მეორე ლიგის ამბები: ნემსაძე "შევარდენში, "ოლიმპიკი" "ემპოლის" ფარმკლუბი?

AutoSharing Option
ქართულ ფეხბურთში ისეთი პროცესები დაიწყო, რაც გარეშე თვალისთვის შეიძლება შეუმჩნეველია, მაგრამ თავისი დატვირთვით ძალზე მნიშვნელოვანია. დღეს მეორე ლიგის ამბებს მოგიყვებით...

"შევარდენმა" ძოძუაშვილის გუნდი დაამარცხა
"შევარდენი 1906"-ის ხელმძღვანელობა საქმეს შეუდგა და გუნდის ჩამოყალიბებას ცდილობს. 20 წლის შემდეგ აღდგენილი ისტორიულ საფეხბურთო კლუბს ჩვენი კოლეგა გეგი კიკაბიძე და დიმიტრი ბარათაშვილი ხელმძღვანელობენ. მათი სურვილია, "შევარდენი 1906"-მა საქართველოს ჩემპიონატის II ლიგაში იასპარეზოს.

"ჩვენ უკვე შევიტანეთ განაცხადი ფეხბურთის ფედერაციაში მონაწილეობაზე. როგორც ვიცი, პარასკევს, სფფ-ის აღმასკომის სხდომა გაიმართება და დიდი ალბათობით, იქ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ბევრი საკითხი გადაწყდება.

იმედია,
საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებას მოგვცემენ და მეორე ლიგის აღმოსავლეთ ან ცენტრალურ ზონაში ვითამაშებთ", - ამბობს კიკაბიძე.

მან საკადრო სიახლეებზეც ილაპარაკა:

"ჩვენთან რამდენიმე მნიშვნელოვანი ამბავია. ცნობილია, რომ გუნდს გიორგი ხუბეჯაშვილი გაწვრთნის, რომელიც კლუბს ჩვენთან ერთად აყალიბებდა. სიახლე კი ის არის, რომ "შევარდენი 1906"-ის საპატიო პრეზიდენტობა გიორგი ნემსაძეს შევთავაზეთ - ჯერ იმიტომ, რომ ამ კლუბის წევრი და ეროვნული ნაკრების კაპიტანი გახლდათ და ვფიქრობ, დროა, კლუბებმა ასეთი ცნობილი ვეტერანები წამოსწიონ წინა პლანზე.

გიორგი ბევრი საკითხის მოგვარებაში გვეხმარება. უკვე არაერთი პრობლემა მოვაგვარეთ - გვაქვს ფორმები, ბურთები, საჭირო ეკიპირება და საქმეს შევუდექით. გარდამავალ ჩემპიონატში "შევარდენი 1906" "სალერის" ეკიპირებით იასპარეზებს".

გუნდის დასაკომპლექტებლად შერჩევები გამოაცხადეს. კიკაბიძის თქმით, უკვე ბევრი საინტერესო მოთამაშე დაიმატეს:

"მიხარია, რომ ჩვენს წინადადებას დათანხმდა ვაჟა ნემსაძე. მას ახალგაზრდულ ნაკრებში უთამაშია და მიმაჩნია, რომ "შევარდენი 1906"-ისთვის დიდი ძალა იქნება. გარდა ამისა, "გარდაბნის" თავდამსხმელი ლაშა გურგენიძეც ჩვენთან ითამაშებს, რომელმაც ბოლო ორ სეზონში მეორე ლიგაში 54 გოლი გაიტანა. მახარებს ის ამბავიც, რომ "მარკ სტარსის" კაპიტანი, უმაღლეს ლიგაში ნათამაშები გიორგი ჭაავაც ჩვენი გუნდის ფორმას მოიგებს".

20-წლიანი პაუზის შემდეგ "შევარდენი 1906"-მა პირველი მატჩიც ჩაატარა - საკონტროლო შეხვედრაში სოხუმის "დინამოს" (რომელსაც რევაზ ძოძუაშვილი ავარჯიშებს) 3:1 მოუგო.

ძველიც და ახალიც
განზე გადავდოთ, ვინ რა პოზიციაზეა. მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით მოგახსენებთ: ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების შემდეგ ბევრი ახალი კლუბის ჩამოყალიბება გადაწყდა. "შევარდენი 1906"-ის გარდა, კიდევ 10 გუნდი აღადგინეს ან ჩამოაყალიბეს.

ბოლოს ამ სიას კიდევ ორი დაემატა - პირველი "ვოიაჟია", რომელიც მეორე ლიგაში გამოდიოდა და 2014 წელს დაიშალა. გაგიკვირდებათ და, ამ კლუბს კერძო სპონსორი ჰყავდა, რომელიც წელიწადში 40 ათას ლარს ხარჯავდა. მაგრამ მეორე ლიგაში კაცი მსაჯობით რომ "გააგიჟეს", ფულის ხარჯვა შეწყვიტა, "ვოიაჟი" კი - დაიშალა.

ახლა გუნდის მწვრთნელი დავით წიქარიშვილი მოთამაშეთა მოძიებას ცდილობს და იმედოვნებს, რომ ფეხბურთზე გულაცრუებულ სპონსორსაც დააბრუნებს.

ახალი კლუბია "ტიფლისიც", რომლის დამფუძნებლებმაც გამოაცხადეს, რომ შესაძლოა, გარდამავალ ჩემპიონატში ითამაშონ. კლუბის თავკაცებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მონაწილეობაზე განცხადება შეიტანეს და სფფ-ისგან პასუხს ელიან, მანამდე კი დროს არ კარგავენ და ახალი სეზონისთვის ემზადებიან.

