არმაზ ჯელაძე: "სიონი" გაძლიერდა და კიდევ გაძლიერდება

AutoSharing Option
როგორც ჩანს, გარდამავალ ჩემპიონატში ბოლნისის "სიონი" სოლიდური გუნდი იქნება. არმაზ ჯელაძის გაწვრთნილებმა არაერთი ძლიერი ფეხბურთელი შეიმატეს და ახალწვეულებს კიდევ ელიან.

"სიონმა" უკვე დაიწყო მზადება ახალი სეზონისთვის. "ლელო" ბოლნისელთა მთავარ მწვრთნელს, არმაზ ჯელაძეს დაუკავშირდა და მიმდინარე თემებზე ინტერვიუ სთხოვა...

- თავდაპირველად, მოსამზადებელი პერიოდის შესახებ გვიამბეთ...
- მთლიანობაში რომ ავიღოთ, განვლილი პერიოდით კმაყოფილი ვარ. ვითამაშეთ საკონტროლო მატჩებიც. "გაბალასთან" 0:4 კი წავაგეთ, მაგრამ ექსპერიმენტული შემადგენლობა გვყავ
და. თავის გამოჩენის შანსი მივეცით იმ ფეხბურთელებს, რომლებიც გუნდში სინჯებზე იყვნენ.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ "გაბალას" ევროთასებზე უწევდა თამაში და ჩვენზე ადრე ჰქონდა მზადება დაწყებული. ამ გუნდს მეორედაც შევხვდით და 1:1 ვითამაშეთ. ეს ისეთი ანგარიშია, რომ კმაყოფილი არ უნდა დარჩე, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ფრე მისაღები იყო ჩვენთვის. გამოჩნდა, რომ ჩვენი გუნდი უფრო შეთამაშებული იყო, დაიხვეწა რგოლებს შორის კავშირები...

რაც შეეხება "გაგრასთან" საკონტროლო მატჩს, პირველ ნახევარში აშკარა უპირატესობა გვქონდა. მეორე ტაიმშიც არ გვითამაშია ცუდად. ორი ბურთი გავიტანეთ. შანსი "გაგრასაც" ჰქონდა, მაგრამ 11-მეტრიანი ვერ გაიტანეს... სხვათა შორის, "გაგრამ" შესანიშნავი მეტოქეობა გაგვიწია და მინდა ამ გუნდს წარმატებები ვუსურვო.

- გუნდში ბევრი ახალწვეულია. როგორ გაიარეს მათ "სიონთან" ადაპტაციის პროცესი?
- ძალიან კარგად და ამისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ფეხბურთელებს. კარგი მოთამაშეები დავიმატეთ. ეგ არის, რომ ამ დროისთვის ცოტა გვაკლია შეთამაშება. თუმცა ჩემპიონატის დაწყებამდე ეს პრობლემა აუცილებლად გადაიჭრება.

- ვიცით, რომ ბრაზილიელ საყრდენ ნახევარმცველს ელოდებით...
- მანამდე ეგვიპტელი შემტევი ნახევარმცველი უნდა ჩამოსულიყო. მისი თამაში ვნახე და უნდა გითხრათ, რომ ძალიან სერიოზული ფეხბურთელია. აქამდე ის პოლონეთის ჩემპიონატში თამაშობდა. სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო.

- ...და საქართველოში აღარ ჩამოვა?
- სამწუხაროდ, ვეღარ ჩამოვა, რადგან ჩვენ გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც გუნდს გარდამავალი ჩემპიონატის დასაწყისიდანვე დაეხმარებიან. მოგეხსენებათ, მოკლე ჩემპიონატი გვექნება, ყველა ქულას განსაკუთრებული ფასი დაედება.

- ბრაზილიელ ნახევარმცველზე გკითხეთ. ისევ ელოდებით მას?
- ველოდებით და აუცილებლად ჩამოვა კიდეც. მას ბრაზილიის ჩემპიონატის პირველ ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს. სტამბოლის აეროპორტში აფეთქება რომ მოხდა, ისიც იქ იყო. რა თქმა უნდა, დავინტერესდით მისი ჯანმრთელობით და გავიგეთ, რომ კარგად არის და გუნდს მალე შეუერთდება.

- დაიტოვებთ თუ არა სენეგალელ საყრდენ ნახევარმცველ სიდის, რომელიც "გაბალასთან" მეორე შეხვედრაში გასინჯეთ?
- არა, ჩვენი თანამშრომლობა არ შედგა. გავითვალისწინეთ ისიც, რომ მან "გაბალასთან" შეხვედრაში ტრავმა მიიღო...

- ლაპარაკია ესპანელ ფეხბურთელებზეც. ეს რამდენად მართალია?
- ნამდვილად არის ამაზეც ლაპარაკი. ალბათ, მკითხავთ და აქვე გეტყვით, რომ ქართველ ფეხბურთელებთანაც გვაქვს მოლაპარაკებები. რაც მეტი კარგი მოთამაშე გვეყოლება, მით უკეთესი. მოკლედ, შემადგენლობა კიდევ გაძლიერდება.

- განსაკუთრებით რომელ ამპლუაში გჭირდებათ გაძლიერება?
- გვჭირდება თავდამსხმელი, საყრდენი ნახევარმცველი და მეკარე.

- მეკარის პოზიციაზე ლეგიონერის დამატებას ხომ არ აპირებთ?
- დიახ, უკრაინელის ჩამოყვანას ვაპირებთ. ის ადრე ოდესის "ჩერნომორეცში" თამაშობდა. ძლიერი მეკარეა.

- მირზა მერლანი აღარ იქნება "სიონის" მეკარე?
- მან ძალიან ბევრი გააკეთა "სიონისთვის" და მინდა, მადლობა გადავუხადო. ამ ეტაპზე, გადავწყვიტეთ, აქცენტი ლეგიონერ მეკარეზე გაგვეკეთებინა. არავინ იცის, რა და როგორ იქნება მომავალში. იქნებ ჩვენი გზები კიდევ გადაიკვეთოს.

- საინტერესოა, რა იქნება "სიონის" მიზანი გარდამავალ ჩემპიონატში?
- როგორც გითხარით, კარგი ფეხბურთელები დავიმატეთ. მათში დიდ პოტენციალს ვხედავ და არ გამიკვირდება, თუ ზოგიერთ მათგანს ახლო მომავალში საქართველოს ნაკრების ღირსების დაცვა მოუწევს. ზოგსაც ძველ გუნდში არ ჰქონდა დიდი სათამაშო დრო, მაგალითად - გიორგი ჯანელიძეს, რომელიც "დინამოში" იყო. მიმაჩნია, რომ მას შეუძლია, ფეხბურთი მაღალ დონეზე ითამაშოს...

ერთი რამ ფაქტია - გუნდში იქნება დიდი კონკურენცია და ითამაშებს ის, ვინც კონკრეტულ მომენტში უკეთ იქნება მომზადებული. კონკურენცია ყველა გუნდში აუცილებელია და არც "სიონია" გამონაკლისი. ისეთი ჩემპიონატი გველოდება, ყველა შეხვედრაში ბოლომდე იქნება ბრძოლა. დისტანცია მოკლეა. რაც შეეხება მიზანს, ჩვენი პროგრამა-მინიმუმი ოთხეულში მოხვედრა იქნება. ამ შედეგით ევროთასებზე გასვლა შეიძლება.

- ისე ჩანს, "სიონში" ლეგიონერები იქნებიან. როგორ წარმოგიდგენიათ მათი იდეალური სპორტული თანაცხოვრება ქართველ ფეხბურთელებთან?
- ლეგიონერისგან რაღაცას ისწავლის ქართველი და პირიქით. ამაში დარწმუნებული ვარ. ერთი რამ ცხადია: ჩვენ აუცილებლად შევინარჩუნებთ იმ დიდებულ გუნდურ ატმოსფეროს, რომელიც დღეს "სიონშია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სიონი კარგად იხოდება და წელსაც კარგი გუნდი იქნება აშკარად. მარტო პიარით არ ვიძახი, იმენა ვნახე გაგრასთან ამათი თამაში და მაგრად მევასნენ. თავდამსხმელი კარგი დაიმატეს სიხარულიძის სახით, აი მეკარე კი ნამდვილად სჭირდებათ. ის ცხინვალიდან დამატებული ვერა ისეთი რომ ძირტადში იყოს. ფეით თამაშის აზრზე არაა
levani
18:50 01-07-2016
0
სამტრედიას მოუგებთ, ბრატ?
odala
18:29 01-07-2016
0

სიახლეები პოპულარული