდგომარეობის შედეგია. ან რა უნდა მოვთხოვოთ ფეხბურთელებს? - უკვე მესამე თვეა, მხოლოდ ერთჯერადად ვავარჯიშებთ. გამომდინარე იქიდან, რა ვითარებაშიც აღმოვჩნდით, ბიჭებს მადლობაც ეკუთვნით. მათ იმას ვთხოვ, რის უფლებასაც პირობები გვაძლევს. შეკრებას რომ ვერ გაივლი და ტურის დღეს თამაშამდე შეიკრიბები, რა უნდა ქნა?

- ევროპაშიც ხომ სტადიონზე იკრიბებიან და არა წინა დღეს?
- გეთანხმებით, ევროპაში თამაშის დღეს იკრიბებიან, მაგრამ იქ იმხელა ხელფასები აქვთ, სახლში წასული მოთამაშისთვის კვების სასურველი რაციონის შერჩევა პრობლემა არ არის. ჩვენ კი სხვა სისტემაზე ვართ აწყობილები და თამაშის წინ შეკრება დამკვიდრებული წესია, რადგან არ ვიცით, თამაშამდე ვინ როგორ იკვებება. ამას გარდა, ფაქტობრივად, ნახევრად პროფესიონალების გუნდი ვართ, რადგან ბევრ მოთამაშეს ხელფასიც არ აქვს.

- ეს როგორ?
- ხელფასები ძირითადის ფეხბურთელებს აქვთ, ხოლო ვინც შეცვლაზე შემოდის, მათი უმრავლესობა ანაზღაურებას ვერ იღებს.

- მაგალითად, შინდაგორიძე სეზონის მსვლელობისას დაიმატეთ და ისიც უხელფასოდ თამაშობს?
- ისეთი მწირი ბიუჯეტი გვაქვს, ფაქტობრივად, ნორმალურ ხელფასს ვერც ვუხდით. ამიტომ ვთქვი, ამ ბიჭებს მხოლოდ მადლობა ეკუთვნით-მეთქი. როცა ფინანსები გვქონდა, ყველაფერი კარგად იყო, შეკრებასაც გავდიოდით, ლიდერებშიც ვიყავით და ევროპის ლიგაშიც მოვხვდით.

შარშანაც კარგად გამოვდიოდით, სანამ უფულობამ არ დაგვაღალატა. არადა, ორი თამაში რომ მოგვეგო, ისევ ევროპის ლიგაში ვითამაშებდით. არავის არაფერს ვაბრალებთ, დავალიანებები გადმოგვყვა და ნელ-ნელა უნდა გავისტუმროთ, ჩვენი ბიუჯეტი კი მოკრძალებულია.

ამას გარდა, სტადიონსაც ვქირაობთ და წასული მოთამაშეების დავალიანებაც შემოგვრჩა. მათაც ფინანსური პრობლემების გამო დაგვტოვეს, თორემ არავის გაშვება არ გვსურდა. 9-10 წამყვან მოთამაშეს საკუთარი ნებით როგორ შეველეოდით?

- საინტერესოა, ვალები რატომ დაგიგროვდათ?
- ამ გათამაშებებში მონაწილე გუნდებს მოთამაშეებთან მინიმუმ ერთწლიანი კონტრაქტები უნდა ჰქონოდათ გაფორმებული და ეს მერე გავიგეთ, ევროპის ლიგაში რომ გავედით. მანამდე ბევრ ფეხბურთელს ჰქონდა 500 ლარი, რაც სასაცილო ხელფასია. სახელმწიფო დახმარებას შეგვპირდა და ახალ ხელშეკრულებებში ფეხბურთელებს გაუმჯობესებული პირობები შევთავაზეთ, მაგრამ გრანდიოზული ხელფასები არ გვქონია, მაქსიმალური ანაზღაურება 3 ათასი იყო და ამასაც მხოლოდ სამი მოთამაშე იღებდა.

ყველაფერი 13 ივნისის სტიქიამ არია - სახელმწიფოს მთელი სახსრები სტიქიით დაზარალებულებს მოხმარდათ და ეს ასეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ "ცხინვალი" ვეღარ დააფინანსეს და ჩვენც ისეთი თავხედები არ ვართ, ასეთ ვითარებაში ფული მოგვეთხოვა. ფეხბურთელებმა კი დაგვტოვეს და მათი დავალიანებები შემოგვრჩა.

6 თვე რომ უხელფასოდ ითამაშებს, შენც ადამიანური დამოკიდებულება უნდა გამოიჩინო და ამ პერიოდის ხელფასი გაუსტუმრო. ასე რომ, ყველა წარუმატებლობას თავისი მიზეზები აქვს. ფეხბურთელს მაშინ მოსთხოვ, როცა ყველაფერს უკეთებ და თუ ელემენტარული პირობები არ გაქვს, რა უნდა უთხრა?

აი, ამ პრობლემების მოგვარება გვსურს, თორემ ძალიან კარგად ვიცი, გუნდი როგორ მოვამზადო და ვათამაშო. ვითარების გამოსწორებას დრო უნდა.

- გარდამავალი ჩემპიონატის დასრულებამდე ზუსტად ორი თვეა დარჩენილი და ასეთ პირობებში მეორე წრეს რა იმედით ელოდებით?
- უიმედოდ ყოფნას ჯობია, გუნდიდან წავიდე, მაგრამ ორ თვეში ბევრი რამის გამოსწორება შეიძლება და მეც მჯერა, რომ დარჩენილ 6 შეხვედრას ბევრად უკეთ ვითამაშებთ და ნოემბრის ბოლოს "ცხინვალი" ახალი, 10-გუნდიანი ჩემპიონატის მონაწილე გახდება.

იცით, რა მაიმედებს? პოლიტიკაზე არ გადავერთვები, მაგრამ დარჩენილი მოთამაშეების დიდ ნაწილს სარფიანი შეთავაზებები ჰქონდა, მაგრამ იციან, "ცხინვალი" რა კლუბია, რა დატვირთვა აქვს და საქართველოსთვის მისი არსებობა რომ მნიშვნელოვანია.

სხვათა შორის, წასულებსაც ძალიან სურდათ თამაში, მაგრამ მთვარიდან არ ჩამოვფრენილვარ, ოჯახები ჰყავთ და რა პირით მეთქვა, დარჩით-მეთქი?! პირიქით, რაც მათ "ცხინვალისთვის" გააკეთეს, იმისთვის მადლობა ეკუთვნით.

- არსებული კონტინგენტის პოტენციალზე რას იტყვით?
- სხვათა შორის, მიმაჩნია, რომ უმაღლესში დარჩენა ამ ბიჭებითაც შეგვიძლია. მაგრამ ახალგაზრდებს პროგრესისთვის კარგი მომზადება საჭირდებათ, სხვაგვარად ვერ გაიზრდებიან. თუმცა, უიმედოდ მაინც არ ვართ და ვცდილობთ, უმაღლეს ლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ.

დრო გვაჩვენებს, რა გამოვა აქედან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
დაუბრუნეთ ცხინვალი გუნდი თავის პატრონებს უნამუსოთ რომ მუშაობთ სხვის ნაწვალებზე.
0
ყველა გუნდი იმას ტირის,რომ მწირი ბიუჯეტი აქვს.კი მაგრამ, "ფეხბურთის დასამარების ფონდი"რას აფინანსებს?
უცნობი
23:10 29-09-2016
0

სიახლეები პოპულარული