ჯაბა დვალი: სადაც არ არის ამბიცია, იქ ფეხბურთელს არაფერი ესაქმება

AutoSharing Option
"ცხინვალმა", წესით, უახლოეს დღეებში უნდა შეიმატოს 31 წლის თავდამსხმელი ჯაბა დვალი. ჩვენს საკლუბო ფეხბურთში დვალი რიგითი ფორვარდი არ არის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის ევროთასებზე დამოუკიდებელი საქართველოს საუკეთესო ბომბარდირია.

მას არაერთ ქართულ გუნდში უთამაშია, მათ შორის - თბილისის "დინამოსა" და "ზესტაფონში". ბოლოს ის "საპოვნელასთვის" ირჯებოდა, კონტრაქტით კი მოლდოვური "დაჩიას" საკუთრებაა.

დვალს განსაკუთრებული საგოლე ალღო აქვს, არაფრიდან შეუძლია გოლის "გამოდნობა". საქართველოს ჩემპიონატში მისებრ მებრძოლი ფეხბურთელი ცოტაა. ხშირად მინახავს, მინდორზე ბოლომდე მებრძოლ დვალს როგორ უჯობნია დაღლილობისთვის. მარცხს არ შეგუებია, არ გაჩერებულა და თავისი
გუნდის სასარგებლოდ დაუტრიალებია იმ დაპირისპირების ჩარხი...

- "ცხინვალის" მხრიდან არის ინტერესი და ჩემი დიდი სურვილიცაა, რომ ამ გუნდში ვითამაშო, - გვითხრა დვალმა საუბრის დასაწყისში. - "ცხინვალმა" უკვე დაიმკვიდრა თავისი ადგილი ქართულ საკლუბო ფეხბურთში. გუნდი მუდამ სანახაობრივ, შემტევ ფეხბურთს თამაშობს...

ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია გუნდის მთავარი მწვრთნელის, კახა კაჭარავას ფაქტორი. მასთან მიმუშავია და ვიცი, როგორ უდგება საქმეს, როგორ შეუძლია, მაქსიმუმი აჩვენებინოს ფეხბურთელს მინდორზე. მისი მუშაობის პრინციპია, რომ შეკრას და ერთ ოჯახად ჩამოაყალიბოს გუნდი. საერთოდაც, შესანიშნავი პიროვნებები არიან "ცხინვალში" თავმოყრილნი. მჯერა, ეს იქნება გუნდი-ოჯახი...

ჩემი საკითხი ჯერ არ არის ბოლომდე გადაწყვეტილი, მაგრამ იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. მე დიდი სურვილი მაქვს, რომ "ცხინვალში" ვითამაშო.

- როგორ ფორმაში ხართ?
- ახლა ისეთი პერიოდია, რომ ვერცერთი ფეხბურთელი ვერ იქნება ოპტიმალურ ფორმაში. ამ მხრივ არ გამიჭირდება, რადგან არასოდეს მქონია თუნდაც ზედმეტი წონის პრობლემა და არც ახლა მაქვს. დავიწყებ ვარჯიშს გუნდთან ერთად და მოკლე ხანში აღვიდგენ ოპტიმალურ ფორმას. ეს პრობლემა ნამდვილად არ უნდა იყოს.

- როგორც ვიცით, თქვენ კონტრაქტით "დაჩიას" საკუთრება ხართ. ეს ხელს ხომ არ შეგიშლით ახალ გუნდში გადასვლაში?
- სწორედ ამის თაობაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება მოლდოვურ მხარესთან. დიდი იმედი მაქვს, რომ ხელს არ შემიშლიან და თუნდაც ზამთრამდე შევძლებ "ცხინვალში" იჯარით თამაშს.

- ნებისმიერი ფეხბურთელის კარიერა ასეა - აღმართს დაღმართი მოსდევს და პირიქით. გულშემატკივარს მოენატრა ჯაბა დვალის გოლები...
- სწორად შენიშნეთ, ასეთია ფეხბურთელის კარიერა. ბოლო დროს იყო გარკვეული ობიექტური მიზეზები, მაგრამ მე ერთი წუთითაც არ დამიკარგავს საკუთარი თავის რწმენა. მჯერა, გულშემატკივარი მალე ნახავს ძველ ჯაბა დვალს. ყოველ შემთხვევაში, მე ამისთვის თავს არ დავზოგავ. ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია. ის ჩემი ცხოვრებაა და მის გარეშე საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენია.

- "ცხინვალი" რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელის აყვანას აპირებს. დიდი შანსია, გუნდში გიორგი კახელიშვილი, გულვერდ თომაშვილი და სხვა გამოცდილი ფეხბურთელები ჩაირიცხონ. ჩანს, ამბიციური გუნდი ყალიბდება...
- ჩემთვის სწორედ ეს არის მთავარი. მე ასე მგონია: სადაც არ არის ამბიცია, იქ ფეხბურთელს არაფერი ესაქმება და საერთოდ არ უნდა მივიდეს იქ სათამაშოდ. მჯერა, "ცხინვალი" სწორედაც ამბიციური გუნდი იქნება და თავისი თამაშით ასიამოვნებს ქართველ გულშემატკივარს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული