დიდი ალბათობით, დღეს თბილისის "დინამო" იურაი იარაბეკს ოფიციალურად დაითხოვს

AutoSharing Option
თუ სასწაული არ მოხდა, დღეს თბილისის "დინამო" ოფიციალურად დაითხოვს იურაი იარაბეკს. ამასთან დაკავშირებით კლუბში კომენტარს ჯერ არ აკეთებენ, თუმცა, ძალიან მაღალი ალბათობით, ზემოთ ხსენებულ გადაწყვეტილებას "დინამო" სწორედაც დღეს მიიღებს.

როგორც ვიცით, ამ ეტაპზე საქართველოს მოქმედ ჩემპიონს იარაბეკის შემცვლელი შერჩეული არ ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ 53 წლის სლოვაკმა სპეციალისტმა "დინამო" ზამთარში ჩაიბარა და გაზაფხულზე დუბლი (ჩემპიონობა და თასი) აზეიმა, თუმცა გუნდმა ვერ შეასრულა საევროთასო ამოცანა - ვერც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვდა და ვერც - ევროპალიგისაში.

ესეც არ იყოს, ბოლო დროს "დინამო" არასახარბიელოდ
გამოიყურება საქართველოს ჩემპიონატშიც. თბილისურ
გრანდს "თეთრ ჯგუფში" მისთვის უჩვეულო მესამე ადგილი უჭირავს. ზედიზედ 3 ფრე და აქედან, მიჯრით ორი 0:0 - ასეთია "დინამოს" ბოლოდროინდელი "მონაგარი".

ამიტომაც არ არის გასაკვირი კლუბის ხელმძღვანელობის სურვილი, როგორმე შეაჩეროს უღიმღამო სერია. რამდენად წაადგება საქმეს მწვრთნელის შეცვლა, ამას მომავალი გვიჩვენებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"