"ამ ეტაპზე, კლუბს ყველა წინაპირობა აქვს, რომ წარმატებით ითამაშოს ქვედა ლიგაში, რადგან აქცენტს არა რაოდენობაზე ან ფინანსურ დაინტერესებაზე, არამედ ხარისხზე გააკეთებს. ანუ შედეგიც და მომავალზე ზრუნვაც - ასეთია კლუბის მიმართულება.

ჩვენს განკარგულებაშია ოფისი, საფეხბურთო ინვენტარი და შერჩეული ფეხბურთელები, თუმცა სელექცია კიდევ გაგრძელდება. კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელია მალხაზ ქოქიაშვილი (რომელიც საკმაო ხანს თბილისის "ლოკომოტივში" ასაკობრივ და ჭაბუკთა ლიგის გუნდებში მუშაობდა). გუნდი საშინაო მატჩებს და ვარჯიშებსაც ნაძალადევში, "შრომითი რეზერვების" სტადიონზე ჩაატარებს, აქცენტს კი 16-დან 20 წლამდე ფეხბურთელებზე გააკეთებს", - წერია განცხადებაში.

ილიმპიკი + ემპოლი = გუნდს?
დიდი ალბათობაა, რომ მეორე ლიგაში გუნდი საფეხბურთო სკოლა "ოლიმპიკმაც" გაიყვანოს.

ორიოდე დღის წინ სკოლას მისივე ტერიტორია დაუმტკიცეს. "ოლიმპიკის" მეპატრონე, წარსულში თბილისის "დინამოს" მეკარე კარლო მჭედლიძე არსებული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია-განვითარებას გეგმავს.

- ინვესტორებს ხელ-ფეხი გაეხსნებათ! სახელმწიფომ კარლო მჭედლიძის "ოლიმპიკს" მიწა დაუკანონა

მისი თქმით, ჯერ კიდევ 10 წლის წინანდელი ჩანაფიქრი, რომ "ოლიმპიკი" იტალიური საფეხბურთო კლუბის, "ემპოლის" ფარმკლუბად ჩამოყალიბებულიყო, ისევ გაცოცხლდა.

"დიახ, ამაზე სერიოზულად ვფიქრობ, რადგან მიწის გადმოცემით ინვესტიციის მოზიდვისა და განვითარების პერსპექტივა გაჩნდა. ეს ყველაფერი კი გუნდის ჩამოყალიბების გარეშე წარმოუდგენელია.

მსურს, ისეთი გუნდი ჩამოვაყალიბო, რომელიც არა მხოლოდ მეორე ლიგაში, არამედ მომავალში უმაღლესშიც ითამაშებს. მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ მხოლოდ იტალიელებთან და "ემპოლისთან" თანამშრომლობის იმედად არ ვარ.

პოტენციური ინვესტორები გერმანიასა და საქართველოშიც არიან. უბრალოდ, "ემპოლის" ფარმკლუბის ჩამოყალიბება ყველაზე რეალურია. ჯერ ვერ გეტყვით, გუნდი წელს ჩამოყალიბდება თუ გაისად, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება", - ამბობს მჭედლიძე.

* * *
რატომ ვამახვილებთ მეორე ლიგაში მიმდინარე პროცესებზე ყურადღებას? იყო დრო, როცა საქართველოში 160-ზე მეტი გუნდი და 45 ათასი ფეხბურთელი იყო. ახლა მათი რაოდენობა, შესაბამისად, 77-მდე და 12 ათასამდე შემცირდა.

მაშინ, როცა 340-ათასიან ისლანდიაში ჩვენზე მეტი მოთამაშეა, ქართული ფეხბურთისთვის გუნდებისა და მოთამაშეთა რაოდენობის გაზრდა უმნიშვნელოვანესი საკითხი ხდება.

ამიტომაა სასიხარულო, მეორე ლიგაში გუნდების რაოდენობა რომ იზრდება - დიდი ფეხბურთი იწყება სწორედ ყველაზე დაბალი საფეხურიდან, საფუძვლებიდან და არა - ეროვნული ნაკრებიდან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ყველა თბილისში რომ აკეთებს გუნდს რაიონებმა რა დააშავეს!ფედერაციამ უნდა გააფართოვოს გეოგრფია.
პატრიოტი
10:49 30-07-2016
0
მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა. ზოგიერთი წამოწყება მართლაც, კარგია, მაგრამ იმ კლუბების 90 პროცენტი რომლებსაც ახლა აყალიბებენ ან "აღადგენენ". თავშივეა განწირული და უპრეპექტივო, სახელმწიფოს ხარჯზე "ბიზნესის" წამოწყების უაზრო მცდელობაა. ახლა ნახეს, რომ ფეხბურთის ფედერაცია და სპორტის სამინისტრო რაღაც თანხით ეხმარება კლუბებს და მოუნდათ მუქთა ფული. ჯობია ამ 10 კლუბზე რაც დაიხარჯება სახელმწიფოსგან ბავშვთა ფეხბურთს მოახმარონ ან უმაღლესი ლიგის გუნდებს, რადგან წყალში ჩაყრილი ფული იქნება. აი ნახავთ ამ 10 კლუბიდან 9 ს მალე ბურთები არ ექნებათ, გასახდელები, სტადიონები, ტაბლო და ელემენტარული პირობები. ასე, რომ სახელმწიფო მეწველი ძროხა ნუ გგონიათ ზოგიერთებს. იმედია ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები წაიკითხავენ ამ კომენტარს და დაფიქრდებიან, როცა გაურკვეველი სუბიექტები ითხოვენ თანხებს ე. წ კლუბების აღსადგენად და დასაარსებლად. ყველას არ ეხება.
პატრიოტი
10:30 30-07-2016
0

სიახლეები პოპულარული